შინაარსზე გადასვლა

თმოგვის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თმოგვის ციხე
მდებარეობა ასპინძის მუნიციპალიტეტი, საქართველო
სტატუსი დანგრეული
მფლობელი თმოგველები
ისტორია
თარიღდება X საუკუნით
თმოგვის ციხე — საქართველო
თმოგვის ციხე
თმოგვის ციხე ვიკისაწყობში

თმოგვის ციხე — ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში, ჯავახეთში, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი ასპინძის მუნიციპალიტეტი, სოფელი თმოგვი). 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

წყაროებში პირველად იხსენიება X საუკუნეში. კონტროლს უწევდა გზას, რომელიც წინა აზიიდან მტკვრის ხეობით საქართველოში შემოდიოდა. თმოგვის ციხის დაწინაურება უნდა დაწყებულიყო IX-X საუკუნეებში, ქ. წუნდის დაკნინების შემდეგ. X საუკუნეში არაბებმა სცადეს მისი აღება, მაგრამ უშედეგოდ. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი მოგვითხრობს, რომ 914 წელს არაბთა სარდალმა აბულ-კასიმმა აღმოსავლეთ საქართველო და სამცხეთ ჯავახეთი მოაოხრა. თმოგვსაც დაეცა.

ვიკიციტატა
„მოადგა ციხესა თმოგვისასა, და ვითარ იხილა სიმტკიცე მისი და სიმაგრე, აიყარა მუნით...“

X საუკუნის პირველ ნახევარში თმოგვი და ჯავახეთის დიდი ნაწილი აშოტ კურაპალატის ვაჟის ადარნასეს შთამომავალთა მფლობელობაში უნდა ყოფილიყო. X საუკუნის ბოლოს კი ჯერ აფხაზთა მეფეების ხელშია, შემდეგ სამეფო ციხეა და თვით ჯავახეთის გამგებელი ერისთავიც გაერთიანებული საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის ხელქვეითია. 1011-1012 წლებში, საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში თმოგვი გვხვდება, როდესაც ბაგრატ მეფემ კლარჯეთის მეფენი სუმბატ და გურგენი

ვიკიციტატა
„პატიმარ ყვნა ციხესა შინა თმოგვისასა, და მუნ ციხეს შინა გარდაიცვალნეს.“

პირველი თმოგველი ფარსმანია. 1044-1045 წლებში, კლდეკარის ერისთავთერისთავის ლიპარიტის განდგომისას, იგი მასთან ერთად იყო მეფე ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ და მასთან ერთად დამარცხდა. მეფე და ერისთავები შერიგდნენ. ფარსმან თმოგველი ერისთავთერისთავია. იგი ახალქალაქსაც ფლობდა.

1065 წელს თურქ სელჩუკების შემოსევის დროს ახალქალაქის ბრძოლაში ფარსმან თმოგველი გმირულად იბრძოდა მეფისა და მამულისათვის, რის გამოც მოხსენიებული იყო ათონის ივერთა მონასტრის აღაპში:

ვიკიციტატა
„მრავალნი წყალობანი ქმნა ჩვენ ზედა წინაშე ბაგრატ აფხაზთა მეფისა.“

1073 წლიდან მეფე გიორგი II-მ თმოგვი უბოძა ურჩ ფეოდალს ნიანია ქუაბულისძე, რომლის ოჯახეულობა 1089 წელს მომხდარ მიწისძვრას შეეწირა.

ვიკიციტატა
„შეიძრა ქვეყანა სიძველითურთ, ესეოდენ სასტიკად, ვიდრემდის მთანი მაღალნი და კლდენი მყარნი სახედ მტუერისა დაიგალნეს, ქალაქნი და სოფელნი დაირღუეს, ეკლესიანი დაეცნეს... რომელთა თანა თმოგვიცა დაიქცა და დაიპყრნა ქუეშე კახაბერი ძე ნიანიასი ცოლითურთ.“

1177 წლის შემდეგ გიორგი III-მ თმოგვი უბოძა მის მიერ მსახურთუხუცესად აღზევებულ აფრიდონს. თამარის ტახტზე ასვლის შემდეგ, დაახლოებით 1186-1187 წლებში სხვა აღზევებულ უგვარო პირებთან ერთა "მოიშალა და დაიმხო". თმოგვის ახალი პატრონი უკვე საქართველოს ლაშქრის სარდალი ამირსპასალარი გამრეკელი-თორელია და ამ დროს მისი მნიშვნელობაც ერთიორად ამაღლდა.

1191 წელს გამრეკელის გარდაცვალების შემდეგ გადაეცა მხარგრძელების ერთ შტოს.

ვიკიციტატა
„შეიწყალეს სარგის ვარამის ძე, დალოცეს და უბოძეს თმოგუი.“

1204 წელს ვანის ქვაბები გახდა თმოგველების საგვარეულო საძვალე. 1265-1283 წლებში თმოგველი ერისთავთერისთავი სმ~ჩმი მონასტერს უშენებს კარიბჭეს და სამრეკლოს. ტაძრის მახლობლად კი ააგო ეკვდერი და ჩუქურთმაში სამშენებლო წარწერაც ჩააყოლა.

1283 წელს კვლავ განმეორდა მიწისძვრა.

ვიკიციტატა
„...სამცხეს ურიცხვი სული მოსწყდა, და ყოვლად საყდარი, ეკლესია და ციხე არსად დარჩა დაუქცევარი, იქმნა გლოვა და ტირილი უზომო.“

ამ დროს დაინგრა თმოგვიც და ვანის ქვაბებიც. მიუხედავად მიწისძვრისა თმოგველები ჯერ კიდევ ჩანდნენ თმოგვში XIV საუკუნეში. მაგრამ სხვადასხვა მიზეზეზბის გამო ის მიტოვებულ იქნა თმოგველების მიერ.

