შინაარსზე გადასვლა

სესილი ნევილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სესილი ნევილი
წოდებები
იორკის ჰერცოგინია
ინგლისის დედა-დედოფალი
დაიბადა 3 მაისი, 1415
დურჰეიმი, ინგლისი
გარდაიცვალა 31 მაისი, 1495, (80 წლის)
ჰერტფორდშირი, ინგლისი
საგვარეულო ნევილები
მეუღლე(ები) რიჩარდი, იორკის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი ანა, ექსტერის ჰერცოგინია
ედუარდ IV, ინგლისის მეფე
ედმუნდი, რუთლანდის ერლი
ელიზაბეთი, სუფოლკის ჰერცოგინია
მარგარეტი, ბურგუნდიის ჰერცოგინია
ჯორჯი, კლარინსის ჰერცოგი
რიჩარდ III, ინგლისის მეფე
მამა რალფ ნევილი, უესტმორლენდის ერლი
დედა ჯოან ბეფორტი
რელიგია კათოლიციზმი

სესილი ნევილი (ინგლ. Cecily Neville; დ. 3 მაისი, 1415, დურჰეიმი, ინგლისი — გ. 31 მაისი, 1495, ჰერტფორდშირი, ინგლისი) — ინგლისელი არისტოკრატი, ნევილების გვარის წარმომადგენელი. იორკის ჰერცოგინია როგორც რიჩარდ პლანტაგენეტის მეუღლე. ინგლისის ორი მეფის: ედუარდ IV-ისა და რიჩარდ III-ის დედა. ვარდების ომის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა.

სესილი ნევილი დაიბადა 1415 წლის 3 მაისს დურჰეიმში, ჩრდილოეთ ინგლისში. იგი იყო უესტმორლენდის ერლ რალფ ნევილისა და მისი მეუღლის, ჯოან ბეფორტის ნაბოლარა ქალიშვილი. დედის მხრიდან იგი იყო ინგლისის მეფე ედუარდ III-ისა და დედოფალ ფილიპა ენოელის პირდაპირი შთამომავალი.

1424 წელს ცხრა წლის სესილი დანიშნეს 13 წლის იორკის ჰერცოგ რიჩარდ პლანტაგენეტზე. მომავალ წელს რალფ ნევილი გარდაიცვალა, თუმცა ნიშნობა არ ჩაშლილა. 1429 წლის ოქტომბერში სესილი ნევილი რიჩარდ პლანტაგენეტზე დააქორწინეს, რითაც იგი იორკის ახალი ჰერცოგინია გახდა. მათი პირველი შვილი, ანა იორკელი, ქორწინებიდან ათი წლის შემდეგ დაიბადა, რის შემდეგაც სესილიმ კიდევ თერთმეტი ბავშვი გააჩინა.

1441 წელს მისი მეუღლე რუანში, საფრანგეთში გადასახლდა, სადაც ემილი და მისი შვილებიც გაჰყვნენ. ამის გამო მათი მომდევნო შვილი და ინგლისის მომავალი მეფე ედუარდ IV საფრანგეთში, კერძოდ კი რუანში დაიბადა. 1453 წელს, ინგლისელების ასწლიან ომში დამარცხების შემდეგ რიჩარდი და სესილი ინგლისში დაბრუნდნენ. ომში დამარცხებასა და უზარმაზარი მიწების დაკარგვას ხალხი და დიდებულები ჭკუასუსტ მეფე ჰენრი VI-ს აბრალებდნენ, რის გამოც პარლამენტმა ქვეყნის მმართველობა სესილის ქმარს, რიჩარდ იორკელს ჩააბარა, რასაც მტრულად შეხვდა დედოფალი მარგარიტა ანჟუელი. მთელ ამ დაპირისპირებებს 1455 წელს ინგლისის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლის მღვრელი სამოქალაქო ომის — ვარდების ომის დაწყება მოჰყვა.

