ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის პოსტერი
შეიქმნა 1 ივლისი, 1917
ტიპი სამეცნიერო დაწესებულება
შტაბ-ბინა თბილისი
მდებარეობა საქართველო
დირექტორი გიორგი ჭეიშვილი
ატარებს სახელს ივანე ჯავახიშვილი
ქვეყანა საქართველო
ყოფილი სახელი კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტი
კავკასიისმცოდნეობის ინსტიტუტი
ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი
ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი
http://institutehist.ucoz.net/

ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი — სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი საქართველოში. სათავეს იღებს 1917 წლის 1-ელ ივლისს თბილისში დაარსებული „კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტიდან“, რომლის შექმნის ინიციატორიც ნიკო მარი, ხოლო ნამდვილი წევრები ექვთიმე თაყაიშვილი და გიორგი ჩუბინაშვილი იყვნენ.[⇨] 1931 წელს ინსტიტუტს ბუნებისმეტყველების განყოფილება დაემატა და „კავკასიისმცოდნეობის ინსტიტუტი“ ეწოდა.[⇨]

1936 წელს, მორიგი რეორგანიზაციის შემდეგ, ინსტიტუტს „აკადემიკოს ნიკო მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი“ ეწოდა, რომლის მუდმივ კონსულტანტად ივანე ჯავახიშვილი იყო მოწვეული. „ენიმკი“ ქართველურ ენათა, კავკასიურ ენათა, ლექსიკოლოგიისა და სამეცნიერო ტერმიონოლოგიის, ახლო აღმოსავლეთის ენათა, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ანთროპოლოგიის, ისტორიის, ფილოლოგიის, ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილებებს, ფონეტიკისა და ნ. მარის კაბინეტებს მოიცავდა .[⇨]

1941 წლის 8 მაისს „ენიმკი“ გაიყო და მის ბაზაზე ორი ინსტიტუტი შეიქმნა: ისტორიის ინსტიტუტი და აკად. ნ. მარის ენის ინსტიტუტი.[⇨] არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული სამუშაოების გაფართოების გამო, 1964 წელს ისტორიის ინსტიტუტს „ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი“ ეწოდა.[⇨]

1977 წელს „ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტს“ არქეოლოგიური განყოფილება გამოეყო, რომელიც დამოუკიდებელ კვლევის ცენტრად ჩამოყალიბდა. 2006 წლიდან ინსტიტუტი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი“ გახდა.[⇨]

ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ჩუბინაშვილი, სიმონ ჯანაშია, გიორგი ახვლედიანი, ნიკო ბერძენიშვილი, ვუკოლ ბერიძე, გიორგი ნიორაძე, აკაკი შანიძე, ვარლამ თოფურია, გიორგი წერეთელი, არნოლდ ჩიქობავა, გიორგი მელიქიშვილი, სიმონ ყაუხჩიშვილი, ვერა ბარდაველიძე, გიორგი ჩიტაია და სხვ. დაარსებიდან დღემდე ინსტიტუტი საქართველოს ისტორიისა და ქართველი ხალხის ყოფისა და კულტურის შემსწავლელი ძირითადი ცენტრია.

კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკო მარი ― კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტის დამფუძნებელი

ნიკო მარმა თბილისში მეცნიერებათა აკადემიის შექმნის პროექტი ჯერ კიდევ 1906 წელს შეადგინა, მაგრამ იმ დროისთვის პროექტი ვერ განხორციელდა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ინსტიტუტის დაარსების იდეა რეალური გახდა. იმავე წლის 6 ივნისს რუსეთის განათლების სამინისტრომ კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტის წესდება და დროებითი შტატები დაამტკიცა. ინსტიტუტის დაარსების ოფიციალურ თარიღად 1917 წლის 1-ლი ივლისი ითვლება.[1]

კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტის მთავარი დანიშნულება კავკასიისა და მონათესავე ხალხების (ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობა) ენის, ისტორიისა და ყოფა-ცხოვრების შესწავლა, კავკასიიმცოდნეობასთან დაკავშირებული დისციპლინების განვითარება და კავკასიის მატერიალური და არამატერიალური კულტურის ნიმუშების დაცვა იყო.[2]

1917 წლის 6 სექტემბერს, წესდების შესაბამისად, ინსტიტუტის ნამდვილ წევრებად ექვთიმე თაყაიშვილი და გიორგი ჩუბინაშვილი, ხოლო ადიუნქტებად (უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად) დიმიტრი გორდეევი და სირაკან ტიგრანიანი აირჩიეს. ერთი წლით სწავლული მდივნის მოვალეობას ალექსანდრე შჩეპოტიევი ასრულებდა, შემდეგ კი ― დიმიტრი გორდეევი.

1917 წლის დეკემბერში სამეცნიერო საბჭოს დადგენილებით, 45 მეცნიერს ინსტიტუტის დაარსების შესახებ შეტყობინებები დაუგზავნეს და მათ საქმიანობაში წევრი-თანამშრომლის სტატუსით ჩართვა სთხოვეს. ადრესატებს შორის იყვნენ: ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, პავლე ინგოროყვა, იუსტინე აბულაძე, ივანე ორბელი, ვუკოლ ბერიძე, ლეონ მელიქსეთ-ბეგი და სხვ. თუმცა მიმართვას მხოლოდ 9 მეცნიერი გამოეხმაურა.[1]

1919 წელს გიორგი ჩუბინაშვილმა წნორისა და ატენის (ნაწილობრივ) გეგმები შეადგინა. ექვთიმე თაყაიშვილმა დასავლეთ საქართველოში ქუთაისისა და რაჭის ეკლესია-მონასტრები მოიარა და საეკლესიო ნივთები აღწერა. დიმიტრი გორდეევი ერთ თვეს სამეგრელოში მუშაობდა. ამავე წელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ ინსტიტუტში ქართულ ხელნაწერებზე სამუშაოდ პროფესორი რობერტ ბლეიკი მოავლინა.[1]

გიორგი ჩუბინაშვილი ― კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტის ნამდვილი წევრი 1917-1924 წლებში

1922-1931 წლებში ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა რიცხვი 7-ს არ აღემატებოდა. 1921 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოდან საფრანგეთში გატანილ განძს მცველად გაჰყვა და ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაც დატოვა.[3] 1924 წელს ინსტიტუტი გიორგი ჩუბინაშვილმაც დატოვა. სხვადასვა დროს ინსტიტუტში მუშაობა დაიწყეს: სარგის კაკაბაძემ (1922), მიხეილ პოლიევქტოვმა და ლეონ მელიქსეთ-ბეგმა (1924), ვლადიმერ ფუთურიძემ და ვერა ბარდაველიძემ (1930). 1924 წელს ინსტიტუტის სააპტიო წევრად ვასილ ბართოლდი აირჩიეს.[1]

1928 წელს სარგის კაკაბაძის ხელმძღვანელობით ინსტიტუტში თბილისის, მცხეთის და მათი რაიონების შემსწავლელი კომისია შეიქმნა, რომელმაც სიონის, ანჩისხატის, ვანქისა და სხვ. ეკლესიები გამოიკვლია.

ინსტიტუტის პირველი პერიოდული ორგანო „Известия Кавказского историко-археологического института в Тифлисе“ 1923 წლიდან, ხოლო მეორე „Бюллетень Кавказского историко-археологического института в Тифлисе“ 1928 წლიდან გამოდიოდა.[1]

ექსპედიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა სამეცნიერო ექსპედიციებს ისტორიული ძეგლების შესასწავლად. 1917 წლის ზაფხულში ნიკო მარის ინიციატივით, ექსპედიციები მოეწყო ლაზეთსა და მესხეთში. თვენახევრის მანძილზე იოსებ ყიფშიძემ ლაზეთში იმოგზაურა და ჭანური ტექსტები შეკრიბა,[4] რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ, 1937 წელს „ენიმკის მოამბეში“ გამოაქვეყნდა.[5] დავით ყიფშიძემ, ს. ლომიამ და დიმიტრი გორდეევმა მესხეთში იმოგზაურეს. დავით ყიფშიძემ ვარძიის დიდი ტაძრის ფრესკები, ხოლო დიმიტრი გორდეევმა საფარის, ჭულისა და ზარზმის ტაძრების კედლის მხატვრობა შეისწავლა. ინსტიტუტის ორგანიზებით, სამეცნიერო ექსპედიციები მოეწყო ლორეს პროვინციაში, გორში, წილკანსა და საგურამოში, ასევე დასავლეთ საქართველოს რეგიონებში. ეთნოგრაფიული ექსპედიცია მოეწყო აფხაზეთში.[1]

