სტეფანე სანანოისძე ჭყონდიდელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტეფანე სანანოისძე ჭყონდიდელი — X საუკუნის მეორე ნახევრის ქართველი მწერალი, ჰიმნოგრაფი, მთარგმნელი, სასულიერო მოღვაწე (ჭყონდიდის ეპისკოპოსი). პირველად მოხსენიებულია მიქაელ მოდრეკილის იადგარში (978-988).

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეფრემ მცირის ცნობით, სტეფანე სანანოისძე ჭყონდიდელს სიმეონ ლოგოთეტის მეტაფრასებიდან უთარგმნია საკითხავი დაუჯდომელთა და თეოქთისტე ლეზველის ცხოვრება. სტეფანე სანანოისძე ჭყონდიდელს მიაწერენ მიქაელ მოდრეკილის კრებულში შესულ ორ საგალობელს: „ნათლისმიღებისა და წმიდისა მოწამისა ჰაბოისანი“ და სტეფენე პირველმოწამის საგალობელს სტიქარონითურთ. უკანასკნელმა ძიებამ (ლ. ჯღამაია) გაარკვია, რომ სტეფანე პირველმოწამის საგალობელი თარგმნილია ბერძნულიდან თვით სტეფანე სანანოიძის მიერ. მასვე ეკუთვნის აბოსადმი მიძღვნილი ორიგინალური ჰიმნი და სტეფანე პირველმოწამისადმი მიძღვნილი საგალობლის თარგმანი.

სტეფანე სანანოისძე ჭყონდიდელს აბოსადმი მიძღვნილ საგალობელში ეყდნობა აბოს წამების იოანე საბანისძისეულ ტექსტს. ავტორი ყურადღებას აქცევს აბოს სულიერი ბიოგრაფიის დეტალებს და მათი წარმოჩენით წმინდანის დასრულებულ სახელ ქმნის. საგალობლის დახვეწილი პოეტური ფორმა, ლაკონიური და გამომსახველი სიტყვა საფუძველს გვაძლევს სტეფანე სანანოისძე ჭყონდიდელი ამოვუყენოთ თავისი დროის ბრწყინვალე ჰიმნოგრაფებს.

პავლე ინგოროყვა სტეფანე სანანოისძე ჭყონდიდელს დასავლეთ საქართველოს ჰიმნოგრაფიული სკოლის წარმომადგენლად მიიჩნევს. ძველი ქართული მწერლობის ისტორიაში სტეფანე სანანოისძე ჭყონდიდელთან ერთად მოიხსენიება დავით ტბელი (როგორც ჩანს, ისინითანამედროვენი იყვნენ). რუის-ურბნისის ძეგლისწერაც ამ ორ სახელს ერთად მოიხსენიებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ინგოროყვა პ., თხზულებათა კრებული 7 ტომად, ტ. 3, თბ., 1966;
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ.1, თბ., 1960;
  • ჯღამაია ლ., მეათე საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფები, «მაცნე. ენისა და ლიტერატურის სერია», 1974, № 3;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]