ვიაჩესლავ ჩორნოვილი
ვიაჩესლავ ჩორნოვილი (უკრაინულად: В'ячесла́в Макси́мович Чорнові́л; 1937 წლის 24 დეკემბერი – 1999 წლის 25 მარტი) იყო უკრაინელი პოლიტიკოსი და საბჭოთა დისიდენტი. როგორც სახელგანთქმული უკრაინელი საბჭოთა დისიდენტი, ჩორნოვილი მრავალჯერ დააპატიმრეს საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო 1960-იან, 1970-იან და 1980-იან წლებში.[1] 1992 წლიდან მოყოლებული, ჩორნოვილი იყო უკრაინის სახალხო მოძრაობა "რუხის" ლიდერი, რომელიც წარმოადგენდა პირველ ოპოზიციურ პარტიას დემოკრატიულ უკრაინაში, ხოლო 1995 წლიდან - გაზეთის Chas-Time მთავარი რედაქტორი. ჩორნოვილმა, რომელიც 1980-იანი და 1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა იყო, თანამედროვე უკრაინას დამოუკიდებლობის აღდგენაში დაეხმარა.
ჩორნოვილი დაიბადა კიევის ოლქში და, თავდაპირველად, მუშაობდა ჟურნალისტად გაზეთებსა და ტელევიზიაში, სანამ არ გამოაგდეს და არ მიუსაჯეს იძულებითი სამუშაო დისიდენტური საქმიანობის გამო. ჩორნოვილი ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე დამოუკიდებელი აქტივისტი გახდა და გაწევრიანდა უკრაინული ჰელსინკის ჯგუფში. 1988 წელს, ჩორნოვილმა დააარსა პირველი არაკომუნისტური პარტია "უკრაინის სახალხო მოძრაობა", თუმცა ვეღარ შეძლო 1991 წელს დამოუკიდებელი უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება, რადგან დამარცხდა ლეონიდ კრავჩუკთან.
1994 წლის უკრაინული საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული, ჩორნოვილი პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას მთავარ კრიტიკოსად ჩამოყალიბდა. 1999 წლის უკრაინულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსალოდნელი იყო, რომ ჩორნოვილი კუჩმას გაუწევდა კონკურენციას, თუმცა, ავტოკატასტროფაში მოულოდნელი და მისტიკური გარდაცვალება მისი კამპანიის დასასრულის საწინდარი გახდა. ჩორნოვილი მიჩნეულია უმნიშვნელოვანეს ფიგურად მას შემდეგ, რაც 1991 წელს უკრაინამ აღიდგინა დამოუკიდებლობა.
ადრეული წლები და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიაჩესლავ მაკსიმოვიჩ ჩორნოვილი დაიბადა იერკში, რომელიც მაშინ შედიოდა უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში. თავდაპირველად, ჩორნოვილმა ჩააბარა ფილოლოგიის ფაკულტეტზე კიევის უნივერსიტეტში, თუმცა პირველი სემესტრის დასრულების შემდეგ, გადავიდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.
1958 წელს, უნივერსიტეტში დაწყებული კონფლიქტის გამო, ჩორნოვილმა სწავლა დროებით შეწყვიტა და სამშენებლო პროექტში მონაწილეობის მიღების მიზნით გადავიდა ჟდანოვში (ამჟამად, მარიუპოლში), ხოლო მოგვიანებით, მუშაობდა კიევის კომსომოლეცში. ჩორნოვილი იყო უკრაინის კომსომოლის წევრი. მან წარჩინებით დაასრულა უნივერსიტეტი და დაიცვა სადიპლომო ნაშრომი, სახელწოდებით "ბორის ჰრინჩენკოს პუბლიცისტური საქმიანობა".
ჟურნალისტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩორნოვილი მუშაობდა სხვადასხვა გაზეთსა და ტელევიზიაში, ლვივსა და კიევში 1960 და 1964 წლებში ყოფნის დროს.