კავკასიისმცოდნეობის ინსტიტუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვერა ბარდაველიძე ― ინსტიტუტის ეთნოლოგიის განყოფილების თანამშრომელი 1930-1970 წლებში

1931 წელს კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიურ ინსტიტუტს ბუნებისმეტყველების განყოფილება დაემატა და „სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის კავკასიისმცოდნეობის ინსტიტუტი“ ეწოდა. ინსტიტუტში საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებები შეიქმნა. ეს უკანასკნელი თავის მხრივ ორ სექტორად: მეტყველების კულტურის (ენა, ლიტერატურა, ფოლკლორი, ტოპონიმიკა) და ისტორიის, ეკონომიკისა და მატერიალური კულტურის სექტორებად გაიყო.[1]

1930-იან წლებში ინსტიტუტის სახელწოდების ცვლილებასთან ერთად სტრუქტურული ცვლილებებიც განხორციელდა. ინსტიტუტში უფროსი სპეციალისტის, მეცნიერი სპეციალისტისა და სხვადასხვა თანრიგის მეცნიერ-თანამშრომელთა თანამდებობები ჩამოყალიბდა. ამავე პერიოდში ინსტიტუტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიც შეუერთდნენ. 1930 წლიდან ინსტიტუში მუშაობდნენ: გიორგი ნიორაძე, ვლადიმერი ფუთურიძე, ვერა ბარდაველიძე, მიხეილ პოლიევქტოვი; 1934 წლიდან: გიორგი ხაჭაპურიძე, კარპეზ დონდუა, გრიგოლ ნათაძე, შალვა ამირანაშვილი, ნიკოლოზ ბერძენიშვილი,[6] სერგი ჟღენტი, გიორგი წერეთელი,[7] მაკარ ხუბუა; 1935 წლიდან: სიმონ ჯანაშია,[8] რუსუდან ხარაძე, აკაკი შანიძე,[9], გიორგი ჩიტაია,[10] გიორგი ახვლედიანი.[11][1]

1930-იან წლებში ინსტიტუტში ასპირანტურის განყოფილება შეიქმნა, რომლის პირველი გამოშვება 1934 წელს მოეწყო. იმავე წლის 20 დეკემბერს ნიკო მარი გარდაიცვალა. მომდევნო წლის დასაწყისში ინსტიტუტს მისი სახელი ეწოდა. 1934 წელს ინსტიტუტში ისტორიისა და მატერიალური კულტურის და ლიტერატურისა და ენის სექტორები ამოქმედდა, მომდევნო წელს ― ახლო აღმოსავლეთისა და ეთნოგრაფიის სექტორები, ხოლო 1936 წელს ― საქართველოს ისტორიის სექტორი, რომელშიც თავდაპირველად მხოლოდ სამი მეცნიერი მუშაობდა: ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშია და ნიკო ბერძენიშვილი.[1]

1936 წლის 25 მარტს ინსტიტუტში 8 სექტორი ჩამოყალიბდა: ამიერკავკასიის ხალხთა ისტორიის, ამიერკავკასიის ხალხთა ენების, ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის, საქართველოს ისტორიის, ქართული ლიტერატურის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების, გეოგრაფიის სექტორები და ნიკო მარის სახელობის კაბინეტი.[1]

1935-1936 წლებში ინსტიტუტს დანიშნულებისა და მიმართულების შესაბამისად, სახელი რამდენჯერმე შეეცვალა. 1936 წლის 27 თებერვალს, საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის პრეზიდიუმის დადგენილებით, მას „აკადემიკოს ნიკო მარის სახელობის ამიერკავკასიის ხალხთა ისტორიის, მატერიალური კულტურის, ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტი“ ეწოდა. იმავე წლის ივლისში ინსტიტუტის სახელწოდებაში მცირე ცვლილებები შევიდა და საბოლოოდ, „აკად. ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი“ (შემოკლებით „ენიმკი“) ეწოდა. იმავე წელს ინსტიტუტის დირექტორად სიმონ ჯანაშია დაინიშნა,[8] ხოლო მუდმივ მეცნიერ-კონსულტანტად ― ივანე ჯავახიშვილი.[6][1]

ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმონ ჯანაშია ― ინსტიტუტის ისტორიის სექტორის ხელმძღვანელი (1937-1939) და დირექტორი (1936-1947)

აკადემიკოს ნიკო მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი მიხეილ ლერმონტოვის ქუჩაზე, N3 სახლში იყო განთავსებული. ვლადიმერ მაჭავარიანის შეფასებით, „ენიმკის“ „სულიერი მეთაური ივანე ჯავახიშვილი იყო, ხოლო საქმის უშუალო წარმმართველი ― სიმონ ჯანაშია“.[12]

1936 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატთან არსებული არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური ინსტიტუტები გაუქმდა და „ენიმკის“ ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის სექტორს შეუერთდა, ხოლო სატერმინოლოგიო კომიტეტი ინსტიტუტში სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებად ჩამოყალიბდა, რომლის ხელმძღვანელადაც ვუკოლ ბერიძე დაინიშნა.[13] არქეოლოგიის, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის სექტორის ხელმძღვანელად გიორგი ნიორაძე, ხოლო ანთროპოლოგიის სექტორის ხელმძღვანელად ალექსანდრე ნათიშვილი დაინიშნა. „ენიმკის“ ქართული ლიტერატურის სექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტს გადაეცა.[14]

1937 წელს ინსტიტუტის სექტორებად დაყოფა გაუქმდა და განყოფილებები ჩამოყალიბდა. ამიერკავკასიის ხალხთა ისტორიისა და საქართველოს ისტორიის სექტორები ისტორიის განყოფილებაში გაერთიანდა, რომლის ხელმძღვანელადაც სიმონ ჯანაშია დაინიშნა, 1939 წლიდან კი, ნიკოლოზ ბერძენიშვილი.[6] 1938 წელს ანთროპოლოგიის სექცია დაიხურა, ხოლო ეთნოგრაფიის სექცია ცალკე განყოფილებად ჩამოყალიბდა. მომდევნო წელს ფილოლოგიის განყოფილება შეიქმნა, ლექსიკოლოგიისა და მეცნიერული ტერმინოლოგიის განყოფილებები გაერთიანდა და ორი კაბინეტის ბაზაზე ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილება შეიქმნა.[14]

1940 წლისთვის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში ცხრა განყოფილება ფუნქციონირებდა:

  1. ქართველურ ენათა განყოფილება (ხელმძღვანელი აკაკი შანიძე)[9]
  2. კავკასიურ ენათა განყოფილება (ხელ. არნოლდ ჩიქობავა)[15]
  3. ლექსიკოლოგიისა და ტერმინოლოგიის განყოფილება (ხელ. ვუკოლ ბერიძე)[13]
  4. ისტორიის განყოფილება (ხელ. სიმონ ჯანაშია,[8] 1939 წლიდან ― ნიკო ბერძენიშვილი)[6]
  5. ეთნოგრაფიის განყოფილება (ხელ. გიორგი ჩიტაია)[10]
  6. არქეოლოგიის განყოფილება (ხელ. გიორგი ნიორაძე)
  7. ახლო აღმოსავლეთის ენათა განყოფილება (ხელ. გიორგი წერეთელი)[7]
  8. ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილება (ხელ. გიორგი ახვლედიანი)[11]
  9. ფილოლოგიის განყოფილება (ხელ. აკაკი შანიძე, 1940 წლიდან ― სიმონ ყაუხჩიშვილი)

1939 წლის 7 ნოემბერს „ენიმკის“ სამეცნიერო საბჭოს საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების მიღებისა და სამეცნიერო ხარისხის მინიჭების უფლება მიეცა. მომდევნო წლის 29 დეკემბერს დისერტაცია დაიცვა ეთნოგრაფიის განყოფილების უმცროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ალექსი რობაქიძემ. ეს ინსტიტუტში დაცული პირველი დისერტაცია იყო.[14]

სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არნოლდ ჩიქობავა ― მთის კავკასიურ ენათა განყოფილების ხელმძღვანელი

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიის დარგში ინსტიტუტის კვლევა-ძიებაში წამყვანი ადგილი ეკავა საქართველოს ძველი პერიოდისა და ფეოდალური ხანის საკვანძო საკითხებს, ქართველურ ტომთა წარმომავლობასა და განსახლების სივრცეს, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ისტორიას, საქართველოსა და კავკასიის, საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ურთიერთობებს და ა.შ. სამეცნიერო კვლევა-ძიება ქართული და უცხოური წყაროების მოძიებაზე, დამუშავებასა და გამოცემაზე იყო მიმართული.

