რომანოვები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რომანოვების დინასტია)
Jump to navigation Jump to search
რომანოვი

რომანოვი (რუს. Романов) ძველი რუსული არისტოკრატიული გვარი. 1613 წლიდან სამეფო გვარი, ხოლო 1721 წლიდან - იმპერატორთა დინასტია. რომანოვების დინასტიის წინაპრად ითვლება ანდრია ივანეს ძე კობილა, XIV საუკუნის მოსკოველი ბოიარი. XVI საუკუნიდან იწოდებოდნენ კოშკინებად, შემდეგ ზახარინებად. ამ უკანასკნელთა აღზევება დაიწყო მას შემდეგ რაც ივანე IV დაქორწინდა ანასტასია რომანის ასულ ზახარინაზე. რომანოვების გვარს დასაბამი მისცა ნიკიტა რომანის ძემ, რომლის შვილიშვილი მიხეილ თედორეს ძე (1613-1645 წწ.) ავიდა მოსკოვის სამეფო ტახტზე. 1917 წლის კომუნისტური გადატრიალების შედეგად რომანოვების დინასტია დაემხო, ხოლო 1918 წლის ივლისში ეკატერინბურგში ურალის საოლქო საბჭოს დადგენილებით ნიკოლოზ II და მისი ოჯახის წევრები დახვრიტეს.

1918 წლის 16-17 ივლისს ქალაქ ეკატერინბურგში სამთო ინჟინერ ნიკოლოზ იპატიევის სახლის სარდაფში დახვრიტეს რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II, მისი მეუღლე ალექსანდრა თევდორეს ასული, შვილები — ოლგა, ტატიანა, მარია, ანასტასია, უფლისწული ალექსეი, ასევე ოჯახის პირადი ექიმი ევგენი ბოტკინი, კამერდინერი ალექსეი ტრუპი, მოსამსახურე გოგონა ანა დემიდოვა და მზარეული ივან ხარიტონოვი, — ნათქვამია სააგენტო "რია ნოვოსტის" შეტყობინებაში.

რუსეთის ბოლო იმპერატორი ნიკოლოზ რომანოვი (ნიკოლოზ II) ტახტზე 1894 წლის 2 ნოემბერს (ძველი სტილით 21 ოქტომბერს) ავიდა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, 15 მარტს (ძველი სტილით 2 მარტი) ნიკოლოზ II-მ თავისი და უფლისწულ ალექსეის სახელით, ხელი მოაწერა სამეფო ტახტზე უარს უმცროსი ძმის, მიხაილ ალექსანდრეს ძის სასარგებლოდ, რომელიც რევოლუციური ძალების წნეხის გამო ტახტზე აღარ ავიდა.

ტახტზე უარის თქმის შემდეგ, 1917 წლის მარტიდან აგვისტომდე ნიკოლოზი ოჯახთან ერთად ცარსკოე სელოში, ალექსანდრეს სასახლეში იმყოფებოდა პატიმრობაში. დროებითი მთავრობის სპეციალური კომისია ნიკოლოზ მეორისა და მისი მეუღლის, ალექსანდა თევდორეს ასულის სასამართლოსთვის გადასაცემად მასალებს სწავლობდა. მათ სამშობლოს ღალატში ედებოდათ ბრალი. კომისიამ ვერ მოიპოვა მათი დანაშაულში მამხილებელი დოკუმენტები და ამიტომ დროებითი მთავრობა მათ საზღვარგარეთ, დიდ ბრიტანეთში გასახლებაზე ფიქრობდა.

პეტროგრადში ანტირომანოვული განწყობის ზრდის გამო, 1917 წლის აგვისტოში პატიმრები ტობოლსკში გადაიყვანეს.

1917 წლის რევოლუციისა და ხელისუფლებაში ბოლშევიკთა მოსვლის შემდეგ სამეფო ოჯახის მდგომარეობა მვეთრად გაუარესდა. ბოლშევიკური ხელმძღვანელობის ძირითად იდეად იმპერატორისათვის ღია სასამართლოს ჩატარება იქცა. 1918 წლის აპრილში რუსეთის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა რომანოვების მოსკოვში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ყოფილი მეფის სასამართლოსთვის გადაცემას ემხრობოდა ვლადიმერ ლენინი, ნიკოლოზ II-ის მთავარ ბრალმდებლად ლევ ტროცკი მოიაზრებოდა. თუმცა  გაჩნდა ცნობები, რომ მეფის გატაცების მიზნით „თეთრგვარდიელთა შეთქმულება“ იგეგმებოდა, და რომ ამისათვის ტიუმენსა და ტობოლსკში „შეთქმული ოფიცრები“ იყრიდნენ თავს. ამიტომ 1918 წლის 6 აპრილს რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმმა სამეფო ოჯახის ურალში გადაყვანა გადაწყვიტა. სამეფო ოჯახი ეკატერინბურგში, იპატიევის სახლში გადაიყვანეს.

