შინაარსზე გადასვლა

მანჭკვალას მატყუარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Hypholoma fasciculare)
მანჭკვალას მატყუარა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  სტროფარიასებრნი
გვარი:  ჰიფოლომა
სახეობა:  მანჭკვალას მატყუარა
ლათინური სახელი
Hypholoma fasciculare (Huds.:Fr.)
P.Kumm. (1871)

მანჭკვალას მატყუარა (ლათ. Hypholoma fasciculare) — სოკოს სახეობა ჰიფოლომას გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს მსოფლიოს ყველა კონტინენტს გარდა ანტარქტიდისა.

შხამიანი სოკოა. მოწამვლის სიმპტომები მოიცავს დიარეას, ღებინებას, მხედველობის დარღვევასა და გონების დაკარგვას. იზრდება დამპალ და გამხმარ წიწვოვან და ფოთლოვან ხეებზე დიდ ჯგუფებად ზაფხულიდან შემოდგომამდე. გამოუცდელ მესოკოვეს იგი შეიძლება ადვილად აერიოს საჭმელად ვარგის სახეობებში როგორებიცაა: მანჭკვალა, ზაფხულის მანჭკვალა, ტყუბლა-სოკო და სხვა.

სოკო პირველად აღწერა ბრიტანელმა მიკოლოგმა უილიამ ჰადსონმა 1778 წელს როგორც Agaricus fasccularis.[1] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა პაულ კუმერმა 1871 წელს[2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Naematoloma fasciculare (Huds.) P. Karst., 1880
  • Agaricus fascicularis Huds., 1778basionym
  • Pratella fascicularis (Huds.) Gray, 1821
  • Geophila fascicularis (Huds.) Quél., 1886
  • Dryophila fascicularis (Huds.) Quél., 1888
  • Psilocybe fascicularis (Huds.) Noordel., 1980

ქუდის დიამეტრი — 2—7 სმ, თხელხორცოვანი, ზედაპირი მშრალი და გლუვია, ზოგჯერ დამსკდარია, თავიდან ამობურცულ-ზარისებრია, შემდეგ ამობურცულ-გაშლილი, მოყვითალო, მურა-მოყვითალო, ნაცრისფერ-ყვითელი, კიდეები ბოჭკოვან-ქერცლოვანი და უფრო ღია ფერის, ცენტრში უფრო მუქი ან მოწითალო-მურაა და ახასიათებს დაბალი, განიერი ბორცვაკი.

რბილობი — ღია ყვითელი ან მოთეთრო, მკვრივი, სქელი, გაჭრისას ფერს არ იცვლის, ახასიათებს არასასიამოვნო სუნი და მეტად მწარე გემო,[3] რომელიც მოხარშვის შემდეგ ქვრება, თუმცა შხამს არ კარგავს.

ფეხის სიგრძე — 3-10 სმ-მდე, სისქე — 0,3—1 სმ, ცილინდრული, ძირისკენ შევიწროებული, ზოგჯერ მოგრეხილია, ფუყე, ბოჭკოვანი, ყვითელ-მომწვანო, ძირისკენ მურა ელფერით, ღია ყვითელი აბდლაბუდისებრი საყელოს ნარჩენებით, ვოლვის გარეშე.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ხშირი და თხელი, ფეხთან შეზრდილი, თავიდან ნაცრისფერ-ყვითელი, შემდეგ, მომწვანო, შავ-ზეთისხილისფერი, ზოგჯერ იისფერი ელფერით.

სპორების მტვერი — მეწამულ-ყავისფერი. სპორები — ელიფსისებრი, გლუვი 6-7x3-4 მკმ.[4]

გავრცელება და ეკოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სოკოა მსოფლიოში, რომელიც ანტარქტიდის გარდა გვხვდება მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, მათ შორის ბევრ კუნძულზე. ფართოდაა გავრცელებული ევროპაში. საქართველოში მანჭკვალას მატყუარა გავრცელებულია ყველა რეგიონში.[5]

საპროტროფია. იზრდება დამპალ და გამხმარ წიწვოვან და ფოთლოვან ხეებზე და მათ ფესვებზე, დიდ ჯგუფებად.[6]

სეზონი— ზაფხულიდან შემოდგომამდე, ზოგჯერ თბილი ზამთრის პერიოდშიც.[7][8]

შხამიანი სოკოა. იგი შეიცავს ტოქსიკურ სტეროიდებს ფასციკულოლ E და F.[9] მოწამვლის სიმპტომები ვლინდება მოხმარებიდან 5-10 საათში, რასაც თან ახლავს დიარეა, პირღებინება, მუცლის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, ჭარბი ოფლიანობა, გონების დაკარგვა[10] და დროებითი დამბლა. როგორც წესი, სიმპტომები სრულად ქრება 2-3 დღის შემდეგ.

დღემდე ამ სოკოთი გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული. გამოუცდელ მესოკოვეს შესაძლოა ადვილად აერიოს რამდენიმე საჭმელად ვარგის სახეობაში, მაგალითად, როგორებიცაა მანჭკვალა, ზაფხულის მანჭკვალა, ტყუბლა-სოკო და სხვა. მათგან განსხვავებით მანჭკვალას მატყუარას აქვს მომწვანო-მოყვითალო ფირფიტები და უსიამოვნო სუნი.[11]

  • ჯორჯაძე ია, საქართველოს სოკოები : საველე გზამკვლევი, თბ.: CENN, 2022. — გვ. 286, ISBN 978-9941-8-4547-5.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. William Hudson: „Flora anglica“, vol. 2, Editura J. Nourse, Londra 1778, p. 615
  2. Paul Kummer: „Der Führer in die Pilzkunde: Anleitung zum methodischen, leichten und sicheren Bestimmen der in Deutschland vorkommenden Pilze mit Ausnahme der Schimmel- und allzu winzigen Schleim- und Kern-Pilzchen” (Ghid pentru știința micologiei, fără ciupercuțe de mucegai și prea mici mucoase și nucleici), cu 80 de ilustrații litografice, Editura E. Luppe, Zerbst 1871, p. 21, 71
  3. Trudell, Steve; Ammirati, Joe (2009) Mushrooms of the Pacific Northwest, Timber Press Field Guides. Portland, OR: Timber Press, გვ. 206–207. ISBN 978-0-88192-935-5. 
  4. (1977) Fungi of Northern Europe 2: Gill-Fungi. Penguin, New York. ISBN 0-14-063006-6. 
  5. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (რუს.). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინსტიტუტი. – თბილისი: „მეცნიერება“
  6. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 172, ISBN 99940-856-1-1.
  7. Hans E. Laux: „Der große Pilzführer, Editura Kosmos, Halberstadt 2001, p. 318-319, ISBN 978-3-440-14530-2
  8. Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, ed. a 5-a, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1979, p. 186-187, ISBN 3-405-12116-7
  9. Suzuki, Kumiko; Fujimoto, Haruhiro; Yamazaki, Mikio (1983). „The toxic principles of Naematoloma fasciculare“. Chemical and Pharmaceutical Bulletin. 31 (6): 2176–8. doi:10.1248/cpb.31.2176. PMID 6685576.
  10. Афанасьев И. М. Грибы. — М., 2014. — С. 84. — 264 с. — ISBN 5-86444-080-9.
  11. ჯორჯაძე ია, საქართველოს სოკოები : საველე გზამკვლევი, თბ.: CENN, 2022. — გვ. 286, ISBN 978-9941-8-4547-5.