1939 წელს XIII-XVIII საუკუნის საქართველოს ისტორიის საკითხებზე მონოგრაფიული გამოკვლევა გამოსცეს ივანე ჯავახიშვილმა და ნიკო ბერძენიშვილმა, მომდევნო წელს კი, მათი და სიმონ ჯანაშიას ავტორობით, საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო გამოიცა.ე.[14]

არქეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგიის დარგში ინსტიტუტის საქმიანობაში წამყვანი ადგილი ეკავა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სისტემატური არქეოლოგიური გათხრების ჩატარებას, მოპოვებული მასალების დამუშავებასა და გამოქვეყნებას. ივანე ჯავახიშვილი არქეოლოგიური სამუშაოების გეგმაზომიერად წარმართვას მოითხოვდა.[16]

„ენიმკის“ მეცნიერ-თანამშრომელთა ხელმძღვანელობით არქეოლოგიური ექსპედიციები მოეწყო: არხილოსკალოში (1937), კასპში (1937),[17] ღებში (1938),[18] დაბლაგომში (1936), ბოლნისში (1936), ალაზნის ველზე, საფარლოს მახლობლად (1937), სოფელ ოდიშში (1937), კოლხეთის დაბლობზე, სოფელ დიდ განთიადში, ძირულას ხეობაში (1939), ჩხოროწყუში (1939), სამშვილდეში (1939). განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1937 წელს არმაზისხევის შესართავთან მცხეთის სისტემატური შესწავლის დაწყება.[2]

ეთნოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ჩიტაია ― ეთნოგრაფიული განყოფილების ხელმძღვანელი

ეთნოგრაფიის დარგში ინსტიტუტის საქმიანობაში სისტემატური სახე მიეცა საველე ეთნოგრაფიულ სამუშაოებს, მოპოვებული მასალების დამუშავებასა და გამოქვეყნებას. 1937 წელს, გიორგი ჩიტაიას ხელმძღვანელობით, ეთნოგრაფიის განყოფილებამ კომპლექსური ექსპედიცია მოაწყო იმერეთში, ბაღდათის რაიონში, თელავის რაიონსა და ზემო სვანეთში.[17] 1939 წელს ეთნოგრაფიული ექსპედიციები მოეწყო რაჭაში, თიანეთში, პირიქითა ხევსურეთში, ქიზიყში, ფშავში, პატარა ლიახვისა და მეჯუდის ხეობებში.[19]

ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის არსებობის პერიოდში ქართველმა ეთნოგრაფებმა გამოაქვეყნეს მონოგრაფიები და ეთნოგრაფიული ნაშრომები: „ქართული ხალხური ორნამენტი I: ხევსურული“,[20]„სხვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი I: ახალწლის ციკლი“,[21] „დიდი ოჯახის გადმონაშთები სვანეთში“,[22] „კოლექტიური ნადირობის გადმონაშთები რაჭაში“,[23]„აღმოსავლეთ საქართველოს ქართველი მთიელების სასულიერო ტექსტები“[24] და ა.შ. ინსტიტუტის საქმიანობის შედეგად გამოიცა საქართველოს ისტორიის ქართული ძეგლები, საქართველოს ისტორიის უცხოური წყაროები და სხვ.[14]

ინსტიტუტში ორი პერიოდული ორგანო დაარსდა: „აკად. ნ. მარის სახელობის ენის ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მოამბე“ („ენიმკის მოამბე“), რომლის 14 ნომერიც 1937-1944 წლებში გამოიცა. ამავე პერიოდში დაიბეჭდა „მასალები საქართველოს და კავკასიის ეთნოგრაფიისთვის“, 23 ნომერი, 1938-1940 წლებში კი, „მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისთვის“, 6 ნომერი.[14]

1941 წლის 8 მაისს, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ბრძანებით, აკად. ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი ენისა და ისტორიის ინსტიტუტებად გაიყო. ორად გაყოფის შემდეგ, 1943 წლამდე სიმონ ჯანაშია ერთდროულად იყო ორივე ინსტიტუტის დირექტორი, ხოლო 1947 წლამდე, გარდაცვალებამდე მხოლოდ ისტორიის ინსტიტუტის დირექტორად დარჩა.[8]

ისტორიის ინსტიტუტი მეორე მსოფლიო ომის დროს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმონ ყაუხჩიშვილი ― ფილოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი

მეორე მსოფლიო ომის ინსტიტუტში სამეცნიერო-პოპულარული ნაწარმოებების ორი სერია: „ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ“ და „წითელარმიელის ბიბლიოთეკა“ შეიქმნა. ამ სერიების ფარგლებში გამოიცა ნიკო ბერძენიშვილის „თათართა ბატონობის ხანა“ (1941),[25] სიმონ ჯანაშიას „ქართლის ცხოვრების ძველი და ახალი ფურცლები“ (1942)[26] ვალერიან გაბაშვილის „თათართა შემოსევები საქართველოში: ბაგრატ V და გიორგი VI“ (1943),[27] მამია დუმბაძის „გენერალი ივანე ანდრონიკაშვილი“[28] (1943), შოთა მესხიას „ერთი ფურცელი ქართველთა გმირული წარსულიდან“[29] და სხვ.

ქართული და უცხოური საისტორიო წყაროების მეცნიერულ-კრიტიკული შესწავლა და გამოსაცემად მომზადება ფილოლოგიის განყოფილებას ევალებოდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით გამოიცა „ანასეული ქართლის ცხოვრება“.[30] განყოფილებაში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა საქართველოს შესახებ სპარსული წყაროების თარგმნასა და გამოქვეყნებაში.[31]

1941 წლის ივლისიდან მცხეთა-არმაზისა და დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური გათხრები შეწყდა. მცხეთა-არმაზის სისტემატური არქეოლოგიური სამუშაოები მხოლოდ 1943 წლის სექტემბრიდან განახლდა. ორი წლის შემდეგ გათხრები დაიწყო კოლხეთში.[31]

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ერთნოგრაფიის განყოფილება სამი მიმართულებით მუშაობდა: ქართველურ ტომთა ძველი მეურნეობისა და მატერიალური კულტურის გადმონაშთების შესწავლა; ქართველ ტომთა ძველი სოციალური ურთიერთობების გადმონაშთების შესწავლა და ქართველ ტომთა სულიერი კულტურის გადმონაშთების შესწავლა. 1943 წელს კომპლექსური ეთნოგრაფიული ექპედიცია მოეწყო ხევსურეთში, მომდევნო წელს: სვანეთში, ხევსურეთში, გურიასა და გუდამაყარში, 1945 წელს კი, გუდამაყარ-ხანდოს ხეობასა და ზემო სვანეთში.[31]

1943 წელს ისტორიის ინსტიტუტს აკად. ივანე ჯავახიშვილის სახელი ეწოდა. 1944-1945 წლებში ისტორიის ინსტიტუტში ფილოსოფიის, ქართული მუსიკალური ფოლკლორისა და ქართული ხალხური მედიცინის ისტორიის განყოფილებები გაიხსნა. 1946 წელს ფილოსოფიის განყოფილება ინსტიტუტს გამოეყო და ცალკე ინსტიტუტად ჩამოყალიბდა.[31]

ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1964 წელს ისტორიის ინსტიტუტს „ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი“ ეწოდა. ცხრილში მოცემულია ინსტიტუტის განყოფილებების სტრუქტურის, შემადგენლობისა და ცვლილებების შესახებ ინფორმაცია 1987 წლისთვის:[32]

