კიმ კი იუნგი
გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი. გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის კიმ, ხოლო სახელი — კი იუნგი. |
კიმ კი იუნგი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
10 ოქტომბერი, 1919 სეული, კორეა |
გარდაცვალების თარიღი |
5 თებერვალი, 1998 (78 წლის) სეული, სამხრეთი კორეა |
საქმიანობა | კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, მონტაჟიორი |
აქტიური | 1955-1990 |
კიმ კი იუნგი (კორ. 김기영; დ. 10 ოქტომბერი, 1919 — გ. 5 თებერვალი, 1998) — სამხრეთ კორეელი კინორეჟისორი, ცნობილია ფსიქოსექსუალური და მელოდრამატული საშინელებათა ჟანრის ფილმებით, რომლებიც ძირითადად ქალი პერსონაჟების ფსიქოლოგიაზე ფოკუსირდება. კიმი სეულში კოლონიურ პერიოდში დაიბადა. იგი ფხენიანში გაიზარდა, სადაც თეატრისა და კინოს მიმართ გამოამჟღავნა ინტერესი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კიმი სტომატოლოგიას სწავლობდა, პარალელურად კი თეატრში მუშაობდა. კორეის ომის პერიოდში იგი აშშ-ს ინფორმაციის სააგენტოსთვის პროპაგანდისტულ ფილმებს იღებდა. 1955 წელს მან ძველი კინო აპარატურით თავისი პირველი ორი ფილმი გადაიღო. ფილმებმა რეჟისორს წარმატება მოუტანა, რის შემდეგაც მან საკუთარი კინოწარმოების კომპანია დააარსა.
კიმმა თავისი სტილი მკვეთრად პირველად 1960 წლის ფილმში „მოახლე“ გამოავლინა, რომელშიც ძლიერი საბედისწერო ქალის პერსონაჟი გვხვდება. „მოახლე“ ფართოდ მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესო კორეულ ფილმად.[1] 1960-იანი წლების „ოქროს ხანის“ შემდგომ, სამთავრობო ცენზურისა და მაყურებელთა ნაკლებობის გამო 1970-იანი წლები კორეული კინოსთვის სტაგნაციის პერიოდი იყო, თუმცა კიმმა თავისი ყველაზე ექსცენტრიული კინემატოგრაფიული ნამუშევრები სწორედ ამ პერიოდში შექმნა. მისმა ფილმებმა არა მარტო წარმატება მოიპოვა, არამედ მომდევნო თაობის კორეელ კინორეჟისორებზეც მოახდინა დიდი გავლენა. 1980-იან წლებში კიმის პოპულარობა მკვეთრად დაეცა. მეინსტრიმისგან უარყოფილი რეჟისორი 1990-იან წლებში კორეულ კინო ინტერნეტ ფორუმებზე საკულტო ფიგურა გახდა. 1997 წელს პუსანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კიმის კარიერის რეტროსპექტივა წარადგინეს, რამაც მისი შემოქმედების მიმართ ფართო საერთაშორისო ინტერესი აღძრა. რეჟისორი კინოინდუსტრიაში დაბრუნებისთვის ემზადებოდა, როცა 1998 წელს მეუღლესთან ერთად საკუთარ სახლში ხანძრის შედეგად გარდაიცვალა. იმავე წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე კიმის რეტროსპექტივა წარადგინეს, ხოლო საფრანგეთის კინემატოგრაფიის ცენტრმა მისი 18 ფილმი აჩვენა. კორეის კინოსაბჭოს ძალისხმევით რეჟისორის არაერთი დაკარგული ფილმი აღმოაჩინეს და აღადგინეს. კიმმა მრავალ თანამედროვე გამოჩენილ სამხრეთ კორეელ რეჟისორზე მოახდინა გავლენა, მათ შორის არიან ბონგ ჯუნ ჰო, პარკ ჩან ვუკი, კიმ კი დუკი და სანგ სო.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კიმი სეულში დაიბადა. მისი მშობლები — კიმ სოკ ჯინი და ჰან ჯინ ჩო — მასწავლებლები იყვნენ, ხოლო თავისუფალ დროს მხატვრობით იყვნენ დაკავებულნი. 1930 წელს კიმების ოჯახი ფხენიანში გადავიდა, სადაც 10 წლის მანძილზე ცხოვრობდნენ. ფხენიანის საშუალო სკოლაში სწავლის პერიოდში კიმმა მუსიკის, ხატვისა და წერის ნიჭი გამოამჟღავნა. მიუხედავად ხელოვნებისადმი ძლიერი მიდრეკილებისა, კიმის ინტერესის მთავარი სფერო მედიცინა იყო. მან სამედინიცო სკოლაში ჩაბარება პირველად 1940 წელს სცადა,[2] თუმცა მისი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რის შემდეგაც იგი იაპონიაში გადავიდა, სადაც სამედიცინო სკოლისთვის ფულის შეგროვებას გეგმავდა.[3] ამ პერიოდში კიმი თეატრითა და კინემატოგრაფიით სერიოზულად დაინტერესდა. იგი ხშირად მიდიოდა კიოტოში, სადაც თეატრალურ დადგმებსა და ფილმების ჩვენებებს ესწრებოდა. კიმზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჯოზეფ ვონ შტენბერგის ფილმმა „მაროკო“ და ფრიც ლანგის ფილმმა „M“, რომელთა გავლენამაც შემდგომ მის შემოქმედებაში იჩინა თავი.
