შინაარსზე გადასვლა

აბაიანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბაიანგი
მშობ. სახელი: ინგლ. Abaiang

გილბერტის კუნძულები
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 1°50′ ჩ. გ. 172°57′ ა. გ. / 1.833° ჩ. გ. 172.950° ა. გ. / 1.833; 172.950 (Abaiang)
კუნძულთა რაოდენობა 31
ფართობი 17,48 კმ²
კირიბატის დროშა კირიბატი
დემოგრაფია
მოსახლეობა 5502 (2010)
სიმჭიდროვე 314,76 ად. /კმ²

აბაიანგი (ინგლ. Abaiang) — ატოლი გილბერტის კუნძულების ჩრდილოეთ ნაწილში, კირიბატის შემადგენლობაში. მოსახლეობის რაოდენობა 2010 წელს შეადგენდა 5502 ადამიანს.[1], რომელეთა უმეტესი ნაწილი მიკრონეზიელებითა და პოლინეზიელებით შედგება. კუნძულების საერთო ფართობია — 17,48 კმ². ატოლი შედგება 31 მომცრო კუნძულებისგან. მოსახლეობის მთავარ საქმიანობას სოფლის მეურნეობა წარმოადგენს, საიდანაც აღსანიშნავია თევზჭერა. 1788 წელს კუნძულს ესტუმრნენ პირველი ევროპელები, ტომას გილბერტის ხელმძღვანელობით.

გილბერტის კუნძულების რუკა
ატოლ აბაიანგის რუკა
საბჭოს შენობა აბაიანგზე

ატოლ აბაიანგს გარს ეკვრის წყნარი ოკეანის წყლები. ატოლიდან სამხრეთ-დასავლეთით 7 კმ-ზე მდებარეობს ატოლი ტარავა, ჩრდილო-აღმოსავლეთით 28 კმ-ზე — ატოლი მარაკეი[2]. უახლოესი მატერიკია, ავსტრალია, რომელიც მდებარეობს ატოლიდან 3500 კმ-ზე[3].

როგორც არქიპელაგის სხვა ატოლები, აბაიანგს აქვს მარჯნული წარმოშობა და წარმოადგენს ატოლს. მას აქვს მართკუთხედის ფორმა. შედგება 31 მომცრო კუნძულებისგან, ანუ მოტუსგან[4]. ატოლის სამხრეთ-აღმოსავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილი წარმოადგენს მოტუების შეუწყვეტელ ხაზს სრუტეების გარეშე, დასავლეთი მხარე — მოტუების ჯგუფს და მარჯნის რიფებს, რომლებიც ერთმანეთისგან განცალკევებულია მრავალრიცხოვანი ვიწრო არხებით. ატოლის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 26 კმ-ს, სიგანე — 8 კმ-ს[2]. აბაიანგის სახმელეთო ნაწილის ფართობი შეადგენს 16 კმ²-ს[2], ლაგუნის — დაახლოებით 225 კმ²-ს[4].

ატოლი ღარიბია მტკნარი წყლით, დაფარულია ხშირი, ატოლებისთვის დამახასიათებელი ტიპური მცენარეულობით. ფართედაა გავრცელებული ქოქოსის პალმები. სანაპიროზე ბუდობენ მწვანე კუები (ლათ. Chelónia mýdas) და ზღვის ფრინველები[3].

კლიმატი ატოლზე ტროპიკულია. ხდება დამანგრეველი ციკლონები და გვალვები[3].

ატოლის მითოლოგიური წარმოშობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კირიბატელი ხალხის დიდი ნაწილი თვლის, რომ მათი წინაპრები იყვნენ სულები, წარმოშობით სამოადან, რომლებიც შემდგომში გადასახლდნენ კირიბატის კუნძულებზე[5].