განყოფილებების ისტორია და სტრუქტურა
განყოფილება დაარსების თარიღი ხელმძღვანელ(ებ)ი ისტორია ცნობილი მოღვაწეები
ძველი ისტორიის განყოფილება 1954 წელი გიორგი მელიქიშვილი (1954 წლიდან) ჩამოყალიბდა ისტორიის განყოფილების სამად გაყოფის შემდეგ. 1987 წლისთვის განყოფილებაში 18 თანამშრომელი მუშაობდა. მერი ინაძე, დავით ხახუტაიშვილი, გრიგოლ გიორგაძე, ნანა ხაზარაძე, ჯემალ შარაშენიძე, მანანა ხვედელიძე, ლევან გორდეზიანი, ლაშა ჯანაშია, ნოდარ ლომოური, გურამ მამულია, მანანა ხიდაშელი, გურამ ყორანაშვილი
ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის განყოფილება 1954 წელი ნიკოლოზ ბერძენიშვილი (1954-1960), მამია დუმბაძე (1960 წლიდან) ჩამოყალიბდა ისტორიის განყოფილების სამად გაყოფის შემდეგ. 1987 წლისთვის განყოფილებაში 27 თანამშრომელი მუშაობდა. შოთა მესხია, ოლღა სოსელია, ვალერიან გაბაშვილი, დავით გვრიტიშვილი, ვარლამ დონდუა, ვიქტორ გუჩუა, ზურაბ ანჩაბაძე
ახალი ისტორიის განყოფილება 1954 წელი პროკოფი რატიანი (1953-1957), ირაკლი ანთელავა (1957-1978) ჩამოყალიბდა ისტორიის განყოფილების სამად გაყოფის შემდეგ. 1964 წლამდე ეწოდებოდა „კაპიტალიზმის ხანის ისტორიის განყოფილება“. 1987 წლისთვის განყოფილებაში 18 თანამშრომელი მუშაობდა. მაქსიმე ბერძნიშვილი, ედიშერ ხოშტარია-ბროსე, ოთარ ჟორდანია, ტროფიმე ხუნდაძე, გივი ჯამბურია, მანანა ქიქოძე, დერმიშა გოგოლაძე, ალექსანდრე ბენდიანიშვილი
საბჭოთა საქართველოს ისტორიის განყოფილება 1950 წლის 31 იანვარი გიორგი ხაჭაპურიძე (1950-1957), იური კაჭარავა (1958-) ჩამოყალიბდა „სამამულო ომის ისტორიის შემსწავლელი კომისიის“ ბაზაზე. შემდგომში განყოფილების ბაზაზე შეიქმნა სამი ახალი განყოფილება: სოციალისტური რევოლუცის ისტორიის, დიდი სამამულო ომის ისტორიისა და ფაბრიკა-ქარხნების, კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების ისტორიის განყოფილებები. 1987 წლისთვის განყოფილებაში 22 თანამშრომელი მუშაობდა. აკაკი სურგულაძე, ილია მირცხულავა, ცეცილია კალანდაძე, სანდრო ჩხარტიშვილი, ნიკოლოზ მახარაძე, სავლე შარიქაძე, ლევან თოიძე, ფარნა ლომაშვილი, ჯუანშერ ვათეიშვილი
დიდი სამამულო ომის პერიოდის საქართველოს ისტორიის განყოფილება 1975 წლის მაისი ნ. სტურუა (1975-1984), მაყვალა ნათმელაძე (1984 წლიდან) ჩამოყალიბდა საბჭოთა საქართველოს ისტორიის განყოფილების ბაზაზე. ივანე ბაბალაშვილი, ელვერ კუპატაძე, გიზო ნიშნიანიძე,
საქართველოს სსრ შრომითი კოლექტივების ისტორიის განყოფილება 1976 ალექსანდრე კოჭლავაშვილი (1976-1977), სანდრო ჩხარტიშვილი (1977-1985), მიხეილ სამსონაძე (1985 წლიდან) ჩამოყალიბდა საქართველოს სსრ-ის ქალაქების, სოფლების, ფაბრიკების, ქარხნების, კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების ისტორიის შემსწავლელი საპრობლემო ჯგუფის ბაზაზე. 1987 წლისთვის განყოფილებაში 10 თანამშრომელი მუშაობდა. ალექსანდრე დაუშვილი
საქართველოს ძველი და შუა საუკუნეების ისტორიის წყაროთმცოდნეობის განყოფილება 1963 წელი რ. კიკნაძე (1969 წლიდან) ჯერ კიდევ „ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში“ ჩაეყარა საფუძველი, ფილოლოგიის განყოფილებაში, სადაც ქართულ და უცხოურ წყაროებს შეისწავლიდნენ და გამოსცემდნენ. 1941 წლის შემდეგ განყოფილება სხვადასხვა სახელით არსებობდა: 1948 წლიდან ბიზანტიოლოგიის განყოფილება ერქვა, ხოლო 1954 წლიდან წყაროთა პუბლიკაციის განყოფილება ეწოდა, 1963 წელს კი ― წყაროთმცოდნეობის განყოფილება. 1987 წლისთვის განყოფილებაში 21 თანამშრომელი მუშაობდა. ვარლამ ფუთურიძე, მაქსიმე ბერძნიშვილი, ალექსანდრე გამყრელიძე, თინათინ ყაუხჩიშვილი, თინა ენუქიძე, ლიანა დავლიანიძე, მარიამ ჩხარტიშვილი
ისტორიული მეცნიერებისა და საზოგადოებრივი აზრის ისტორიის განყოფილება 1961 წლის დეკემბერი პროკოფი რატიანი (1961-1987) ჩამოყალიბდა ნიკოლოზ ბერძენიშვილის ინიციატივით. ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიის შესწავლა განყოფილებას 1973 წლიდან დაევალა. 1987 წელს იგი ახალი ისტორიის განყოფილებას შეუერთდა. 1987 წლისთვის განყოფილებაში 11 თანამშრომელი მუშაობდა. გრიგოლ მარგიანი, უშანგი სიდამონიძე, არჩილ ათანელიშვილი, გურამ ყორანაშვილი
საბჭოთა კავშირის ხალხებთან საქართველოს ურთიერთობის ისტორიის განყოფილება 1962 წლის დეკემბერი გიორგი პაიჭაძე (1962 წლიდან) თავდაპირველად ეწოდებოდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიის შემსწავლელი განყოფილება. საქმიანობის გაფართოების შემდეგ, 1966 წელს განყოფილებას ეს სახელი ეწოდა. 1987 წლისთვის განყოფილებაში 10 თანამშრომელი მუშაობდა. ცეცილია კალანდაძე, ჯუანშერ ვათეიშვილი, მზია მგალობლიშვილი, თამარ ტივაძე
კავკასიის ხალხთა ისტორიის განყოფილება 1958 წლის ოქტომბერი ზურაბ ანჩაბაძე (1958-1973), გ. თოგოშვილი (1973 წლიდან) განყოფილება ისტორიის ინსტიტუტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტებისგან ჩამოყალიბდა 1954-1957 წლებში. თავდაპირველად „კავკასიის მთიანეთის ხალხთა ისტორიის განყოფილება“ ეწოდებოდა, შემდეგ ― „საქართველოს კავკასიის ხალხთან ურთიერთობის განყოფილება“, საბოლოოდ კი, „კავკასიის ხალხთა ისტორიის განყოფილება“ ეწოდა. 1987 წლისთვის განყოფილებაში 10 თანამშრომელი მუშაობდა. მიხეილ გონიკიშვილი, ზაირა დიდებულიძე, აკაკი გასვიანი
ევროპის ქვეყნების ისტორიის განყოფილება 1969 წლის დეკემბერი ილია ტაბაღუა (დაარსებიდან) ჩამოყალიბდა 1968 წელს შექმნილი ევროპის ქვეყნების ისტორიის საპრობლემო ჯგუფის ბაზაზე. 1987 წლისთვის განყოფილებაში 19 თანამშრომელი მუშაობდა. იცხაკ დავიდი, ბეჟან გიორგაძე, ვაჟა ჩოჩია, არჩილ ათანელიშვილი
ისტორიული გეოგრაფიის განყოფილება 1955 წლის დეკემბერი კ. მელითაური (1955-1963), დავით მუსხელიშვილი (1970 წლიდან) 1959 წლამდე „ისტორიული გეოგრაფიისა და ვარძიის განყოფილება“ ერქვა. 1963-1967 წლებში წყაროთმცოდნეობის განყოფილებასთან ერთად არსებობდა. 1967 წელს „ისტორიული გეოგრაფიის კაბინეტად“ ჩამოყალიბდა, რომელიც 1970 წელს განყოფილებად გადაკეთდა. 1987 წლისთვის განყოფილებაში 16 თანამშრომელი მუშაობდა. გიორგი ცქიტიშვილი, დევი ბერძენიშვილი
კონკრეტული სოციოლოგიური კვლევის განყოფილება 1966 წელი მიხეილ გეგეშიძე, ა. კაცაძე (1983 წლიდან) შეიქმნა კონკრეტულ-სოციალურ კვლევა-ძიებათა ლაბორატორიის ბაზაზე. 1987 წლისთვის განყოფილებაში 6 თანამშრომელი მუშაობდა. ლევან ფრუიძე, გიორგი წულაძე
საქართველოს სსრ-ის ქალაქებისა და სოფლების ისტორიის განყოფილება 1984 წლის მარტი ჯ. ოდიშელი 1987 წლისთვის განყოფილებაში 9 თანამშრომელი მუშაობდა. მარიამ ლორთქიფანიძე, აკაკი სურგულაძე, თამარ ჩხეიძე,
საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ნუსხისა და სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილება 1974 წლის აპრილი უშანგი სიდამონიძე (დაარსებიდან) თავდაპირველად განყოფილებას მხოლოდ სამეცნიერო-საინფორმაციო საქმიანობა ევალებოდა, 1978 წლიდან კი, საქართველოს მასშტაბით ისტორიის ძეგლთა აღწერილობის შედგენა დაევალა. 1987 წლისთვის განყოფილებაში 7 თანამშრომელი მუშაობდა. ირაკლი ანთელავა, კახაბერ კახაძე, შალვა ვანიშვილი
ეთნოგრაფიის განყოფილება გიორგი ჩიტაია, ალექსი რობაქიძე ეთნოგრაფიის განყოფილება ინსტიტუტის დაარსებიდან მოყოლებული სხვადასხვა სახელწოდებით არსებობდა. 1961-1981 წლებში ეთნოგრაფიის სექტორი საქართველოს ეთნოგრაფიისა და კავკასიის ეთნოგრაფიის განყოფილებებს მოიცავდა. 1964 წელს ეთნოგრაფიის სექტორს შეემატა ანთროპოლოგიის განყოფილება. 1987 წლისთვის ეთნოგრაფიის განყოფილება მოიცავდა ხუთ სექტორს: მატერიალური კულტურისა და სამეურნეო ყოფის ეთნოგრაფიული შესწავლის, სოციალურ ურთიერთობათა ერთნოგრაფიული შესწავლის, სულიერი კულტურის ეთნოგრაფიული შესწავლის, კავკასიის ეთნოგრაფიისა და ანთროპოლოგიის სექტორებს. ვერა ბარდაველიძე, მალხაზ აბდუშელიშვილი, ვალერიან ითონიშვილი, თინათინ ოჩიაური, ნელი ბრეგაძე, აკაკი სოხაძე, გიორგი გოცირიძე, თამილა ცაგარეიშვილი, როლანდ თოფჩიშვილი, ვახტანგ ითონიშვილი, თინა იველაშვილი

ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1977 წელს ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტს არქეოლოგიური განყოფილება გამოეყო, რომელიც დამოუკიდებელ კვლევის ცენტრად ჩამოყალიბდა ოთარ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით.[32]

2006 წელს ინსტიტუტს „ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი“ ეწოდა.

2021 წლის მონაცემებით, ინსტიტუტში ხუთი განყოფილება ფუნქციონირებს: ძველ ქვეყნების ისტორიის (ხელმძღვანელი ლევან გორდეზიანი), შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის (ხელ. მარიამ ჩხარტიშვილი), ახალი და უახლესი ისტორიის (ხელ. ავთანდილ სონღულაშვილი), საქართველოს ეთნოლოგიისა (ხელ. ქეთევან ხუციშვილი) და კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილებები (ხელ. როლანდ თოფჩიშვილი). ინსტიტუტის შემადგენლობაშია ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიაც.

სამეცნიერო კვლევა-ძიება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგიის განყოფილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგიის განყოფილებაში ცნობილი არქეოლოგები: ანდრია აფაქიძე, მიხეილ ივაშჩენკო, გერმანე გობეჯიშვილი, ალექსანდრე კალანდაძე, გიორგი ლომთათიძე, ტარიელ ჩუბინიშვილი, გიორგი ცქიტიშვილი და სხვ. მოღვაწეობდნენ. 1937 წელს ივანე ჯავახიშვილისა და ნიკო ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით დიდი მცხეთის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო, 1947 წელს ― ვანის ნაქალაქარის (ნ. ხოშტარიას ხელმძღვანელობით), 1948-1949 წლებში ― განჯისკარის კერამიკული საწარმოსა და რუსთავის ნაქალაქარის (გიორგი ლომთათიძის ხელმძღვანელობით), 1950 წელს ― საგვარჯილეს ქვის ხანის სადგომის, 1952 წელს ― ბიჭვინთის ნაქალაქარის (ანდრია აფაქიძის ხელმძღვანელობით), 1952 წელს ― ხოვლეგორის და 1958 წელს ― შავიზღვისპირეთის.[33]

1959 წელს არქეოლოგიის განყოფილებას ქვისა და ბრინჯაოს ხანის (ხელმძღვანელი გერმანე გობეჯიშვილი) და ანტიკური ხანის (ხელმძღ. ანდრია აფაქიძე) განყოფილებები გამოეყო. 1965 წელს ინსტიტუტში საქართველოს ქვის ხანისა და საქართველოს შუა საუკუნეების არქეოლოგიის განყოფილებები შეიქმნა. 1972 წელს საქართველოს არქეოლოგიური ძეგლების ნუსხის განყოფილება ამოქმედდა, მომდევნო წელს კი, ენეოლით-ადრე და შუა ბრინჯაოს ხანის საქართველოს არქეოლოგიის განყოფილება, გვიანი ბრინჯაოს ხანის საქართველოს არქეოლოგიის განყოფილება და პალეოურბანისტული კვლევის ლაბორატორია შეიქმნა.[33]

1977 წელს არქეოლოგიური კვლევის ცენტრი დამოუკიდებელ კვლევით ცენტრად ჩამოყალიბდა. ძველი ქვის ხანის საქართველოს არქეოლოგიის გაყოფილების ექსპედიციები მოეწყო სამხრეთ საქართველოს მთიანეთში, წყალწითელას ხეობაში, კოდორის ხეობასა და თერჯოლის რაიონში. არქეოლოგიური ექსპედიციების დროს საკაჟიას მღვიმეში ნეანდერტალელი ადამიანის ზედა ყბა, ხოლო თრიალეთში პეტროგლიფები აღმოაჩინეს.[33] ქვის ხანის პრობლემების შესახებ გამოკვლევები გამოაქვეყნეს: გურამ გრიგოლიამ,[34] მედეა ნიორაძემ,[35] ლ. ნებიერიძემ,[36] ლუიზა წერეთელმა[37] და სხვ.

ნეოლით-ადრელითონის ხანის არქეოლოგიის განყოფილების თანამშრომლებმა ენეოლითის ხანის ადრესამიწათმოქმედო ძეგლები ქვემო ქართლსა და არაგვის ხეობაში გამოიკვლიეს, ადრებრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურის ძეგლები კი ქვემო და შიდა ქართლში, მესხეთ-ჯავახეთში, არაგვის ხეობაში, ყვირილას ხეობასა და იორ-ალაზნის აუზში.[33] ენეოლით-ბრინჯაოს ხანის პრობლემები გამოკვლეულია გერმანე გობეჯიშვილის,[38] ტარიელ ჩუბინიშვილის,[39] კონსტანტინე ფიცხელაურისა[40] და სხვათა ნაშრომებში.

მესხეთ-ჯავახეთის ექსპედიციამ სამცხის ტერიტორიაზე პირველად გამოავლინა პალეოლითური ხანის ძეგლები. ისტორიული სამცხის ტერიტორიაზე ადრეანტიკური და ელინისტური ხანის ნიმუშები აღმოაჩინეს. თბილისის ექსპედიციის დროს ჩატარებული კვლევა-ძიების შემდეგ მტკვარ-არაქსის კულტურის უძველესი ძეგლები: თრელი-ღრმახევის არქეოლოგიური ჯგუფი გამოიყო, ხოლო დელისის ნასახლარზე ბრინჯაოს მეტალურგიის არსებობა დადასტურდა. აფხაზეთის ექსპედიციის დროს ფიჩორის ნასახლარზე ბრინჯაოს მეტალურგიისა და უმაღლესი მიწათმოქმედების ნიმუშები აღმოაჩინეს.[33]

1969 წლიდან ანტიკური ხანის არქეოლოგიის განყოფილების საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიება მიმდინარეობდა მცხეთაში, ბიჭვინთაში, ბორჯომის ხეობაში, ვანში და სხვ. ანტიკური ხანის არქეოლოგიის განყოფილებამ შეადგინა კრებულები: „მცხეთა“ (ექვსტომეული) და „დიდი პიტიუნტი“ (სამტომეული). მონოგრაფიები გამოსცეს ანდრია აფაქიძემ,[41] გურამ ლორთქიფანიძემ,[42] გიორგი დუნდუამ[43] და სხვ.

