შინაარსზე გადასვლა

მოსარაბები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოსარაბები (ესპ. mozárabes < არაბ. مستعرب მუსთაარაბ — „გაარაბებული“) — VIII–XII საუკუნეების პირენეს ნახევარკუნძულის მუსლიმური სახელმწიფოების ქრისტიანული მოსახლეობა, რომელიც განსაკუთრებული სოციალურ-იურიდიული სტატუსით სარგებლობდა. მოსარაბულ თემს შიდა თვითმმართველობის უფლება ჰქონდა. მის მეთაურს (გრაფს) ირჩევდნენ ქრისტიანები და ამტკიცებდა მუსლიმური ხელისუფლება. საქმეებს, რომლებიც მხოლოდ მოსარაბებს ეხებოდა, სასამართლო თემის შიგნით განიხილავდა ვესტგუთების მეფეთა კანონებზე დაყრდნობით. იუდეველებთან ერთად მიეკუთვნებოდნენ „წიგნის ხალხის“ კატეგორიას, ხაზინაში შეჰქონდათ საადგილმამულო გადასახადი (ხარაჯა), სულადი გამოსაღები (ჯიზია) და სხვ. გადასახადების ამკრეფად, გრაფის მსგავსად, მოსარაბული თემის წარმომადგენელს ირჩევდნენ. ჰქონდათ ღვთისმსახურების აღვლენის უფლება (არაბთა დაპყრობების დროს საეპისკოპოსო კათედრების ნაწილი დაკნინდა, თუმცა შენარჩუნდა 3 საარქიეპისკოპოსოდ დაყოფა — ტოლედო, მერიდა, სევილია). მოსარაბებმა გადაიღეს მუსლიმური კულტურის ცალკეული ელემენტები — ყველაზე შესამჩნევად ეს გავლენა გამოიხატა ენის, არქიტექტურის, სახვითი ხელოვნებისა და ხელოსნობის სფეროებში.[1]

XI საუკუნის მე-2 ნახევრამდე ანდალუსიაში (ალ-ანდალუსში) მოსარაბული თემის მდგომარეობა საკმაოდ სტაბილური იყო. ცნობილია მუსლიმური ხელისუფლების წინააღმდეგ მასობრივი მოძრაობის ერთადერთი შემთხვევა, რომლის დროსაც მოსარაბები ძირითად მამოძრავებელ ძალად გამოვიდნენ — ე.წ. კორდოველ მოწამეთა მოძრაობა (IX საუკუნის შუა ხანები). XI საუკუნის ბოლოდან ხელისუფლებაში ალმორავიდების მოსვლის შემდეგ უცხო სარწმუნოების ქვეშევრდომების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. განხორციელდა მოსარაბების რამდენიმე მასობრივი გასახლება ანდალუსიის ფარგლებს გარეთ — აფრიკაში და პირენეს ნახევარკუნძულის ქრისტიანულ სამეფოებში. უკანასკნელმა მოსარაბულმა თემებმა მუსულმანთა ტერიტორია ალმოჰადების დროს დატოვეს.[1]

ქრისტიანულ სამეფოებში გადასახლებულმა მოსარაბებმა შესამჩნევი გავლენა მოახდინეს ამ ოლქების კულტურაზე, უპირატესად არქიტექტურასა და ენაზე. VIII–XV საუკუნეებში ფიქსირდება რომანული ენის მოსარაბული დიალექტის არსებობა, რომელმაც ნაწილობრივ ითამაშა როლი ქრისტიანთა მიერ არაბული ლექსიკის სესხებაში. ამას გარდა, მოსარაბებთანაა დაკავშირებული ქრისტიანული სამეფოების ცალკეულ სამწყსოებში ე.წ. მოსარაბული ლიტურგიის შენარჩუნება, რომელიც სხვა ეკლესიებში XI საუკუნეში შეიცვალა ღვთისმსახურების გალური წესით.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 Попова Г. А. Мосарабы // Большая российская энциклопедия. т. 21. — М., 2013. — стр. 187.