ეპიდემიოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ სნოუს მიერ შექმნილი რუკა, რომელიც ასახავს ლონდონის 1854 წლის ქოლერას ეპიდემიის ძირითად კერებს.

ეპიდემიოლოგია (ძვ. ბერძნ. epidēmia — ხალხში გავრცელებული, logos — მოძღვრება) — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამაინთა პოპულაციაში დაავადებათა აღმოცენების და გავრცელების კანონზომიერებებს და შეიმუშავებს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს მათ მიმართ.

ეპიდემიოლოგია, როგორც მეცნიერება, ჩაისახა ძვ. წ. IV საუკუნეში, საბერძნეთში. მის ფუძემდებლად ითვლება ჰიპოკრატე. თავდაპირველად, ეპიდემიოლოგიის შესწავლის საგანი იყო მხოლოდ ეპიდემიები. ტერმინი „ეპიდემია“ გულისხმობს ინფეცქიური დაავადებების (გადამდები) სწრაფ მატებას ან იმ ახალი დაავადებების გავრცელებას, რომლებიც მანამდე არ გვხვდებოდა მოცემულ ტერიტორიაზე.

კვლევითი მეთოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპიდემიოლოგიის კვლევის მეთოდებია: აღწერითი, ანალიზური და ექსპერიმენტული.

აღწერითი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერითი მეთოდის საშუალებით ხდება ცალკეული ნოზოლოგიების ეპიდემიოლოგიური თავისებურებების დადგენა (რისკის ჯგუფები, პერიოდები და ტერიტორიები), რის საფუძველზეც შემუშავდება ჰიპოთეზა დაავადების რისკ-ფაქტორების შესახებ შემუშავებული ჰიპოთეზის შეფასება.

ანალიზური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანალიზური მეთოდის საშუალებით ხდება რისკ-ფაქტორების შესახებ შემუშავებული ჰიპოთეზის შეფასება.

ექსპერიმენტული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ექსპერიმენტული მეთოდის საშუალებით ხდება ჰიპოთეზის დადასტურება. აგრეთვე, სამკურნალო და პროფილაქტიკური პრეპარატების, სამკურნალო-პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური ღონისძიებების ეფექტურობის შეფასება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად, ეპიდემიოლოგიის უმთავრესი მიზანი იყო ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა. ჯერ კიდევ [[შუა საუკუნეები|ადრეულ შუა საუკუნეებში კაცობრიობას გააჩნდა მთელი რიგი ღონისძიებები, რომელთა საშუალებითაც ხდებოდა გარკვეული პროფილაქტიკური და ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება. ასეთ ღონისძიებებს, უპირველეს ყოვლისა, მიეკუთვნებოდა კარანტინი, ავადმყოფის იზოლაცია, ხელოვნური ვარიოლაცია და სხვ. თუმცა, მეცნიერულ დონეზე ეპიდემიოლოგია განვითარდა მხოლოდ XIX საუკუნეში. მის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ინგლისელი ექიმის, ჯონ სნოუს მიერ ლონდონში ქოლერის ეპიდემიის მიზეზების დადგენამ. იგი სამართლიანად ითვლებაპრაქტიკული ეპიდემიოლოგიის ფუძემდებლად, განსაკუთრებით ძლიერი ბიძგი მისცა ფრანგი მეცნიერიs ლუი პასტერის, გერმანელი ბაქტერიოლოგთა ჯგუფის და სხვათა მიერ მიკრობიოლოგიაში მიღწეულმა რევოლუციურმა აღმოჩენებმა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეპიდემიოლოგის კვლევის მეთოდს ფართოდ იყენებდნენ არაგადამდებ დაავადებათა შესასწავლად. XX საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული ეპიდემიოლოგია შეისწავლის არა მარტო ინფექციურ, არამედ სხვა დაავადებათა პროფილაქტიკასაც. უფრო მეტიც, დღეისათვის, მსოფლიოში უპირველეს პრობლემას წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებათა (გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ონკოლოგიური, გენეტიკური, ენდოკრინული სისტემის) ეპიდემიოლოგიური შესწავლა და პრევენცია.

ეპიდემიოლოგია საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1888 წელს საქართველოში შეიქმნა ცოფის საწინააღმდეგო სადგური, 1914 წელს შექიმნა ყვავილის ვაქცინის დასამზადებელი ლაბორატორია. 1919 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტთან დაარსდა მიკრობიოლოგიის კათედრა. 1923 წელს პროფესორ გ. ელიავას ხელმძღვანელობით შეიქმნა თბილისის ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტი, რომლის ეპიდემიოლოგიურმა განყოფილებამ დიდი როლი ითამაშა ეპიდემიოლოგების მომზადებაში.

საქართველოში შესწავლილია დიფთერიის, პარაზიტული ტიფების, დიზენტერიის, მუცლის ტიფის, ყივანახველას , სალმონელოზის, ლეპტოსპიროზის, მალარიის და სხვა ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და პროფილაქტიკის საკითხები, ქართველ მეცნიერთა დამსახურებით, ქვეყანაში ისეთი მძიმე დაავადებების ლიკვიდაცია ან მნიშვნელოვანი შემცირება, როგორიცაა: ნატურალური ყვავილი, პარტახტიანი ტიფი, დიფთერია, მალარია და სხვ. საქართველოში ეპიდემიოლოგიის განვითარებაში და ინფექციურ დაავადებებათ წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი წვლილი მიუძღვით ნ. იოვაშვილს, კ. მასხარაშვილს, ა. მთვარელიძეს და ნ. ნადარაიას.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი იყო საქართველოს შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურის ბაზაზე საქართველოს დაავადებათ კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შექმნა.

ამჟამად, საქართველოში ეპიდემიოლოგიის დარგში კვლევითი მუშაობა მიდის, ძირითადად, თსსუში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ვენტრში, სამედიცინონ პარაზიტოლოგიის და ტროპიკული მედიცინის კვლევით ინსტიტუტში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]