1460 წელს დედოფალ მარგარიტას ბრძანებით რიჩარდ იორკელს თავი მოჰკვეთეს. სულ მალე დიდებულთა უმეტესობა იორკების მხარეს გადავიდა და 1461 წელს სესილის უფროსმა ვაჟმა, ედუარდ IV-მ დაიკავა ინგლისის ტახტი, ჩამოგდებული მეფე ჰენრი და დედოფალი მარგარიტა კი შოტლანდიაში გაიქცნენ. მიუხედავად იმისა, რომ სესილი უკვე ინგლისის დედა-დედოფალი იყო, იგი თავის ვაჟთან ახლოს არ ყოფილა, რის გამოც რეალური ძალაუფლება არც არასდროს ჰქონია.

სესილი ნევილი უარყოფითად შეხვდა თავისი ვაჟის, ედუარდ IV-ის ქორწინებას ინგლისელ დიდგვაროვან ელიზაბეთ ვუდვილზე, რომელიც ყველაფერთან ერთად განათხოვარი და ორშვილიანიც იყო. სესილისა და მის ძმისწულს, ლორდ უორვიკს სურდათ, რომ ედუარდი საფრანგეთის მეფე ლუი XI-ის ცოლის დაზე, პრინცესა ბონა სავოიელზე დაქორწინებულიყო, რითაც საფრანგეთთან მშვიდობა დამყარდებოდა, თუმცა მისმა სპონტანურმა ქორწინებამ ფრანგებთან ურთიერთობა კიდევ უფრო გააფუჭა. ამის გამო სესილის სძულდა როგორც ელიზაბეთი, ისე მისი ოჯახის წევრები, რაც დედა-შვილს შორის დაპირისპირების საბაბად იქცა.

მოგვიანებით სესილიმ მოახერხა და თავისი ორივე ვაჟი: ჯორჯიც და რიჩარდიც დააქორწინა თავისი ძმისწულის, უორვიკის ქალიშვილებზე: იზაბელ და ანა ნევილებზე. შემდეგში ლორდი უორვიკი გადასახლებაში მყოფ დედოფალ მარგარიტა ანჟუელს შეეკრა და 1469 წელს ედუარდ IV-ის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყო, რომელიც მეფემ ადვილად ჩაახშო. მიუხედავად ამისა, მარგარიტამ და უორვიკმა 1470 წელს ჩამოაგდეს ედუარდი და ტახტზე კვლავ ჰენრი VI დასვეს. 1471 წელს ედუარდმა ჩამოაგდო ჰენრი, სიკვდილით დასაჯა უორვიკი, ბრძოლაში მოკლა მარგარიტას ერთადერთი ვაჟი და შემდგომში ტაუერში მოკლა მეფე ჰენრიც.

1478 წელს სესილის ვაჟმა, ჯორჯ კლარინსელმა მეორედ სცადა თავისი ძმის წინააღმდეგ აჯანყება, რის გამოც ედუარდმა იგი სიკვდილით დასაჯა. ცნობილია, რომ სესილი ყველანაირად ეცადა მისი განაჩენის გაუქმებას და ამ თხოვნით მან დედოფალ ელიზაბეთსაც კი დაუჩოქა, თუმცა ამაოდ. 1483 წელს ედუარდ IV-ც გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი მისმა მცირეწლოვანმა ვაჟმა, ედუარდ V-მ დაიკავა. მოგვიანებით სესილისა და ანა ნევილის წაქეზებით, მისმა ვაჟმა რიჩარდმა ტაუერში გამოკეტა ედუარდ IV-ის ვაჟები და შემდგომში ისინი დაახოცინა, რის შემდეგაც ინგლისის მეფე თავად გახდა რიჩარდ III-ის სახელით. ამრიგად, სესილი ინგლისის მეორე მეფის დედა გახდა, თუმცა ეს დიდ ხანს არ გაგრძელებულა. 1485 წელს რიჩარდ III ბოსვორტსის ბრძოლაში მოკლა ჰენრი ტიუდორმა, რომელმაც თავი მეფედ გამოაცხადა ჰენრი VII-ის სახელით და ცოლად სესილის შვილიშვილი, ელისაბედ იორკელი შეირთო.