ბელოჩეხების ამბოხებამ და თეთრგვარდიელთა არმიის შეტევამ ეკატერინბურგზე, დააჩქარა ყოფილი მეფის დახვრეტის გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა.

სამეფო ოჯახის ყველა წევრის, ექიმ ბოტკინისა და სახლში მყოფი მოსამსახურეების დახვრეტის ორგანიზება განსაკუთრებული დანიშნულების სახლის კომენდანტს იაკობ იუროვსკის დაეკისრა.

დასჯის სცენა ცნობილი გახდა საგამოძიებო პროტოკოლებიდან, მონაწილეების, თვითმხილველებისა და უშუალო შემსრულებელთა მონათხრობიდან. იუროვსკიმ სამეფო ოჯახის დახვრეტაზე სამ დოკუმენტში ისაუბრა: „ჩანაწერი“ (1920 წ.); „მოგონებები“ (1922 წ.) და „სიტყვა ეკატერინბურგში ძველი ბოლშევიკების სხდომაზე“ (1934 წ.). ამ ბოროტების ყველა დეტალი, რომლების შესახებაც მთავარმა მონაწილემ სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა გარემოებაში ისაუბრა, ნათელს ხდის, თუ როგორ დახვრიტეს სამეფო ოჯახი და მათი მოსამსახურეები.

დოკუმენტური წყაროების მიხედვით შესაძლებელია დადგინდეს ნიკოლოზ II-ის, მისი ოჯახის წევრებისა და მოსამსახურეების მკვლელობის დაწყების დრო. ავტომანქანა, რომლითაც ოჯახის განადგურების ბოლო ბრძანება მიიტანეს, 1918 წლის 17 ივლისის ღამის 1:30 საათზე მივიდა ადგილზე, რის შემდეგაც სამეფო კარის ექიმ ბოტკინს კომენდანტმა სამეფო ოჯახის წევრების გაღვიძება უბრძანა. ოჯახის წევრების შეკრებაზე 40 წუთი დაიხარჯა, შემდეგ ოჯახი მოსამსახურეებთან ერთად ნახევარსარდაფში ჩაიყვანეს, რომლის ფანჯრებიც ვოზნესენსკის შესახვევს უყურებდა. ნიკოლოზ II-ს უფლისწული ალექსეი ხელში აყვანილი მიჰყავდა, რადგან მას ავადმყოფობის გამო სიარული არ შეეძლო. ალექსანდრა თევდორეს ასულის თხოვნით ოთახში ორი სკამი შეიტანეს. ერთზე თავად დაჯდა, მეორეზე კი ალექსეი დასვეს. დანარჩენები კედელთან გამწკრივდნენ. იუროვსკიმ ოთახში სადამსჯელო ჯგუფი შეიყვანა და განაჩენი წაიკითხა.

აი, როგორ აღწერს თავად იუროვსკი დახვრეტის სცენას: „მე ყველას წამოდგომა შევთავაზე. ისინი ადგნენ, დაიკავეს მთელი კედელი და ერთი გვერდითა კედელი. ოთახი ძალიან პატარა იყო. ნიკოლოზი ჩემკენ ზურგით იდგა. მე გამოვაცხადე, რომ ურალის მუშათა საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა, ურალის ქრისტიანთა და ჯარისკაცთა დეპუტატებმა მათი დახვრეტა დაადინეს. ნიკოზოლი მომიბრუნდა და კითხვა დამისვა. მე გავიმეორე ნათქვამი და გავეცი ბრძანება „ცეცხლი“. პირველმა მე ვისროლე და ნიკოლოზი მოვკალი. სროლა ძალიან დიდხანს გაგრძელდა. ჩემი იმედი, რომ ხის კედელი ტყვიას არ აისხლეტდა,  არ გამართლდა. უწესრიგო სროლა დიდხანს ვერ შევაჩერე. მაგრამ როდესაც, როგორც იქნა, შევძელი და შევაჩერე სროლა, დავინახე, რომ ბევრი მათგანი კიდევ ცოცხალი იყო. მაგალითად, ექიმი ბოტკინი მარჯვენა ხელის იდაყვზე დაყრდნობილი იწვა, თითქოს ისვენებდა. მე მას რევოლვერიდან გასროლით მოვუღე ბოლო. ალექსეი, ტატიანა, ანასტასია და ოლგაც ცოცხლები იყვნენ, ცოცხალი იყო დემიდოვაც. ამხანაგ ერმაკოვს  ხიშტით უნდოდა საქმის ბოლომდე მიყვანა, თუმცა არ გამოუვიდა. მიზეზი მოგვიანებით გაირკვა (გოგონებს ზედა ტანზე ბრილიანტებიანი ჯავშანივით სამოსი ეცვათ). იძულებული გავხდი, ყველა მათგანი რიგ-რიგობით დამეხვრიტა".

