იეჰოვას მოწმეები
იეჰოვას მოწმეები (ინგლ. Jehovah's Witnesses) — ქრისტიანული რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც არ იზიარებს ქრისტიანული მოძღვარების ძირითად პრინციპს, ერთარსება სამების დოგმატს. მისი მოძღვრება ენათესავება IV საუკუნის თეოლოგის არიოსის თეორიას და ბოლო ჟამს ქრისტეს ათასწლოვანი სამეფოს დაარსების რწმენას. არსებობს ამერიკული და რუსული მდიმდინარეობები, რომელთაგან უფრო გავრცელებულია ამერიკული. იეჰოვას მოწმეები თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მრავალრიცხოვანი ულტრაპროტესტანტული მიმდინარეობაა. ადმინისტრაციული ცენტრი მდებარეობს ბრუკლინში. ორგანიზაციის გამოთვლებით 2019 წლისთვის მსოფლიოში იეჰოვას მოწმეების რაოდენობა 8 683 117 ადამიანს აღწევს.[1] რელიგიის მიმდევრები თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს. მათი ჟურნალები 62-მილიონიანი ტირაჟით გამოიცემა 158 ენაზე და გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი.
იეჰოვას მოწმეების ცხოვრების და რელიგიური პრაქტიკის გამორჩეული ნიშნებია საჯარო ქადაგება, დღესასწაულებზე უარის თქმა, ომებში მონაწილეობაზე უარის თქმა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსეთში ნ.ს. ილინმა ჩამოაყალიბა მსგავსი კულტი. ილინმა ის ჩამოყალიბა თხზულებებში „სიონის ამბავი“ (1846) და „ქრისტეს შვიდიათასწლიანი ბრძოლა ბელიართან“. მას შემდეგ რაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ამერიკულმა ტალღამ შეაღწია, ილინის მიმდევრები გაქრნენ.
XIX საუკუნეში ჩარლზ ტეიზ რასელმა და ჯოზეფ ფრანკლინ რუტერფორდმა აშშ-ში ჩამოაყალიბეს „ბიბლიის მკვლევართა საზოგადოება“. მალევე ბიბლიის მკვლევართათვის ლიტერატურით უზრუნველყოფისთვის პენსილვანიაში 1870 წელს დაარსდა გამომცემლობა „საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება“. რასელი იყო „სკს“-ს პირველი პრეზიდენტი. „ბიბლიის მკვლევართა საზოგადოება“ 1884 წელს დარეგისტრირდა. 1916 წელს რასელი გარდაიცვალა და მისი საქმე რუტერფორდმა განაგრძო.
1930-იანიწლებიდან „იეჰოვას მოწმეების“ მისია მსოფლიო მასშტაბით განივრცო. ბიბლიის მკვლევარებს 1931 წელს, 26 ივლისს ჩატარებულ კონგრესზე, კოლუმბუსში, იეჰოვას მოწმეები ეწოდათ. დაიწყო მეორე ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ გამოცემა. ორივე ჟურნალი ითარგმნებოდა და მრავალრცხოვანი ტირაჟით გამოიცემოდა. ისინი აღწევდა საბჭოთა კავშირის და მესამე რაიხის ტერიტორიაზეც. ორივე სახელმწიფოში დევნის მიუხედავად არდებოდა ფილიალები. გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის დროს, ეს რელიგიური ჯგუფი ინარჩუნებდა ნეიტრალიტეტს და უარს ამბობდა სამხედრო სამსახურზე. ამის გამო ნაცისტურ ციხეებში ამ ჯგუფის დაახლოებით 10 ათასი წევრი მოხვდა. მათგან დაახლოებით 2000 საკონცენტრაციო ბანაკებში გადაიგზავნა. იქ ყოფნისას იეჰოვას მოწმეების საპატიმრო ფორმაზე, მარცხენა მხარეს დაკერებული იყო იისფერი სამკუთხედები. ბანაკებში დაახლოებით 1200 იეჰოვას მოწმე დაიღუპა, მათგან 250 სიკვდილით დასაჯეს[2][3][4][5].
