შინაარსზე გადასვლა

არცახის სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არცახის სამეფო
Արցախի թագավորություն

1000 — 1261
დროშა
დედაქალაქი ხაჩენი
ჰათერქი
ვაიქუნიქი
ენა სომხური
რელიგია სომხური სამოციქულო ეკლესია
წინამორბედები:
ანისის სამეფო
მემკვიდრეები:
ხაჩენის სამთავრო

არცახის სამეფო (სომხ. Արցախի թագավորություն) ― ამიერკავკასიაში არსებული სომხური სამეფო, რომელიც არსებობდა 1000-1261 წლებში. ჩამოყალიბდა ბაგრატუნების ანისის სამეფოს დაცემის შემდეგ და აერთიანებდა ისტორიულ სომხურ მიწებს. მისი დაცემის შემდეგ ამ ტერიტორიების პატარა ნაწილზე შეიქმნა ხაჩენის სამთავრო.

კავკასია 1000 წელს, სომხური სამეფოები შემოსაზღვრულია სტაფილოსფრად

885 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ქვეყანა გამოვიდა არაბთა სახალიფოს უღლიდან, ბაგრატუნთა დინასტიის გვირგვინქვეშ არსებობდა ერთიანი სომხური სახელმწიფო, რომელიც ანისის სამეფოს სახელით იყო ცნობილი. კავკასიაში არსებული რთული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, სამეფომ არც თუ ისე დიდ ხანს იარსება. გარდა ბიზანტიისა და არაბული სახალიფოს მხრიდან მომავალი ზეწოლისა, არც თავად ქვეყანაში იყო სტაბილურობა, რამეთუ ამბიციურ სომეხ დიდებულებს თავად სურდათ სამეფო ძალაუფლება. ამის გამო, უკვე 908 წელს შეიქმნა ვასპურაკანის სომხური სამეფო, რითაც დაიწყო ერთიანი სახელმწიფოს შლა. ამას მოჰყვა 963 წელს ყარსის, 978 წელს ტაშირ-ძორაგეტის, 987 წელს სიუნიქის, უკვე 1000 წელს კი თავად არცახის სამეფოს შექმნაც.

იმის გამო, რომ შექმნის დროს სამეფო მხოლოდ თანამედროვე ხაჩენისა და არცახის მხარეებს მოიცავდა, თავიდან მას უბრალოდ ხაჩენს უწოდებდა. თუმცა მისი პირველი უფლისწულის, ჰასან ჯალალის მმართველობისას სამეფო გაფართოვდა და დაიმორჩილა მეზობელი ტერიტორიები. ვინაიდან იგი უკვე მთელი არცახის მხარეს მოიცავდა, ამის შემდეგ მას არცახის სამეფო უწოდეს[1].

უნდა აღინიშნოს, რომ ახლად შექმნილი სომხური სამეფოები ვასალურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდნენ ბაგრატუნებთან, მაგრამ მათი ცალკე სამეფოებად ყოფნა ასუსტებდა სომხების ერთიანობას, რითაც სარგებლობდნენ მეზობლები. საბოლოოდ, 1045 წელს ბიზანტიის იმპერიამ ისარგებლა შექმნილი ვითარებით და საბოლოოდ დაიპყრო ანისის სამეფო. ამის შემდეგ არცახი ერთობ გაძლიერდა და სომხურ სამეფოებს შორის პირველობისათვის დაიწყო ბრძოლა. მალევე მის შემადგენლობაში აღმოჩნდა არა მხოლოდ საკუთრივ არცახის მხარე, არამედ მთელი სიუნიქის, უტიქის, გარდმანის, აირარატისა და მაიზაზის პროვინციები[2].

თავად არცახის სამეფოს სათავეში უძველესი სომხური წარჩინებული საგვარეულოს, სიუნიდების შტო მოექცა, რომელიც ხაჩენის სამეფო დინასტიის სახელით იყო ცნობილი[3], მათი მთავარი სამფლობელოდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, ჰასან-ჯალალი თავს სომეხ არანშაჰიკთა დინასტიის შთამომავლად ასაღებდა, რომლებიც სომხეთს პართიელი არშაკიდების გამოჩენამდე მართავდნენ[4].

არცახი თითქმის ერთ საუკუნეს ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, თუმცა XIII საუკუნიდან იგი ჯერ საქართველოს სამეფოს, შემდეგ კი მონღოლთა იმპერიის ვასალი გახდა[5]. ჰასან-ჯალალის (1214-1261) მკვლელობის შემდეგ, არცახმა დაკარგა სამეფოს წოდება და ილხანთა სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა. მისი ტერიტორიების პატარა ნაწილზე შეიქმნა ხაჩენის სამთავრო, რომელიც XVII საუკუნემდე არსებობდა, ის კი თავის მხრივ ყარაბაღის ხუთმა სამელიქომ ჩაანაცვლა. არცახში სამელიქოების ჩამოყალიბების პროცესი ჯერ კიდევ XVI საუკუნეში დაიწყო. საბოლოოდ სულ ხუთი ასეთი სამელიქო შეიქმნა: ხაჩენი (სათავეში ჰასან-ჯალალიანებით), გულისტანი (სათავეში ბეგლარიანებით), ისრაელიანები (სათავეში ჯრაბერდებით), დიძაკი (სათავეში ავანიანებით) და ვარანდი (სათავეში შაჰნაზარიანებით). მოგვიანებით ამ სამელიქოებს გადაერქვა არცახი და დაერქვა ყარაბაღის სამელიქოები, იგივე ხამსა.

  • Robert H. Hewsen. "The Kingdom of Arc'ax" in Medieval Armenian Culture (University of Pennsylvania Armenian Texts and Studies). Thomas J. Samuelian and Michael E. Stone (eds.) Chico, California: Scholars Press, 1984. ISBN 0-89130-642-0.
  1. Hewsen, Robert H. “The Kingdom of Artsakh,” in T. Samuelian & M. Stone, eds. Medieval Armenian Culture. Chico, CA, 1983
  2. Hewsen, Robert H (2001). Armenia: A Historical Atlas. Chicago: University of Chicago Press. pp. 118–121. ISBN 0-226-33228-4.
  3. Hewsen, Robert H. “The Kingdom of Artsakh,” p. 47
  4. Ulubabyan, Bagrat (1975). Խաչենի իշխանությունը, X-XVI դարերում [The Principality of Khachen, From the Tenth to Sixteenth centuries] (in Armenian). Yerevan: Armenian Academy of Sciences. pp. 56–59.
  5. Hewsen, Robert H. "The Meliks of Eastern Armenia: A Preliminary Study." Revue des Études Arméniennes. NS: IX, 1972, pp. 255-329.