პოლესიეს დაბლობი
პოლესიეს დაბლობი | |
---|---|
კოორდინატები: 52° ჩ. გ. 28° ა. გ. / 52° ჩ. გ. 28° ა. გ. | |
ქვეყანა | უკრაინა ბელარუსი რუსეთი პოლონეთი |
სიმაღლე | 150–200-დან 316-მდე[1] მ |
ფართობი | 270 ათ. კმ² |
ჰიდროგრაფია | დნეპრი, პრიპიატი, დესნა |
კლიმატი | კონტინენტური |
აგებულება | ტბიური და მყინვარული ნალექები |
ლანდშაფტი | შერეული და ფართოფოთლოვანი ტყეები, მდელოები |
პოლესიეს დაბლობი — დაბლობი აღმოსავლეთ ევროპის ვაკის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეების დნეპრის, პრიპიატისა და დესნის აუზში; შედის ბელარუსის, რუსეთის, უკრაინისა და პოლონეთის შემადგენლობაში. საერთო ფართობი დაახლოებით 270 ათ. კმ². რელიეფში განვითარებულია სუსტტალღოვანი დახრილი დაჭაობებული ვაკეები, რომლებიც აგებულია ტბიური და მყინვარული ნალექებით, ისინი ერთმანეთისაგან გამოყოფილია ცალკეული მაღლობებით (სლოვეჩნო-ოვრუჩის ჭიუხი, სიმაღლე 316 მეტრამდე).[2] პოლესიეს დაბლობი წარმოიქმნა უახლესი ტექტონიკური დაძირვის შედეგად.[1] ჰავა ზომიერი კონტინენტური, რბილი ზამთრითა და თბილი (ზოგჯერ ცხელი) ზაფხულით.[2] იანვრის საშუალო ტემპერატურაა −4-დან −8 °С-მდე, ივლისისა 17-დან 19 °С. წელიწადში მოდის 550–600 მმ-მდე ნალექი. გრუნტში წყლის დონე მაღალია.[1] ბევრი ტბა (სვიტიაზის, ჩერვონოე, ვიგონოვსკოე და სხვ.) და ჭაობია (პინსკის და სხვ.), ძირითადად ბარის ტიპის. მდინარეთა ხშირი სისტემა გამოირჩევა სუსტად ამოჭრილი კალაპოტებით, რაც ხელს უწყობს ჭალაში მდინარეული ნატანის დაგროვებას, რომელიც ბუნებრივ ჯებირს წარმოქმნის; ნაპირებიდან გადმოსვლის დროს უერთდებიან ტბებსა და ჭაობებს და ძლიერ ტბორავენ დაბლობს. დამახასიათებელია პოლესიესა და ოპოლიეს ლანდშაფტის ტიპები. პოლესიეს დაბლობი მდებარეობს შერეული (ძირითადად ფიჭვი, რომელშეც შერეულია მუხა, მთრთოლავი ვერხვი, ნაძვი, რცხილა, დაჭაობებულ ადგილებში — მურყანი, არყის ხე, იფანი, ვერხვი) და ფართოფოთლოვანი ტყეები, რომლებიც მთლიანი ფართობის ⅓ ფარავავს. ტერიტორიის ¼ უკავია მდელოებს — ჭაობის, მშრალ და ბარისას.[2] ჭარბობს კორდ-ეწერიან, ტორფიან-ჭაობიანი და მდელოს ნიადაგები. არის ნავთობის, მურა ნახშირის, ტორფისა და კალიუმის მარილების საბადოები.[1] 1960–1980-იან წლებში მიწის ამოშრობის მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა.[2] ათვისებულია მნიშვნელოვანი ფართობები, სადაც მოჰყავთ ჭვავი, ქერი, ხორბალი, სელი, კარტოფილი, ბოსტნეული კულტურები, საკვები ბალახი.[1] ლანდშაფტურ-ჰიდროლოგიური ბუნებრივი კომპლექსების დასაცავად შექმნილია ნაკრძალები: უკრაინაში — პოლესიეს, შაცკის ბიოსფერული; ბელარუსში — პრიპიატის, პოლესიეს რადიაციულ-ეკოლოგიური (ჩერნობილის ავარიისაგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ტერიტორიაზე), ბელოვეჟის ტევრის ეროვნული პარკი (ნაწილობრივ პოლონეთში); პოლონეთში — პოლესიეს ეროვნული პარკი და სხვ.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 125.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 ПОЛЕССКАЯ НИЗМЕННОСТЬ // Большая российская энциклопедия. т. 26. — М., 2014. — стр. 641.