შინაარსზე გადასვლა

თოხთამიში

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თოხთამიში
თათრ. Туктамыш хан

თოხთამიში და მისი ჯარი მოსკოვის მისადგომებთან.
ოქროს ურდოს ხანი
მმართ. დასაწყისი: 1380
მმართ. დასასრული: 1395
წინამორბედი: არაბშა-ხანი
მემკვიდრე: თემურ-ყუთლუღი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: XIV საუკუნე
გარდ. თარიღი: 1406
გარდ. ადგილი: ტობოლის ზემო დინება
შვილები: ჯალალედინ-ხანი
ქერიმბერდი-ხანი
კებეკ-ხანი
კადირ-ბერდი
(სულ 13 შვილი სხვადასხვა ცოლისაგან და ხარჭისაგან)
დინასტია: თოღათემურიდები
მამა: ტუი-ხოჯა

თოხთამიში (თათრ. Туктамыш хан; გ. 1406) — ოქროს ურდოს ხანი 1380-1395 წლებში, ტიუმენის სახანოს ხანი 1400-1406 წლებში. ჯუჩის, ჩინგიზ-ყაენის უფროსი შვილის, შთამომავალი.

ხელისუფლებაში მოსვლა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თოხთამიშის სამფლობელო.

თოხთამიში იყო მანგიშლაყის მმართველის, ოღლან ტუი-ხოჯას შვილი. მას შემდეგ, რაც ტუი-ხოჯა სიკვდილით დასაჯეს ურუს-ხანის ბრძანებით, ახალგაზრდა თოხთამიში 1376 წელს გაიქცა სამარყანდში, მავერანაჰრის მმართველ თემურლენგთან. 1377 წელს ახალგაზრდა ხანი თემურლენგის მხარდაჭერით შეუდგა ოქროს ურდოს დაპყრობას, მაგრამ პირველივე ბრძოლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მოკლეს უფლისწული ყუთლუღ-ბუღა, თოხთამიში დამარცხდა და გაიქცა თემურლენგთან. მალევე თოხთამიში უფრო ძლიერი არმიით შეიჭრა ოქროს ურდოში, ამჯერადაც დამარცხდა ურუს-ხანის მეორე შვილთან, თოქთაქიასთან. თოხთამიშმა კვლავ თემურლენგს შეაფარა თავი. ურუს-ხანმა თემურლენგს ომის მუქარის ქვეშ მოსთხოვა თოხთამიშის გადაცემა, რაზედაც უარი მიიღო და თავად დაიწყო მზადება ოქროს ურდოს წინააღმდეგ ლაშქრობისათვის. თემურლენგი შეიჭრა ოქროს ურდოში, თუმცა მკაცრი ზამთრის გამო ურდოს დაპყრობა თემურლენგმა გაზაფხულამდე გადადო. მომდევნო წელს გადამწყვეტი ბრძოლები არ მომხდარა, რადგან ურუს-ხანი მოულოდნელად გარდაიცვალა.

1378 წლის გაზაფხულზე, მას შემდეგ რაც დაეცა ურდოს აღმოსავლეთი, თოხთამიში შეიჭრა დასავლეთ ნაწილში, რომელსაც აკონტროლებდა ბეგლარბეგი მამაი. 1380 წელს თოხთამიშმა დაიპყრო თითქმის მეთელი ოქროს ურდო აზოვის ზღვამდე, მათ შორის დედაქალაქი – სარაი-ბერქე.

კულიკოვოს ბრძოლის შემდეგ, თემურლენგის დახმარებით თოხთამიშმა დაიკავა ერთიანი ოქროს ურდოს ტახტი, მოკლა ბეგლარბეგი მამაი და რუს თავადებს გაუგზავნა ელჩები, რათა შეეტყობინებინა თავისი გამეფება. თავადებმა პატივით მიიღეს ელჩები და საჩუქრები გაუგზავნეს ახალ ხანს. თუმცა მოსკოვის დიდმა თავადმა დიმიტრი დონელმა არ ჩათვალა საჭიროდ ხლებოდა ახალ ხანს, რათა მიეღო დასტური მისი ხელიდან დიდი სათავადოს სამართავად.

1382 წელს თოხთამიშმა დაიწყო მოსკოვზე ლაშქრობა. ნიჟნი-ნოვგოროდის თავადმა დიმიტრიმ სამთავროს გადარჩენის მიზნით მას გაუგზავნა შვილები ვასილი და სიმეონი. რიაზანის მთავარმა ოლეგმა, რომელიც იმავე მოტივებით ხელმძღვანელობდა თოხთამიშს ფონი მიუთითა მდინარე ოკაზე. დიმიტრი დონელი და ვლადიმირ მამაცი გაემგზავრნენ შესაბამისად კოსტრომაში და ვოლოკოლამსკში ჯარის შეგროვების მიზნით. მიტროპოლიტმა კიპრიანიმ თავი შეაფარა ტვერს. ტვერის თავადმა მიხეილმა თოხთამიშს ელჩი გაუგზავნა და მორჩილება გამოუცხადა.

