ნოვოსპასკის მონასტერი
ნოვოსპასკის მონასტერი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°43′55″ ჩ. გ. 37°39′22″ ა. გ. / 55.73194° ჩ. გ. 37.65611° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1490 |
ნოვოსპასკის მონასტერი (რუს. Новоспасский монастырь) — მართლმადიდებლური მამათა სტავროპიგიალური მონასტერი მოსკოვში. დაარსებულია 1490 წელს. მონასტერი ცნობილია თავისი მჭიდრო კავშირებით რომანოვების სამეფო დინასტიასთან. არქიტექტურული ანსამბლი ჩამოყალიბდა XVII-XVIII საუკუნეებში.
მონასტერი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონასტერი დააარსა ივანე III-მ 1490 წელს მაცხოვრის სახელზე. პირველი ქვის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი ააგეს 1494 წელს. მონასტერი სარგებლობდა სამეფო ხელისუფლების კეთილგანწყობით და თანამედროვე სახე მიიღო ხელისუფლებაში რომანოვების დინასტიის მოსვლის შემდეგ, რომელთა საგვარეულო სამარხადაც იქცა იგი. 1646–1649 წლებში ნოვოსპასკის მონასტრის არქიმანდრიტი იყო მომავალი პატრიარქი ნიკონი.
მონასტერი დახურა 1918 წელს და მის ადგილზე იმავე წელს მოაწყვეს საკონცენტრაციო ბანაკი. მონასტრის ძეგლები, რომელთაც სამუზეუმო მნიშვნელობა ჰქონდათ, მიაწერეს სიმონოვის მონასტრის მუზეუმს. 1920 წელს არქიტექტორმა სერგეი როდიონოვმა განახორციელა მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოები. 1925 წელს მონასტრის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ქალთა მეორე გამოსასწორებელი სახლი. მონასტრის სასაფლაო დაანგრიეს 1927–1930 წლებში.
1935 წლიდან მონასტრის ტერიტორიას განაგებდა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი. ყველა სამონასტრო ნაგებობა გამოიყენებოდა სამეურნეო დანიშნულებით ან საცხოვრებლად. მოსახლეების გამოსახლება დაიწყო 1960 წელს. 1968 წელს მიიღეს გადაწყვეტილება მონასტრის ტერიტორიაზე ჩამოეყალიბებინათ სსრკ-ში სარესტავრაციო საქმის პრაქტიკის ისტორიისა და თანამედროვეობის მუზეუმი.
სარესტავრაციო საქმიანობა გადაიდო რამდენიმე წლით. გადაწყვიტეს ტაძარში გაეხსნათ რესტავრაციის მუზეუმი. დიდი სარესტავრაციო ცენტრი მუზეუმის ტერიტორიაზე არსებობდა 1985 წლიდან 1990 წლამდე. ამ დროს კი მიიღეს გადაწყვეტილება მონასტერი დაბრუნებოდა მოსკოვის საპატრიარქოს.
მონასტრის აღორძინება დაიწყო 1991 წლის აპრილიდან. ამავე წლის ივლისში შეიქმნა ნოვოსპასკის მონასტრის მამაკაცების ქორო.
1995 წელს მონასტერში გადაასვენეს დიდი თავადის სერგეი რომანოვის ნეშტი, რომელიც ამ ამბებიდან 90 წლით ადრე მოკლა ტერორისტმა ივან კალიაევმა.
2014 წლის თებერვალში პატრიარქმა კირილემ აკურთხა 16-ტონიანი რომანოვების ზარი, რომელიც XX საუკუნეში განადგურებული ისტორიული ზარის ანალოგით ჩამოასხეს[1].
2015 წლის თებერვალში მონასტერში საბერძნეთიდან ჩაასვენეს დიმიტრი თესალონიკელის წმინდა ნაწილი — უხრწნელი მარჯვენა. წმინდა ნაწილის ჩამობრძანება მიეძღვნა ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავს. რუსულ მეხსიერებაში დიმიტრი თესალონიკელი ყოველთვის დაკავშირებული იყო სამხედრო საქმიანობასთან, პატრიოტიზმსა და სამშობლოს დაცვასთან[2].
არქიტექტურული ანსამბლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნოვოსპასკის მონასტრის ძირითადი ნაგებობების სია ასე გამოიყურება:
- ფერისცვალების ტაძარი — აგებულია 1645–1649 წლებში მეფე მიხეილ თევდორეს ფინანსებით. კედლის მოსახატად კოსტრომიდან მოიწვიეს გური ნიკიტინი.
- ღვთისმშობლის კვართის ეკლსია სატრაპეზოსთან ერთად — აგებულია 1670-იან წლებში
- მონასტრის გალავანი და კოშკი, როლიც აგებულია 1640–1642 წლებში.
