შინაარსზე გადასვლა

ბოლესლავ სტატკოვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოლესლავ იგნატის ძე სტატკოვსკი, ბერნარდ-ბოლესლავ კოსცეშა-სტატკოვსკი, (პოლ. Bolesław Statkowski; რუს. Болеслав Игнатьевич Статковский) (დ. 20 მაისი, 1825, სოფ. ხვოროსნა, მინსკის გუბერნია, ახლანდ. ბრესტის ოლქი, ბელარუსი, — გ. 22 თებერვალი, 1898, ქ. იალტა, ახლანდ. ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა, უკრაინა) — პოლონური წარმოშობის რუსი საგზაო ინჟინერი, პუბლიცისტი. ძირითადად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში.

დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინერთა კორპუსის ინსტიტუტი (1847), რის შემდეგაც პორუჩიკის ჩინით გაგზავნეს კავკასიაში. 1857 წელს სტაჟირების მიზნით იმყოფებოდა შვეიცარიაში, ბელგიასა და საფრანგეთში. კავკასიაში სამსახურის დროს შეადგინა საქართველოს სამხედრო გზის რეკონსტრუქციის პროექტი (დააპროექტა გუდაური-მლეთის მონაკვეთი — ე. წ. მლეთის დაღმართი), თავმჯდომარეობდა ყაზბეგის პერიოდული მეწყრების შემსწავლელ კომისიას (1864-1865). მსახურობდა ფოთი-თბილისის რკინიგზის, 1880 წლიდან — ამიერკავკასიის რკინიგზის ინსპექტორად. 1889 წლიდან გარდაცვალებამდე იყო კავკასიის ოლქის მიმოსვლის გზათა უფროსი. სტატკოვსკი ასევე იყო რუსეთის საიმპერატორო ტექნიკური საზოგადოების კავკასიის განყოფილების თავმჯდომარე და ბუნებისმეტყველების მოყვარულთა საზოგადოების კავკასიური ალპური კლუბის დამფუძნებელი. არჩეული იყო თბილისის საქალაქო საკრებულოს ხმოსნად (მეორე თანრიგით, 1891). ჰქონდა პოლკოვნიკის სამხედრო (1863) და საიდუმლო მრჩევლის სამოქალაქო (1889) წოდებები. გამოქვეყნებული ჰქონდა არაერთი ნაშრომი, მ. შ., კავკასიის კლიმატოლოგიის, გეოლოგიის და სხვა საკითხების შესახებ. დაჯილდოებული იყო წმ. ანას III (1858), II (საიმპერატორო გვირგვინით, 1873) და I (1893), წმ. ვლადიმერის IV (1866) და III (1879), წმ. სტანისლავის I (1883) ხარისხის ორდენებით. გარდაიცვალა იალტაში 1898 წელს. დაკრძალეს თბილისში, სოლოლაკის კათოლიკურ სასაფლაოზე.

  • Железная дорога через хребет Кавказских гор, для соединения Владикавказа с Тифлисом / (Чит. в заседании Кавк. отд. Рус. техн. о-ва 7 апр. 1872 г.) Б.И. Статковским. - Тифлис : тип. Меликова и Ко, 1872. - 20 с. + [2] вкл. л. карт.
  • Кратчайшее соединение Закавказья с Россией железным путем / [Б. Статковский]. - Тифлис : тип. Меликова, [1878]. - 54 с.
  • Задачи климатологии Кавказа [Текст] : (читано в заседаниях Кавк. о-ва любителей естествознания 20, 21 и 29 марта 1878 г.) / [соч.] Б. Статковского. - Санкт-Петербург : Рус. скоропеч. (П.С. Нахимова), 1878. - [4], VI, 285 с.
  • Микроскопические организмы и наблюдения над ними в Парижской обсерватории Монсури : Чит. в засед. О-ва 2 и 23 марта 1882 г. Б.И. Статковским / Кавказское о-во любителей естествознания и альпийского клуба. - Тифлис : тип. А.А. Михельсона, 1882 (ქართული თარგმანი ი. კერესელიძისა — „მიკროსკოპიულნი ორგანიზმნი და მათი გამოკვლევა პარიჟის მანსურიის ობსერვატორიაში“, ტფ., 1883).
  • О причинах происхождения казбекского завала : Исслед. инж. Б.И. Статковского. - Тифлис : тип. Я.И. Либермана, ценз. 1887. - [2], 64 с.
  • Прекращение овражных выносов и возобновление лесов на горах / [Соч.] Б.И. Статковского]. - Тифлис : тип. Я.И. Либермана, 1895. - 44 с. ; - (Записки Кавказского отделения Русского технического общества ; Т. 22, 1895, вып. 5).