1964 წელს ჩორნოვილი გადავიდა ვიშჰოროდში და მონაწილეობა მიიღო კიევის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში (იხილეთ: კიევის წყალსაცავი). ასევე, იმავე წლის განმავლობაში, ჩორნოვილმა დაიწყო სამაგისტრო საფეხურზე სწავლა დრაჰომოვის ეროვნულ პედაგოგიურ უნივერსიტეტში, თუმცა სწავლის საშუალება არ მიეცა.
1965 წლის 5 სექტემბერს, ივან ძიუბასა და ვასილ სტუსთან ერთად, ჩორნოვილმა პროტესტი გამოთქვა სერგო ფარაჯანოვის "დავიწყებულ წინაპართა აჩრდილების" პრემიერის გამო. საპროტესტო აქცია გაიმართა უკრაინის კინოთეატრის ტერიტორიაზე. ამის გამო, პოლიციამ დაიწყო მისი ძებნა. მოწმის სახით ყოფნასა და სასამართლო ჩვენებაზე გამოუცხადებლობის გამო, ჩერნოვილს სამი თვით იძულებითი სამუშაო მიუსაჯეს.
ჩორნოვილმა შეიძინა დისიტენტის რეპუტაცია მას შემდეგ, რაც დოკუმენტურად დაადასტურა ცნობილი უკრაინელი ინტელექტუალების უკანონო პატიმრობა. მოგვიანებით, მან გაავრცელა მსგავსი ამბავი 20 უკრაინელთან დაკავშირებით.[2] ჩორნოვილი დააპატიმრეს ცილისწამების გამო და მიუსაჯეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მაქსიმალური რეჟიმის ციხეში,[3] საიდანაც გათავისუფლდა საყოველთაო ამნისტიის შედეგად 18 თვეში, კერძოდ, 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის გასვლიდან 50 წლის იუბილეზე, ანუ 1967 წელს. გაზეთმა The Times ვიაჩესლავ ჩორნოვილი სასამართლო პროცესების დოკუმენტირების გამო დააჯილდოვა ნიკოლას ტომალინის პრემიით.
დისიდენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1969 წელს, გადასახლებაში ყოფნის პერიოდში, ჩორნოვილი დაქორწინდა ატენა პაშკოზე. 1970 წელს, ჩორნოვილმა შეძლო სამსახურის პოვნა და დასაქმდა ზაკარპატიის ოლქის მეტეოროლოგიურ სადგურზე. იგი ფიზიკურად შრომობდა ოდესას ოლქის არქეოლოგიურ ექსპედიციასა და "სკნილივის" მატარებლის სადგურზე ლვივში. ამავე დროს, ჩორნოვილმა დააფუძნა იატაკქვეშა ჟურნალი უკრაინის მაცნე.[4] ჩორნოვილი მუშაობდა ლვივში, კერძოდ, უკრაინის ბუნების კონსერვაციის საზოგადოების დეპარტამენტში 1971 წლიდან მოყოლებული.
1972 წელს ვიაჩესლავ ჩორნოვილი მეორედ დააპატიმრეს უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ მოძრაობებში მონაწილეობისა და გამოცემებთან კავშირის გამო. ჩორნოვილს მიუსაჯეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი გადასახლებაში გაატარა.[5] ვიაჩესლავმა საკუთარი სასჯელის ვადა მოიხადა მორდოვეთში, კერძოდ, პოლიტიკური პატიმრებისთვის განკუთვნილ ოზერნოიესა და ბარაშევოს სოფლებში, სადაც იგი ხშირად მონაწილეობდა საპროტესტო დემონსტრაციებსა და შიმშილობის წინააღმდეგ მიმართულ გამოსვლებში.[6] ჩორნოვილმა სასჯელის ვადის ნახევარი გაატარა მე-17 ბანაკში, რომელშიც განთავსებული იყო სადამსჯელო და სამარტოო საკნები.
