აღმოსავლეთ ევროპის ვაკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აღმოსავლეთ ევროპის ვაკე

აღმოსავლეთ ევროპის ვაკე (რუს. Восточно-Европейская равнина, ასევე ცნობილი, როგორც რუსეთის ვაკე) — მსოფლიოში სიდიდით მეორე , ამაზონის ვაკის შემდეგ, ვაკე, ძირითადად მოიცავს აღმოსავლეთ ევროპის უდიდეს ნაწილს. წარმოადგენს ევროპული ვაკის ნაწილს. ჩრდილოეთით გარს აკრავს თეთრი და ბარენცის ზღვები, სამხრეთითშავი, აზოვისა და კასპიის ზღვები, ჩრდილო-დასავლეთით — სკანდინავიის მთები, დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით — ცენტრალური ევროპის მთათა სისტემები (სუდეტები, კარპატები და სხვ.), სამხრეთ-აღმოსავლეთით — კავკასია და კრიმის მთები, აღმოსავლეთითურალის მთები და მისი გაგრძელება მუგოჯარი. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 2750 კილომეტრზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ — 2500 კმ-ზე.

ფიზიკურ-გეოგრაფიული თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთ ევროპის ვაკე გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 2750 კილომეტრზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ — 2500 კილომეტრზე. მას ევროპის აღმოსავლეთი ნაწილი უჭირავს. ამ უზარმაზარ ფართობზე ბუნებრივი პირობების დიდი მრავალფეროვნებაა. ეს გამოწვეულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მზის რადიაციის ზრდითა და აორთქლების გაძლიერებით. ამასთან დაკავშირებით ბუნებრივი ზონები იცვლება ტუნდრიდან ჩრდილოეთში კასპიისპირა დაბლობის უდაბნოებამდე სამხრეთში. ვაკე რელიეფის, ხელსაყრელი კლიმატური პირობების, ნაყოფიერი სტეპებისა და ვრცელი ტყეების გამო ეს ტერიტორიები ძველთაგანვე ათვისებული იყო. არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, 3-4 ათასი წლის წინათ მიმდებარე ტერიტორიებზე არა მარტო მომთაბარე ტომები, არამედ მიწათმოქმედი ხალხიც ცხოვრობდა.

ამ ტერიტორიაზე მდებარეობს რუსეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, თითქმის მთელი უკრაინა, ყაზახეთის დასავლეთი ნაწილი, ბელარუსი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, მოლდოვა და მთელი რიგი ავტონომიური რესპუბლიკები — კარელიის, კომის, უდმურტეთის, თათრეთის, ჩუვაშეთის, მარი ელის, ბაშკირეთის, მორდვეთისა და ყალმუხეთის.

გეოლოგია, რელიეფი და სასარგებლო წიაღისეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ტერიტორიის რელიეფის ვაკე თვისებები განპირობებულია მისი ბაქნური გეოლოგიური აგებულებით. აღმოსავლეთ ევროპის ბაქნის საფუძველი აგებულია კამბრიულისწინა ასაკის გრანიტებითა და სხვა კრისტალური ქანებით, რომლების დანაოჭებულია. მისი საძირკველი უსწორმასწოროა, დანალექი ქანებით არის დაფარული ბალტიისა და უკრაინის ფარების სახით. ალაგ-ალაგ საძირკველი ღრმად არ მდებარეობს, როგორც მაგალითად, ვორონეჟის შემაღლებაში, სხვა ადგილებში კი მისი ზედაპირი წარმოშობს ჩადაბლებებს: შავიზღვისპირა და კასპიისპირა ღრმულები და ჩადაბლება ვაკის ჩრდილოეთ სანაპიროზე. ურალის მთების დასავლეთი მთისძირის გასწვრივ და კავკასიონის წინ გადაჭიმულია კიდური როფები.

ბაქნის საძირკვლის ქანები სასარგებლო წიაღისეულის დიდ მარაგს შეიცავს: მაგალითად, კურსკის მაგნიტური ანომალიის, კრივოი როგის მადნები, აგრეთვე კოლის ნახევარკუნძულის ფერადი ლითონები.

