მუაში
მუაში — ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 1300 მ.
მუაშში ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული, მზის მაღალი რადიაცია. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი (მინერალიზაცია — 2,1 გ/ლ; ტემპერატურა 9 °C; დებიტი 13 ლ/დღ-ღ), რომელსაც იყენებენ სასმელად და აბაზანებისათვის. ტრადიციულად ითვლება, რომ დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების, სახსრებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების შემთხვევებში. სეზონი გრძელდება ივნისიდან სექტემბრამდე.
მუაშის „მჟავე“ და „რკინის წყლები“ ძველთაგანვე იყო ცნობილი. როგორც ლაშხეთის ხეობის ნაწილი, მუაში სადადიანო სვანეთში შედიოდა. XIX საუკუნეში დადიანებს აქ აგარაკი ჰქონდათ და მოურავიც ჰყავდათ. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ქართულ პრესაში პერიოდულად ქვეყნდებოდა წერილები მუაშის სააგარაკე ადგილისა და მისი ტურისტული პოტენციალის შესახებ.[1][2][3][4][5] 1950-იანი წლებიდან დაიწყო კურორტის კეთილმოწყობა. საბჭოთა პერიოდში აქ იყო საკურორტო პოლიკლინიკა, სააბაზანო.[6] 1990-იანი წლებიდან კურორტმა ფუნქციონირება შეწყვიტა.[7]
მუაშის ტერიტორიაზე აღმოჩენილია შუა საუკუნეების მეგალითური ტიპის ნაგებობა, რომლის არქეოლოგიური შესწავლა (ხელმძღვანელი — ზვიად კვიციანი) 2024 წელს დაიწყო.[8]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მაჭავარიანი კოწია, სვანეთი, გაზ. „ივერია“, 1887, № 208. — გვ. 3.
- ↑ მოაშე, სვანეთის მჟავე წყალი, ჟურნ. „კვალი“, 1896, № 23. — გვ. 392-394.
- ↑ ლაჯანელი ბანოვანი, ლაშხეთი (სადადიანო სვანეთი), გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1902, № 1908. — გვ. 3.
- ↑ ოტნო, ცოტა რამ აგარაკ მუაშის შესახე, გაზ. „კომუნისტი“, 1925, № 172. — გვ. 4.
- ↑ ხვამლელი ს., კურორტები: მუაში, გაზ. „კომუნისტი“, 1935, № 178. — გვ. 4.
- ↑ უშვერიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 188.
- ↑ ლენტეხის მუნიციპალიტეტის კურორტ მუაშის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების დავალება, თბ., 2023.
- ↑ ლენტეხის მუნიციპალიტეტში მუაშის მეგალითური ნაგებობის არქეოლოგიური კვლევა დაიწყო, „პირველი არხი“, 21 აგვისტო, 2024.