მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შორვალა (ლათ. Vincetoxicum) — მცენარეთა გვარი ქენდირისებთა ოჯახისა. ზოგჯერ მისი სახეობები შეჰყავთ Cynanchum-ისა და Asclepias-ის გვარებში. მრავალწლოვანი ბალახები ან დაბალი ნახევრად ბუჩქებია, ზოგჯერ ხვიარა ყლორტებითა და მოპირისპირედ განლაგებული ფოთლებით. ყვავილები მცირე ზომისაა, 5-ნაკვთიანი, მომწვანო-თეთრიდან მუქ წითლამდე; შეკრებილია იღლიურ ქოლგისებურ ცოტაყვავილიან ყვავილედებში. ნაყოფი 2 ფურცლისაგან შედგება; თესლს გრძელი ბეწვებისაგან წარმოქმნილი „ქოჩორი“ აქვს. ცნობილია 30-მდე სახეობა, გავრცელებული არიან ევრაზიის ზომიერ ოლქებში. იზრდებიან სტეპის და ქვიან ფერდობებზე, ტყეებში ბუჩქებს შორის, ტყის პირებში. ფართოდაა გავრცელებული ჩვეულებრივი ანუ სამკურნალო შორვალა (V. hirundinaria), რომელიც შხამიანი მცენარეა (განსაკუთრებით ცხვრისთვის).[1] მთელ საქართველოში გვხვდება ხვიარა შორვალა (V. scandens).