კუნძულ ბერუს და ზოგიერთი სხვა კუნძულების ლეგენდების თანახმად, გილბერტის კუნძულები შექმნა ღმერთმა ნარეაუ ბრძენმა. როგორც მოგვითხრობს ერთ-ერთი ლეგენდა, ნარეაუ ცხოვრობდა სამოაში. ერთხელ მან გადაწყვიტა ეპოვა ორი თავისი ბავშვი, რომლებმაც დატოვეს ტე კაინტიკუაბა (სიცოცხლის ხე, რომელიც ყველა სულის სახლი იყო). ნარეაუმ დატოვა სამოა და გაემგზავრა ჩრდილოეთში. იგი დაიღალა თავის გზაზე, შექმნა ადგილი დასასვენებლად და წარმოთქვა ჯადოსნური სიტყვები. აქ მაცხოვრებელმა სულებმა შექმნეს მიწა. ამ მიწას დღეს ჰქვია სამხრეთი ტაბიტეუეა. ამ ჯადოსნური ქმნილებისგან დაკმაყოფილებული გრძნობით, ნარეაუმ დატოვა ეს ადგილი და გაემართა ჩრდილოეთისკენ. მოგვიანებით, ატოლ ტარავას დანახვისას, ის აქ შეჩერდა და შექმნა ახალი მიწები. ლეგენდის მიხედვით ნარეაუ ბრძენის მეშვეობით შეიქმნა ატოლები აბაიანგი, მაკინი, ბუტარიტარი, მარაკეი, მაიანა, კურია, აბემამა და არანუკა[6].

ატოლის პოლიტიკური ორგანიზაცია ევროპელების გამოჩენამდე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულების უმრავლესობაზე, რომლებიც მდებარეობენ ეკვატორის ჩრდილოეთით (მათ შორის აბაიანგზე), არსებობდა რამდენიმე ბელადი, რომელთაგან თითოეული მეთაურობდა საკუთარ თემს, ანუ კააინგას. ერთ-ერთი ბელადი, როგორც წესი, აღიარებული იყო მეთაურად[7].

თემი ყოველთვის ასრულებდა მთავარ როლს ადგილობრივი საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში. ზოგჯერ ზოგიერთ მოკავშირე თემს შეეძლო მიეღწია უპირატესობისთვის მეზობელ თემზე. ეს, მაგალითად, ხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ გაბატონებული კააინგა აღიარებული იყო ყველა დანარჩენის «წინაპრად». მეორე მიზეზი იყო ზოგიერთი კააინგას შესაძლებლობა დაეპყრო და დაუფლებოდა სხვა თემების მიწებს: ომები გილბერტის კუნძულების ჩრდილოეთი ნაწილის კუნძულებზე ძირითადად ხდებოდა მიწების დეფიციტის გამო, რაც საკმაოდ ფასობდა კუნძულელების მიერ. ეს, თავის მხრივ, იწვევდა მცირე ლიდერების გამოჩენას, რომლებიც მუდამ ცდილობდნენ თავიანთ კუნძულებზე დომინირებას[7].

სამოქალაქო ომები, რომელთა ძირითადი მზანი იყო ამ ლიდერების ბატონობის დამყარება რაიონებზე ან მთელ კუნძულებზე, უფრო ადვილი გახდა ევროპელების მიერ არქიპელაგზე შემოტანილი ცეცხლსასროლი იარაღით. ამაში მდგომარეობდა მთავარი მიზეზი ატოლ აბაიანგის ძველი დინასტიის ხელისუფლების შენარჩუნებისა ევროპელების გამოჩენის შემდეგ. თემის მეთაურებს ყოველთვის უწევდნენ კონსულტაციებს საკითხებში, რომლებიც აღელვებდა მოსახლეობას. რაიმე მთავარი მოქმედებების მიღებამდე, ისინი ვალდებულნი იყვნენ მიეღოთ თანხმობა უხუცესებისგან, რომელიც უზრუნველყოფდა საერთო ხელმძღვანელობას და არეგულირებდა კააინგაში ურთიერთობებს[8].