ბაქნის კრისტალური საძირკვლის უსწორმასწორო ზედაპირზე დანალექი ქანების წყება დევს. ისინი უმთავრესად იმ ზღვების ფსკერზე დაილექნენ, რომლებიც ბაქნის საფუძველს ფარავდნენ. პალეოზოური ზღვების ნალექები ბაქნის ჩრდილოეთი ნახევრის ფარგლებში მდინარეთა ხეობის კალთებისა და ხრამების გეოლოგიურ ჭრილებში გვხვდება. ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში ისინი გადაფარული არიან მეზოზოური ზღვების ნალექებით, სამხრეთით კი გავრცელებულია კაინოზოური ერის ზღვათა ნალექები.

კარბონული ასაკის დანალექ ქანთა წყების ზედა სართული ქვანახშირის ფენებს შეიცავს. ესაა დონეცისა და პეჩორის მაღალხარისხოვანი ქვანახშირის აუზები და მოსკოვის ახლომდებარე ნაკლებად ძვირფასი მურა ნახშირის აუზი. აღმოსავლეთ ევროპის ვაკის ბევრ რაიონშია ნავთობისა და გაზის საბადოები (პეჩორის, ვოლგისა და ურალის აუზებსა და უკრაინაში. გარდა ამისა, ამ ქანებში აირს ფოსფორატები, კალიუმის მარილი და ქვამარილი. ჩრდილოეთისა და დასავლეთის უზარმაზარ დაჭაობებულ სივრცეებზე ტორფის დიდი მარაგია.

აღმოსავლეთ ევროპის ვაკის აბსოლუტური სიმაღლე 100-დან 200 მეტრამდეა. ვაკეზე შეფარდებითი სიმაღლეები ჩვეულებრივ რამდენიმე ათეული მეტრის ფარგლებში მერყეობს. ვაკის მაქსიმალური სიმაღლე 1191 მეტრია (მთა იუდიჩვუმჩორი).

აღმოსავლეთ ევროპის ბაქნის კრისტალური საძირკვლის უსწორმასწორობები ქმნის აღმოსავლეთ ევროპის ვაკის რელიეფის დიდ თანამედროვე ფორმებს, მაგალითად, ხიბინის მთებს კოლის ნახევრაკუნძულზე, შუა რუსეთის, პოდოლისა და დნეპრისპირა მაღლობებს. ვაკის სხვა ამაღლებული ნაწილები — ჩრდილოეთის ბაქობები, ვოლგისპირა მაღლობი, ობჩი სირტი — წარმოიქმნენ იმ დანალექი ქანების დამრეცად დანაოჭების შედეგად, რომლებიც საძირკველს ფარავენ. ტიმანისა და დონეცის ჭიუხები დანგრეულ ძველ მთათა სისტემების ნაშთებია.

იმ ადგილებში, სადაც კრისტალური საძირკველი დაძირულია, წარმოიქმნენ რელიეფის ვრცელი დადაბლებები, მაგალითად, დნეპრისპირა დაბლობი, ოკა-დონის ვაკე. ეს ბრტყელი ზედაპირებია, რომლებიც სუსტადაა დანაწევრებული მდინარეთა ხეობებით, ხრამებითა და ხევებით. ასეთივე წარმოშობისააბაქნის განაპირა ვრცელი დაბლობები: შავიზღვისპირა, კასპიისპირა, აგრეთვე აღმოსავლეთ ევროპის ვაკის ჩრდილოეთი დაბალი სანაპიროს უბნები.

ვაკის მაღლობთა ზედაპირები ჩვეულებრივ ბრტყელი ან ტალღოვანია, მრავალ ადგილას ჩაჭრილია ხრამებით და ხევებით. ხრამი და ხევი განსაკუთრებით ბევრია იმ ადგილებში, სადაც მაღლობები აგებულია ფხვიერი, ადვილადრეცხვადი ქანებით. ხრამები, რომლებიც იზრდებიან და იტოტებიან, დიდ ზიანს აყენებენ სოფლის მეურნეობას.

