შინაარსზე გადასვლა

სარაიბურნუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სარაიბურნუ (თურქ. Sarayburnu; სიტყვასიტყვით სასახლის წვერი) — კონცხოვანი კვარტალი სტამბოლში, თურქეთში, რომელიც ოქროს რქასა და მარმარილოს ზღვას ერთმანეთისგან გამოყოფს. ამ ტერიტორიაზეა განლაგებული თოფქაფის სასახლე და გიულჰანეს პარკი. სარაიბურნუ შედის სტამბოლის ისტორიულ ნაწილში, რომელიც 1985 წლიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.[1]

პირველი დასახლება სარაიბურნუს ტერიტორიაზე ნეოლითის ხანით, ძვ. წ. დაახლოებით 6600 წლით თარიღდება,[2][3][4] რომელიც თითქმის ათასი წლის მანძილზე არსებობდა, სანამ ზღვის მზარდმა დონემ არ დატბორა აღნიშნული ტერიტორია. თუმცა, შესაძლოა, რომ დასახლება კონტინენტის კიდევ უფრო სიღმეში გადაწეულიყო.[2] აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე განხორციელებული გათხრების შედეგად ამოღებული არქეოლოგიური ნიმუშები, არსებითად განსხვავდება ჩრდილოეთით თურქეთის სხვა ტერიტორიებზე აღმოჩენილი ნიმუშებისგან.[2]

სხვა დასახლება სარაიბურნუს ტერიტორიაზე, სახელად ლიგოსი, თრაკიელი ტომების მიერ XIII-XI საუკუნეებში დაარსდა, ასევე მეზობელ სემისტრიელებთან ერთად,[5] რომლებიც პლინიუს უფროსმა თავის ისტორიულ ნაშრომებში მოიხსენია. დღემდე ლიგოსის დასახლებიდან მხოლოდ რამდენიმე კედელი და ნაგებობა გადარჩა, რომლებიც იმ ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს, სადაც მდებარეობს ცნობილი თოფქაფის სასახლე. ბიზანტიონის პერიოდში აკროპოლისი იმ ადგილას მდებარეობდა, სადაც დღეს თოფქაფის სასახლე დგას.

ძვ. წ. 667 წელს, ძველი ბერძენი მაცხოვრებლები მეგარიდან (ათენის მახლობლად), მეფე ბიზასის მეთაურობით, სარაიბურნუს ტერიტორიაზე ბიზანტიუმი დააარსეს. უფრო ადრე კი, ძვ. წ. 685 წელს, ქალაქის აზიურ (ანატოლიურ) ნაწილში, ბოსფორის სრუტის ნაპირზე, მეგარელებმა ქალკედონი (დღევანდელი ქადიქიოი) დააარსეს. თუმცა სინამდვილეში, დღევანდელი სტამბოლის უძველესი დასახლებები, ქალაქის ანატოლიურ მხარეს გვხვდება, როგორიცაა ფიქირთეფეს ბორცვი, რომელიც ენეოლითის ხანით თარიღდება და რომლის ნიმუშები ძვ. წ. 5500-3500 წლითაა დათარიღებული. ახლომდებარე ქადიქიოიში (ძველი ქალკედონი), გათხრების შედეგად დიდი პორტი აღმოაჩინეს, რომელიც ფინიკიელების პერიოდითაა (რომელიც მეგარელების დასახლებამდე არსებობდა) დათარიღებულია.

უძველეს დროში, სარაიბურნუს რაიონთან ახლოს ორი ბუნებრივი ნავსადგური არსებობდა, სადაც დღევანდელი სირქეჯისა და ემინენიუს კვარტალი დგას (ფროსფორიონი და ნეორიონის ნავსადგურები, რომლებიც ოქროს რქის სანაპირო ზოლს ადგენდნენ). ზუსტად ამ ფორმირების გამო, სარაიბურნუს ტერიტორია უფრო თვალშისაცემი იყო, ვიდრე დღეს. მოგვიანებით, ეს ტერიტორია კონსტანტინოპოლის კედლის, ოქროს რქისა და მარმარილოს ზღვის გადაკვეტის წერტილი იყო. ბიზანტიის პერიოდში, ეს ტერიტორია ბერძნულ ენაზე ცნობილი იყო, როგორც ჰაგიოს დემეტრიოსი.

ოსმალეთის იმპერიის არსებობის ბოლო პერიოდში, 1871 წელს რკინიგზის ხაზის მშენებლობის დროს, სარაიბურნუს რაიონში არსებული ქალაქის კედლები ნაწილობრივ გაანადგურეს, მაგრამ კედლის ნაწილი კვლავ უცვლელად რჩება ზოგიერთ ადგილებში — განსაკუთრებით თოფქაფის სასახლესთან ახლოს, რომელიც XV საუკუნეში, ოსმალეთის სულთნებისთვის აშენდა. ცნობილი გიულჰანეს პარკი სასახლის გვერდით მდებარეობს.

მარცხნიდან მარჯვნივ: სულთან აჰმედის მეჩეთი; აია-სოფიას ტაძარი; სერაგლიოს წერტილი, შემდგარი თოფქაფის სასახლისა და ზღვის კედლისგან; და გალათას კოშკი მარჯვნივ, ჰალიჩის მოპირდაპირედ.
მარცხნიდან მარჯვნივ: სულთან აჰმედის მეჩეთი; აია-სოფიას ტაძარი; სერაგლიოს წერტილი, შემდგარი თოფქაფის სასახლისა და ზღვის კედლისგან; და გალათას კოშკი მარჯვნივ, ჰალიჩის მოპირდაპირედ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. იუნესკო | სტამბოლის ისტორიული ტერიტორიები
  2. 2.0 2.1 2.2 Algan, O.; Yalçın, M. N. K.; Özdoğan, M.; Yılmaz, Y. C.; Sarı, E.; Kırcı-Elmas, E.; Yılmaz, İ.; Bulkan, Ö.; Ongan, D.; Gazioğlu, C.; Nazik, A.; Polat, M. A.; Meriç, E. (2011). „Holocene coastal change in the ancient harbor of Yenikapı–İstanbul and its impact on cultural history“. Quaternary Research. 76: 30. doi:10.1016/j.yqres.2011.04.002.
  3. YENİKAPI EXCAVATIONS. Istanbul Archaeological Museums (n.d.). ციტირების თარიღი: 24 April 2013.
  4. Rainsford, Sarah (10 January 2009). „Istanbul's ancient past unearthed“. BBC. ციტირების თარიღი: 21 April 2010.
  5. Vailhé, S. (1908). „Constantinople“. Catholic Encyclopedia. 4. New York: Robert Appleton Company. ციტირების თარიღი: 2007-09-12.

41°01′01″N 28°59′11″E / 41.0169° ჩ. გ. 28.9864° ა. გ. / 41.0169; 28.9864