სამორინე
სამორინე, კაზინო — სპეციალური სათამაშო დაწესებულება, სადაც სათამაშო ბორბლის (რულეტის), ბანქოს, სათამაშო მაგიდების, კამათლების, სათამაშო აპარატებისა და სხვა ინვენტარის საშუალებით ხორციელდება ფულადი მოგების გათამაშება.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მორინობა ნარდის, ჭადრაკის და სხვათა თამაში, აქედან სამორინე – ადგილი სადაც ყომარბაზობენ[1]
იტალ. „Casini“ („კაზინო“) — „პატარა სახლი“.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი სათამაშო სახლები რომის იმპერიაში გაჩნდა. მსგავსი დაწესებულებების დაბადების თარიღად ისტორიკოსები ჩვ.წ.აღ.-მდე 557-ე წელს ასახელებენ, როდესაც რომის მეფემ ლუციუს ტარკვინიუს პრისკუსმა მოსავლის მფარველი ღმერთის ქონსის პატივსაცემად ე.წ. „დიდი ცირკი“ აღმართა. აქ თავმოყრილი იყო სხვადასხვაგვარი გასართობები, ხალხი ფსონს დებდა ტოტალიზატორში, თამაშობდნენ ძვლისგან გამოთლილი კამათლებით. პუბლიკა დიდ ცირკში, თამაშსა და გართობაში ათენ–აღამებდა.
თანამედროვე კაზინოების „წინაპრები“ კი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე დაარსდა და სახელიც იმ მხარეში მიიღო. პირველი საჯარო სათამაშო სახლის ლეგალიზებაც ვენეციაში 1626 წელს მოხდა. ამ პერიოდში ვენეციის მაღალ საზოგადოებაში სხვადასხვა მიზნის შეხვედრებისთვის მოდაში ე.წ. „Casini-ებში“ თავშეყრა შემოვიდა, სადაც დიდებულები საქმიან გარიგებებს დებდნენ, პოლიტიკაზე მსჯელობდნენ და აზარტულ თამაშებსაც თამაშობდნენ.
თანამედროვე გაგებით პირველი კაზინო კი 1765 წელს პარიზში გაიხსნა. ეს განკარგულება საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, კარდინალმა მაზარინიმ გასცა, რათა ლუდოვიკო XIV მწირი ხაზინა ცოტა მაინც შეევსო. ასევე მოიქცნენ ევროპის სხვა ქვეყნებშიც და გადასახადებით დაბეგრილმა სათამაშო სახლებმა ხაზინაში დიდი შემოსავლის შემოტანა დაიწყო.
1806 წელს საფრანგეთში სათამაშო სახლებმა უმაღლესი სახელმწიფო პირის პირველი ოფიციალური აღიარება დაიმსახურა. ეს ადამიანი საფრანგეთის იმპერატორი ლუი დე ბონაპარტი იყო, რომელმაც პარიზის ერთ-ერთ კაზინოს დიდი პატივი დასდო თავისი სტუმრობით.
XIX საუკუნემ კაზინოების იმიჯში ახალი შტრიხები შეიტანა: გაჩნდა უმაღლესი ხარისხის სერვისი, ინტერიერმა ფუფუნებისა და სიმდიდრის ელფერი შეიძინა, კაზინოების შესასვლელებში კი შვეიცარები შემსვლელებს აკონტროლებდნენ და სათამაშო სახლში მხოლოდ რესპექტაბელურ ადამიანებს უშვებდნენ. აზარტი მოდურ ჰობიდ იქცა.
1861 წელს მონაკოში, რომელიც იმჟამად სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს განიცდიდა, ვინმე ფრანც ბლანკმა მთავრობას ხაზინის შესავსებად კაზინოს გახსნა შესთავაზა. სამ წელიწადში გაიხსნა გასართობი ცენტრი „მონტე–კარლო“, რომელიც დღემდე პლანეტის ერთ–ერთი ყველაზე სახელოვანი და ელეგანტური ადგილია. დაახლოებით ამ დროს გაჩნდა კაზინოები აზიაშიც, სადაც სათამაშო ბიზნესის უმსხვილეს ცენტრებად ქალაქები საიგონი და მაკაო ჩამოყალიბდა. 1899 წელს მსოფლიოს უმსხვილეს კაზინოებში ახალი ცნება გაჩნდა – „პრივატული ოთახი“, სადაც მდიდარ და აზარტულ ხალხს განუსაზღვრელი სიდიდის ფსონების გაკეთება შეეძლო.