კიმი კორეაში 1941 წელს დაბრუნდა. თავდაპირველად იგი სტომატოლოგად მუშაობას აპირებდა, თუმცა მოგვიანებით დრამის შესწავლა გადაწყვიტა. ამ პერიოდში კიმი დაინტერესებული იყო კლასიკური ბერძნული თეატრით და ჰენრიკ იბსენისა და იუჯინ ო’ნილის შემოქმედებით.[4] სავალდებულო სამხედრო სამსახურის თავიდან არიდების მიზნით კიმი 1945 წლისთვის ხანმოკლე დროით იაპონიაში დაბრუნდა. მომდევნო პერიოდში იგი ფხენიანში სტანისლავსკის საშემსრულებლო თეორიებს სწავლობდა. [5] 1946 წელს კიმი სეულის ეროვნული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში სტომატოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. 1949 წელს კიმმა ეროვნული უნივერსიტეტის თეატრი დააარსა, სადაც ცნობილ პიესებს დგამდა, მათ შორის იყო ჰენრიკ იბსენის „მოჩვენებანი“, კარელ კაპეკის „რობოტები“ და შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“. მსახიობი, რომელთანაც კიმი ყველაზე ხშირად მუშაობდა, კიმ იუ ბონგი იყო, რომელიც მოგვიანებით მისი ცოლი გახდა.[6]
კინოკარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კიმი სეულის უნივერსიტეტში სტაჟიორად მუშაობდა, როდესაც კორეის ომი დაიწყო, რის შემდეგაც იგი 1951 წლის 1 ივნისს პუსანში წავიდა, როცა ჩრდილოეთ კორეის არმიამ უკან დაიხია.[6] პუსანში კიმმა ო იუნგ ჯინი, ფხენიანის საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე გაიცნო. ო, რომელმაც მოგვიანებით კიმის ცნობილი ფილმისთვის „ქორწილის დღე“ (1956) სცენარი დაწერა, საჯარო ინფორმაციის ბიუროში მუშაობდა და კინოქრონიკებს იღებდა. იგი კიმს აშშ-ს ინფორმაციის სააგენტოში მუშაობის დაწყებაში დაეხმარა,[6] რამაც ამ უკანასკნელს დაოჯახების საშუალება მისცა. 1951 წელს კიმმა ცოლად შეირთო კიმ იუ ბონგი.[7] 1952 წელს მათი პირველი ვაჟი, კიმ-დონ ვონი დაიბადა. 1955 წელს წყვილს ქალიშვილი, ხოლო 1958 წელს მეორე ვაჟი, კიმ დონ იანი შეეძინა.[2] წყვილმა მთელი დარჩენილი ცხოვრება ერთად გაატარა. კიმ იუ-ბონგი, რომელიც სტომატოლოგი იყო, ქმარს კინოწარმოებაში მუდმივად უწევდა ფინანსურ დახმარებას.[8]
კიმმა აშშ-ს ინფორმაციის სააგენტოსთვის დაახლოებით 20 დოკუმენტური ფილმი გადაიღო,[4] რომელთა შორის ფილმმა სახელწოდებით „მე სატვირთო ვარ“ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრიზი მოიპოვა.[6] კიმმა ინფორმაციის სააგენტოსგან კინო აპარატურა მიიღო, რომლითაც 1955 წელს თავისი პირველი მხატვრული ფილმი „სიკვდილის ყუთი“ გადაიღო. ფილმი ანტიკომუნისტური მელოდრამაა, რომელიც ომის შედეგად დაობლებულ ბავშვებზე მოგვითხრობს. რეჟისორის დებიუტი იტალიური ნეო-რეალიზმის გავლენითაა შექმნილი.[4]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ki-young Kim კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- კიმ კი-იუნგის ბიოგრაფია (ნაწილი 1)
- კიმ კი-იუნგის ბიოგრაფია (ნაწილი 2)
- Meet Mr. Monster: A peek inside the cine-crypt of Kim Ki-young
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Paquet, Darcy. The Housemaid (1960). koreanfilm.org. ციტირების თარიღი: 2008-01-25.
- ↑ 2.0 2.1 Lee, Youn-Yi. Biography, Part 1. The House of Kim Ki-young. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-05-05. ციტირების თარიღი: 2008-01-21.
- ↑ Lee, Youn-Yi. Biography, Part 2. The House of Kim Ki-young. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-05-09. ციტირების თარიღი: 2008-01-21.
- ↑ 4.0 4.1 4.2 A Korean master: Kim Ki-Young retrospective at the French 'Cinematheque'. koreasociety.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-27. ციტირების თარიღი: 2008-01-28.
- ↑ Kim, Young-jin; Kwon Yong-min; Park Ji-yeon; Lee Sang-yong. An Interview (with Kim Ki-young) to Mark the Pusan Retrospective. The House of Kim Ki-young. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-05-08. ციტირების თარიღი: 2008-02-07.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 Kim, Sung-Eun. From Melodrama to Realism to Expressionism: The Early Career of Kim Ki-young. The House of Kim Ki-young. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-05-05. ციტირების თარიღი: 2008-01-21.
- ↑ Vick, Tom. Kim Ki-young: Biography. Allmovie. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-04-26. ციტირების თარიღი: 2008-01-25.
- ↑ Stephens, Chuck. (June 10, 1998) Meet Mr. Monster: A peek inside the cine-crypt of Kim Ki-young. San Francisco Bay Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2002-08-02. ციტირების თარიღი: 2008-01-19.