გიორგი (მხეიძე)
მამა გიორგი (ერისკაცობაში გიორგი მხეიძე; დ. 1887, სოფ. სხვავა, ამბროლაურის რაიონი — გ. 1960, ბეთანიის მონასტერი) — ბეთანიელი ბერი, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის არქიმანდრიტი, მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანი. კანონიზირებულია 2003 წელს წმინდა აღმსარებელი გიორგი-იოანეს სახელით.
ახალგაზრდობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არქიმანდრიტი გიორგი (მხეიძე) დაიბადა ამბროლაურის რაიონის სოფ. სხვავაში დაახლოებით 1887 წელს. თავად-აზნაურული ტრადიციის მიხედვით გიორგი სწავლობდა სამხედრო სასწავლებელში, მაგრამ რუსეთის იმპერიაში კარიერის გაკეთების სანაცვლოდ ეროვნულ მოძრაობაში მონაწილეობდა. მუშაობდა ილია ჭავჭავაძის პირად მდივნად. ხვდებოდა წმ. ილიას მოძღვარს წმ. ეპისკოპოსს ალექსანდრეს (ოქროპირიძე), მღვდელმოწამე ნაზარს (ლეჟავა) და ახლოს იცნობდა მისი დროის თითქმის ყველა გამოჩენილ პიროვნებას. ახალგაზრდა გიორგიმ მონაზვნური ცხოვრების გზა აირჩია. მალე იგი მღვდლად აკურთხეს და არქიმანდრიტის ხარისხშიც აღამაღლეს.
დევნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხირსის მონასტერში მოღვაწე მამა გიორგის 1924 წელს თავს დაესხნენ სუკ-ის თანამშრომლები; სცემეს, შეკრიჭეს თმა-წვერი და მოკვლით დაემუქრნენ. ოჯახში დროებით თავშეფარებულ ბერს უფრო მტკივნეული წყენა მიაყენეს ათეისტური მსოფლმხედველობის მქონე საკუთარმა ძმებმა, რომლებმაც მძინარე ბერს შეკრიჭეს წვერი (შემდგომში ერთმა ძმამ თავი მოიკლა, მეორე კი ცოლთან ერთად დახვრიტეს).
ბეთანიის მონასტერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1924 წელს წმ. გიორგი გადავიდა ბეთანიის მონასტერში, სადაც მას დახვდა მამა იოანე (მაისურაძე). ამ დღიდან ეს ორი წმიდა მამა მთელი ცხოვრება ერთად მოღვაწეობდა. მამა გიორგი სუსტი ჯანმრთელობის გამო მონასტერში შედარებით მსუბუქი სამუშაოებით - ფუტკრის მოვლით და ბოსტნის დამუშავებით იყო დაკავებული. მამა გიორგი ძალზედ გულმოწყალე და ხელგაშლილი ადამიანი იყო და ხშირად თითქმის უსურსათოდ რჩებოდნენ. მიუხედავად ამისა, იგი იმედიანად ეტყოდა და ანუგეშებდა ხოლმე მამა იოანეს - ”ღმერთი მოგვცემსო”.
მაღალი, გამხდარი და მუდამ წელში გამართული მამა გიორგი გარეგნულად უფრო მკაცრი ჩანდა, ნაკლებად საუბრობდა მონასტერში მოსულ ხალხთან და ვერც ბავშვები ბედავდნენ მამა იოანეს მსგავსად ეთამაშათ მასთან და ყოველთვის ცდილობდნენ ლოცვების ზეპირად სწავლით და წესიერი ქცევით დაეხარებინათ წმიდა მამა.
მამა გიორგი იშვიათად გადიოდა მონასტრიდან, მაგრამ მაინც უწევდა თბილისში ჩასვლა, სადაც მას უამრავი მრევლი ჰყავდა, რომელთა შორის იყვნენ მთავრობაში მომსახურე პატრიოტულად განწყობილი ფარული ქრისტიანები.
მოღვაწეობის ბოლო წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მამა გიორგი წინასწარმეტყველებისა და კურნების ნიჭით იყო დაჯილდოებული, რომელსაც ის მალავდა. გამჟღავნების შემთხვევაში კი ყოველმხრივ ცდილობდა ყოფითი მოვლენებით აეხსნა მომხდარი. მამა გიორგისა და მამა იოანეს ლოცვით განიკურნა მონასტერში მიყვანილი მრავალი ადამიანი. 1957 წელს, მამა იოანეს გარდაცვალების შემდგომ მამა გიორგი დიდ სქემაში აღიკვეცა და მისი სულიერი ძმის მსგავსად იოანე ეწოდა. მარტო დარჩენილ გიორგი-იოანეს მთელი მონასტრის სიმძიმე დააწვა და კიდევ უფრო შეურყია ისედაც სუსტი ჯანმრთელობა. მის მოსავლელად ქალაქიდან ადიოდნენ მისი სულიერი შვილები. ეკლესიის გადმოცემის მიხედვით, მამა გიორგის ჰქონდა ღვთისმშობლის გამოცხადება: ყოველადწმიდა ქალწულმა აუტანელი ტკივილებისაგან გატანჯული მოწამე განკურნა. წმიდანს ასევე გამოეცხადა პირველმოწამე თეკლა და ყურძნის მტევანი მიართვა ძღვნად. აღსასრულამდე რამდენიმე დღით ადრე მოძღვარი ქალაქში იმყოფებოდა, სადაც მას ანგელოზი გამოეცხადა, მოახლოებული აღსასრული აუწყა და უთხრა მონასტერში დალოდებოდა ამ ქვეყნიდან გასვლას.
წმ. მამა გიორგი-იოანე 1960 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია ბეთანიის მონასტერში მამა იოანეს (მაისურაძის) გვერდით. უკანასკნელ გზაზე მოხუცი მოძღვარი მღვდელმონაზონმა (შემდგომში არიქმანდრიტმა) გაბრიელმა (ურგებაძემ) გააცილა, რომელიც მამა გიორგის სულიერი შვილი იყო.
წმ. მამა გიორგი-იოანე იყო აგრეთვე ბეთანიის მონასტერში მოღვაწე მღვდელ-მონაზონ ვასილ ფირცხალავას მოძღვარი.
მოგონებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]"მამა გიორგი და მამა იოანე ორი ცეცხლოვანი სვეტი იყო ღვთის წინაშე მდგომი საქართველოსათვის და ადამიანის სულთა ცხონებისათვის. მამა გიორგი შეუჩერებელი ლოცვის ძალას ფლობდა. მე თვითონ ჩავაწვინე სამარეში და გულზე სახარება და ჯვარი დავადე. იგი უხრწნელი წევს საფლავში, მე ეს კი არ მწამს, არამედ ვხედავ ამას. გახსენით მისი საფლავი, რა უნდა უხრწნელ მამას მიწაში.” - მამა გაბრიელი
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.