ელია წინასწარმეტყველი
ელია წინასწარმეტყველი אליהו | |
---|---|
| |
დაიბადა |
ძვ. წ. 904[1] Tishbe |
გარდაიცვალა |
ძვ. წ. 850[1] იერიქონი |
ხსენების დღე | 20 ივლისი |
მოღვაწეობა | სასწაულმოქმედი და წინასწარმეტყველი |
ენა | Biblical Hebrew |
ეროვნება | Israelites |
პერიოდი | ძვ. წ. IX საუკუნე[2] |
წინასწარმეტყველი ელია (ილია) თეზბიტელი (თიშბელი)[3] (ებრ. אליהו [Eliyahu]) — ბიბლიური წინასწარმეტყველი, წმინდანი იუდაიზმში, ქრისტიანობასა და ისლამში. მართლმადიდებელი ეკლესია მისი ხსენების დღეს 2 აგვისტოს (ძველი სტილით 20 ივლისი) აღნიშნავს.
ცხოვრება და მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარმოშობით იყო ლევიტელთა ტომიდან. ზედწოდება - თეზბიტელი მისი მშობლიური ქალაქის, თეზბას სახელიდან მომდინარეობს (ეს ქალაქი, ერთი ვარაუდით, გალილეაში მდებარეობდა, სხვა მოსაზრებით კი - მდინარე იორდანეს მახლობლად, გალაადის ქვეყანაში). ეპიფანე კვიპრელის ცნობით, როდესაც ელია დაიბადა, მისმა მამამ იდუმალი ჩვენება იხილა: კეთილსახიერი ჭაბუკები ცეცხლის ალში ხვევდნენ ახალშობილს და ცეცხლით კვებავდნენ.
ელიამ სიყმაწვილიდანვე ღმერთს უძღვნა თავი - უდაბნოში განმარტოვდა და მკაცრ მარხვაში, ლოცვასა და ღვთის განგებულებაზე ფიქრში ატარებდა დღეებს. უფალმა მას საწინასწარმეტყველო მსახურებისათვის უსჯულო მეფე ახაბის ზეობისას მოუწოდა.
სავარაუდოდ 869 წელს (ჩვენს წელთაღრიცხვამდე) ისრაელში გამეფდა ყველაზე უწმინდური კაცი ისრაელთა მეფეებს შორის, სახელად ახაბი. მას ცოლად ჰყავდა წარმართი ქალი იეზაბელი. მან ახაბი გადაიბირა, რომ თაყვანი ეცა კერპისათვის, რომელსაც ბაალი ერქვა და აეგო მისთვის ტაძარი. იეზაბელი ცდილობდა მოესპო ჭეშმარიტი ღმერთის მორწმუნენი.
იმ დროს ისრაელში ცხოვრობდა ელია - ღმერთის ერთგული წინასწარმეტყველი, რომელიც ყველას მოუწოდებდა ცოცხალი ღმერთისაკენ მოქცეულიყვნენ.
ახაბი და იეზაბელი სდევნიდნენ ელიას და სძულდათ იმის გამო, რომ იგი ცდილობდა მრავალთა გულში გაეღვიძებინა მონანიების გრძნობა. ელიას დროს ისრაელიანთ გადაუხვიეს უფლის გზას და კერპებს ემსახურებოდნენ. მაშინ ელიას სიტყვით ღმერთმა დასაჯა ისრაელიანები - სამწლინახევრის მანძილზე ისრაელიანთა მიწაზე არ ყოფილა წვიმა და დიდმა გვალვებმა ყველაფერი გაანადგურა. უფალმა ელიას უბრძანა ახაბის დევნას უდაბურ მხარეში დამალვოდა. ღვთის ბრძანებით დილა-საღამოს ყორანი უზიდავდა ელიას ხორცსა და პურს. წყურვილს კი ელია იქვე ნაკადულზე იკლავდა. (3 მეფეთა 17,1-6).
ქვრივის ბავშვის გაცოცხლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაიარა ხანმა და ნაკადული, რომელზეც ელია წყალს სვამდა, დაშრა. მაშინ ღმერთმა უბრძანა მას, რომ წასულიყო ქალაქ ცარფათში და იქ ერთი ქვრივი ქალის სახლში ეცხოვრა. როდესაც ელია იმ სახლში მივიდა, ქალს წყალი სთხოვა და პურის ნატეხი. ქვრივს ერთი ბიჭი ჰყავდა და მეტად ღარიბად ცხოვრობდა. მას არაფერი გააჩნდა ერთი მუჭა ფქვილისა და ცოტაოდენი ზეთის გარდა. როდესაც მან ეს ელიას უთხრა, ელიამ უპასუხა: ”ნუ გეშინია...ქოთანში ფქვილი არ გამოილევა და დოქში ზეთი არ დაიცლება, ვიდრე უფალი წვიმას არ მოიყვანს ამქვეყნად” (3 მეფეთა 17,14).