1975 წელს ჩორნოვილმა აღიდგინა საბჭოთა მოქალაქეობა და გადაწყვიტა კანადაში წასვლა, მაგრამ ამის უფლება არ მიეცა. 1976 წელს იგი გაწევრიანდა ახლადაარსებულ უკრაინული ჰელსინკის ჯგუფში,[7] რომელიც შეიქმნა საბჭოთა კავშირის მიერ 1975 წლის ჰელსინკის შეთანხმების შესრულების პირობით. 1978 წელს ჩორნოვილი გადაასახლეს საბჭოთა კავშირის შორეულ აღმოსავლეთში - ათასობით მილის გზა გაიარა მატარებლით, ხოლო იაკუტიის სოფელ ჩაპანდუმში ფეხით ჩავიდა. იგი მუშაობდა ადგილობრივ სახელმწიფო ფერმაში (საბჭოთა მეურნეობა), ხოლო მოგვიანებით, მომმარაგებლად - ნიურბაში. 1978 წელს, ჩორნოვილი მიიღეს საერთაშორისო "პენცენტრის" საზოგადოებაში.
ჩორნოვილი კიდევ ერთხელ დააპატიმრეს 1981 წლის აპრილში, ამჯერად "სექსუალური ძალადობის მცდელობის" გამო და მიუსაჯეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.[8] იგი მონაწილეობას იღებდა შიმშილობის გაფიცვაშიც, რომელიც 120 დღე გაგრძელდა. ჩორნოვილი გათავისუფლდა 1983 წელს, მაგრამ იაკუტიის (სახა) ასსრ-ის პროკურორის წინააღმდეგობის გამო, უკრაინაში დაბრუნების საშუალება არ მიეცა. დასავლეთ უკრაინაში დაბრუნების შემდგომ, ჩორნოვილმა მხოლოდ და მხოლოდ 1985 წლის მაისში შეძლო დასაქმება ორთქმავლის სპეციალისტის პოზიციაზე.
პოლიტიკოსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიაჩესლავ ჩორნოვილი აქტიურად მონაწილეობდა უკრაინულ ეროვნულ მოძრაობაში, რომლის ფარგლებშიც უკრაინის სახალხო მოძრაობის (უფრო მეტად, ცნობილი, როგორც "რუხი") მოწინავე ლიდერად ჩამოყალიბდა. "პერესტროიკის მხარდაჭერის მიზნით დემოკრატიული ფრონტი" პირველად წამოიწყეს 1988 წელს ლვივში. თუმცა, საბჭოთა "ომონის" შენაერთებმა ორგანიზაცია დაარბიეს. მოგვიანებით, ჩორნოვილმა ეროვნულ ქმედებაზე ორიენტირებული რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, რომელთაგან ერთ-ერთი იყო 1990 წლის 21 იანვარს "ცოცხალი ჯაჭვის" გამართვა, ხოლო მეორე - 1919 წელს უკრაინული მიწების გაერთიანების აქტის აღნიშვნა (იხილეთ: ზლუკის აქტი).
ჩორნოვილი მონაწილეობას იღებდა 1991 წელს გამართულ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ დამარცხდა და მხოლოდ დასავლეთ უკრაინაში მიიღო ხმების უმრავლესობა. იგი უკრაინის სახალხო მოძრაობის, ანუ "რუხის" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი იყო და 1994-1998 წლებში აირჩიეს უკრაინის უმაღლეს რადაში უკრაინის სახალხო მოძრაობის წარმომადგენლად. ამავდროულად, ჩორნოვილმა პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობაც დაიკავა.
