გამაფრთხილებელი შეფერილობა
გამაფრთხილებელი შეფერილობა — მკვეთრი, თვალში საცემი შეფერვა, რაც ახასიათებს ზოგ ცხოველს და საჭმელად მის უვარგისობაზე მიანიშნებს. გამაფრთხილებელი შეფერილობა იცავს მას მხოლოდ ისეთი ცხოველებისგან, რომლებსაც კარგად განვითარებული მხედველობის წყალობით შეუძლიათ ფერების გარჩევა და რთული რეფლექსური მოქმედების მეოხებით გამომუშავებული აქვთ პირობითი რეფლექსი ამა თუ იმ ფერზე. გამაფრთხილებელი შეფერილობა ჩვეულებრივ ახასიათებთ ცხოველებს, რომლებსაც აქვთ მსუსხავი უჯრედები (მრავალი აქტინია), შხამიანი ჯირკვლები და ეკლები (ზოგიერთი თევზი და მწერი), ძვლოვანი ჯავშანი, შხამიანი „ხორცი“ ან შხამიანი ლორწო (სალამანდრა, გომბეშო, ვასაკა, ზოგი შხამიანი გველი, ხვლიკი), ან არასასიამოვნო სუნის სითხეს გამოყოფენ (მრავალფეხიანები, ხოჭოები, სწორფრთიანები, ბაღლინჯოები, პეპლები, სხვადასხვა მყრალა). ამიტომ მტაცებლებს სწრაფად უმუშავდებათ პირობითი რეფლექსი ასეთი ცხოველების გამაფრთხილებელ შეფერილობაზე. ასეთი ცხოველები მოძრაობენ ნელა და მტაცებლის თავდასხმის დროს ისეთ პოზას იღებენ, რომ ადვილად შესამჩნევნი გახდნენ. ზოგჯერ გამაფრთხილებელ შეფერილობას ახლავას მფარველობითი შეფერილობა ან „მუქარის პოზები“, გამაფრთხილებელი ბგერები და სუნი. გამაფრთხილებელი შეფერილობა ხელს უწყობს სახეობის შენარჩუნებას არსებობისათვის ბრძოლაში. იგი გამომუშავდა ორგანიზმების ევოლუციურ პროცესში ბუნებრივი გადარჩევის შედეგად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 649.