ველეიუს პატერკულუსი
ველეიუს პატერკულუსი (ლათ. Velleius Paterculus; დ. დაახლ. ძვ. წ. 19 — გ. დაახლ. ახ. წ. 31) — რომაელი ისტორიკოსი. დაიბადა კამპანიაში, ეკუთვნოდა მხედართა წოდებას, მისი წინაპრები ჰანიბალის ომიდან ფიგურირებდნენ როგორც რომაული ორიენტაციის პროვინციალები და მის მსგავსად იდგნენ სამხედრო სამსახურში. ეკავა სამხედრო ტრიბუნის თანამდებობა. იყო იმპერატორ ტიბერიუსის ლეგატი. ახ. წ. 15 წელს გახდა პრეტორი. იყო ოქტავიანე ავგუსტუსის შვილიშვილის, გაიუსის, მხლებელი აღმოსავლეთ პროვინციებში.
ველეიუს პატერკულუსი რომაულ ისტორიაში შევიდა ორ წიგნად დაწერილი „რომის ისტორიით“(Historia Romana). „რომის ისტორია“ მოიცავს პერიოდს ტროის ომიდან ახ. წ. 29 წლამდე, ლივიას (ავგუსტუსის მესამე ცოლის) სიკვდილამდე. თუმცა ისტორიკოსებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ნაშრომში გადმოცემული ისტორია ძვ. წ. 44 წელს კეისრის მკვლელობიდან ახ. წ. 14 წელს ავგუსტუსის გარდაცვალებამდე. მცირე მოცულობის მიუხედავად, ველეიუსს გადმოცემული აქვს რომის ისტორია ლეგენდარული პერიოდიდად იმპერატორ ტიბერიუსამდე. მისი აზრით, ისტორიის წარმართველი არის გამოჩენილი პიროვნება. ამ იდეის გათვალისწინებით, „რომის ისტორია“ რომის იმპერატორების ქება-დიდების ხასიათს ატარებს. პატერკულუსი უმაღლეს შეფასებას აძლევს იულიუს ცეზარის, ავგუსტუსისა და ტიბერიუსის მოღვაწეობას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქავთარია გ., რომის ისტორია, ტ. I, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2016, გვ. 29-30.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ველეიუს პატერკულუსი: რომის ისტორია (ლათინური ორიგინალი, ინგლისური თარგმანი)
- Livius.org: Marcus Velleius Paterculus