ევროპელების მიერ ატოლის აღმოჩენა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატოლი აბაიანგი აღმოაჩინა ტომას გილბერტმა 1788 წელს. მოგზაურმა მას დაარქვა «მეტიუს კუნძული» გემის მეპატრონის პატივსაცემად, ხოლო ლაგუნას და ერთ-ერთ მომცრო კუნძულს — შარლოტი[9].

მისიონერული მოღვაწეობა ატოლზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი პროტესტანტი მისიონერები გილბერტის კუნძულებზე მოვიდნენ 1852 წელს, როდესაც მღვდელმსახურთა პატარა ჯგუფი გადმოსხდა კუნძულ ბუტარიტარიზე მარშალის კუნძულებზე თავიანთი მოგზაურობის დროს. თუმცა არანაირი წარმატებები მიღწეული არ ყოფილა, მისიონერებისთვის ნათელი გახდა, რომ არქიპელაგზე თავისუფლად შეიძლება საგანმანათლებლო მოღვაწეობა[10].

ახალი მისია, რომლის მიზანი გახდა ატოლი აბაიანგი, ორგანიზებული იყო უკვე 1856 წელს, როდესაც საგარეო მისიებში უფლებამოსილ პროტესტანტულ საბჭოს ჰყავდა საკუთარი გემი «Morning Star», რომლის ბორტზე იმყოფებოდა მისიონერი ჰირამ ბინგჰემი, მისი ჰავაელი თანაშემწე კანოა და მათი ცოლები[11].

როდესაც 1857 წლის 17 ნოემბერს გემი მიადგა ატოლს, მისიას შეხვდა ადგილობრივი ბელადი ტენ ტემაუა, რომელმაც დაუყოვნებლივ შესთავაზა მისიონერებს თავისი მისიის ორგანიზება გაეკეთებინათ სოფელ კოინავაში, სადაც ის ცხოვრობდა. მაგრამ მისია დაბინავდა უფრო შორ ადგილას. ტენ ტემაუას სიკვდილის შემდეგ აბაინგას უზენაესი ბელადი გახდა კაიეა. ზუსტად მასზე იყო დამოკიდებული პროტესტანტული მისიის წარმატება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ბელადი მტრულად არ იყო განწყობილი მისიონერებისადმი და ხანდახან სტუმრობდა საეკლესიო მსახურებას, მას არ შეეძლო მიეცა მათთვის უსაფრთხოების გარანტია[12]. ადგილობრივი მაცხოვრებლები კი არ ჩქარობდნენ მიეღოთ ახალი სარწმუნოება (1861 წლისთვის გაქრისტიანდა მხოლოდ დაახლოებით 20 ადამიანი) და გარკვეულ წინააღმდეგობასაც კი უწევდნენ მისიონერებს: იპარავდნენ საგნებს, უარს აცხადებდნენ სკოლაში და ეკლესიებში სიარულზე. აბაიანგში 1859 წელს აშენებული პირველი ეკლესიის მშენებლობის დროსაც, ადგილობრივ მომუშავეებს ფული გადაუხადეს[13].

აბაიანგისა და ტარავას მოსახლეობას შორის მუდმივი ომებისა და კუნძულელთა მხრიდან ინტერესის არქონის გამო 1864 წელს ჰირამ ბინგჰემმა დატოვა ატოლი. სულ ცოტა ხანში მთელმა მისიამ შეწყვიტა თავისი მოღვაწეობა[13]. ხელმეორედ პროტესტანტი მისიონერები ატოლზე გამოჩნდნენ მხოლოდ 1870-იანი წლების ბოლოს. ამჯერად მათი მოღვაწეობა იყო უფრო წარმატებული[14].

პირველი კათოლიკე მისიონერები ატოლზე გამოჩნდნენ XIX საუკუნის ბოლოს მამა კოშესთან ერთად, რომელმაც 15 წელიწადში კუნძულზე დაწერა დიდი რაოდენობით წიგნი და ბროშურა, ასევე დააფუძნა სკოლა და საეკლესიო მრევლი[15].