სიკვდილის ფაქტის კონსტატაციის შემდეგ ყველა გვამი სატვირთოში გადაიტანეს. ღამის 3 საათის შემდეგ, გამთენიისას, მოკლულთა ცხედრები იპატიევის სახლიდან განინა იამაში, სოფელ კოპტიაკის მახლობლად მდებარე მიტოვებულ მაღაროში წაიღეს.

მაღარო 15 მეტრის სიღრმისა იყო და 2,5 მეტრის სიმაღლემდე წყლით იყო სავსე. სამეფო ოჯახის წევრებისა და მოსამსახურეების შიშველი ცხედრები ორმოში ჩაყარეს და ყუმბარები ესროლეს. თუმცა ცხედრები მაინც ვერ გაანადგურეს. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ გოგირდმჟავა გამოეყენებინათ. კიდევ ერთი დღის შემდეგ, 19 ივლისის ღამეს, სხეულები სხვა მაღაროში, მოსკოვის ტრაქტის 90-ე ვერსზე გადაჰქონდათ დასამალად, მაგრამ გზაში, გამთენიისას, რომანოვების ცხედრებით დატვირთული მანქანა პოროსიონკოვო ლოგის ჭაობში ჩაეფლო.

ამიტომ გადაწყვიტეს, დიდი ორმო ამოეთხარათ და ცხრა ცხედრი იქ ჩაეყარათ. ორი გვამი სხვაგან დაწვეს. სამარხს, უფრო მეტი საიმედოობისათვის, გოგირდმჟავა გადაასხეს, ხოლო ორმოს  შპალები დააყარეს ზემოდან.

პოროსიონკოვო ლოგში პირველი გათხრები 1979 წელს ჩატარდა. 1991 წელს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და ოლქის ხელისუფლების თანხმობით, საფლავი ოფიციალურად გახსნეს და მასში ცხრა ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს.

მრავალმა ექსპერტმა დაადასტურა, რომ ეს ნიკოლოზ II-ის, ალექსანდრა თევდორეს ასულის, ოლგას, ტატიანასა და ანასტასია რომანოვებისა და მათი გარემოცვის ჩონჩხები იყო.  უფლისწულ ალექსისა და პრინცესა მარიას ნეშტები მაშინ ვერ იპოვეს.

სამეფო ოჯახის წევრები 1998 წლის 17 ივლისს პეტერბურგში, პეტროპავლოვსკის ტაძარში დაკრძალეს.  

2007 წელს პირველი სამარხის სიახლოვეს მეორეც აღმოაჩინეს. გენეტიკურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მეორე სამარხში ნაპოვნი ჩონჩხები ასევე ეკუთვნოდათ რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის ოჯახის წევრებს — უფლისწულ ალექსისა და პრინცესა მარიას.  

მათი ნეშტები დღემდე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო არქივში ინახება და დაკრძალული არ არის.

ნეშტების ნამდვილობის საკითხი ჯერაც არ არის გადაწყვეტილი. რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას არსებული მტკიცებულებები საკმარისად არ მიიჩნია იმისათვის, რომ ისინი სამეფო ოჯახის წამებულთა ნაწილებად მიიჩნიოს, რაშიც მას რუსეთის საიმპერატორო სახლიც ეთანხმება.

საიმპერატორო სახლის კანცელარიის დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გენეტიკური ექსპერტიზა ამისთვის საკმარისი არ არის.

2015 წლის 9 ივლისს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა განკარგულებას უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელმაც უნდა გამოიკვლიოს და შემდეგ მიწას მიაბაროს უფლისწულ ალექსისა და პრინცესა მარიას ნეშტები.