აღმოსავლეთ ევროპის ვაკის ჩრდილოეთი ნაწილსი რელიეფის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულაძველმა გამყინვარებამ. ეს ტერიტორია მყინვარმა რამდენიმეჯერ დაფარა. ამ ადგილებში დღემდე კარგად არის შემორჩენილი მორენული საფარი, რომელიც მყინვარმა დატოვა, და დამახასიათებელია დამრეცბორცვოვანი რელიეფი.

მყინვარების უდიდესი გავრცელების საზღვრის სამხრეთით ვაკის ზედაპირი ჯერ კიდევ გამყინვარებამდე იყო დასერილი მდინარეთა ხეობებით, ხოლო ეს პროცესი გააგრძელეს მყინვარების უხვმა მდნარმა წყლებმა. გარდა ამისა, მათი ზემოქმედების შედეგად დაგროვდა ქვიშიანი და თიხიანი ნალექების წყებები, რომლებიც აგებენ ტერასებს იმ დიდ მდინარეთა ძველ ხეობებში, რომლებიც სამხრეთისკენ მიედინებიან. შუამდინარეთებში ალაგ-ალაგ წარმოიქმნა ლიოსები — ქანები, რომლებიც წვრილი მტვრისებრი ნაწილაკებისგან შედგება. უკანასკნელი გამყინვარების საზღვრის სამხრეთით უფრო ძველი მყინვარული მორენა ნადნობი წყლებით ძლიერ გადაირეცხა: ბორცვები მოსწორდა და მორენული რელიეფი მხოლოდ ცალკეულ უბნებზე შემორჩა. მყინვარის ნადნობი წყლები ფხვიერ მასალას მყინვარულისწინა რელიეფის დიდ დადაბლებებშიც ლექავდა. ასე წარმოიშვა ქვიშის დაგროვებები პოლესიესა და მეშჩორის დაბლობ ვაკეებზე. შუამდინარეთების ბრტყელ ტერიტორიებზ წარმოიშვა დანალექი ქანები — თიხნარები, რომელიც ლიოსს ჰგავს, ამიტომ მათ ლიოსისებრს უწოდებენ.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთ ევროპის ვაკე, უკიდურესი ჩრდილოეთის გამოკლებით, ზომიერ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. მისი ჰავის დამახასიათებელი ნიშნებია: თანდათანობით დათბობა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ; ჰავის კონტინენტურობის ზრდა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, განსაკუთრებით კი ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ და წელიწადის დროთა მკაფიო მონაცვლეობა.

ვაკის კლიმატურ პირობებზე ძლიერ გავლენას ახდენს ზღვის ზომიერი ჰაერი ატლანტის ოკეანიდან. მისი ზეგავლენით აღმოსავლეთ ევროპის ვაკის დასავლეთ რაიონებში ტენიანობა მეტია, ზამთარი არც თუ ისე მკაცრია, ზაფხული კი შედარებით გრილია, ვიდრე აღმოსავლეთ რაიონებში. ვაკეზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ზღვის ზომიერი ჰაერი თანდათანობით იცვლება ზომიერ კონტინენტურ ჰავად. ტერიტორიის ვაკე რელიეფი ჰაერის მასებს დიდი მანძილის თავისუფლად გადალახვის საშუალებას აძლევს. მაგალითად, არქტიკული ჰაერი, ხშირად ვაკის სამხრეთ ნაწილებში ტემპერატურის მკვეთრ დაცემას იწვევს, კონტინენტური ჰაერი კი ხშირად სამხრეთიდან შორს ჩრდილოეთში გადაადგილდება და თეთრ ზღვამდეც კი აღწევს.