1350 წლის თმოგვის ციხის ზღუდის საამშენებლო წარწერა გვამცნობს:

ვიკიციტატა
„შეწევნითა და ძლიერებითა ვარძიისა ღმრთისმშობელისაჲთა, ქრონიკონსა ლჲ დავიწყე ზღუდე ესე მე, მეფეთა მეფის დავითის ვარძიელმან საწოლის მწიგნობარმან, თმოგუს, მურვან კჳთხისძემან: თევდორე დადგა.“

მურვან კვითხის ძის შთამომავლები ვანის ქვაბის ტიპიკონის 1393 წლების მინაწერებში არიან დასახელებულნი.

XVI საუკუნეში თმოგვი ათაბაგ ივანეს ხელშია, შემდგომ კი ხან რჩეულაშვილებს ხან ამატაკიშვილებს უკავიათ.

1576-1578 წლებში შალიკაშვილის ხელმძღვანელობით მესხხეთის აზნაურთა ბრძოლა ათაბაგის წინააღმდეგ თმოგვის მიდამოებში სასტიკი ბრძოლით აღინიშნა. თმოგვი ძირითადად დასაყრდენი იყო შალიკაშვილისა. სხვა ციხეებთან და ქვაბებთან ერთად, მანუჩარ ათაბაგმა თმოგვის ქალაქი დაარბია და ციხე თვით დაიჭირა.

1578 წელს ოსმალები შემოვიდნენ სამცხეში და თმოგვი მანუჩარ ათაბაგმა ლალა-ფაშას გადასცა, ამის შემდეგ იგი თავისი მიმდებარე ტერიტორიით ოსმალეთის პოლიტიკური-ადმინისტრაციული ერთეულში – ახალქალაქის ლივაში შედიოდა. რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომის შემდეგ ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრელების (1829) თანახმად ოსმალეთმა საქართველოს სხვა ტერიტორიასთან ერთად თმოგვის ციხეც დათმო.

XVIII საუკუნეში თმოგვში მოსახლეობა შემცირდა. მისი ძველი დიდება დაეცა და ვახუშტის ცნობით "თმოგვი იყო ქალაქი, არამედ აწ არს დაბაო".

თმოგვის ციხე აგებულია მაღალ კლდოვან მთაზე. რელიეფის თავისებურების გამო მისი ზღუდები სხვადასხვა სიმაღლეზეა ამოყვანილი. შედარებით უკეთ არის შემონახული ციხის დასავლეთი ნაწილი. აქ იგი კლდის დამრეც ფერდობზე სამ საფეხურად არის ამოშენებული კედელ-ბურჯებით. სამხრეთ-აღმოსავლეთით კედელი ებჯინებოდა ქვაბს, რომელიც კლდეში გაყვანილი საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა ზემოთ ციტადელს და ქვემოთ მდ. მტკვარს. ციხის შუაგულში მცირე ფართობი მთლიანად ნაგებობებს ეჭირა. ბაზალტის ცოკოლზე აღმართული, გათლილი ტუფის კვადრებით ნაშენი, ორფერდა სახურავით გადახურული სწორკუთხა ნაგებობა, როგორც ჩანს, ეკლესია იყო. თმოგვის ციხის მნიშვნებლობაში ორი ძირითადი ფენა გაირჩევა. უძველესი ფენა ნაშენია ტუფის გათლილი კვადრების თანაბარი რიგებით. უხეშად დამუშავებული ნატეხი ქვით ნაგები კედელი კი, გვიანდელი აღდგენა-რეკონსტრუქციის ხანას მიეკუთვნება. ციხის კედლებს გარეთ, დასავლეთით ხევში, კლდის მასივში გამოკვეთილი წმ. ეფრემის ეკლესია, კლდეშივე გამოკვეთილი კანკელით, მეორე, გუმბათოვანი ეკლესიის ნანგრევებში შემორჩენილია XIII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები.

თმოგვის ციხის საერთო ხედი

მტკვრის ორივე ნაპირზე ნასოფლარები და სასახლეთა ნანგრევებია. მარცხენა ნაპირის სასახლის ნანგრევები მშენებლობის უძველეს ფენას მიეკუთვნება, მარჯვენა ნაპირისა კი – გვიანდელს და XIV საუკუნის შუა წლებით თარიღდება, სადაც შესაძლებელია აბანოსა და სამი სხვა ნაგებობის გარჩევა. აბანო, რომელიც ქართული აგურითა და ქვითაა ნაშენი, სამ სათავსოს მოიცავს. კამარები ჩამონგრეულია, თუმცა კუთხის ტრომპების თავისებურება შესამჩნევია. სასახლის მახლობლად ორი გზაა: წუნდიდან მომავალი ბილიკი სასახლის აღმოსავლეთით გადის და ვანისქავაბებ ვარძიისკენ მიემართებოდა. მეორე კი ისტორიული გზაა ტრანსპორტისათვის. ეს გზა სოფ. მარგატასტანთან იწყება, სასახლესთან გაივლის, შემდეგ საცალფეხო ბილიკით ხეობაში ეშვება და ხიდს უკავშირდება. მდ. მტკვარზე შემორჩენილია ხიდის ბურჯების ნაშთი. ერთი ხიდი სასახლეებს აკავშირებს, მეორე კი ტრანსპორტისათვის ყოფილა განკუთვნილი. ციხე-ქალაქი რამდენიმეჯერ დაანგრია ძლიერმა მიწისძვრამ (1089, 1283, 1319 და სხვა).

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: