მიქაელ მოდრეკილი
მიქაელ მოდრეკილი | |
---|---|
საქმიანობა | პოეტი, მწიგნობარი და კალიგრაფი |
მოქალაქეობა | ქართველთა სამეფო |
პერიოდი | X საუკუნე |
მიქაელ მოდრეკილი — X საუკუნის ქართველი პოეტ-ჰიმნოგრაფი, მწიგნობარი, კალიგრაფი, მგალობელი, შემდგენელ-რედაქტორი ვრცელი ტიპის მეხური იადგარისა რომლის ხელნაწერი (S-425), უნიკალური, როგორც შედგენილობის, ისე მხატვრული გაფორმების თვალსაზრისით, X საუკუნის ქართული წიგნის ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშია.
კრებული შედგენილია 978-988 წლებში შატბერდის მონასტერში. თავდაპირველად მასში 1264 გვერდი უნდა ყოფილიყო (გარდა ბოლო ნაწილისა, რომელიც დაკარგულია), ჩვენამდე მოღწეულია 544 გვერდი. ხელნაწერის უდიდესი ნაწილი, რომელიც დახვეწილი კალიგრაფიითა და ფაქიზი მხატვრული გემოვნებით გამოირჩევა, გადაწერილია მიქაელ მოდრეკილის მიერ, დანარჩენი ნაწილი გადაუწერიათ ანონიმ გადამწერს და ეფთვიმეს. გარდა მდიდარი დეკორისა (ორნამენრული თავსამკაულები და მოხატული საზედაო ასოები), იადგარში წარმოდგენილია უძველესი პორტრეტული ჯგუფი - იოანე მტბევრისა და ბასილი კესარიელის მინიატიურული გამოსახულებები. კრებულის შედგენილობა: ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი, სათვეო ანუ საწელიწადო ნაწილი, დასდებელნი აღდგომისანი, დასდებელნი საშაბათონი, დასდებელნისულისანი, საუფლოთა სახმარნი ფარაფთონი.
მიქაელ მოდრეკილმა თავი მოუყარა მისი დროისათვის ქართული მღვდელმსახურებაში გავრცელებულ მთელი წლის მეხურ საგალობლებს (ორიგინალურსა და ნათარგმნს) - როგორც ქართველ (მიქაელ მოდრეკილი, იოანე მტბევარი, იოანე მინჩხი, სტეფანე სანანოისძე ჭყონდიდელი, ეზრა, იოანე ქონქოზის ძე, ბასილი, კურდანაჲ, მერჩულე), ისე ბერძენ (ანდრია კრეტელი, კოზმა იერუსალიმელი, იოანე დამასკელი, თეოფანე, ეფრემი) ავტორთა ჰიმნებს. ბერძნულიდან თარგმნილი საგალობლების უდიდესი ნაწილი ავტორების გარეშეა წარმოდგენილი.
მიქაელ მოდრეკილის კრებულის ძლისპირი და ღმრთისმშობლისანი მთლიანად და საგალობელთა დიდი ნაწილი ნევმირებულია. მრავალრიცხოვანი ლიტურგიკული შენიშვნები, რომლებიც მიმართულია მგალობლებისა და მღვდელ-მსახურებისადმი მათი დამოძღვრისა და განსწავლის მიზნით, გვაფიქრებინებს, რომ კრებული სასწავლო დანიშნულებისა უნდა ყოფილიყო. ამით არის გაპირობებული ისიც, რომ ძლისპირი და ღმრთისმშობლისანი, რომლებიც გალობათა რიტმულ-მელოდიურ მოდელებს შეიცავს, ქარაგმაგახსნილად არის წარმოდგენილი. ეს ტექსტის ხმოვნებზე ნევმების (ნიშნების) სწორი განაწილების საშუალებას იძლევა, რაც აუცილებელია გალობის კილოს ზუსტი ფიქსირებისათვის. იადგარის ერთ-ერთ ანდერძში მიქაელ მოდრეკილი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ კრებულში შეტანილი გალობანი დაწერილია "სისწორითა კილოსაჲთა და უცთომელობითა ნიშნისაჲთა". მიქაელ მოდრეკილის კრებულის განსაკუთრებული მნიშვნელობა ისიცაა, რომ პალესტინური ტიპის ამ იადგარის ბერძნული მოდელი, რომელიც გავრცელებული უნდა ყოფილიყო ბიზანტიის აღმოსავლეთ პროვინციებში IX-X საუკუნებამდე, დღეისათვის დაკარგულია და მის შედგენილობაზე მსჯელობა შეიძლება მხოლოდ ქართული იადგარის საშუალებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიქაელ მოდრეკილი: მიქაელ მოდრეკილის ჰიმნები, X ს. / რედ. შ. ამირანაშვილი - თბილისი წიგნი 1: მიქაელ მოდრეკილის ჰიმნები. [ანალიზი] / გვახარია ვაჟა - : საბჭ. საქართველო, 1978
- მიქაელ მოდრეკილი: მიქაელ მოდრეკილის ჰიმნები, X ს. წიგნი 2: [ჰიმნები] / ტექსტი გადმოწერა დედნიდან და გამოსცა ვ. გვახარიამ ; კალიგრაფი რ. ბურჭულაძე - : საბჭ. საქართველო, 1978.
- მიქაელ მოდრეკილი:მიქაელ მოდრეკილის ჰიმნები, X ს. წიგნი 3 : [ჰიმნები] / ფაქსიმილე გამოსაცემად მოამზადა ვ. გვახარიამ - : საბჭ. საქართველო, 1978.
- ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, ქართველი მწერალი მეათე საუკუნისა, თბ., 1954;
- ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ყოფილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (S) კოლექციისა, ტ. 1, თბ., 1959;
- Кекелидзе К. С., Литургические грузинские памятники в отечественных книгохранилищах и их научное значение, Тф., 1908;
- მეტრეველი ე., ქსე, ტ. 7. გვ. 25, თბ., 1984