ვაკის ჩრდილოეთ ნაწილში, 50-ე პარალელამდე, ატლანტის ოკეანიდან ჰაერის მასები დასავლური გადატანა ბატონობს, განსაკუთრებით ზამთარში. ზამთარი აქ ცივი, უხვთოვლიანი და ხანგრძლივია (გარდა ბალტიისპირეთისა). ზაფხული შედარებით გრილი, ნალექები მეტი მოდის, ვიდრე ორთქლდება, დანესტიანების კოეფიციენტი ერთზე მეტია. ამ კლიმატურ პირობებში პოლარული წრის ჩრდილოეთით წარმოიქმნა ტუნდრა და ტყეტუნდრა, ხოლო უფრო სამხრეთით — ტყის ზონა (ტაიგა, შერეული და ფართოფოთლოვანი ტყეები). ტყის ზონის სამხრეთით ვაკეზე კლიმატური პირობების ფორმირებას კონტინენტური ჰაერის მასები უწყობს ხელს. ნალექები უფრო ნაკლები მოდის, ვიდრე შეიძლება აორთქლდეს. ზამთარუ უფრო ხანმოკლეა, ვიდრე ჩრდილოეთში, ზაფხული — ხანგრძლივი და თბილი. ნალეწები არათანაბრად მოდის. მცენარეულ საფარს სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივი ცხელი და მშრალი ქარები.

ჰიდროგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვოლგის აუზი

აღმოსავლეთ ევროპის ვაკის მდინარეები გამოირჩევიან დიდი ჩამონადენით გაზაფხულზე, ყოველწლიური მდგრადი ყინულსაფარით ზამთარში და მკაფიოდ გამოხატული წყალმცირობით, მდინარეებს წყლის ყველაზე დაბალი დონე ზაფხულში აქვთ. აღმოსავლეთ ევროპის ვაკის მდინარეები სხვადასხვა ზღვების აუზებს მიეკუთვნებიან, განხსვავდებიან საზრდოობის ხასიათით, რეჟიმითა და ხეობების აგებულებით. ეს თავისებურებები ნათლად იკვეთება ჩრდილოეთური და სამხრეთული მდინარეების შედარებისას. ჩრდილოეთური დინების მდინარეები — პეშორა, ონეგა, მეზენი, ჩრდილოეთის დვინა, დასავლეთის დვინა, ნემანი — მიედინებიან ხეობებში, რომლებიც არც ღრმადაა ჩაჭრილი და არც ტერასები აქვთ განვითარებული. ისინი შესართავიდან სათავისკენ იყინებიან, ყინულძვრა კი სათავიდან შესართავისკენ ხდება. ჩრდილოეთში ბევრი ნალექი მოდის, აორთქლება კი დიდი არ არის და დანესტიანების კოეფიციენტი ერთზე მეტია. ამ მხარეში მიწისქვეშა წყლების სიუხვე, მრავალი ტბა და ჭაობია.

ჩრდილოეთური დინების ერთ-ერთი დიდი მდინარე პეჩორა იწყება ჩრდილოეთ ურალში, იგი ტაიგაში მიედინება, ქვემო დინებებში ტყეტუნდრას და ტუნდრას კვეთს და ბარენცის ზღვაში ჩაედინება. თეთრ ზღვაში ჩაედინება ჩრდილოეთის დვინა, რომელიც ვაკის ჩრდილოეთ ტყიან რაიონებში მოედინება. იგი თითქმის მთელ სიგრძეზე სანაოსნოა. მის შესართავში მდებარეობს რუსეთის ერთ-ერთი დიდი ნავსადგური არხანგელსკი. მდინარეების — პეჩორის, ჩრდილოეთის დვინის, ონეგისა და მეზენის ქვემო დინებაზე შესამჩნევად მოქმედებს ზღვის მოქცევები, რომლებიც მათ აგუბებენ და ამით ზრდიან ნაოსნობის შესაძლებლობას.

სამხრეთული დინების მდინარეები — ვოლგა, დნეპრი, დონი, დნესტრი და სხვები განიერ ხეობებში მიედინებიან. ვოლგა რუსეთის უდიდესი მდინარეა. დინების უდიდეს სიგრძეზე გადაკვეთს რამდენიმე ბუნებრივ ზონას ვალდაის მაღლობიდან ტყიანი ბორცვებიდან კასპიის ზღვის უდაბნო სანაპიროებამდე. ვოლგაზე აგებულია ჰიდროელექტროსადგურები წყალსაცავებით. ვოლგა არხებით შეერთებულია ბალტიის, თეთრ, აზოვისა და შავ ზღვებთან. ვოლგის ყველაზე დიდი, განიერი და წყალუხვი შენაკადია — კამა.

