შინაარსზე გადასვლა

კლარა პეტაჩი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლარა პეტაჩი
Clarice Petacci
დაბადების თარიღი 28 თებერვალი 1912
რომი იტალია
გარდაცვალების თარიღი 28 აპრილი 1945 (33 წლის)
მეცეგრა, კომო, ლომბარდია, იტალიის სამეფო
ეროვნება იტალიელი
მოქალაქეობა იტალიის სამეფო
იტალიის სოციალური რესპუბლიკა
საქმიანობა პოლიტიკოსი
პარტნიორ(ებ)ი ბენიტო მუსოლინი (1933–1945)
მშობლები მამა: ფრანჩესკო სავერიო პეტაჩი
დედა: გიუსეპინა პერსიტეჩი
ნათესავები მარჩელო პეტაჩი (ძმა)
მირიამ დი სან სერვოლო (და)

კლარიჩე პეტაჩი (იტალ. Clarice Petacci; ასევე ცნობილია როგორც კლარა ან კლარეტა (იტალ. Clara,  Claretta); 1912 წლის 28 თებერვალი, რომი — 1945 წლის 28 აპრილი, მეძეგრა) — იტალიელი არისტოკრატი, ბენიტო მუსოლინის უკანასკნელი საყვარელი. მოკლეს მასთან ერთად.[1][2]

წარმომავლობა და კავშირი ბენიტო მუსოლინისთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ექიმ ფრანჩესკო სავერიო პეტაჩის ოჯახში, რომელიც გახლდათ რომში კლინიკის მმართველი და ერთ დროს პაპი პიუს XI-ის პირადი ექიმი.[3] გოგონა ადრეული ბავშვობიდან მუსოლინის ფანატიკური თაყვანისმცემელი გახდა. იგი ხშირად უგზავნიდა მუსოლინის წერილებს, რომლებიც ადრესატამდე ვერ მიდიოდა. [4]1932 წლის 24 აპრილს მანქანით სეირნობისას კლარამ გაიცნო მუსოლინი და მოახერხა მისი ყურადღების მიპყრობა, რის შემდეგაც მათი  ურთიერთობა დაიწყო.  მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 30 წელი იყო. იმ დროისთვის კლარას საქმრო გახლდათ საჰაერო ძალების ლეიტენანტი რიკარდო ფედერისი (ერთმანეთს დაშორდნენ 1936 წელს). მუსოლინიც დაქორწინებული იყო რაკელ მუსოლინიზე.[5] [6][7] 

კლარას სიახლოვემ მუსოლინისთან აამაღლა პეტაჩების ოჯახის სტატუსი. ახალი შესაძლებლობებით განსაკუთრებით სარგებლობდა  კლარას ძმა — მარჩელო პეტაჩი. 1939 წელს კლარამ მიიღო მდიდრული ვილა „კამილუჩია“ რომის ცენტრში.

ბენიტო მუსოლინის დამხობის შემდეგ, კლარა დააპატიმრეს (1943 წლის 25 ივლისი), თუმცა 8 სექტემბერს, როდესაც  კასაბილეში ზავი დაიდო, გაათავისუფლეს. ამის შემდეგ პეტაჩების ოჯახი გადავიდა ჩრდილოეთ იტალიაში, რომელიც გერმანიის ჯარების კონტროლის ქვეშ იყო. მას ვილა აჩუქეს გარადონში, მუსოლინის "დედაქალაქ" - სალოს მახლობლად.

23 აპრილს პეტაჩებს ოჯახი მილანიდან ( კლარა და მარჩელო ამ დროს მუსოლინისთან ერთად იმყოფებოდნენ) თვითმფრინავით გადაიყვანეს მადრიდში.

ბომბაჩის, მუსოლინის, პეტაჩის, პავოლინისა და სტარაჩეს ცხედრები პიაცალე ლორეტოში, 1945 წ.