ელია დასახლდა ქვრივ ქალთან და უფალმა სასწაული მოახდინა: ისინი პურს ყოველდღე აცხობდნენ, მაგრამ ფქვილი და ზეთი არ თავდებოდა.
მალე ქვრივის ბიჭუნა ავად გახდა და მოკვდა. მგლოვიარე დედამ იფიქრა, რომ იგი ღმერთმა დასაჯა ძველი ცოდვებისათვის და თვალცრემლიანი მივიდა ელიასთან. ელიამ უთხრა: ”მომეცი შენი შვილი”. მან დედას გამოართვა მკვდარი ბავშვი და ოთახში შეიყვანა, თავის ლოგინზე დააწვინა და ლოცვით მიმართა ღმერთს: ”უფალო, ღმერთო ჩემო! ნუთუ ამ ქვრივ ქალსაც, რომელთანაც მდგმურად ვარ, უზამ ბოროტს და შვილს მოუკლავ?” შემდეგ სამჯერ გაიშვირა ბავშვისაკენ ხელი და ღმერთს შესთხოვა: ”უფალო, ღმერთო ჩემო! ჩააბრუნე ბავშვის სული მის სხეულში”. უფალმა შეისმინა წინასწარმეტყველის თხოვნა და გააცოცხლა ქვრივის ბავშვი. ელიამ ბავშვი მიუყვანა დედას და უთხრა: ”დახედე, ცოცხალია შენი შვილი.” გახარებულმა დედამ ელიას უთხრა: ”ახლა კი მივხვდი, რომ ღვთის კაცი ხარ და რომ შენს ბაგეებში უფლის სიტყვა მტკიცეა.” (3 მეფეთა 17,7-24).
ელია და ბაალის წინასწარმეტყველნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამწლიანი გვალვის შემდეგ, როდესაც შიმშილობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია, ელია სასახლის უფროს აბადიასთან ერთად საქონლისთვის საძოვრების საძებნელად გამოსული მეფე აქაბის წინაშე წარდგა. ცრურწმენით შეპყრობილმა აქაბმა მასში უბედურების მომტანი ადამიანი დაინახა და უთხრა: „შენ ხარ ამრღუე ისრაელისა?“ „არა მე, არამედ შენ და სახლი მამისა შენისა, რამეთუ დაუტევეთ უფალი ღმერთი თქუენი და შეუდეგით კვალსა ბაალისასა“, - უპასუხა წინასწარმეტყველმა და სთხოვა, ისრაელში მცხოვრები ხალხი და ბაალის ქურუმები, რომლებიც იეზაბელის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფებოდნენ, ქარმელის მთაზე შეეკრიბა. როდესაც მეფემ ყველა შეკრიბა, ელიამ მიმართა მათ: ”როდემდის უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით? თუ უფალია ღმერთი, გაჰყევით მას, თუ ბაალია, მას გაჰყევით.” კრინტი არავის დაუძრავს. მაშინ ელიამ უთხრა ხალხს: ”მე ერთი დავრჩი უფლის წინასწარმეტყველი, ბაალის წინასწარმეტყველნი კი 450 კაცია. მოგვცენ ორი მოზვენი და ერთი მათგანი ამოირჩიონ, შუა გაკვეთონ და შეშაზე შემოდონ, ოღონდ ცეცხლს ნუ შეუნთებენ. მეც გავამზადებ მეორე მოზვერს, შეშაზე შემოვდებ და ცეცხლს არ შევუნთებ. ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი და მეც ვახსენებ უფლის სახელს; და ღმერთი, რომელიც ცეცხლით გაგვცემს პასუხს, ნამდვილი ღმერთი იქნება”. ხალხი დაეთანხმა ელიას.