- მამების კელიები ნიკოლოზის ეკლესიასთან ერთად.
- XVII-XVIII საუკუნეების საწინამძღვრო სასახლე.
- 78 მეტრის სიმაღლის სამრეკლო, ყველაზე მაღალი რევოლუციამდელ მოსკოვში, აგებულია 1759–1785 წლებში ძველი სამრეკლოს ადგილზე, რომელიც პატრიარქმა ფილარეტმა ააგო 1622 წელს.
- ეკლესია, რომელიც აგებულია 1791–1795 წლებში არქიტექტორ ელიზვო ნაზაროვის მიერ.
ნეკროპოლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფერისცვალების ეკლესიის დარბაზში დაკრძალულია ზახარინ-კოშკინის საგვარეულოს წარმომადგენლები, რომლებიც იყვნენ რომანოვების წინაპრები. მემორიალური ქანდაკების შედევრად მიიჩნევენ ძეგლს ვლადიმირ ნოვოსილცევის საფლავზე, რომელიც შესრულებულია ვასილი დემუტ-მალინოვსკის პროექტის მიხედვით.
იქვე მდგარი ზეციური სასწაულის სახელობის ეკლესიაში დაკრძალულები არიან შერემეტევების საგვარეულოს წარმომადგენლები. 1742 წელს აქ დაკრძალეს სახელმწიფო კანცლერი ალექსი ჩერკასკი.
მონასტრის კედლებში XVIII-XIX საუკუნეების მჯნაზე ჩამოყალიბდა ნეკროპოლისი არისტოკრატიული საფლავების დიდი რაოდენობით. აქ დაკრძალეს მხატვარი ფიოდორ როკოტოვი, ქალაქის თავი ნიკოლაი ალექსეევი, ისტორიკოსი პლატონ ბეკეტოვი, თეატრმცოდნე ივანე გაგარინი, დეკაბრისტი პეტრე ტიტოვი.
1920-იანი წლების ბოლოს ნოვოსპასკის მონასტრის ნეკროპოლი საბჭოთა ხელისუფლებამ გაანადგურა. მეტად ღირებული არქიტექტურის ძეგლები გადაიტანეს დონის მონასტერში.
რომანოვების განსასვენებელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფერისცვალების ეკლესიის სარდაფში რამდენიმე საფლავია, რომელიც ეკუთვნის ზახარინ-რომანოვებს.
1497–1498 წლებში აქ დაასაფლავეს ვასილი იურის ძე კოშკინ-ზახარინი. XVI საუკუნის ბოლოს — ვასილი ზახარინი (ანასტასია ზახარინა-იურევას ბიძაშვილი, ანასტასია იყო ივანე მრისხანეს წინაპარი) და ნიკიტა ზახარინი (ბერობაში ნიფონტი; რომანოვების დინასტიის დამაარსებელი, პატრიარქ ფილარეტის მამა)[3]. 1607 წელს ცრუდიმიტრის მეფობისას აქ გადაასვენეს პატრიარქ ფილარეტის ღვიძლი ძმების ნეშტი, რომლებიც ბორის გოდუნოვის მეფობისას გადასახლებაში დაიღუპნენ.
1918 წელს მონასტრის დახურვის შემდეგ ნეკროპოლისი გაანადგურეს, საფლავების ნაწილი დაიკარგა, გადარჩენილი საფლავების ნაწილი გადაიტანეს მოსკოვის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის სარდაფში. ნეკროპოლისი აღადგინეს 1990-იანი წლების ბოლოს, ააგეს რომანოზ მელოდოსის სახელობის ტაძარი, რომელიც აკურთხეს 2002 წლის 10 მარტს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Официальный сайт Новоспасского монастыря დაარქივებული 2015-02-17 საიტზე Wayback Machine.
- Новоспасский ставропигиальный мужской монастырь на официальном сайте МП
- Новоспасский мужской монастырь на сайте «Храмы России»
- Монастырь в честь Преображения Господня Новоспасский (ставропигиальный) (мужской) დაარქივებული 2016-04-09 საიტზე Wayback Machine. на сайте Русское Православие
- Новоспасский монастырь в XX веке
- Хор Новоспасского монастыря — официальный сайт
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Патриарх Кирилл освятил Романовский колокол
- ↑ В Москву принесена десница вмч. Димитрия Солунского. Patriarchia.ru (6 февраля 2015). ციტირების თარიღი: 2015-02-09.
- ↑ Усыпальница предковъ Царствующаго Дома Романовыхъ. // «Правительственный Вѣстникъ». 28 февраля 1913, № 47, стр. 2.