მაჰდიდები
მაჰდიდები (არაბ. بني مهدي, რომანიზებული: Banī Mahdī) — დინასტია იემენში, რომელიც ხანმოკლე დროით, კერძოდ, 1159 წლიდან 1174 წლამდე პერიოდის განმავლობაში ფლობდა ძალაუფლებას.
თიჰამას დაპყრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდება მომდინარეობს მათი პირველი მმართველის, ალი ბინ მაჰდისგან, რომელიც დაიბადა თიჰამა. თავის მხრივ, ალი ბინ მაჰდის წარმომავლობას ჰიმიარიტების ძველ მეფეებამდე მივყავართ. ალი ბინ მაჰდი იყო რელიგიური და მოგზაური ფიგურა, რომელიც ასრულებდა ჰაჯის ყოველ წელს და ხვდებოდა მკვლევრებს მთელი მუსლიმური სამყაროდან. 1136–1142 წლებში, ალი ბინ მაჰდიმ დაიწყო საკუთარი რელიგიური იდეების პროპაგანდა თიჰამას დაბლობზე, რომელიც იმ დროს იმართებოდა ზაბიდელი ნაჯაჰიდების მიერ. თავდაპირველად. ნაჯაჰიდების დედოფალი ალამი საკუთარი სწავლებით ხალხს იზიდავდა და თავის მიმდევრებს ხარაჯის გადასახადისგან ათავისუფლებდა. სამხედრო ბაზის მშენებლობის წყალობით, ალამმა შეკრიბა ჯარი 1143 წელს და ზაბიდის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ალ-კადრას დაპყრობას შეეცადა. თუმცა, ეს მცდელობა ჩაიშალა. ალი და მისი მიმდევრები მთებში გაიხიზნენ, მაგრამ დედოფალ ალამის დაჟინებული მოთხოვნით, ნაჯაჰიდის სამეფოში დაბრუნების საშუალება მიეცათ. 1150 წელს დედოფლის გარდაცვალებას მაჰდიდებსა და ნაჯაჰიდებს შორის გამანადგურებელი ომი მოჰყვა. შემდგომში, ალი ცდილობდა მიზნებისთვის ინტრიგებით მიეღწია, ძირს უთხრიდა ნაჯაჰიდების რეჟიმს, რომელზეც ამ დროს ვეზირები დომინირებდნენ. 1156 წელს მისმა ამბიციებმა ნაჯაჰიდების წამყვანი მოღვაწის სურურ ალ-ფატიკის მკვლელობა გამოიწვია. 1158 წელს ზაიდიტებმა იმამ ალ-მუტავაკილ აჰმადს დახმარებისკენ მოუწოდეს, რადგან მაჰდიდების მხრიდან მწვავე საფრთხე მომდინარეობდა და დაჰპირდნენ, რომ თავიანთ ბატონად აღიარებდნენ. ნაჯაჰიდის უკანასკნელი მმართველი, ალ-ფატიკ III, იმამმა და მისმა მცველებმა მალევე მოკლეს. თუმცა, იმამმა დიდხანს ვერ შეძლო ზაბიდში დარჩენა და უკან დაიხია.[1][2] ალი ბინ მაჰდი დამკვიდრდა ქალაქში, მაგრამ გარდაიცვალა მალევე, 1159 წელს.
