ბალთანის სამაროვანი
ბისოს ბალთანის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ხევსურეთის არაგვის მარცხენა ნაპირზე, ფართო ტერასაზე, სოფელ ბისოდან დასავლეთით, 200 მეტრის მანძილზე. თარიღდება XII-XIII საუკუნეებით. 1989 წელს გათხარა ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის არქეოლოგიის კვლევის ცენტრის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ექსპედიციამ.
სამაროვანზე გათხრილია ოთხი ქვისსამარხი და მასი მიწისქვეშა აკლდამა. დაკრძალვის პოზა ქრისტიანულია, მხოლოდ ერთ სამარხშია ზურგზე გაშოტილი ჩონჩხი მკვეთრად მოხრილი ფეხებით. ეს ერთადერთი სამარხია ინდივიდუალური, დანარჩენი საოჯახოა. გათხრისას აღმოჩნდა მცირე ზომის თიხის ჭრაქები შიდაპირზე ძლიერი ცეცხლის კვალით, მოჩალისფროდ გამომწვარი თიხის ცალყურა სასმისი, ბრინჯაოს სასაფეთქლე რგოლები, სამაჯურები, ღილები, აბზინდა, რკინის ბეჭედი, დანები ისრისპირი, მინის მძივები და სხვა.
მასალა ინახება არქეოლოგიის კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რჩეულიშვილი გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 228.