ეთნოლოგიის განყოფილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯულიეტა რუხაძე ეთნოგრაფიულ ექსპედიციაში 1960 წელს, ბარისახო, ხევსურეთი

ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ეთნოგრაფიის განყოფილებაში კვლევა-ძიება სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობდა. მატერიალური კულტურისა და სამეურნეო ყოფის საკითხებს აქტიურად შეისწავლიდა გიორგი ჩიტაია, რომელმაც რამდენიმე გამოკვლევა გამოაქვეყნა ქართული სახვნელი იარაღებისა და მიწათმოქმედების სისტემების შესახებ, მათ შორის: „რაჭული სახვნელი“, „ქსნური მთის გუთანი“ და სხვ. მიწათმოქმედების, ტერასული მეურნეობის, ნიადაგთმცოდნეობისა და აგროეთნოგრაფიის საკითხებზე მუშაობდნენ ნელი ბრეგაძე („მთის მიწათმოქმედება საქართველოში“) ჯულიეტა რუხაძე („ხალხური აგრიკულტურა დასავლეთ საქართველოში“), მიხეილ გეგეშიძე („სარწყავი მიწათმოქმედება საქართველოში“)[44] და სხვ. მევენახეობა-მეღვინეობის საკითხები შეისწავლეს ლევან ფრუიძემ („მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში, I, რაჭა“)[45], ა. ლეკიაშვილმა, ლ. გაბუნიამ და სხვ.[46]

ეთნოგრაფიის განყოფილებაში შეისწავლიდნენ მესაქონლეობასთან დაკავშირებულ საკითხებს: მსხვილფეხა და წვრილფეხა მესაქონლეობის ფორმებს, სამეურნეო ნაგებობებს, პროდუქციის დამზადებისა და რეალიზაციის გზებს, რწმენა-წარმოდგენებს და ა.შ. ინსტიტუტის თანამშრომლები იკვლევდნენ მეფუტკრეობის („მეფუტკრეობის ისტორიისათვის“[47]), მონადირეობის („კოლექტიური ნადირობის გადმონაშთები რაჭაში“[48] ), მეთევზეობისა და მეაბრეშუმეობის („მეაბრეშუმეობა საქართველოში“[49]) დარგებს.

მალხაზ აბდუშელიშვილი ― ქართული ანთროპოლოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი

ეთნოგრაფიული მონაცემების საფუძველზე საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებისა და დასახლების ტიპების შესწავლას გიორგი ჩიტაიამ ჩაუყარა საფუძველი. საქართველოს სხვადასხვა კუთხის საცხოვრებელი ნაგებობები შეისწავლეს თინათინ ოჩიაურმა, ვალერიან ითონიშვილმა („საცხოვრებელი ნაგებობანი ხევში ძველად და ახლა“), ჯულიეტა რუხაძემ და სხვ. ინსტიტუტის თანამშრომლებმა ასევე შეისწავლეს საქართველოში გავრცელებული წისქვილები (ს. ბედუკაძე), ხალხური ტრანსპორტი (მიხეილ გეგეშიძე)[50], ქართული კერამიკა (ლუბა ბოჭორიშვილი)[51] და მეთუნეობა, ხის ჭურჭელი და სხვ. 1962-1968 წლებში ეთნოგრაფიის განყოფილების წევრები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში საკულტო ძეგლებს შეისწავლიდნენ.

1945-1953 წლებში ინსტიტუტში მუსიკალური ფოლკლორის განყოფილება ფუნქციონირებდა. 1960-იანი წლებიდან მუშაობა ძირითადად მუსიკალური ეთნოგრაფიის მიმართულებით წარიმართა. განყოფილების თანამშრომლები ქართულ სიმღერებსა და საკრავებს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ასპექტში შეისწავლიდნენ (ნანული მაისურაძე,[52] მანანა შილაკაძე[53]).

1946 წელს რუსუდან ხარაძემ დიდოეთში კოლატერალური ნათესაობის საკითხები გამოიკვლია, 1957 წელს გიორგი ჩიტაიას ხელმძღვანელობით ექსპედიცია მოეწყო ადიღეში, მომდევნო წელს კი, ალექსი რობაქიძის ხელმძღვანელობით ― ყაბარდო-ბალყარეთში. 1961 წელს ინსტიტუტში კავკასიის ეთნოგრაფიის განყოფილება ჩამოყალიბდა. 1964 წლიდან „კავკასიის ეთნოგრაფიული კრებულის“ გამოცემა დაიწყო. ეთნოგრაფიული ექსპედიციები მოეწყო: ჩეჩნეთ-ინგუშეთში (1962-1965, 1978), ოსეთში (1966-1969), ხევში, მთიულეთ-გუდამაყარში, ხებსურეთში, პანკისის ხეობაში, თუშეთში და ა.შ.[46]

1964 წელს ეთნოგრაფიის განყოფილებაში ანთროპოლოგიის სექტორი ჩამოყალიბდა, სადაც ძირითადად ეთნოგენეზსა და რასების ჩამოყალიბების ისტორიას შეისწავლიდნენ. 1968 წლიდან გამოცემულ ანთროპოლოგიურ კრებულებში „მასალები კავკასიის ანთროპოლოგიისათვის“ რკინის, ბრინჯაოს, ელინისტური, ადრეანტიკური, გვიანანტიკური, ფეოდალური და კავკასიის ანთროპოლოგია იყო შესწავლილი. ანთროპოლოგიის სექტორში შეისწავლიდნენ საქართველოსა და კავკასიის მოსახლეობის ანთროპო-სომატოლოგიურ საკითხებსაც. პალეოანთროპოლოგიური მასალების მოპოვების მიზნით, ანთროპოლოგები ხშირად მონაწილეობდნენ არქეოლოგიურ ექსპედიციებში. 1968 წლიდან დაიწყო დერმატოგლიფიკური და ოდონტოლოგიური ექსპედიციები.[46]

1985 წელს ეთნიკური პროცესების შესწავლას ნ. აბესაძემ ჩაუყარა საფუძველი. საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობის მიგრაციის საკითხებზე როლანდ თოფჩიშვილი მუშაობდა. საქართველოს სხვადასხვა კუთხის საქორწინო წეს-ჩვეულებები გამოიკვლიეს ვალერიან ითონიშვილმა,[54] რუსუდან ხარაძემ, ლიანა მელიქიშვილმა[55] და სხვ.

კონფერენციები, კონგრესები და სიმპოზიუმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი მელიქიშვილი ― ინსტიტუტის დირექტორი 1965-1999 წლებში

ინსტიტუტში რეგულარულად ტარდებოდა სამეცნიერო სესიები და კონფერენციები. თანამშრომლებიც რეგულარულად მონაწილეობდნენ საერთაშორისო კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და კონგრესებში.

ქვემოთ მოცემულია სამეცნიერო სესიების, კონფერენციების, კონგრესებისა და სიმპოზიუმების ჩამონათვალი, რომელთა (ერთ-ერთი) ორგანიზატორიც ინსტიტუტი იყო:

  • 1971: ძველი აღმოსავლეთისადმი მიძღვნილი V საკავშირო სესია, თბილისი.[56]
  • 1979: საკავშირო სესია წერილობითი ისტორიული წყაროების შესწავლისა და გამოცემის აქტუალური პრობლემების შესახებ, ქუთაისი. (სოხუმი (1982)[57],ბათუმი (1985)[58]).
  • 1980: რესპუბლიკური სესია წერილობითი ისტორიული წყაროების შესწავლისსა და გამოცემის აქტუალური პრობლემების შესახებ, თელავი.[59] (გორი (1981),[60] ფასანაური (1983), ზუგდიდი (1984), თბილისი (1986)[61], ოზურგეთი (1987)[62]).
  • 1981: საკავშირო სამეცნიერო კონფერენცია „ინტელიგენცია და რევოლუცია. XX საუკუნე“.
  • 1985: ეთნოგრაფთა VII რესპუბლიკური სამეცნიერო სესია, სოხუმი.[63]

ქვემოთ მოცემულია საერთაშორისო ფორუმების ჩამონათვალი, რომლებშიც ინსტიტუტის თანამშრომლები მონაწილეობდნენ:

გრიგოლ გიორგაძე ― ისტორიკოს-ეკონომისტთა VII კონგრესის მონაწილე ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტიდან

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შალვა ასლანიშვილი ― ისტორიის ინსტიტუტის მუსიკალური ფოლკლორის განყოფილების ხელმძღვანელი 1945-1950 წლებში

ისტორიული და ეთნოგრაფიული არქივი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს ინსტიტუტში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ სპეციალური სტრუქტურული ერთეული: ისტორიული და ეთნოგრაფიული არქივი შეიქმნა. არქივში ინსტიტუტის განყოფილებებში დაცულმა მასალამ მოიყარა თავი. ექსპედიციების საარქივო ფონდთან ერთად ინსტიტუტში დაცულია:

პირადი საარქივო ფონდი

პირად საარქივო ფონდში ინსტიტუტის თანამშრომელთა პირადი არქივებია დაცული, მათ შორის: ნანული აბესაძის, ვერა ბარდაველიძის, ლუბა ბოჭორიშვილის, მიხეილ გეგეშიძის, გიორგი ლომთათიძის, ალექსი ოჩიაურის, თინათინ ოჩიაურისა და სხვათა პირადი ფონდები.

