ჰიმბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰიმბა
Namibie Himba 0717a.jpg
საერთო მოსახლეობა
დაახლოებით 50,000[1]
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ენები ოჯიჰიმბა (ჰერეროს ენის დიალექტი)
რელიგიები მონოთეიზმი

ჰიმბა (მხოლობითი: ომუჰიმბა, მრავლობითი: ოვაჰიმბა) — ეთნიკური ჯგუფი ჩრდილოეთ ნამიბიაში, კუნენეს (ყოფილი კაოკოლენდი) რეგიონში. ის ძირითადად ნამიბიაში და ანგოლაში გვხვდება. მცირე ნაწილი აგრეთვე აფრიკის სხვადასხვა კუთხეში "ოვატვას" სახელით გვხვდება. მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 50 ათასს აღწევს. ჰიმბას ხალხი ძირითადად მისდევს მონადირეობას და შემგროვებლობას.

ჰიმბას წარმომავლობა მოდის ჰერეროს ტომის ხალხისგან, რომლებიც დაახლოებით იმავე ტერიტორიაზე სახლობენ. მნიშვნელოვანი მსგავსებაა მათ სასაუბრო ენა „ოჯიჰიმბაში“, რომელიც ჰერეროს ენის დიალექტია და ბანტუს ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. ჰიმბას ხალხი ნამიბიის მომთაბარე ხალხად მიიჩნევა.

თავად ჰიმბელები საკუთარ თავს "ოვაჰიმბას" უწოდებენ. მათ ენაში სიტყვა „ჰიმბა“ ორი მნიშვნელობით გამოიყენება:

  • როგორც ტომის სახელწოდება და
  • როგორც ერთი ინდივიდის აღმნიშვნელი სიტყვა.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიმბას ტომის ქალი ტრადიციულ სახლთან.

ძირითადი საქმიანობა და შემოსავლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიმბას ხალხი მისდევს მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობას — მეტწილად ცხვრისა და თხის მოშენებით არიან დაკავებულნი, ჰყავთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიც. ასევე, მოჰყავთ ყვითელი სიმინდი და ფეტვი, რომელთაც განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. მოსავლის მოსარწყავიდა იყენებენ წვიმის წყალს. შინაური პირუტყვი რძისა და ხორცის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ჰიმბას დღიურ რაციონში საკმაოდ დიდი რაოდენობით შედის სიმინდი, მარცვლეული, ქათმის კვერცხი, ველური ბალახები და თაფლი. პირუტყვი მათთვის ძალიან ძვირფასია. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოიყენონ, როგორც ფულის გადახდის საშუალება. არასამურნეო ბიზნესი, ხელფასები, პენსიები და სხვა სახის სოციალური დახმარებები ჰიმბას შემოსავლის ძალიან მცირე ნაწილს შეადგენს. ფულს ისინი ძირითადად პლანტაციებში მუშაობით გამოიმუშავებენ. გარდა ამისა, არსებობს ხანდაზმულთა ბონუსები და გვალვის კომპენსაციებიც.[2]

სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიმბას ტომის ტრადიციული სამოსი ადაპტირებულია მათ საცხოვრებელ გარემოსთან და მის ნახევრად მშრალ კლიმატთან. ტანსაცმელი შედგება პერანგის მსგავსი მოსასხამისგან, რომელიც ხბოს ტყავისგანაა დამზადებული და სანდლებისაგან. იშვიატად შეხვდებით თანამედროვე ქსოვილის ჩასაცმელს, ასევე, ფეხსაცმელს. ჰიმბას ხალხი იყენებს "ოტჯიზეს". ეს არის რძის ცხიმისა და ე.წ. ჟანგმიწა პიგმენტების ნარევი, რომლითაც ისინი მთელს სხეულს იფარავენ. ამით ისინი იწმენდენ კანს, რადგან წყლის დეფიციტს განიცდიან. ეს მიქსტურა იცავს მათ, ასევე, მშრალი და ცხელი ჰავისგან და ეფექტურია კოღოებისა და სხვა მწერების თავიდან ასაცილებლად. "ოტჯიზე", რომელსაც ხშირად ურევენ ომუზუმბას ბუჩქის ნაყოფს არომატისათვის. იგი ითვლება ძალიან მოთხოვნად მიქსტურად ესთეტიური სილამაზის კოსმეტიკაში და ჰიმბას სილამაზის იდეალთან არის გაიგივებული[3] და სამოსი[4][5].