სამხრეთული დინების მდინარეების საზრდოობა გასხვავებულია. ისინი ძირითადად საზრდოობენ თოვლის წყლებით, შედარებით ნაკლებად კი მიწისქვეშა და წვიმის წყლებით. წლიური ჩამონადენის უდიდესი წილი მოდის გაზაფხულზე. ზაფხულობით ნალექების უმნიშვნელო რაიოდენობისა და დიდი აორთქლებადობის პირობებში სტეპების, ნახევარუდაბროებისა და უდაბნოების ზონათა პატარა მდინარეები შრება. სამხრეთული მდინარეების ხეობათა კალთები მრავალი ხრამითა და ხევითაა ჩაჭრილი, რომელთა გაფართოებას ხელს უწყობს გაზაფხულის პერიოდში წყლის დონის ზრდა.

ტბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთ ევროპის ვაკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მრავალი ტბაა, რომელთა ქვაბულები სხვადასხვა წარმოშობისაა. ძირითათად ამ ტბების უმრავლესობა მცირე მოცულობისაა. მაგრამ არის ფართობით დიდი ტბებიც, რომლებიც დიდი მნიშვნელობით გამოირჩევიან. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ლადოგის ტბას, იგი ყველა დიდი ტბაა ევროპაში. მას მრავალი მდინარე და ნაკადი ერთვის, მისგან კი მხოლოდ ერთი — ნევა გაედინება.

სიდიდით შედარებით პატარა ონეგის ტბა. ძლიერი შტორმებისა და ქარების გამო ამ ტბებზე ნაოსნობა წარსულში ძნელი და საშიში იყო. ამიტომ მათი სამხრეთი ნაპირების გასწვრივ გაიყვანეს სანაოსნო არხები. ლადოგისა და ონეგის ტბები შეადგენენ ვოლგა-ბალტიის წყლის გზის ნაწილს. ონეგის ტბა თეთრ ზღვასთან შეერთებულია თეთრი ზღვა-ბალტიის არხით.

ბუნებრივი კომპლექსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტუნდრა და ტყეტუნდრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთ ევროპის ვაკეზე პოლარული წრის ჩრდილოეთით მთელი ზღვისპირა დაბლობი ტუნდრასა და ტყეტუნდრას უკავია. რელიეფი აქ ბრტყელია, ალაგ-ალაგ დაბორცვილი, რომელიც აქა-იქ შექმნილია ჯერ კიდევ ძველი გამყინვარების მიერ. კოლის ნახევარკუნძულზე ბოლშეზემელსკაია ტუნდრის რაიონში მორენული ბორცვები და სერები 200 მეტრზე მეტი შეფარდებითი სიმაღლისაა.

ჰავა ამ კომპლექსის ტერიტორიაზე სუბარქტიკულია: ცივი, ჭარბი დანესტიანებით, ამიტომ აქ ბევრი ჭაობი, ტბა და მდინარეა. აქ ძირითადად ტუნდრის ლებიანი ნიადაგებია.

ჩრდილოეთით ტუნდრა ხავსიან-მღიერებიანია, უფრო სამხრეთით კი ბუშქნარებიანი, რომელიც ტყეტუნდრის ტანბრეცილ ტყეებში გადადის. მრავალწლოვანი მზრალობის საზღვარი განსახილველი კომპლექსის თითქმის საზღვრის გაყოლებით გადის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Лебединский В.И. Вулканическая корона Великой равнины. — М.: Наука, 1973. — გვ. 192. — (Настоящее и будущее Земли и человечества). — 14 000 ეგზ.
  • Воробьёв В. М. Волоковые пути на Главном водоразделе Русской равнины. Учебное пособие. — Тверь: Славянский мир, 2007. — 180 с., ил.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]