ვიაჩესლავ ჩორნოვილმა დააფუძნა დამოუკიდებელი სოციო-პოლიტიკური გაზეთი Chas-Time (ცნობილი ასევე, როგორც Chas) და იკავებდა მთავარი რედაქტორის პოზიციას 1995-დან 1999 წლამდე.[9]
1999 წელს "რუხი" თითქმის დაიშალა პარტიის შიგნით არსებული უთანხმოების გამო. ვრცელდებოდა სპეკულაციები იმის შესახებ, რომ პარტიის ლიკვიდაციის ჩაშლას მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელმაც ჩორნოვილის სიცოცხლე შეიწირა. ეს აღნიშნულია ვოლოდიმირ ონიშჩენკოს დოკუმენტურ ფილმში "პიროვნება, რომელმაც გამოაღვიძა ქვის სახელმწიფო".[10]
დაპირისპირება ლეონიდ კუჩმასთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1994 წლის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ლეონიდ კუჩმამ დაიკავა უკრაინის პრეზიდენტის პოსტი. კუჩმა შეეცადა დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვას, რის გამოც ჩორნოვილი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი გახდა.[11]
მოსალოდნელი იყო, რომ ჩორნოვილი გახდებოდა მთავარი ოპიზიციური კანდიდატი და დაუპირისპირდებოდა მოქმედ პრეზიდენტს, ლეონიდ კუჩმას 1999 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. თუმცა, მისმა გარდაცვალებამ საარჩევნო კამპანიის უეცარი დასრულება გამოიწვია.[12]
გარდაცვალება და გახსენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1999 წლის 25 მარტს, ჩორნოვილი და მისი ასისტენტი, იევენ პავლოვი მგზავრობდნენ ბორისპილის მახლობლად, როდესაც სატვირთო მანქანა დაეჯახა მათ ავტომობილს. ავტოკატასტროფაში ორივე მათგანი დაიღუპა. ათი ათასობით უკრაინელი დაესწრო ვიაჩესლავ ჩორნოვილის დაკრძალვას.[11]
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა ოფიციალური გამოძიება და დაასკვნა, რომ ავტოკატასტროფა იყო შემთხვევითი. ამასთან, ვერავითარი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინა, რაც დაადასტურებდა ავტოკატასტროფის ინსცენირებას. მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა მხარდამჭერმა ჩორნოვილის გარდაცვალებას პოლიტიკური მკვლელობა უწოდა და ხელისუფლებას დამნაშავეების პასუხისგებისკენ მოუწოდა. ვიაჩესლავ ჩორნოვილისადმი მიძღვნილ ვებსაიტზე წარმოდგენილია მკვლელობის თეორია, რომელიც მისმა ვაჟმა, უმაღლეს რადაში რეგიონების პარტიის ყოფილმა წარმომადგენელმა და მოადგილემ ტარას ჩორნოვილმა გაავრცელა.
2003 წელს უკრაინის ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა სამახსოვრო ნომინალური 2 გრივნიანი მონეტა, რომელიც მიეძღვნა ჩორნოვილს.
2006 წლის 23 აგვისტოს, პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ გახსნა ჩორნოვილის მონუმენტი და გამოსცა ბრძანება მისი გარდაცვალების ხელახალი გამოძიების შესახებ. 2006 წლის 6 სექტემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელმა, იური ლუცენკომ განაცხადა, რომ მის მიერ დანახულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პირადად სწამს, რომ ჩორნოვილი გახდა უფრო მკვლელობის, ვიდრე ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი.[13][14] ლუცენკომ დამატებით განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი და უკრაინის უსაფრთხოების სერვისი აწარმოებდნენ გამოძიებას, ხოლო სამართალდამცავები ლუცენკოს კონტროლის ქვეშ აღარ იმყოფებოდნენ. მან უფრო შორს წაიწია და მიანიშნა, რომ პროკურატურაში და უსაფრთხოების სამსახურში "გარკვეული წრეები" აფერხებდნენ გამოძიებას. მიუხედავად ამისა, 9 აგვისტოს, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ოლექსანდრ მედვედკომ პრესკონფერენციაზე გააკეთა კომენტარი, რომ ლუცენკოს განცხადება არის "არაპროფესიონალიზმის" გამოვლინება, რამდენადაც მისი დასკვნები დაფუძნებული არის არასანდო ინფორმაციაზე.[15]
2009 წლის 25 მარტს, მორიგი სარიტუალო სერვისი გაიმართა მემორიალურ ნიშანთან ახლოს ბორისპილში, ხოლო მხარდამჭერებმა, მათ შორის, მაშინდელმა კიევის მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ, გარდაცვალებიდან 10 წლის გასვლის აღსანიშნავად ყვავილებით შეამკო ჩორნოვილის მონუმენტი კიევში.