ბაალის წინასწარმეტყველებმა მოზვერი შეშაზე შემოდეს და ყვირილი იწყეს: ”ხმა გაგვეც, ბაალ!” თითქმის მთელი დღე ყვიროდნენ ისინი გონების დაკარგვამდე, მაგრამ პასუხი არ იყო. მაშინ ელიამ უთხრა ხალხს: ”ახლოს მოდით!” როდესაც ყველა მივიდა, მან აიღო 12 ქვა და სამსხვერპლო ააგო, დააწყო ზედ შეშა, შუაზე გაკვეთა კურატი და შეშაზე დადო. შემდეგ მოითხოვა სამჯერ დაესხათ ოთხ-ოთხი ჩაფი წყალი. წყალმა გაავსო სამსხვერპლოს ირგვლივ ამოღებული თხრილი. შემდეგ ელიამ ილოცა: ”უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისაკისა და ისრაელისა! გაცხადდეს დღევანდელ დღეს, რომ შენა ხარ ღმერთი ისრაელში, მე კი შენი მონა ვარ, და რომ შენი სიტყვის წყალობით გავაკეთე ეს ყველაფერი. ხმა გამეცი, უფალო, ხმა გამეცი, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენ ღმერთი ხარ, უფალო, და რომ შეგიძლია უკუმოაქციო მათი გულები”. უფალმა შეისმინა თავისი წინასწარმეტყველის ლოცვა და ცეცხლი გამოუგზავნა ციდან, დაწვა მსხვერპლი, შეშა და თვით ქვებიც კი ირგვლივ. ამის დამნახავნი პირქვე დაცვივდნენ და თქვეს: ”უფალი არის ღმერთი, უფალი არის ღმერთი!” „ნამდვილვე უფალი იგი არს, უფალი იგი არს ღმერთი!“ (3 მეფ. 18.39) და ქურუმები, როგორც ერის გამრყვნელები, კიშონის ნაღვარევთან ჩახოცა. ამის შემდეგ წინასწარმეტყველმა მეფეს მიმართა: „აღდეგ, ჭამე და სუ, რამეთუ ხმაჲ ბგერისა წვიმისა არს“ (3 მეფ. 18.41); ცა ღრუბლებით დაიფარა და ძლიერი წვიმა წამოვიდა. მეფე აქაბმაც ადიდა ღმერთი და შეინანა უსჯულოება, მაგრამ მეფის სინანული ხანმოკლე აღმოჩნდა. როდესაც მან თავის მეუღლეს უამბო მომხდარის შესახებ, იეზაბელი საშინლად განრისხდა და ელიას სიკვდილით დასჯა ბრძანა: უფლის რჩეულის დევნა განახლდა. (მეფეთა 18,18-39[მკვდარი ბმული]). წინასწარმეტყველმა ჯერ იუდეის სამეფოს, ქალაქ ბერსაბეს მიაშურა, შემდეგ კი არაბეთის უდაბნოში განმარტოვდა და, ღრმა მწუხარებით აღსავსემ, ზეცას შეჰღაღადა: „კმა არს აწ, უფალო, მიიღე სული ჩემი შენგან, რამეთუ არა უმჯობეს ვარ მამათა ჩემთა“ (3 მეფ. 19,4). ღვთის ნებით, ნათელმოსილი ანგელოზი წარდგა მის წინაშე, საზრდელით განამტკიცა და მიანიშნა იმაზე, რომ შორეული გზა ჰქონდა. სულითა და ხორცით განძლიერებული ელია სინას უდაბნოს გავლით ქორების მთისკენ გაეშურა, რომელსაც ორმოცი დღის შემდეგ მიაღწია. აქ მან ერთ-ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი. უეცრად ნეტარს უფლის ხმა მოესმა: „რაჲსა ხარ შენ აქა, ელია?“ - „შემშურდა შური უფლისა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისა, - უპასუხა ელიამ, - რამეთუ დაგიტევეს შენ ძეთა მათ ისრაელისათა, საკურთხეველნი შენნი დაამხუნეს და წინასწარმეტყველნი შენნი მოსწყვიდნეს მახვილითა და მე მარტო დაშთომილ ვარ და ეძიებნ სულსაცა ჩემსა მიღებად“ (3 მეფ. 19,10). უფალმა წინასწარმეტყველს გამოქვაბულიდან გამოსვლა და მთაზე დადგომა უბრძანა. თავდაპირველად ქარბუქი ამოვარდა, მიწა იძრა. მიწისძვრას ცეცხლი მოჰყვა, მაგრამ არც ქარბუქის, არც მიწისძვრისა და არც ცეცხლის დროს არ გამოცხადებია ელიას ღმერთი. ცეცხლის შემდეგ დაბერა გრილმა ნიავმა და ელიამ იგრძნო ღვთის სიახლოვე. ამ სასწაულებით უფალმა დაანახა თავის რჩეულს, რომ მას კაცობრიობის მოქცევა მოთმინებითა