ფილიბერტო II სავოიელი
ფილიბერტო II სავოიელი | |
---|---|
სავოიის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 7 ნოემბერი, 1497 |
მმართ. დასასრული: | 10 სექტემბერი, 1504 |
წინამორბედი: | ფილიპო II |
მემკვიდრე: | კარლო III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 10 აპრილი, 1480 |
გარდ. თარიღი: | 10 სექტემბერი, 1504, (24 წლის) |
მეუღლე: |
იოლანდა ლუიზა სავოიელი (ქ. 1496 - გარდ. 1499) მარგარეტ ავსტრიელი (ქ. 1501) |
დინასტია: | სავოიელები |
მამა: | ფილიპო II, სავოიის ჰერცოგი |
დედა: | მარგარიტა დე ბურბონი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ფილიბერტო II სავოიელი (იტალ. Filiberto II di Savoia), მეტსახელად ლამაზი (იტალ. il Bello; დ. 10 აპრილი, 1480 — გ. 10 სექტემბერი, 1504) — სავოიელთა დინასტიის წარმომადგენელი. სავოიის ჰერცოგი 1497-1504 წლებში. ჰერცოგ ფილიპო II-ის უფროსი ვაჟი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილიბერტო დაიბადა 1480 წლის 10 აპრილს პონ-დ'ენის შატოში. იგი იყო სავოიის პრინც ფილიპოსა და მისი პირველი ცოლის, მარგარიტა დე ბურბონის უფროსი ვაჟი. დედამისი მისი გაჩენიდან რამდენიმე წელიწადში, 1483 წელს გარდაიცვალა, უკვე 1485 წელს კი მამამისი მეორედ დაქორწინდა.
1496 წელს მამამისი სავოიის ჰერცოგი ხდება ფილიპო II-ის სახელით. იმავე წელს 16 წლის ფილიბერტო დააქორწინეს მისსავე 9 წლის ბიძაშვილ იოლანდა ლუიზა სავოიელზე, რომელიც იყო მისი ბიძის, კარლო I-ისა და ბიანკა მონფერატელის უფროსი ქალიშვილი.
ერთწლიანი მმართველობის შემდეგ, 1497 წელს ფილიპო II გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი ფილიბერტო II-მ დაიკავა. ამ ამბიდან ორ წელიწადში, 1499 წელს მისი 12 წლის მეუღლე უშვილოდ აღესრულა. ამის გამო მისი პირველი მემკვიდრე მისი მამიდაშვილი, შარლოტა ნეაპოლელი, გრაფინია დე ლავალი გახდა, რის შესაცვლელადაც მან მეორედ დაქორწინება გადაწყვიტა.
მომდევნო ქორწინებას იგი ევროპაში ყველაზე მზარდი ძალაუფლების მქონე ჰაბსბურგებთან დასაახლოვებლად გეგმავდა, რისთვისაც მან 1501 წელს ცოლად საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-ის ქალიშვილი, მარგარეტ ავსტრიელი შეირთო, რომელიც მანამდე ისაბელ კასტილიელის ერთადერთ ვაჟზე, განსვენებულ ასტურიის პრინცზე იყო დაქორწინებული.
ასევე მისი მმართველობის პერიოდს დაემთხვა ფილიბერტოს მამიდაშვილის, საფრანგეთის მეფე შარლ VIII-ის გარდაიცვალება. ახალმა მეფემ, ლუი XII-მ გადაწყვიტა განეახლებინა იტალიური ომები მილანისა და ნეაპოლის დასაპყრობად, რა დროსაც ფილიბერტომ სავოიის ნეიტრალიტეტი გამოაცხადა და ფრანგული ჯარები თავისუფლად გაატარა თავის სამფლობელოებზე.
ფილიბერტო II 1504 წლის 10 სექტემბერს, 24 წლის ასაკში გარდაიცვალა უშვილოდ. ამის გამო ტახტი მისმა ნახევარ-ძმამ, კარლო III-მ დაიკავა, მისი ქვრივი კი ავსტრიაში დაბრუნდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ward, A.W.; Prothero, G.W.; Leathes, Stanley, eds. (1934). The Cambridge Modern History. XIII. Cambridge at the University Press.
- Marek, Miroslav. "Home page". Genealogy.EU.
|