2009 წელს გამოვიდა ჩორნოვილისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა.
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უკრაინის ზოგიერთ ქალაქში არსებობს ვიაჩესლავ ჩორნოვილის სახელობის ქუჩა.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მამა – მაკსიმ ჩორნოვილი (1909-1987 წლები), უკრაინული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
- დედა – კილინა ტერეშჩენკო (1909-1985 წლები), დაწყებითი სკოლის მასწავლებელი.
- და – ვალენტინა ქრონოვილი (1948–დღემდე).
- პირველი ცოლი – ირინა ბრუნეც
- ვაჟი – ანდრეი ჩორნოვილი (1962–დღემდე), ლვოვის სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმი და პროფესორი.
- მეორე ცოლი – ოლენა ანტონივი (1937-1986 წლები), დისიდენტი (ავტოავარიაში დაიღუპა).
- ვაჟი – ტარას ჩორნოვილი (1964–დღემდე), უკრაინის პარლამენტის წევრი (2000–2012 წლები).
- მესამე ცოლი – ათენა პაშკო (1931-2012 წლები), უკრაინელი პოეტი.
- დედინაცვალი – ირინა ვოლიცკა-ზუბკო, თეატრალური რეჟისორი "Teatr v Korzyni" (თეატრი კალათაში).
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Marusenko, Peter (1999-04-16). „Vyacheslav Chornovil obituary“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2019-11-10.
- ↑ Applebaum, Anne.
- ↑ Ukraine | History, Geography, People, & Language en. ციტირების თარიღი: 2019-06-06
- ↑ "Ukraine Herald, issue 1, January 1970", A Chronicle of Current Events (13.9, item 17), 30 April 1970..
- ↑ "Arrests in the Ukraine, March 1972", A Chronicle of Current Events (24.3), 5 March 1972..
- ↑ "In the Mordovian Camps, December 1974", A Chronicle of Current Events (33.4), 10 December 1974..
- ↑ "The Helsinki Groups, December 1976", A Chronicle of Current Events (43.6), 31 December 1976..
- ↑ Killing the Spirit of Helsinki. TIME Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 12, 2012. ციტირების თარიღი: December 1, 1980.
- ↑ In Ukrainian: From Soviet to Ukrainian: historical changes in Ukrainian journalism // Media Sapiens, 2015.
- ↑ Свобода, Радіо (5 February 2008). «Той, що пробудив Кам’яну державу». У Дніпропетровську презентували фільм про В’ячеслава Чорновола ["The one who woke up the Stone State." A film about Vyacheslav Chornovil was presented in Dnipropetrovsk]. Радіо Свобода (უკრაინული). ციტირების თარიღი: 2019-06-06.
- ↑ 11.0 11.1 Marusenko, Peter (15 April 1999). „Vyacheslav Chornovil obituary“. The Guardian. ციტირების თარიღი: 5 June 2022.
- ↑ People's Rukh Of Ukraine Calls On Law Enforcement Agencies To Complete Investigation Into Death Of Its Former Leader Viacheslav Chornovil Until 2010. Ukrainian News Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 5, 2013. ციტირების თარიღი: March 25, 2009.
- ↑ National Radio Company of Ukraine News Report. The Wayback Machine. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 28, 2007.
- ↑ Ukrainian Government Archives. ციტირების თარიღი: 2017-10-26
- ↑ The Day Weekly Digest. The Wayback Machine. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 22, 2011.
სასარგებლო ბმულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Vyacheslav Chornovil biography uk. People's Movement of Ukraine (Rukh) website.
- Ukrainian Weekly newspaper biography
- Vyacheslav Chornovil's Death
- Pictures of the Monument
- Obituary, The Times
- "He who awake the Stone state" (DVD) in the library of the Kyiv-Mohyla Academy დაარქივებული 2012-03-01 საიტზე Wayback Machine. Archived 1 March 2012 at the Wayback Machine