შინაარსზე გადასვლა

დიდი ვაკეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდი ვაკეები
დიდი ვაკეები
ბლეკ-ჰილზი

დიდი ვაკეები (ინგლ. Great Plains) — ვრცელი პლატო ჩრდილოეთ ამერიკის კორდილიერების აღმოსავლეთ მთისწინეთში, კანადისა და აშშ-ის ტერიტორიებზე. გადაჭიმულია სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთით. სიგრძე 3600 კმ, სიგანე 500-800 კმ. გეოლოგიური თვალსაზრისით დიდი ვაკეები ჩრდილოეთ ამერიკის ბაქნის განაპირა ნაწილია, რომლის საფუძველი კამბრიულისწინა კრისტალური ქანებითაა აგებული და ზემოდან პალეოზოური, ცარცული და პალეოგენ-ნეოგენური დანალექი წყებებით (კირქვები, ქვიშაქვები) არის დაფარული. დანალექი ქანების საფარი ზოგან გარღვეულია ახალგაზრდა ინტრუზიებით, რომელთა შორის ყველაზე მაღალია ბლეკ-ჰილზი (2207 მ).

დიდი ვაკეების შუა და სამხრეთ ნაწილში მეოთხეული ასაკის ლიოსისებრი თიხნარია, ჩრდილოეთ ნაწილში — ძველმყინვარული (მორენული) ნალექები. დიდი ვაკეების ზედაპირი დახრილია დასავლეთიდან (1600-1700 მ) აღმოსავლეთისაკენ (500 მ) და ინტენსიურადაა დანაწევრებული ეროზიული ხეობებით.

დიდი ვაკეების ჰავა ძირითადად კონტინენტურია, ჩრდილოეთში — ზომიერი, სამხრეთში — სუბტროპიკული. იანვრის საშუალო ტემპერატურა ჩრდილოეთში -28°C, სამხრეთში 12°C, ივლისში შესაბამისად, 13°C და 28°C. ნალექების წლიური რაოდენობა კლებულობს აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 500-იდან 200 მმ-მდე ჩრდილოეთში და 600 მმ-იდან 300 მმ-მდე სამხრეთში. კორდილიერების მთათა სისტემა კლიმატური ზღუდეა, რომელიც გზას უღობავს წყნარი ოკეანიდან მქროლავ ნოტიო ქარებს. ზამთარი მცირეთოვლიანია, ზაფხულიგვალვიანი; დროდადრო იცის თავსხმა და ძლიერი ქარები (ტორნადო). მდინარეები ჩქარი და მცირეწყლიანია, მიედინებიან ღრმა ხეობებში. ზაფხულობით ხშირია წყალმოვარდნა, ზამთრობით შრებიან; ჩრდილოეთში იყინებიან 5-6 თვით. დიდი მდინარეებია მისური, არკანზასი, პლატი, კოლორადო. იყენებენ სარწყავად.

დიდი ვაკეები ძირითადად მშრალი სტეპით არის დაფარული, კანადის ნაწილში ტყესტეპია (ვერხვის ტყის კორომები და მდელოს სტეპი), რომელიც ჩრდილოეთით ტაიგაში (თეთრი ნაძვი, ლარიქსი, არყი) გადადის; ედუარდზისა და ლანო-ესტაკადოს პლატოებზე — სუბტროპიკული სავანა (აკაცია, კაქტუსები და სხვა). დიდ ვაკეებზე ძირითადად წაბლა ნიადაგია; ჩრდილოეთში შავმიწა, ტყის ნაცრისფერი და კორდიან-ეწერი ნიადაგია, უკიდურეს სამხრეთში — ყავისფერი და რუხ-ყავისფერი. ცხოველთა სამყარო ადამიანის ზეგავლენით არის სახეშეცვლილი. ბინადრობს კოიოტი, მდელოს ძაღლი, ზაზუნა, თრია, ჩხრიალა გველი და სხვა. ნაკრძალებში შემორჩენილია ბიზონი.

დიდი ვაკეების ფარგლებში არის ნავთობის, ქვანახშირის, მურა ნახშირის, ბუნებრივი აირის, სუფრის მარილის საბადოები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]