შინაარსზე გადასვლა

ადიშის წმინდა გიორგის ეკლესია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადიშის წმინდა გიორგის ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურის შენაკადის, ადიშისჭალის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 2040 მ, მესტიიდან 27 კმ.

წმინდა გიორგის მცირე ზომის დარბაზული ეკლესია, რომელიც მიწისძვრისგანაა დაზიანებული. მიწისძვრის დროს ეკლესია ძალიან დაზიანდა და ამიტომ მის დასაცავად ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ქვის ერთგვარი ბუდე ამოუშენეს.

მოხატულობა შემორჩენილია ეკლესიის შიდა კედლებზე და გარედან ჩრდილოეთ ფასადზე.

ადიშის ეკლესიების კედლის მახატვრობაში ჩანს შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური ე.წ სვანური სკოლის სპეციფიკური ნიშნები.

იგი XI-XII საუკუნის მხატვრობის წმინდა გიორგის სცენებისა და მისი გამოსახვის ერთ–ერთი ყველაზე ადრინდელი ეკონოგრაფიული ნიმუშია, რომელიც საერთოდ შემორჩა შუა საუკუნეების ხელოვნებიდან.

ადიშშია აღმოჩენილი ქართული მწერლობისა და ლიტერატურის ერთ ერთი უძველესი ძეგლი, ე.წ. "ადიშის ოთხთავი" (სახელი სოფლის მიხედვით უწოდეს), რომელიც 897 წელსაა გადაწერილი შატბერდის მონასტერში.

ადიშის წმინდა გიორგის ეკლესია 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

მას ახასიათებს უშუალობა და თავისებურება, რომელიც შუასაუკუნეების ხელოვნების ამ ნაწარმოებს განსაკუთრებულ გამომხატველობას ანიჭებს. მხატვრობის თავისებურება ეკლესიაში შესვლისთანავე იპყრობს ყურადღებას. კაშკაშა, სუფთა ფერები - ოქროსფერი-ყვითელი, მოწითალო-ყავისფერი, ვადისფერი, ქმნის მაჟორულ გამას, იმის წყალობით, რომ მხატვრობაში სჭარბობს მოოქროსფერო - ყვითელი ფერი, ეკლესიის კედლები თითქოს სინათლეს აფრქვევს და მის პატარა სივრცეს მზის შუქით ავსებს. ფრაგმენტების მიხედვით ხერხდება მხატვრობის იკონოგრაფიული სქემის აღდგენა.

იგი ტიპიურია შუასაუკუნეების ქართულ და, კერძოდ, სვანურ მხატვრობისათვის, მაგრამ ადიშის ოსტატი ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებს ეკლესიის პატრონის წმ. გიორგის გამოსახულებებზე.

საკურთხევლის კონქში გამოსახულია ვედრება. ცენტრში ტახტზე მჯდომარე ქრისტე, კურთხევის ნიშნად აღმართული ხელით, ხოლო მის ორსავ მხარეს ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი. კედლის ქვემო ნაწილში წარმოდგენილნი არიან ეკლესიის მამანი. ისინი ასიმეტრიულად არიან განლაგებულნი; წმ. ბასილი სარკმლის მარცხენა მხარესაა, ხოლო იოანე ოქროპირი და კიდევ ერთი წმინდანი (სახელი არაა შემონახული) - მარჯვნივ.

ეკლესიის თაღი ჩანგრეულია, ხოლო ნაწილებს ამჟამად ხის ჭერი ფარავს. სამხრ. და ჩრდილო კედლების მხატვრობის ქვედა რეგისტრები წმინდა გიორგის ცხოვრების ამსახველ სცენებს ეთმობა. ჩრდ. კედელზე მოცემულია სცენა, რომელიც მოგვითხრობს, როგორ დაიმორჩილა წმ.გიორგიმ გველეშაპი და იხსნა მეფის ასული.

  • ადიშის ეკლესიები, ჟღერს ქვის ჰარმონია, თბ., 2006, გვ. 15
  • ვოლსკაია ა.,„კედლის მხატვრობა სოფ. ადიშის წმ. გიორგის ეკლესიაში“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 18 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1969 წელი. — გვ. 53-58

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]