პროტესტის ნიშნად სესილი ნევილმა დატოვა ინგლისი და თავის ქალიშვილ მარგარეტთან გადასახლდა ბურგუნდიაში. მოგვიანებით სესილი თავის ქალიშვილ მარგარეტსა და რძალთან, ელიზაბეთ ვუდვილთან ერთად გეგმავდა შეთქმულების მოწყობას და ჰენრი VII-ის დამხობას, მის ნაცვლად კი ტახტზე ედუარდ IV-ის გადარჩენილი ვაჟის დასმას, რომელიც როგორც შემდეგში გაირკვა თვითმარქვია იყო. ამის გამო ელიზაბეთ ვუდვილი მეფემ სიცოცხლის ბოლომდე გამოკეტა მონასტერში.

ცნობილია, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წლებში სესილი ნევილი თავისი შვილიშვილის, დედოფალ ელისაბედ იორკელის მოწვევით დაბრუნდა ინგლისში, თუმცა სამეფო კარზე არასოდეს მისულა. იგი ჰერტფორდშირში დასახლდა, სადაც გაატარა უკანასკნელი წლები და გარდაიცვალა 1495 წლის 31 მაისს, 80 წლის ასაკში.

  1. ანა (1439-1476), ცოლად გაჰყვა ექსტერის ჰერცოგ ჰენრი ჰოლანდიელს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი სირ თომას ლეგერს;
  2. ჰენრი (1441), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. ედუარდ IV (1442-1483), ინგლისის მეფე 1461-1470 და 1471-1483 წლებში. ცოლად შეირთო ელიზაბეთ ვუდვილი, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი, მათ შორის მომავალი მეფე ედუარდ V და დედოფალი ელისაბედ იორკელი;
  4. ედმუნდი (1443-1460), რუთლანდის ერლი. გარდაიცვალა დაუქორწინებელი;
  5. ელიზაბეთი (1444-1503), ცოლად გაჰყვა სუფოლკის ჰერცოგ ჯონ დე ლა პოლს;
  6. მარგარეტი (1446-1503), ცოლად გაჰყვა ბურგუნდიის ჰერცოგ შარლ I-ს;
  7. უილიამი (1447), გარდაიცვალა ჩვილი;
  8. ჯონი (1448), გარდაიცვალა ჩვილი;
  9. ჯორჯი (1449-1478), კლარინსის ჰერცოგი. ცოლად შეირთო იზაბელ ნევილი, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა;
  10. თომასი (1450-1451), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  11. რიჩარდ III (1452-1485), ინგლისის მეფე 1483-1485 წლებში. ცოლად შეირთო ანა ნევილი, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი;
  12. ურსულა (1455), გარდაიცვალა ჩვილი;
  • Ashdown-Hill, J. (18 April 2018). Cecily Neville: Mother of Richard III. Pen and Sword Books. ISBN 978-1-5267-0632-4.
  • Laynesmith, J.L. (13 July 2017). Cecily Duchess of York. Bloomsbury Academic. ISBN 978-1-4742-7225-4.
  • Licence, A. (2014). Cecily Neville: Mother of Kings. Amberley Publishing. ISBN 978-1-4456-2123-4.
  • Mackley, John (1950). Throne, Mildred (ed.). "The Civil War Diary of John Mackley". Iowa Journal of History. 48 (2): 150–151.
  • Hilton, L. (2008). Queens Consort: England's Medieval Queens. Weidenfeld & Nicolson. ISBN 978-0-297-85261-2.
  • Pinches, J.H.; Pinches, Rosemary (1974). The Royal Heraldry of England. Heraldry Today. Slough, Buckinghamshire: Hollen Street Press. ISBN 978-0-900455-25-4.