როდესაც თოხთამიშმა აიღო სერპუხოვი, მოსკოველებმა დახმარებისათვის მიმართეს ლიტვის მთავარ ოსტეის. 1382 წლის 24 აგვისტოს თოხთამიში მოსკოვს მიადგა. ორი დღის მანძილზე მოსკოველები და ლიტველები მედგრად იცავდნენ ქალაქს. თოხთამიშმა მოსკოვი აიღო ეშმაკობით, მათ მიუგზავნა ნიჟნი-ნოვგოროდელი თავადები ვასილი და სემიონი, რომლებმაც ფიცის ქვეშ დადეს პირობა, რომ თოხთამიში მათ არაფერს დაუშავებდა თუ დანებდებოდნენ. 26 აგვისტოს მოსკოვი დანებდა. მიცემული პირობა არ შესრულებულა: უამრავი ადამიანი დაიღუპა, ქალაქი კი გაძარცვეს. ამის შემდეგ თათრებმა აიღეს პერეიასლავლი, ვლადიმირი, იურევი, ზვენიგოროდი, მოჟაისკი და სხვა მოსკოვის გარშემო მდებარე ქალაქები.

ბრძოლა თემურლენგთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თათრებმა კიდევ რამდენიმეჯერ მოაწყვეს პატარ-პატარა თავდასხმები რუსულ მიწაზე, გაძარცვეს რიაზანი, ვიატკა, მაგრამ სერიოზული ლაშქრობა მოსკოვის წინააღმდეგ თოხთამიშმა ვერ მოახერხა, რადგან სწორედ ამ პერიოდში ჩაება იგი ბრძოლაში თემურლენგის წინააღმდეგ, რომლის წყალობით ავიდა ტახტზე. ეშინოდა რა ამიერკავკასიის და დასავლეთ ირანის გადასვლისა მოწინააღმდეგის ძალაუფლიბის ქვეშ, თოხთამიში შეიჭრა ამ რეგიონში 1385 წელს. დაიკავა თავრიზი დააყაჩაღა და მდიდარი ნადავლით უკან დაიხია, 90 000 ტყვეს შორის იყო პოეტი ქამალ ხოჯენდი[1]. 1390 წელს თემურლენგმა ურდოს ხანს მიაყენა ორი სასტიკი დამარცხება მდინარე კონდურჩზე (1391 წ.) და მდინარე თერგზე (1395 წ.), რომლის შემდეგ თოხთამიშმა დაკარგა რა ტახტი იძულებული გახდა გაემართა მუდმივი ბრძოლები თემურლენგის მიერ დანიშნულ ხანებთან. დამარცხების შემდეგ, როგორც ჩანს, თოხთამიშმა მოკლე დროით შეძლო დაეპყრო ხელისუფლება ტიუმენის სახანოში [2].

მალე ოქროს ურდოს ტახტზე უძლიერესი ემირის ედიგეის მეშვეობით დამკვიდრდა თემურ-ყუთლუღი, მან დაამარცხა თოხთამიში, რომელიც ამის შემდეგ ოჯახთან ერთად გაიქცა კიევში ლიტვის დიდ მთავარ ვიტოვტთან. თოხთამიში ვიტოვტმა კარგად მიიღო, რადგან უკანასკნელს სურდა მისი გამოყენება ურდოში თავისი პოლიტიკური გავლენის გაძლიერებისათვის. ვიტოვტმა დაიწყო მასშტაბური ლაშქრობის მომზადება თათართა წინააღმდეგ, თოხთამიშის ოქროს ურდოს ტახტზე დაბრუნების მიზნით. თოხთამიშმა რამდენიმე ათასკაციანი რაზმით მიიღო მონაწილეობა ლაშქრობაში. 1399 წელს ლაშქრობის დროს ვიტოვტმა განალაგა ბანაკი მდინარე ვორსკლაზე, თემურ-ყუთლუღს შეეშინდა მრავალრიცხოვანი მოწინააღმდეგისა და ითხოვა ზავი. ამ დროს მდინარესთან მიუსწრო ედიგეიმ თავის ჯართან ერთად. მან ჩაშალა მოლაპარაკება და დაარწმუნა თემურ-ყუთლუღი გაეგრძელებინა ბრძოლა. ედიგეის მეთაურობით ურდოს ჯარმა ვიტოვტს მიაყენა გამანადგურებელი დამარცხება.

თოხთამიშმა საბოლოოდ თითქოს დაკარგა პოლიტიკური გავლენა, მაგრამ ბოლო წლებში გადაიხარა სამშვიდობოდ თემურლენგისაკენ, რომელსაც ელჩიც კი გაუგზავნა. ამიტომ ედიგეიმ ამ გამარჯვების შემდეგ არ მოასვენა თოხთამიში და ხანგრძლივი დროის მანძილზე გარდამავალი წარმატებით ებრძოდა მას. თემურლენგი გარდაიცვალა 1405 წელს, თოხთამიში კი ედიგეისთან და ჩოკრესთან 16-ე ბრძოლაში საბოლოოდ დაამარცხეს და მოკლეს. 1406 წლისათვის არხანგელოქალაქის მემატიანე (შედის უსტიუჟის მატიანეთა კრებულში) გვამცნობს:

ვიკიციტატა
„იმავე ზამთარს მეფე ჟენიბეკმა მოკლა თახთამიში ციმბირის მიწაზე ტიუმენთან ახლოს თავად კი დაჯდა ურდოში.[3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]