თურქეთის სულთანმა სელიმ III რულეტის არსებობის შესახებ დატყვევებული ფრანგებისგან გაიგო და თავისი ოსტატები „ფორტუნის ბორბლის“ დამზადების შესასწავლად ევროპაში გაგზავნა. ინდუსებმა კი ამ თამაშის არსებობის შესახებ ბრიტანელი დიპლომატებისგან გაიგეს. ამერიკის პირველი კაზინო 1822 წელს ბრაუნის სალონში გაიხსნა, რომელიც კოლორადოს, ვაიომინგისა და იუტას შტატების საზღვარზე მდებარეობდა. სხვათა შორის, იუტა აშშ–ის ორი შტატიდან ერთ-ერთია, სადაც დღეს აზარტული თამაშები აკრძალულია. ველური დასავლეთის მრავალრიცხოვან სალონებში საკამათო საკითხები იარაღის მეშვეობით გვარდებოდა. XVIII-XIX საუკუნეებში ქალაქი ახალი ორლეანი ახალი ქვეყნის აზარტული მცხოვრებლებისთვის ნამდვილი მექა იყო, თუმცა ენდრიუ ჯექსონის პრეზიდენტობის წლებში (1829–1837 წწ.) ლეგალური კაზინოები თითქმის ყველა შტატში დაიხურა. აკრძალვის შედეგად კი მთელ ქვეყანაში გავრცელდა „სათამაშო გაერთიანების“ არალეგალური ქსელი. ნევადას შტატი, რომლის კაზინოებიც მთელ მსოფლიოში განთქმულია, „აზარტულ“ შტატად არცთუ დიდი ხნის წინ იქცა. აზარტული თამაშები ამ შტატში ოფიციალურად 1931 წელს დაუშვეს, ხოლო პირველი კაზინო – „ფლამინგო“, რომელმაც ლას–ვეგასისთვის აზარტული თამაშების დედაქალაქის სახელის მოპოვებას ჩაუყარა საფუძველი 1947 წელს გაიხსნა.
სათამაშო ბიზნესის ნამდვილი ცხოვრება კი ალბათ XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო, როდესაც პირველი სათამაშო ავტომატი გამოიგონეს. კაზინო, თავისი არსით, აზარტული თამაშების განხრით მომუშავე ბარია. მინიმალური პირობა, რათა გასართობ დაწესებულებას კაზინო ვუწოდოთ, იქ რულეტის, პოკერისა და ბლექჯეკის სათამაშო მაგიდებისა და სათამაშო ავტომატების – სლოტ–მანქანების, ე.წ. „ცალხელა ბანდიტების“ არსებობაა.
კაზინოს თამაშების პრინციპი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაზინოს თამაშების უმრავლესობის პრინციპი ასეთია – თამაშის შედეგი მისი მონაწილისთვის, უპირველეს ყოვლისა, შემთხვევითობის ელემენტზეა დამოკიდებული. აზარტული თამაშის ორგანიზატორი შეიძლება იყოს მხოლოდ ორგანიზატორი (რულეტი, ბლექჯეკი, კრეფსი) და ასევე მომსახურე მხარე (ტეხასური პოკერი, ომაჰა პოკერი, ბაკარა და ა.შ.). მსოფლიოს კაზინოების უმრავლესობაში ორი ტიპის სათამაშო დარბაზები არსებობს: ტრადიციული თამაშებისა და სათამაშო დარბაზები. მსოფლიოს კაზინოებში ყველაზე პოპულარული თამაშებია: რულეტი, ბლექჯეკი, პოკერი, ბაკარა, პუნტო–ბანკო, კრეფსი, სათამაშო ავტომატები და ა.შ.
დღეს კაზინოები ევროპის, აზიის, აფრიკის, ამერიკისა და ავსტრალიის მრავალ ქვეყანაში არსებობს, თუმცა ზოგან კაზინოები მაინც აკრძალულია. მათ შორისაა მექსიკა, თურქეთი, ნორვეგია, კვიპროსი (ბერძნული ნაწილი), ისრაელი, აზერბაიჯანი, ბრაზილია და ა.შ. ამერიკაში კი ყველაფერი შტატზეა დამოკიდებული, ზოგან კაზინოს გახსნა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია, მდინარე მისისიპიზე კი ხომალდებზე განლაგებული კაზინოები დაცურავენ, რადგან აქ კაზინოს ხმელეთზე არსებობა აკრძალულია.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
კაზინო ეშტორილი. პორტუგალია
-
კაზინო სინგაპურში
-
კაზინო მანილაში; ფილიპინები
-
კაზინო ”როიალი”; ლას-ვეგასი
-
ლას-ვეგას-სტრიპი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კაზინოები და სათამაშო სახლები მსოფლიოში დაარქივებული 2015-04-02 საიტზე Wayback Machine.
- ↑ ქართული სიტყვა-კაზმული მწერლობის ანთოლოგია : მე-2 ტომში ნახმარ-ნასესხებ და იშვიათ სიტყვათა მოკლე ლექსიკონი / შემდგ. ალ. ბარამიძე ; რედ.: ია ეკალაძე. - ტფილისი, 1929. - 9 გვ. - ქართული სიტყვა-კაზმული მწერლობა.