1942 წელს ჯოზეფ რუტერფორდის სიკვდილის შემდეგ საზოგადოების პრეზიდენტი გახდა ნეითან ნორი. მის დროს ნიუ იორკში ჩამოყალიბდა „გალაადის ბიბლიური სკოლა“. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ „იეჰოვას მოწმეების“ მოძღვრება მსოფლიოს ყველა რეგიონში ვრცელდებოდა. 1946 წელს სსრკ-ში მათი მრევლი 8633 ადამიანი იყო, ხოლო 1956 წელს უკვე 17 000. 1950-1960 წლებში იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ (განმარტება: ებრაული, არამეული და ბერძნული ენებიდან თანამედროვე ინგლისურ ენაზე შესრულებული ბიბლიის თარგმანი). 1980-იანი წლებიდან პოლიტიკური ცვლილებების გამო, ქადაგების არეალი გაფართოვდა და მოიცვა აღმოსავლეთი ევროპა, ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნები, ლათინური ამერიკა და აფრიკა. 2008 წელს იეჰოვას მოწმეთა რიცხმა 7 მილიონს მიაღწია.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდება ეფუძნება ბიბლიას. სიტყვა „იეჰოვა“ მომდინარეობს ძველი აღთქმიდან, ხოლო „მოწმეები“ ახალი აღთქმიდან. ძველი აღთქმის წიგნი გამოსვლათა აღწერს ღვთის გამოცხადებას მოსესადმი, სადაც ღმერთი აცხადებს „ეჰიე აშერ ეჰიე“ (მე ვარ, რომელიც ვარ). ამ ფრაზის შეკუმშული ფორმა, ტეტრაგრამატონი, გამოითქმის როგორც „იაჰვე“, რომელიც ქრისტიანობაში განიმარტება, როგორც ღმერთის ჭეშმარიტი და სრულყოფილი ეპითეტი და საკუთარი სახელი. ეს სახელი აიღეს რასელის და რუტენფორდის მიმდევარებმა, მიუხედავად იმისა, რომ უცნობია, როგორ გამოითქმებოდა ის ძველი აღთქმის პერიოდში. ხალხი, რომელიც ღმერთს იეჰოვად მოიხსენიებს, საკუთარ თავს უწოდებს მოწამეს, ანუ მოწმეს.
„თქვენა ხართ ჩემი მოწმეები...— ჩემი მორჩილნი, რომელიც მე ავირჩიე, რათა გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი და მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს“. (ესაია 43:10)
მოძღვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იეგჰოვას მოწმეები ერთადერთ ავტორიტეტად ბიბლიას ასახელებენ. მათი აზრით ყველკა რელიგიური დებულება მხოლოდ ბიბლიას უნდა ემყარებოდეს. დანარჩენი ქრისტიანებისგან ისინი განსხვავდებიან იესო ქრისტეს პიროვნების მათეული განმარტებით. მათთვის ქრისტე მაცხოვარია, რომელმაც კაცი ღმერთს შეარიგა, მაგრამ არც ქრისტეს და არც სულიწმიდას ისინი ბუნებით ღმერთად არ მიიჩნევენ და მამის თანაარსად არ მიაჩნიათ. ქრისტე მათთვის ღმერთის ქმნილებაა. ასევე დარწმუნებული არიან, რომ ქრისტე ბოძზე გააკრეს და არა ჯვარზე. იეჰოვას მოწმეები ამბობენ, რომ ადამიანს არ აქვს უკვდავი სული, სული თავად ადამიანია. საყოველთაო აღდგომისა და განკითხვის შემდეგ ღვთის სამეფოში მხოლოდ მართალი ადამიანების სულები შევლენ, ხოლო ცოდვილთა სულები და სხეულები გაქრება. სამოთხე და ჯოჯოხეთი არ არსებობს. სამოთხე იგივე იაჰვეს სამეფოა, რომელიც განკითხვის დღის შემდეგ დამყარდება. იეჰოვას მოძღვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბრძოლას ქრისტესა და ლუციფერს შორის. მათი მიხედვით საბჭოთა კავშირი სატანის ამქვეყნიური სამეფო იყყო. 1918 წელს ქრისტე დედამიწაზე დაბრუნდა და არმაგედონი დაიწყო. სანამ არმაგედონი დასულდება, დედამიწის ყველა სახელმწიფო ცოდვის ტყვედ რჩება.
იეჰოველები არ მონაწილეობენ პოლიტიკურ ბრძოლებსა და სახელმწიფოებს შორის ომებში, არ მონაწილეობენ კონფესიათაშორის ურთიერთობებში და არც ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრები არიან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პაპუაშვილი ნ., იეჰოვას მოწმეები // „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 324-330, ISBN 978-9941-0-0902-0.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2019 სამსახურებრივ წელს ბოლო 20 წლის განმავლობაში მონათლულთა უმაღლესი რიცხვი დაფიქსირდა
- ↑ Garbe, Detlef (2008). Between Resistance and Martyrdom: Jehovah's Witnesses in the Third Reich. Madison, Wisconsin: University of Wisconsin Press, გვ. 484. ISBN 0-299-20794-3.
- ↑ Shulman, William L. A State of Terror: Germany 1933–1939. Bayside, New York: Holocaust Resource Center and Archives.
- ↑ Holocaust Education Foundation website.
- ↑ Hesse, Hans (2001). Persecution and Resistance of Jehovah's Witnesses During the Nazi Regime. Edition Temmen, გვ. 12. ISBN 3-86108-750-2.