და წყალობით სურდა და არა საშინელი სასჯელით. იგრძნო რა ღვთის იქ ყოფნა, წინასწარმეტყველი გამოქვაბულიდან გამოვიდა და მიუწვდომელი ღვთის წინაშე კეთილკრძალული შიშით სახე ხალენით დაიფარა, ისევე, როგორც მოსემ ღვთის განცხადებისას ქორების მთაზე. ამის შემდეგ ელიამ ღვთისგან მიიღო ბრძანება, იმავე გზით წასულიყო დამასკოში და აზაელი - ასურეთის მეფედ, იუი კი - ისრაელის მეფედ ეკურთხებინა, ხოლო წინასწარმეტყველად დაედგინა ელისე. ამათგან წმიდა ელია წინასწარმეტყველმა მხოლოდ უკანასკნელის ასრულება შეძლო, ხოლო პირველი ორი მან თავის მოწაფეს, ელისეს უანდერძა. საყოველთაო განდგომილებით გულგატეხილი ელია უფალმა ანუგეშა - ამცნო, რომ ისრაელში კიდევ შვიდი ათასი მამაკაცი იყო დარჩენილი, რომელთაც თაყვანი არ უცია ბაალის კერპისათვის.
უფლის ნებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს (გამოცხ. 11,2-9). საეკლესიო გადმოცემით, ელიას ხალენი საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში.
ელია ქართულ ფოლკლორში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქართულ ხალხურ წარმოდგენებში ელია ქართველთა რწმენის მიხედვით, წვიმა-სეტყვისა და ჭექაქუხილის განმგებელია. სახელი შეერქვა ბიბლიური წინასწარმეტყველის მიხედვით. ქართულ ფოლკლორში იგი ცაზე ეტლით დაქრის, ბრმა არის და ზოგჯერ უადგილო ადგილას დაუშენს სეტყვას. ამიტომ, სეტყვის ღრუბელი რომ გამოჩნდებოდა, თოფის სროლასა და ზარების რეკვას ატეხდნენ: ელია გაიგონებს, მიხვდება, რომ აქ სოფელია და გაგვეცლებაო.
ელიას სამსხვერპლო ცხოველია თხა (ციკანი), რაც ამ კულტის წინაქრისტიანულ წარმომავლობას მოწმობს. ქრისტიანობამ, მიუხედავად ოფიციალური ეკლესიის მცდელობისა, ვერ შეძლო ელიას კულტის მოსპობა და მხოლოდ ზოგიერთი ქრისტიანული ელემენტი შესძინა მას. ლეგენდის მიხედვით, ელიას ხალენი (ტყავის მოსასხამი) უფლის კვართთან ერთად ჩამოუტანიათ საქართველოში. ზოგი წარმოდგენის თანახმად ელია ეშმაკეულია და, როგორც ბრმა და სასტიკი ძალა, სეტყვით ანადგურებს ყანებს, ებრძვის ხატებს და ანგელოზებს, მეხს უშენს მათ „დასაბრძანებელ" მაღალ ხეებს. ამ ოდესღაც ძლიერი ღვთაების სახელობის დღესასწაული – ელიაობა იმართებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
-
წმ. ელია თეზბიტელი უდაბნოში ბიზანტია. XIV ს.
-
მართლმადიდებლური ხატი ელია წინასწარმეტყველისა, რომელიც გამოსახულია მოწაფესთან ერთად
-
წმ. ელიას ზეცად აღყვანება. რუსეთი XVII ს.
გამოყენებული ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საბავშვო ბიბლია, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, 1998 წ. გვ. 192-197.
- „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 642.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წინასწარმეტყველი ელია თეზბიტელი (IX საუკუნე ქრისტეს შობამდე) – orthodoxy.ge
- წმიდა ელია წინასწარმეტყველის ხალენის ისტორია – orthodoxy.ge
- დღესასწაული უფლის ფერისცვალებისა (სახარება ლუკასაგან 9, 28-36)[მკვდარი ბმული]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 http://timeline.biblehistory.com/event/elijah
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ ბიბლია, ძველი აღთქმა, მეოთხე მეფეთა, თავი პირველი
|