პიერო სოდერინი
პიერო სოდერინი | |
---|---|
ფლორენციის სენიორი | |
მმართ. დასაწყისი: | 23 მაისი, 1498 |
მმართ. დასასრული: | 31 აგვისტო, 1512 |
წინამორბედი: | ჯიროლამო სავონაროლა |
მემკვიდრე: | ჯულიანო მედიჩი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 18 მაისი, 1450 |
დაბ. ადგილი: | ფლორენცია |
გარდ. თარიღი: | 13 ივნისი, 1522, (70 წლის) |
გარდ. ადგილი: | რომი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
პიერო სოდერინი (იტალ. Piero Soderini; დ. 18 მაისი, 1450 — გ. 13 ივნისი, 1522) — იტალიელი დიპლომატი და პოლიტიკოსი. ფლორენციის რესპუბლიკის მმართველი 1498-1512 წლებში. მისი მმართველობა საღვთო ლიგამ დაამხო, რის შემდეგაც ფლორენციაში აღდგა მედიჩების ბატონობა, პიერო კი რომში გადასახლდა და იქცე გარდაიცვალა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პიერო სოდერინი დაიბადა 1450 წლის 18 მაისს ფლორენციაში. იგი იყო ადგილობრივი, ცნობილი ექიმის ვაჟი, რის წყალობითაც მან კარგი განათლების მიღება შეძლო. მისი უფროსი ძმა, პაოლო ანტონიო სოდერინი ჯიროლამო სავონაროლას მმართველობის პერიოდში ფლორენციის მეთაური იყო. მისი მესამე ძმა, ფრანჩესკო სოდერინი კი კათოლიკე კარდინალი და ვოლტერას ეპისკოპოსი გახდა. 1481 წლიდან პიერო სოდერინი ფლორენციის სენიორ ლორენცო მედიჩის ვაჟის, პიერო მედიჩის ახლო მეგობარი გახდა, რომელიც სენიორი 1492 წელს გახდა. 1493 წელს მან სოდერინი საფრანგეთში ელჩად გაუშვა. 1494 წელს, მედიჩების დამხობის შემდეგ ფლორენციაში დარჩა, 1498 წელს სავონაროლას დაწვის შემდეგ კი ფლორენციის სენიორიამ იგი ქალაქის მმართველად დანიშნა. გადატანილი არეულობების შემდეგ, ფლორენციელებმა იგი სტაბილური მომავლის იმედით აირჩიეს.
სოდერინის მმართველობა შედარებით სტაბილური და გონივრული იყო, თუმცა მან დაამტკიცა, რომ დიდად არ გააჩნდა სახელმწიფოს მართვისთვის საჭირო თვისებები. მან წესრიგის დაცვის მიზნით მუდმივი პატრულირების სისტემა შემოიღო, სადაც ძირითადად დაქირავებული უცხოელები მუშაობდნენ. მისი მმართველობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია 1509 წლის ომი მეზობელ პიზასთან, რომელთაც ფლორენციის დაპყრობა სცადეს. ამ პერიოდში მის ელჩად მუშაობდა ნიკოლო მაკიაველი, რომელიც რომში, ჩეზარე ბორჯიასა და საფრანგეთის სამეფო კართან თანამშრომლობდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მაკიაველის სოდერინისადმი დიდი პატივისცემის გრძნობა ჰქონდა, დროთა განმავლობაში ეს შეიცალა, რაც პიეროს შეცდომებით იყო განპირობებული.
მის დროს ფლორენციაში ფრანგების გავლენა დიდად გაიზარდა, რომლებიც მას მმართველობას უნარჩუნებდნენ, თუმცა მოსახლეობა უკმაყოფილო იყო. 1512 წელს ესპანეთის ჯარების დახმარებით დაამხეს სოდერინის მმართველობა და აღდგა მედიჩების ბატონობა, რა დროსაც სათავეში ჯულიანო მედიჩი მოდის. პიერო სოდერინი ფლორენციიდან იქნა განდევნილი, რის გამოც იგი რომში დასახლდა, სადაც პაპ ლეო X-ის მფარველობით უამრავი პრივილეგიით სარგებლობდა. ამის შემდეგ, მთელი დარჩენილი ცხოვრება იგი მუშაობდა ფლორენციაში დაბრუნებისთვის, რაც ვერ მოახერხა.
იგი გარდაიცვალა 1522 წლის 13 ივნისს რომში, 70 წლის ასაკში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Margaretić, Marija, Zbornik Dubrovačkog primorja i otoka, Kulturno - prosvjetno društvo Primorac, Dubrovnik, 2006, ISSN 0353-5428, p 221