გრაფიკული მასალის ფონდი

გრაფიკული მასალის ფონდში საქართველოსა და კავკასიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, რელიგიური, საცხოვრებელი, თავდაცვითი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობების ანაზომები, ჩანახატები და ა.შ. არის დაცული. მასალები XX საუკუნის 30-80-იან წლებშია შესრულებული.

მუსიკალური ფონდი

ინსტიტუტის მუსიკალური ფონდი მაგნიტოფონებზე არსებულ ჩანაწერებსა და ცვილის ლილვაკების კოლექციას მოიცავს. ცვილის ლილვაკების კოლექცია საქართველოში უდიდესია. ფონდი 1920-1950-იან წლებში ექსპედიციების დროს სერგი ჟღენტის, თამარ მამალაძის, შალვა ასლანიშვილისა და უცნობი ჩამწერის მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩაწერილ სიმღერებს აერთიანებს. 2005 წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ვენის ფონოგრამარქივის მხარდაჭერით მუსიკალური ფონდის მასალა სრულად გადავიდა ციფრულ მატარებლებზე.

გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ყოველწლიური, მრავალპროფილიანი, რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალია „ქრონოსი“, რომელშიც ისტორიის, ეთნოლოგიის, ფიზიკური ანთროპოლოგიის, არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის შესახებ ორიგინალური ნაშრომები იბეჭდება. ჟურნალის პირველი ნომერი 2020 წელს დაიბეჭდა.[70]

ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კრებულებია: „ქართული წყაროთმცოდნეობა“, „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“, „კავკასიის ეთნოლოგიური კრებული“, „საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები“, „ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი“, „ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები“ და „კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული“.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკო მარის პეტროგრადში ყოფნის დროს, დირექტორის მოვალეობას მისი მოადგილე, ექვთიმე თაყაიშვილი ასრულებდა. თავდაპირველად ინსტიტუტიც მის ბინაში იყო განთავსებული. 1919 წლიდან „კავკასიისმცოდნეობის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტი“ მიხეილ ლერმონტოვის ქუჩაზე (№3) გადავიდა, 40-იან წლებში ― ძერჟინსკის ქუჩაზე (№8), ხოლო 1981 წლიდან ცალკე შენობაში განთავსდა, მელიქიშვილის ქუჩის №10-ში (იხ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შენობა). 2010-იან წლებში ინსტიტუტი მელიქიშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩაზე (№2) გადავიდა.

დირექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 თოფურიძე, ქ. მიქელაძე, თ. ითონიშვილი, ვ. ჟორდანია, ო., ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, თბილისი: „მეცნიერება“, 1988. — გვ. 7-19, ISBN 5-520-00575-3.
  2. 2.0 2.1 ჯანაშია, ს. (1944). მოკლე ანგარიში აკად. ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის და მისი სამეცნიერო საბჭოს მუშაობისა, 1936-1941 წწ.. აკად. ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მოამბე XIV. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. გვ. 375-397.
  3. გოგილაშვილი, ვ. კვაჭაძე, ც. (2010). ექვთიმე თაყაიშვილი: ბიობიბლიოგრაფია. თბილისი: ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა. ISBN 978-9941-0-1791-9. გვ. 43.
  4. დანელია, კ. (1985). იოსებ ყიფშიძე: ცხოვრება და მეცნიერული მემკვიდრეობა. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. გვ. 41-44.
  5. ყიფშიძე, ი. (1937). საანგარიშო მოხსენება ჭანეთში საენათმეცნიერო მივლინებისა 1917 წლის ზაფხულს. აკად. ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მოამბე. I. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. გვ. 145-177.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 ბარკავა, მ. დოლიძე, ე., ნიკოლოზ ბერძენიშვილი: ბიობიბლიოგრაფია, თბილისი: „მეცნიერება“, 1981. — გვ. 8.
  7. 7.0 7.1 ბარკავა, მ. ბაღათურია, ნ., გიორგი წერეთელი: ბიობიბლიოგრაფია, თბილისი: „მეცნიერება“, 1986. — გვ. 6, 26.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 ხოშტარია, ე., სიმონ ჯანაშია: ბიობიბლიოგრაფია, თბილისი: „მეცნიერება“, 1976. — გვ. 48-49.
  9. 9.0 9.1 გოგილაშვილი, ვ. ჩხიკვიშვილი, ნ., აკაკი შანიძე: ბიობიბლიოგრაფია, თბილისი: „მეცნიერება“, 1977. — გვ. 57.
  10. 10.0 10.1 გოგილაშვილი, ვ. დოლიძე, ე., გიორგი ჩიტაია: ბიობიბლიოგრაფია, თბილისი: ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, 2010. — გვ. 11, 34, ISBN 978-9941-0-2926-4.
  11. 11.0 11.1 ბარკავა, მ. დოლიძე, ე., გიორგი ახვლედიანი: ბიობიბლიოგრაფია, თბილისი: „მეცნიერება“, 1978. — გვ. 39-40.
  12. მაჭავარიანი, ვ. (1976). დიდი ადამიანის ახლოს. მნათობი. N10. თბილისი: საქართველოს ცენტრალური კომიტეტის გამომცემლობა. გვ. 134-137.
  13. 13.0 13.1 ბარკავა, მ. კვაჭაძე, ც., ვუკოლ ბერიძე: ბიობიბლიოგრაფია, თბილისი: „მეცნიერება“, 2006. — გვ. 13, ISBN 999407-67-10-9 Invalid ISBN.
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 14.5 თოფურიძე, ქ. მიქელაძე, თ. ითონიშვილი, ვ. ჟორდანია, ო., ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, თბილისი: „მეცნიერება“, 1988. — გვ. 20-37, ISBN 5-520-00575-3.
  15. ბარკავა, მ. გვერდწითელი, ქ., არნოლდ ჩიქობავა: ბიობიბლიოგრაფია, თბილისი: „მეცნიერება“, 1979. — გვ. 52.
  16. ლორთქიფანიძე, ო. (1976). არქეოლოგია ივანე ჯავახიშვილის სახელობის ინსტიტუტში. ცისკარი. N8. თბილისი: საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტისა და მწერალთა კავშირის ორგანო. ISSN 0132-6023. გვ. 127-134.
  17. 17.0 17.1 ჯანაშია, ს. (რედ.). (1937). აკად. ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მოამბე II-3. ტფილისი: სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის გამომცემლობა. გვ. 361-362.
  18. ჯანაშია, ს. (რედ.). (1939). აკად. ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მოამბე IV-3. ტფილისი: სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის გამომცემლობა. გვ. 345-361.
  19. ჩიტაია, გ. (რედ.). (1941). აკად. ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის მოამბე, XI. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.
  20. ბარდაველიძე, ვ. ჩიტაია, გ. (1939). ქართული ხალხური ორნამენტი. 1: ხევსურული. ტფილისი: სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის გამომცემლობა.
  21. ბარდაველიძე, ვ. (1939). სვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი I: ახალწლის ციკლი. ტფილისი: სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის გამომცემლობა.
  22. ხარაძე, რ. (1939). დიდი ოჯახის გადმონაშთები სვანეთში. ტფილისი: სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის გამომცემლობა.
  23. რობაქიძე, ა. (1941). კოლექტიური ნადირობის გადმონაშთები რაჭაში. ტფილისი: სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის გამომცემლობა.
  24. ბარდაველიძე, ვ. (1938). აღმოსავლეთ საქართველოს ქართველი მთიელების სასულიერო ტექსტები. ტფილისი: სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის გამომცემლობა.
  25. ბერძენიშვილი, ნ. (1941). თათართა ბატონობის ხანა. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.
  26. ჯანაშია, ს. (1942). ქართლის ცხოვრების ძველი და ახალი ფურცლები. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა
  27. გაბაშვილი, ვ. (1943). თათართა შემოსევები საქართველოში: ბაგრატ V და გიორგი VI. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.
  28. დუმბაძე, მ. (1943). გენერალი ივანე ანდრონიკაშვილი. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.
  29. მესხია, შ. (1943). ერთი ფურცელი ქართველთა გმირული წარსულიდან: ლუარსაბ I და სიმონ I. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.
  30. ყაუხჩიშვილი, ს. (1942). ქართლის ცხოვრება: ანა დედოფლისეული ნუსხა. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.
  31. 31.0 31.1 31.2 31.3 თოფურიძე, ქ. მიქელაძე, თ. ითონიშვილი, ვ. ჟორდანია, ო., ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, თბილისი: „მეცნიერება“, 1988. — გვ. 38-45, ISBN 5-520-00575-3.
  32. 32.0 32.1 თოფურიძე, ქ. მიქელაძე, თ. ითონიშვილი, ვ. ჟორდანია, ო., ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, თბილისი: „მეცნიერება“, 1988. — გვ. 46-64, ISBN 5-520-00575-3.
  33. 33.0 33.1 33.2 33.3 33.4 თოფურიძე, ქ. მიქელაძე, თ. ითონიშვილი, ვ. ჟორდანია, ო., ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, თბილისი: „მეცნიერება“, 1988. — გვ. 117-142, ISBN 5-520-00575-3.
  34. გირგოლია, გ. (1963). ქვემო ქართლის პალეოლითი: დამარხული გამოქვაბული წოფი I. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.
  35. ნიორაძე, მ. (1975). სამერცხლე კლდის მღვიმე და დასავლეთ საქართველოს ზედა პალეოლითი. თბილისი: მეცნიერება.
  36. ნებიერიძე, ლ. (1978). დარკვეთის მრავალფენიანი ეხი. თბილისი: მეცნიერება.
  37. წერეთელი, ლ. (1973). მეზოლითური კულტურა კავკასიის შავიზღვისპირეთში. თბილისი: მეცნიერება.
  38. გობეჯიშვილი, გ. (1978). თეთრიწყაროს ნასოფლარი. თბილისი: მეცნიერება.
  39. ჩუბინიშვილი, ტ. (1963). ამირანის გორა. თბილისი: საბჭოთა საქართველო.
  40. ფიცხელაური, კ. (1965). იორ-ალაზნის აუზის ტერიტორიაზე მოსახლე ტომთა უძველესი კულტურა: წინაანტიკური ხანის არქეოლოგიური მასალების მიხედვით. თბილისი: მეცნიერება.
  41. აფაქიძე, ა. (1963). ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში . თბილისი: სსრ მეცნიერებათა აკადემია.
  42. ლორთქიფანიძე, გ. (1991). ბიჭვინთის ნაქალაქარი. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
  43. დუნდუა, გ. (1979). საქართველოს სამონეტო განძები: რომაული ხანის მონეტები სოფ. ეკიდან და სეფიეთიდან. თბილისი: მეცნიერება.
  44. გეგეშიძე, მ. (1961). სარწყავი მიწათმოქმედება საქართველოში: ისტ. ეთნოგრ. შესწავლის ცდა. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.
  45. ფრუიძე, ლ. (1974). მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში: ეთნოგრაფიული მასალები მიხედვით, I, რაჭა. თბილისი: საქართველოს საისტორიო საზოგადოება.
  46. 46.0 46.1 46.2 თოფურიძე, ქ. მიქელაძე, თ. ითონიშვილი, ვ. ჟორდანია, ო., ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, თბილისი: „მეცნიერება“, 1988. — გვ. 142-159, ISBN 5-520-00575-3.
  47. რობაქიძე, ა. (1960). მეფუტკრეობის ისტორიისათვის. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათ აკადემიის გამომცემლობა.
  48. რობაქიძე, ა. (1941). კოლექტიური ნადირობის გადმონაშთები რაჭაში. თბილისი: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.
  49. აბესაძე, ნ. (1957). მეაბრეშუმეობა საქართველოში (ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით). თბილისი: სამეცნიერო-მეთოდური კაბინეტის გამომცემლობა.
  50. გეგეშიძე, მ. (1956). ქართული ხალხური ტრანსპორტი. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.
  51. ბოჭორიშვილი, ლ. (1949). ქართული კერამიკა. თბილისი : საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.
  52. მაისურაძე, ნ. (1989). ქართული ხალხური მუსიკა და მისი ისტორიულ-ეთნოგრაფიული ასპექტები. თბილისი: მეცნიერება.
  53. შილაკაძე, მ. (1970). ქართული ხალხური საკრავები და საკრავიერი მუსიკა. თბილისი: მეცნიერება.
  54. ითონიშვილი, ვ. (1960). ქართველ მთიელთა საოჯახო ურთიერთობის ისტორიიდან. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა და სტამბა.
  55. მელიქიშვილი, ლ. (1986). ტრადიციული საქორწილო წეს-ჩვეულებების სტრუქტურის ანალიზი და ინოვაცია. თბილისი: მეცნიერება.
  56. ხახუტაიშვილი, დ. (1971). ძველი აღმოსავლეთისადმი მიძღვნილი V საკავშირო სესია. №2. თბილისი: მეცნიერება. გვ. 169-173.
  57. კიკნაძე, მ. ჩხარტიშვილი, მ. სხირტლაძე, ზ. (1983). სსრ კავშირის შექმნის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი წყაროთმცოდნეთა საკავშირო სამეცნიერო სესია ქ. სოხუმში. მაცნე: ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია. №2. თბილისი: მეცნიერება. გვ. 205-209.
  58. კიკნაძე, მ. ქადაგიძე, მ. (1986). წყაროთმცოდნეთა საკავშირო სამეცნიერო სესია ქ. ბათუმში. მაცნე: ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სესია. №1. თბილისი: მეცნიერება. გვ. 185-190.
  59. ალასანია, გ. (1980). წყაროთმცოდნეთა რესპუბლიკური სესია თელავში. მაცნე: ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია. №3. თბილისი: მეცნიერება. გვ. 203-205.
  60. ჩხარტიშვილი, მ. (1981). წყაროთმცოდნეთა რესპუბლიკური სესია თელავში. მაცნე: ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია. №3. თბილისი: მეცნიერება. გვ. 194-197.
  61. მარსაგიშვილი, მ. (1986). სამეცნიერო კონფერენცია წყაროთმცოდნეობის აქტუალურ საკითხებზე. მაცნე: ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია. №4. თბილისი: მეცნიერება. გვ. 178-181.
  62. ქადაგიძე, მ. (1987). დიდი ოქტომბრის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური წყაროთმცოდნეობითი სამეცნიერო სესია. მაცნე: ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია. №4. თბილისი: მეცნიერება. გვ. 192-194.
  63. შამილაძე, გ. (1986). ეთნოგრაფთა VII რესპუბლიკური სამეცნიერო სესია ქ. სოხუმში. მაცნე: ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სესია. №1. თბილისი: მეცნიერება. გვ. 180-185.
  64. ჩიტაია, გ. (1965). ანთროპოლოგიურ და ეთნოგრაფიულ მეცნიერებათა საერთაშორისო კონგრესი. მაცნე: ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია. №2. თბილისი: მეცნიერება. გვ. 212-223.
  65. ტაბაღუა, ი. (1971). ისტორიულ მეცნიერებათა XIII საერთაშორისო კონგრესი. მაცნე: ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია. №1. თბილისი: მეცნიერება. გვ. 169-175.
  66. გაფრინდაშვილი, მ. სამსონაძე, მ. ხოშტარია, ე. (1970). სიმპოზიუმი ამიერკავკასიაში კაპიტალიზმის გენეზისის საკითხებზე. მაცნე: ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია. 3(54). თბილისი: მეცნიერება. გვ. 229-238.
  67. ჩხარტიშვილი, მ. (1984). ახლო აღმოსავლეთის შუა საუკუნეთა ისტორიოგრაფიის პრობლემებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია ლენინგრადში. მაცნე: ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია. №1. თბილისი: მეცნიერება. გვ. 190-192.
  68. ჩხარტიშვილი, მ. ბოლებრუხი, ა. (1984). IV საკავშირო კონფერენცია - „წყაროთმცოდნეობისა და სპეციალური ისტორიული დისციპლინების აქტუალური პრობლემები. მაცნე: ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია. №2. თბილისი: მეცნიერება. გვ. 187-190.
  69. გაფრინდაშვილი, მ. (1987). საერთაშორისო კონგრესი განმანათლებლობის ისტორიის პრობლემებზემაცნე: ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია. №4. თბილისი: მეცნიერება. გვ. 194-196.
  70. თვარაძე, ა. (2020). ქრონოსი, 1. თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. ISSN 2667-9477.