რეფლექსები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეფლექსი (ლათ. reflexus - ასახვა ) — ეწოდება ორგანიზმის საპასუხო რეაქციას გამღიზიანებელზე, რომელსაც ცენტრალური ნერვული სისტემა ახორციელებს და აკონტროლებს. რეფლექსები თანდაყოლილი ქცევის ფორმებია და ისინი ახალშობილს გარემოსთან ადაპტაციაში ეხმარებიან.

რეფლექსის სახეები[რედაქტირება]

ხელის ჩაჭიდების რეფლექსი
  • სუნთქვის რეფლექსი - სუნთქვა აირთა ცვლის პროცესია, რომლის დროსაც ორგანიზმი ითვისებს ჟანგბადს და ნახშიროჟანგს გამოყოფს. სუნთქვის რეფლექსი თანდაყოლილია და ყოველგვარი ძალდატანებისა და გაცნობიერების გარეშე მიმდინარეობს. ეს რეფლექსი სიცოცხლის ბოლომდე აქვს ადამიანს.
  • წოვის რეფლექსი - პირთან თითის ან რაიმეს მიახლოებისას ახალშობილი იწყებს მის წოვას.
  • თვალის გუგის რეფლექსი - ძლიერი შუქის მინათება იწვევს გუგების დავიწროებას,ხოლო სიბნელეში გუგები ფართოვდება. ეს რეფლექსი გრძელდება მთელი სიცოცხლე.
  • თავიდან კისერზე - ძლიერი შუქის მინათება იწვევს თავის უკან გადაგდებას. გრძელდება 4 თვემდე.
  • არშავსკის ქუსლის რეფლექსი - ქუსლის ძვალზე ზომიერი ზეწოლით დროული ახალშობილი ღებულობს ტირილის ნიღაბს. გრძელდება 1-3 თვემდე.
  • ბაუერის ცოცვის რეფლექსი - 1,5-2 თვემდე. თუ ახალშობილს დავაწვენთ მუცელზე და ხელით შევეხებით მის ფეხის გულებს მოხდება ფეხების უკუკვრა.
  • საყრდენის რეფლექსი - ბავშვს თუ დავიჭერთ საყრდენის მიმართულებით, დავინახავთ რომ შეეცდება დადგეს (ეძებს საყრდენს). გრძელდება 2 თვემდე.
  • სიარულის რეფლექსი - თუ ბავშვს ავიყვანთ ხელში და დავიჭერთ საყრდენთან ახლოს, დავინახავთ რომ დაიწყებს ფეხების რითმულ მოძრაობას საყრდენის მიმართულებით. ეს რეფლექსი 2-3 თვის ასაკისთვის ქრება.
  • ხვოსტეკის ფენომენი - მგლის ფოსოში თითის დარტყმა იწვევს ტუჩის, ცხვირის, თვალის გარეთა კუთხის კუნთების შეკუმშვას. გრძელდება 3 თვემდე.
  • ხორთუმისებური რეფლექსი - პირის კუთხესთან თითის დარტყმა იწვევს ტუჩების წინ წამოწევას. გრძელდება 3 თვემდე.
  • მკერდის მოძებნის რეფლექსი - ახალშობილს აქვს მკერდის მოძებნის უნარი. რაიმე საგნის პირთან მიახლოების შემთხვევაში ცდილობს მის პირში ჩადებას.
  • მოროს რეფლექსი - თუ ახალშობილს ავიტაცებთ ან მაგიდაზე ხელს დაკაკუნებთ მასთან ახლოს, ის გააკეთებს ხელების შემოხვევის მოძრაობას, იდაყვის მოხრით. ეს რეფლექსი გრძელდება 4 თვემდე.
  • კისრის რეფლექსი - ამ რეფლექსს მოფარიკავის პოზასაც უწოდებენ. ბავშვს თუ დავაწვენთ ზურგზე და თავს მივუბრუნებთ, იმ მხარეს საითაც თავს მივუბრუნებთ ხელს და ფეხს გაჭიმავს, ხოლო მეორე მხარეს კი მოხრის. ამ რეფლექსის მეშვეობით ამოწმებენ ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. ქრება 4 თვის ასაკში.
  • ბაბკინის რეფლექსი - თუ ბავშვს ხელის გულზე ან მხრის სახსარზე დავაჭერთ ხელს, იმ მხარეს თავს მიაბრუნებს და პირს გააღებს. გრძელდება 5 თვემდე.
  • ბაბინსკის რეფლექსი - თუ შიშველ ტერფზე თითს სიგრძეზე გაუსვამთ, ოთხ თითს მოხრის და ცერს წამოწევს(აბზეკს). გრძელდება 6 თვემდე.
  • ცურვის რეფლექსი - ახალშობილს შეუძლია ცურვა. არსებობს მოსაზრება რომ ეს რეფლექსი 6 თვის ასაკამდე გრძელდება, მაგრამ თუ დაბადებიდან ერთ დღეს მაინც გამოვატოვებინებთ ცურვა დაავიწყდება.
  • პერესის რეფლექსი - თუ კეფის კუთხიდან კისრის მალების წანაზარდებზე თითს გავაყოლებთ ბავშვის რეაქცია იქნება: ა)ხანმოკლე აპნოე ბ)ყვირილი გ)ლორდოზი-თეძოს აწევა დ)ზემო კიდურების მოხრა ე)გენერალიზებული ჰიპერტონია ვ)ანალური ხვრელის გამოზნექა;დეფეკაცია.
  • გლაბულარული რეფლექსი - გლაბელის არეში თითის ან ჩაქუჩის დარტყმას მოსდევს თვალის ირგვლივ კუნთების შეკუმშვა.
  • ხელის ტაცების რეფლექსი - ახალშობილი ხელის მტევანთან მიახლოებულ საგნებზე ჩაჭიდებას ცდილობს,აკეთებს ტაცების მოძრაობას. გრძელდება 5 თვემდე.
  • ტერფის ტაცების რეფლექსი - ახალშობილი ფეხის გულთან მიახლოებული საგნების ჩაბღაუჭებას ცდილობს. გრძელდება 9 თვემდე.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • კრაიგი, განვითარების ფსიქოლოგია
  • ბადალიანი, საბავშვო ნევროლოგია
  • Josiane Lacombe , ბავშვის განვითარება დაბადებიდან 7 წლამდე