ატოლ აბაიანგის დასახლებები და მათი რაოდენობა 2005 და 2010 წლებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატოლ აბაიანგზე სულ 18 სოფლის ტიპის დასახლებაა და მაცხოვრებელთა საერთო რაოდენობა 2010 წელს შეადგენს 5502 ადამიანს.

დასახლება (ქართ.) დასახლება (ინგლ.) მოსახლეობის რაოდენობა,
ად. (2005)
მოსახლეობის რაოდენობა,
ად. (2010)
აონეაბა Aoneaba 48 51
აონობუაკა Aonobuaka 372 328
ბოროტიამი Borotiam 338 375
კოინავა Koinawa 453 312
მორიკაო Morikao 400 233
ნუოტაეა Nuotaea 481 559
რიბონო Ribono 271 341
ტაბვიროა Tabwiroa 324 237
ტაბონტებიკე Tabontebike 391 379
ტაბურაო Taburao 221 322
ტაკარანო Takarano 300 348
ტანიმაიაკი Tanimaiaki 276 274
ტებვანგა Tebwanga 287 310
ტებერო Tebero 167 157
ტებუნგინაკო Tebunginako 358 424
ტუარაბუ Tuarabu 484 560
უბვანტემანი Ubwanteman 112 126
ევენა Ewena 219 166
აბაიანგი Abaiang 5502 5502
  1. Kiribati Census Report 2010 Volume 1. National Statistics Office, Ministry of Finance and Economic Development, Government of Kiribati. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-10. ციტირების თარიღი: 2014-09-26.
  2. 2.0 2.1 2.2 Abaiang. oceandots.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-17. ციტირების თარიღი: 6 იანვარი 2008.
  3. 3.0 3.1 3.2 Islands of Kiribati. Abaiang. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. Island Directory. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-17. ციტირების თარიღი: 6 იანვარი 2008.
  4. 4.0 4.1 Ed Lovell, Coral Reef Benthic Surveys Of Tarawa and Abaiang Atolls Republic Kiribati // SOPAC Technical Report, 2000, № 310.
  5. Sr Alaima Talu & 24 others, Sister Alaima Talu, et al, Kiribati: Aspects of History: Aspects of History, USP, ISBN 9820200512.
  6. Sr Alaima Talu & 24 others, Sister Alaima Talu, et al, Kiribati: Aspects of History: Aspects of History, USP, ISBN 9820200512.
  7. 7.0 7.1 Sr Alaima Talu & 24 others, Sister Alaima Talu, et al, Kiribati: Aspects of History: Aspects of History, USP, ISBN 9820200512.
  8. Sr Alaima Talu & 24 others, Sister Alaima Talu, et al, Kiribati: Aspects of History: Aspects of History, USP, ISBN 9820200512.
  9. Abaiang. Encyclopædia Britannica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-17. ციტირების თარიღი: 6 იანვარი 2008.
  10. Barrie Macdonald, Cinderellas of the Empire: Towards a History of Kiribati and Tuvalu, USP, 2002, ISBN 982020335X.
  11. Barrie Macdonald, Cinderellas of the Empire: Towards a History of Kiribati and Tuvalu, USP, 2002, ISBN 982020335X.
  12. Barrie Macdonald, Cinderellas of the Empire: Towards a History of Kiribati and Tuvalu, USP, 2002, ISBN 982020335X.
  13. 13.0 13.1 Barrie Macdonald, Cinderellas of the Empire: Towards a History of Kiribati and Tuvalu, USP, 2002, ISBN 982020335X.
  14. Barrie Macdonald, Cinderellas of the Empire: Towards a History of Kiribati and Tuvalu, USP, 2002, ISBN 982020335X.
  15. Abaiang. Jane's Kiribati Home Page. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-17. ციტირების თარიღი: 6 იანვარი 2008.