მაჰდიდების მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალი ბინ მაჰდის მემკვიდრე გახდა მისი ვაჟი მაჰდი ბინ ალი, რომელიც, შესაძლოა, უმცროს ძმასთან, აბდ ან-ნაბისთან ერთად მართავდა დინასტიას. ალის ვაჟებმა გაიმყარეს ძალაუფლება თიჰამაში. ხელსაყრელი სამშვიდობო ზავი დაიდო ადენის ზურაიიდებთან. ამავდროულად, მაჰდიდები თავს დაესხნენ სამხრეთის სხვა ტერიტორიებს, როგორიცაა ლაჰიჯი და აბიანი, რათა იქაურობა გაეძარცვათ. მაჰდი ბინ ალი გარდაიცვალა 1163 წელს და მისმა ძმამ აბდ ან-ნაბიმ სრული კონტროლი მოიპოვა. ან-ნაბის ძალიან მკაცრი რეპუტაცია ჰქონდა და სიკვდილით სჯიდა ყველა მისი სწავლების მოწინააღმდეგეს, ასევე, ღვინის სმის, სიმღერისა და უკანონო სქესობრივი კავშირისთვის (თუმცა, სხვა წყაროები ვარაუდობენ, რომ ის თავად იყო მთვრალი და მექალთანე). ან-ნაბი მხარდაჭერას გამოთქვამდა საზოგადოების შიგნით არსებული საერთო საკუთრების ეგალიტარული პრინციპების მიმართ. მაჰმადიანი ისტორიკოსები მას ჩვეულებრივ გმობენ, როგორც ნახევრად შეშლილ ყაჩაღს, რომელსაც მსოფლიო მმართველობის ამბიციები ჰქონდა.[3]
აიუბიდების დაპყრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აბდ ან-ნაბი ახორციელებდა დინასტიის ექსპანსიურ პოლიტიკას, რომლის ფარგლებშიც თავს დაესხა სულეიმანიდებს, ანექსირებულ ჩრდილოეთ თიჰამაში. ქალაქები თაიზი და იბი დაეცა 1164 წელს და ადენი იმავე წელს ალყაში მოაქციეს. 1172 წელს ადენის ზურაიდები სულთან ჰამდანიდ სანას შეუერთდნენ და 1173 წელს ერთობლივად მოახერხეს მაჰდიდთა ძალების დამარცხება. აბდ ან-ნაბიმ ზაბიდისკენ დაიხია. ამ მოვლენებიდან მალევე, აიუბიდების პრინცმა თურან შაჰმა სამხრეთ არაბეთში მოწყობილ ლაშქრობას უხელმძღვანელა. როგორც ცნობილია, აიუბიდების მხრიდან იემენში შეჭრის ერთ-ერთი მოტივი იყო მაჰდიდების პოზიცია, რომლებიც ერეტიკოსებად იყვნენ მიჩნეულები და ხარიჯიტებთან თანამშრომლობდნენ. უფრო მეტიც, აბასიანების ხალიფას ხსენება პარასკევის ლოცვაში შეწყვიტეს და დაპყრობის ლეგიტიმურ ობიექტად აქციეს.[4] თურან შაჰმა სულეიმანიდებში იპოვა მოკავშირე, რომელთა მმართველი ცხრა წლის წინ მოკლეს მაჰდიდებმა. აიუბიდების ჯარისკაცებმა იემენის დიდი ნაწილი სწრაფად დაიპყრეს და 1174 წლის 13 მაისს ქალაქი ზაბიდი დაიკავეს. ქალაქი გაძარცვეს და აბდ ან-ნაბი, ძმასთან, აჰმედთან ერთად ტყვედ აიყვანეს. ორივე მათგანი ჩამოახრჩვეს 1176 წელს, სავარაუდოდ, მაჰდიდთა მმართველობის აღორძინების მცდელობისთვის და მათთან ერთად დასრულდა მაჰდიდების ხანმოკლე ეპოქა.
მაჰდიდები, ჰამდანიდების სულთნების, ზურაიდების და სულეიმანიდების შემდეგ, იემენის მეოთხე დინასტიას წარმოადგენდნენ. აღსანიშნავია, რომ მაჰდიდები აიუბიდებმა შეცვალეს.[5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Robert W. Stookey (1978). Yemen: The politics of the Yemen Arab Republic. Boulder. Boulder, გვ. 98.
- ↑ H.C. Kay (1892). Yemen: Its early medieval history. London, გვ. 128–9, 317.
- ↑ Encyclopaedia of Islam. Brill Online (2013).
- ↑ Robert W. Stookey (1978). Yemen: The politics of the Yemen Arab Republic. Boulder, გვ. 102.
- ↑ G. Rex Smith "Politische Geschichte des islamischen Jemen bis zur ersten türkischen Invasion", p. 142.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Smith, G. Rex (1987). "Politische Geschichte des islamischen Jemen bis zur ersten türkischen Invasion (1 bis 945 Hidschra = 633 bis 1538 n. Chr.)" [Political History of Islamic Yemen until the First Turkish Invasion (1 to 945 AH = 633 to 1538 AD)]. In Daum, Werner (ed.). Jemen. 3000 Jahre Kunst und Kultur des glücklichen Arabien [Yemen. 3000 Years of Art and Civilisation in Arabia Felix]. Innsbruck: Pinguin. pp. 136–154. ISBN 3-7016-2251-5.
- G. Rex Smith, The Ayyubids and early Rasulids in the Yemen, Vols. I-II, London: Gibb Memorial Trust 1974–1978.