2008 წლის ოქტომბერში რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმმა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ისა და მისი ოჯახის წევრების რეაბილიტაცია გადაწყვიტა.

1918-1919 წლებში რუსეთის საიმპერატორო სახლის წევრთა დაღუპვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ 1993 წლის 19 აგვისტოს აღძრა გენერალურმა პროკურატურამ.

2009 წლის იანვარში რუსეთის პროკურატურასთან არსებულმა საგამოძიებო კომიტეტის სამმართველომ (ახლა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი), „განზრახ მკვლელობის ჩამდენ პირთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანგრძლივობის ვადის ამოწურვისა და მათი გარდაცვალების გამო“, შეწყვიტა 1917 წლის 17 ივლისს ეკატერინბურგში დახვრეტილი რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, მისი ოჯახის წევრებისა და გარემოცვის დაღუპვისა და დამარხვის საქმის გარემოებათა გამოძიება.  

2010 წლის 26 აგვისტოს მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად, ზემოხსენებული გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ ცნო და დაშვებული დარღვევების აღმოფხვრის დავალება გასცა. 2010 წლის 25 ნოემბერს საგამოძიები კომიტეტის თავმჯდომარემ საქმის შეწყვეტის დადგენილება გააუქმა.

2011 წლის 14 იანვარს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ დადგენილება სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოვიდა და მოცემული სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილია. რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ ΙΙ-ის, მისი ოჯახის წევრებისა და ამალის ნეშტების იდენტიფიკაცია დამტკიცებულია.

2011 წლის 27 ოქტომბერს სამეფო ოჯახის დახვრეტის საქმის გამოძიების შეწყვეტის დადგენილება რომანოვთა სახლის წარმომადგენლებს გადასცეს. დადგენილებაში 800 გვერდზეა მოყვანილი ძიების ძირითადი დასკვნები და აღმოჩენილი ნეშტების სამეფო ოჯახისთვის კუთვნილების ნამდვილობა.

2000 წელს რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა XX საუკუნეში რწმენისთვის წამებულები, მათ შორის ნიკოლოზ II და მისი ოჯახი. დასავლეთში მათი კანონიზაცია ბევრად ადრე, ჯერ კიდევ 1981 წელს მოხდა.  

17 ივლისს რუსული მართლმადიდებლური ეკლესია წმიდა სამეფო მოწამეთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს.

2000 წელს განინა იამაში, სამეფო მოწამეთა პატივსაცემად, მამათა მონასტერს ჩაეყარა საფუძველი. მონასტრის მშენებლობაზე პირველი ქვა 2000 წლის 1 ოქტომბერს დაიდო. ახლა მონასტერში 7 ტაძარი მოქმედებს — იმდენი, რამდენი წევრიც მოუკლეს სამეფო ოჯახს.

იპატიევის სახლის ადგილზე 2000 წელს აიგო ტაძარი, რომელსაც რუსულად „ხრამ ნა კროვი“ ჰქვია.  ყოველი წლის 17 ივლისის ღამეს სამეფო ოჯახის წევრთა მოსახსენიებლად ღვთისმსახურება იმართება. მას განინა იამას მონასტრისკენ 25 კილომეტრიანი ჯვაროსნული სვლა მოსდევს, რომელშიც 50 ათასზე მეტი მორწმუნე მონაწილეობს.  

მასალა მომზადებულია რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციასა და ღია წყაროებზე დაყრდნობით.

Read more: https://sputnik-georgia.com/video/20150716/228092771.html

მეფეთა სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეფე მმართველობის
წლები
მიხეილ I 1613-1645
ალექსეი I 1645-1676
თედორე III 1676-1682
პეტრე I დიდი 1682-1721

იმპერატორების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპერატორი მმართველობის
წლები
პეტრე I დიდი 1721-1725
ეკატერინე I 1725-1727
პეტრე II 1727-1730
ანა 1730-1740
ივანე VI 1740-1741
ელისაბედი 1741-1761
პეტრე III 1761
ეკატერინე II 1762-1796
პავლე I 1796-1801
ალექსანდრე I 1801-1825
ნიკოლოზ I 1825-1855
ალექსანდრე II 1855-1881
ალექსანდრე III 1881-1894
ნიკოლოზ II 1894-1917

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის იმპერატორების სია