ტრიბუნი
რომის სახელმწიფო ინსტიტუტები | |
---|---|
რომის სამეფო | |
რომის რესპუბლიკა | |
რომის იმპერია | |
პრინციპატი | დომინატი |
ძირითადი მაგისტრატები: | |
საგანგებო მაგისტრატები: | |
სხვა თანამდებობები და წოდებები: | |
პოლიტიკა და კანონი: | |
ტრიბუნი (ლათ. tribunus) — თანამდებობა ძველ რომში.
სახალხო ტრიბუნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახალხო ტრიბუნის ინსტიტუტი ძვ. წ. 494 წელს შემოიღეს. ტრიბუნის ფუნქცია იყო დაეცვა პლებსის უფლებები. ეს მას შემდეგ მოხდა, როდესაც პლებეებმა დატოვეს რომი და პატრიციუსებმა მათი დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, როდესაც დათანხმდნენ ახალი მაგისტრატურის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც პლებსის ინტერესები უნდა დაეცვა.
ტრიბუნების არჩევა ხდებოდა ყოველწლიურად კომიციაზე. თავდაპირველად ირჩევდნენ ორ ტრიბუნს, ხოლო დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა გაიზარდა, ძვ. წ. 450 წელს უკვე 10 ტრიბუნი ირჩეოდა. ტრიბუნები ხელშეუხებლები იყვნენ, მათ ჰქონდათ უფლება ჩარეულიყვნენ სხვა მაგისტრატუსების საქმეებში და სარგებლობდნენ ვეტოს უფლებით (veto - ლათინურად ნიშნავს ვკრძალავ). მათ ასევე ერთმანეთის საქმიანობისთვის შეეძლოთ ვეტოს დადება (დიქტატორის გარდა).
ტრიბუნის სახლი ყოველთვის ღია უნდა ყოფილიყო და იგი ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო რათა პლებეებისთვის აღმოეჩინა დახმარება. ტრიბუნი ერთადერთი მაგისტრატუსი იყო, ვისაც შეეძლო პლებეების კომიციაზე თავმჯდომარეობა. მას ასევე შეეძლო სენატის სხდომაზე წამოეყენებინა მოთხოვნები. მიუხედავად ამისა ტრიბუნის ძალაუფლება ქალაქის გარეთ არ ვრცელდებოდა.
ძვ. წ. 421 წლამდე ტრიბუნატი პლებსისთვის ერთადერთი ხელმისაწვდომი მაგისტრატურა იყო. გვიანი რესპუბლიკის ეპოქაში კი პატრიციუსებმაც დაიწყეს კენჭის ყრა ამ თანამდებობაზე. ტრიბუნების ძალაუფლება საგრძნობლად შეკვეცა ლუციუს კორნელიუს სულამ. შემდეგ კრასუსისა და პომპეუსის კონსულობის დროს ტრიბუნების უწინდელი ძალაუფლება აღდგა.
იმპერის ეპოქაში ტრიბუნატმა უწინდელი მნიშვნელობა დაკარგა, ხოლო იმპერატორის ერთ-ერთი წოდება გახდა სახალხო ტრიბუნი, რომელიც მას ცხოვრების ბოლომდე ეკუთვნოდა.
სახალხო ტრიბუნატმა იარსება III საუკუნემდე.
სამხედრო ტრიბუნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული რესპუბლიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძვ. წ. 444 - ძვ. წ. 367 წლებში რომის რესპუბლიკაში ხდებოდა კონსულების ნაცვლად კონსულის ძალაუფლებით სამხედრო ტრიბუნების არჩევა. მათი რიცხვი 3-დან 8-მდე მერყეობდა. ამ თანამდებობაზე პლებეებსაც შეეძლოთ არჩევა.
გვიანდელი რესპუბლიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესპუბლიკის პერიოდში სამხედრო ტრიბუნი (tribuni militum) ხელმძღვანელობდა ლეგიონს. ყოველწლიურად ირჩეოდა 24 ახალგაზრდა (30 წლამდე) სენატორთა კლასის წარმომადგენლები, ისინი ხელმძღვანელობდნენ ლეგიონებს, თანამედროვე ოფიცრების მოვალეობებს ასრულებდნენ.
- Tribunus Cohortis - კოჰორტის ტრიბუნი.
- tribuni aerarii - ადრეულ რესპუბლიკაში ლეგიონების ხარჯთაღმრიცხველი, შემდეგ მათ კვესტორები ჩაენაცვლნენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფუტკარაძე, ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 47-48.