1945 წლის 27 აპრილს მუსოლინი კლარასთან და რამდენიმე ფაშისტ ლიდერთან ერთად შეუერთდა გერმანული სატვირთო მანქანების კოლონას და მათი საშუალებით ცდილობდა დაეტოვებინა იტალია. თუმცა ესკორტი შეაჩერა 52-ე გარიბალდის ბრიგადამ (მეთაური — „პედრო“ - გრაფი პ. ბელინი დელა სტელე, კომისარი — „ბილ“ — უ. ლაზარო). შეტაკების შემდეგ, პარტიზანებმა თანხმობა განაცხადეს გერმანელების გაშვებაზე, იმ პირობით, თუ მათ იტალიელ ფაშისტებს გადასცემდნენ. მუსოლინი, რომელიც ლუფტვაფეს უნტეროფიცერის ფორმაში იყო გამოწყობილი, ცდილობდა თავი გერმანელად გაესაღებინა.  ამის გამო ის და კლარა იძულებული გახდნენ განცალკევებულიყვნენ. კომისარმა ბილმა და კომუნისტმა პარტიზანმა დ.ნეგრიმ მუსოლინი იცნეს, რის შემდეგაც იგი დააპატიმრეს. პეტაჩი ნებაყოფლობით ჩაბარდა მათ. ფაშისტებმა შექმნეს ჯგუფი ყოფილი დიქტატორის გასათავისუფლებლად, მაგრამ ისინი  კომუნისტმა პარტიზანებმა დააკავეს. მუსოლინი და პეტაჩი გაგზავნეს სოფელ ჯულინო დი მეძეგრაში, სადაც  გლეხის სახლში მკაცრ კონსპირაციულ პირობებში დამალეს. იმავდროულად, მოკავშირეთა სარდლობამ, როდესაც შეიტყო მუსოლინის დაპატიმრების შესახებ, დაჟინებით მოითხოვა ეროვნული განმათავისუფლებელი კომიტეტისგან დიქტატორის გადაცემა. თუმცა, ვინაიდან მუსოლინის ამერიკელებისთვის გადაცემა არ სურდათ, ეროვნული განმათავისუფლებელი კომიტეტის (ეგკ) კომუნისტ წევრთა ჯგუფმა დიქტატორის სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა. ამ მიზნით, რაზმთან ერთად გაგზავნეს პოლკოვნიკი ვალერიო (ვალტერ აუდისიო)  ჯულინო დი მეძეგრაში. იგი ეროვნული განმათავისუფლებელი კომიტეტის მანდატით იყო აღჭურვილი და მინიჭებული ჰქონდა გადაუდებელი უფლებამოსილება. მუსოლინი და პეტაჩი გადაიყვანეს ვილა ბელმონტეში, რომლის ღობესთან გადაწყდა მუსოლინის დახვრეტა. აუდისიომ პეტაჩის გვერდზე გასვლა შესთავაზა, მაგრამ კლარამ მუსოლინის სახელოზე მოჰკიდა ხელი  და ცდილობდა მას სხეულით გადაფარებოდა. შედეგად, იგი მუსოლინისთან ერთად დაიღუპა.[8]

მუსოლინისა და პეტაჩის ცხედრები მილანში გადაასვენეს, სადაც ისინი თავდაყირა ჩამოკიდეს ბენზინგასამართ სადგურზე, პიაცა ლორეტოს მახლობლად. მათთან ერთად ჩამოკიდეს სალოს რესპუბლიკის კიდევ რამდენიმე ლიდერის ცხედარი, რომლებიც პარტიზანებმა დახვრიტეს. 1 მაისს მუსოლინი და პეტაჩი დაკრძალეს მილანის Cimitero Maggiore-ის სასაფლაოზე, ღარიბებისთვის განკუთვნილ მიწის ნაკვეთში.[9]

მარჩელო პეტაჩი, რომელიც იმ დროს ესპანეთის კონსული გახლდათ,  იმავე დღეს დაიღუპა, რა დღესაც მისი და.  იგი მოკლეს პარტიზანებთან სროლის დროს, როდესაც დიდი რაოდენობით ფულითა და ძვირფასი ნივთებით შვეიცარიაში გაქცევას ცდილობდა.

  1. Pierluigi Baima Bollone, Le ultime ore di Mussolini, Milano, Mondadori, 2005, ISBN 88-04-53487-7., pagg. 89 e succ.ve
  2. Barber, Tony (17 February 2017). "Claretta by RJB Bosworth — Mussolini's last lover". www.ft.com. Archived from the original on 2017-02-18. Retrieved 2021-04-02.
  3. De Felice (1981) p. 278
  4. Thomson, Ian (25 February 2017). "The Ben and Clara affair". www.spectator.co.uk. Archived from the original on 2020-08-25. Retrieved 2021-04-02.
  5. Downing, Ben (2017-03-24). "In Bed With Il Duce". Wall Street Journal. ISSN 0099-9660. Retrieved 2021-04-02.
  6. (ესპ.) Giuseppina Persichetti, La enamorada de Mussolini, Madrid, Ediciones Caballero Audaz, 1947.
  7. Bosworth, R.J.B. (2010). Mussolini. Bloomsbury.
  8. "Death of the Father-Mussolini & Fascist Italy: the 'infamous' exhibit". Cornell Institute for Digital Collections. 1999.
  9. Gunther Langes, Auf Wiedersehen Claretta. Il diario dell'uomo che poteva salvare Mussolini e la Petacci, a cura di Nico Pirozzi, Villaricca, Edizioni Cento Autori, 2012. ISBN 978-88-97121-37-4.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კლარა_პეტაჩი“-დან