შინაარსზე გადასვლა

ბრილის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბრილი.

ბრილი — მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს რიონის ხეობაში, სოფელ ღების ჩრდილო-დასავლეთით 11 კმ-ზე, ზღვის დონიდან 1600 მ. სიმაღლეზე.

შემორჩენილია შუა საუკუნეების ნასოფლარი, ციხე-კოშკი, ეკლესიის კედელი. XV საუკუნემდე ეკუთვნოდა სვანეთს, ხოლო შემდეგ გადაეცა რაჭის საერისთავოს.[1]

ის წარმოადგენს მდინარე რიონის და მისი შენაკადის, ზოფხიტურის, წყალთაშუა ტერასას. სწორკუთხოვანი სამკუთხედი მოყვანილობის ვაკე აღმოსავლეთით და სამხრეთით მაღალი ფლატეებით ეშვება მდინარეთა კალაპოტისკენ, დასავლეთ ნაპირს კი გასდევს ქედი. 1939-1961 წლებში არქეოლოგიურმა გათხრებმა (მიმდინარეობდა ხანგამოშვებით, ხელმძღვანელი გ. გობეჯიშვილი) გამოავლინა ნამოსახლარები და სამაროვნები. მეტალურგიის წარმოების ნაშთები შუა ბრინჯაოს ხანიდან ანტიკური ხანის დასასრულამდე (ძვ. წ. XVIII—ახ. წ. IV სს.). სამაროვანი აღმოჩენილია ტერასის სამხრეთ–დასავლეთ კუთხეში. დამოწმებულია აქ მიცვალებულთა დაკრძალვა უწყვეტად ბრინჯაოს ხანიდან III-IV საუკუნეებამდე.

ორმოსამარხებსა და ქვაყუთებში (ძვ. წ. XVIII—ახ. წ. IV სს.) კიდურებმოკვეცილი თითო ან ორ-ორი მიცვალებული იყო ჩასვენებული. ძვ. წ. XIV—ძვ. წ. XIII საუკუნეებში არსებობდა აგრეთვე, კოლექტიური აკლდამები, ხოლო ძვ. წ. XIV- ძვ. წ. V საუკუნეებში — საკრემაციო მოედნები. ძვ. წ. XVIII-XIV საუკუნეებში სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს ყუამილიანი ცულები, მასრაგახსნილი შუბები, ფოთლისებური სატევრები, ცხოველთა ქანდაკებები, მრავალნაირი საკინძი, ოვალური სასაფეთქლები, დუგმისებური კავები, ჭვირული მძივსაკიდები და სხვა. აღსანიშნავია ლითონის მხატვრული ნაწარმი: ცხვრის თავის სტილიყებული გამოსახულებებით შემკული ცულები, წყვილი დათვის ქანდაკება და სხვა. ძვ. წ. XIII—ძვ. წ. VIII საუკუნეებში სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს კოლხური ცულები, ფართოქედიანი სატევრები, სწორკუთხა აბზინდები, ხვეული სამაჯურები, საკისრე რგოლები, ნამგალი, თოხი, ლითონისა და თიხის ჭურჭელი, ვერძის ქანდაკებები, ძაღლის ქანდაკება და გველის გამოსახულებანი. ვრილის მოსახლეობა ცხოვრობდა ქვის შენობებში. მისდევდა მესაქონლეობას, სპილენძის მოპოვება-დამუშავებას. მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული კავშირი ჰქონდა ახალნდელი დიგორის, ზზემო იმერეთის, შიდა ქართლის ჩრდილოეთ ზოლის და თრიალეთის მოსახლეობასთან.

ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებში იარაღი (ცულები, მახვილები, დანები, ლაგმები) უმთავრესად რკინისაგან მზადდებოდა, ხოლო სამკაული, ჭურჭელი, ცხენის აკაზმულობის ნაწილები და მხატვრული ნაწარმი — ბრინჯაოსაგან.

ანტიკური ხანის სამარხებში (ძვ. წ. VI—ახ. წ. IV სს.) აღმოჩნდა ოქროსა და ვერცხლის საკისრე რკალები, სხივებიანი საყურეები, ბრინჯაოს ჭვირული აბზინდები, ქარვისა და ფერადი მინის მძივები, ეგვიპტური იეროგლიფებით შემკული სკარაბეები, ბერძნული მახაირას ტიპის რკინის მახვილები, სატევრები, აკინაკები, სკვითური ტიპის ბრინჯაოს ისრისპირები. ადრინდელი ანტიკური ხანის სამარხებში აღმოჩნდა ფერადი მინის არიბალოსი და სურნელოვანი სითხით სავსე ამფორისკი. აგრეთვე ბერძნული შავლაქიანი სკიფოსის ნატეხები. აღმოჩენილი მასალა მოწმობს, ბრილის მოსახლეობის კავშირს ანტიკურ სამყაროსთან. ძვ. წ. დასასრულს ვრცელდება ქართული ოქროს მონეტები, რაც სასაქონლო-ფულადი ურთიერთობისა და ვაჭრობის განვითარებაზე მიუთითებს.

  • გობეჯიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 522.
  • „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 111-115.
  • გობეჯიშვილი გ., არქეოლოგიური გათხრები საბჭოთა საქართველოში, თბილისი, 1952
  • მაკალათია, ს., მთის რაჭა, ტფილისი 1930
  1. იოსელიანი, ხ., „სვანეთის მთიულეთის საეკლესიო საგანძური“ // ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძიებანი, ტ. XVII, თბილისი: ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, 2015. — გვ. 122.