დანიელა დესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დანიელა დესი

დანიელა დესი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი დანიელა დესი
დაბ. თარიღი 14 მაისი, 1957
დაბ. ადგილი გენუა, იტალია
წარმოშობა იტალიის დროშა იტალიელი
გარდ. თარიღი 20 აგვისტო, 2016 (59 წლის)
გარდ. ადგილი ბრეშა, იტალია
ჟანრ(ებ)ი ოპერა
საიტი danieladessi.com
დანიელა დესი ვიკისაწყობში

დანიელა დესი (იტალ. Daniela Dessì; დ. 14 მაისი, 1957 — გ. 20 აგვისტო, 2016) — იტალიელი სოპრანო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანიელა დესი დაიბადა ქალაქ გენუაში. დაამთავრა პარმის კონსერვატორია, როგორც პიანისტმა. მოგვიანებით სიენის აკადემია გაიარა და სიმღერაში დახელოვნდა, რის შემდეგაც მისი კარიერა დაიწყო. დებიუტი მშობლიურ ქალაქში შედგა. იგი მაშინვე მიიწვიეს მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან ფესტივალებზე. დესი ყველაზე ავტორიტეტულ დირიჟორებთან თანამშრომლობდა, მათ შორის იყვნენ კლაუდიო აბადო, რიკარდო შაილი, დანიელე გატტი, ჯან ლუიჯი ჯელმეტტი, კარლო მარია ჯულინი, კარლოს კლაიბერი, ჯეიმზ ლივაინი, ლორინ მააზელი, ზუბინ მეტა, რიკარდო მუტი, ჯუზეპე სინოპოლი, ასევე რეჟისორებთან, როგორებიცაა რობერტო დე სიმონე, პიერ ლუიჯი პიცცი, ლუკა რონკონი, ეტტორე სკოლა, ჯორჯო სტრელერი, ფრანკო ძეფირელი.

ის პირველი იტალიელი მომღერალია, რომელმაც შეძლო შეესრულებინა სამი როლი ერთ საღამოს — პუჩინის „ტრიპტიჰში“. დესსი პირველი არააზიელი იყო, რომელმაც შეასრულა მადამ დატერლაის პარტია ოპერიდან „ჩიო-ჩიო-სან“ (ნაგასაკი,იაპონია).

დანიელა დესის მრავალი დისკი და ალბომი აქვს გამოშვებული, მათ შორის, ისეთ ჩამწერ კომპანიებთან, როგორებიცაა „ემი“, „დოიჩე გრამაფონი“, „ფილიპსი“, „დეკა“. დესიმ უამრავ სატელევიზიო გადაცემაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ოპერის პოპულარიზაციას ემსახურებოდა. მიღებული აქვს პრემიები: საერთაშორისო საოპერო ჯილდო, „საოპერო ოსკარი 2013“, ჯაკომო პუჩინის პრემია, არენა დი ვერონას ძენატელოს პრემია, ბრწყინვალე ქალბატონების პრემია 2013, პრემის ქალი ლიდერი, რომელიც გადაეცა EWMD-სგან და პავაროტის ოქროს პრემია 2014.

2002 წელს მან ცხოვრება ფაბიო არმილიატოს დაუკავშირა. წყვილი ერთად მონაწილეობდა ბევრ საოპერო ნაწარმოებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]