თმის სტილი და სამკაულები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჰიმბას ხალხის ცხოვრებაში. ისინი გამოხატავენ ასაკს და სოციალურ სტატუსს საზოგადოებაში. ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებს უმეტესად პარსავენ თმებს ან ჭრიან ძალიან დაბალ დონეზე. ყმაწვილობისას, ბიჭებს უკეთებენ ცალ ნაწნავს, რომელიც უკან აქვთ გადაგდებული. გოგონებს კი — ორ ნაწნავს, რომელიც მათი სახისკენაა მიმართული და ხშირად მათი თვალების პარალელურია. თმის ტარების მსგავსი სტილი ტომის წევრების მიერაა დადგენილი და იგი ტომის წარმომადგენელს მანამ უნარჩუნდება, სანამ სქესობრივ სიმწიფეს მიაღწევს. გოგონათა გარკვეული ნაწილი წინ გადმოგდებულ ცალ ნაწნავს ატარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტყუპისცალია.

სიმწიფის ასაკში ბიჭების ვაცხნილობაში ბევრი არაფერი იცვლება, გოგონები კი "ოტჯიზეთი" გაჯერებულ ბევრ ნაწნავს ატარებენ. ყოველდღიურ პრაქტიკაში, ისინი ამ ნაწნავებს, ერთად იკრავენ და ზურგსუკან იგდებენ. დაქორწინებული და შვილიანი ქალები მოჩუქურთმებულ თავსამკაულს ატარებენ, რომელსაც "ერემბლეს" უწოდებენ. იგი ცხვრის ტყავისგანაა დამზადებული. დაუქორწინებელი მამრების ვარცხნილობა დიდად არ იცვლება. ქორწინების შემდეგ კი ისინი თმას ქუდის ფორმის მსგავსად იხვევენ, მის ქვეშ კი დაუწვნელ თმას იტოვებენ. ქვრივი მამაკაცები, მეუღლის სიკვდილის შემდეგ, იშორებენ "ქუდს" და მხოლოდ დაუწვნელ თმას იტოვებენ.

წყლის სიმწირის გამო, ჰიმბას ხალხში თმის გასუფთავების მასობრივ საშუალებად ნაცარი გამოყენება.

საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიმბას ქალები უფრო შრომისმოყვარენი ჩანან, ვიდრე მამაკაცები. ისინი ასრულებენ ისეთ სამუშაოებს როგორიცაა, წყლის მოზიდვა, ქოხების კედლების მობათქაშება ტრადიციული მიქსტურით, უზრუნველყოფენ წარმოებული რძის საიმედოდ შენახვას, ამზადებენ კერძებს და ემსახურებიან სუფრებს, ხელსაქმობენ, ამზადებენ თიხის ჭურჭელს, კერავენ ტანსაცმელს, ამზადებენ სამკაულებს და სხვ. ძროხებისა და თხების მოწველა ქალების ვალდებულებაა. ქალები უვლიან ბავშვებს[2].

კაცების ძირითადი მოვალეობა ფერმერობაა. ეს საქმიანობა პირობითია, რადგან კაცები დიდი ხნით ტოვებენ ხოლმე თავიანთ საცხოვრებელს. ადგილზე ყოფნისას ცხოველთა დაკვლით, მშენებლობითა და ტომის შეკრებებზე საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტით არიან დაკავებულნი.

ადამიანთა დიდი რაოდენობა ერთი ოჯახის წევრად მიიჩნევა. ისინი ძირითადად მჭიდროდ ბინადრობენ. დასახლების ასეთ ტიპს "ონგანდას" უწოდებენ.

"ონგანდა" პატარა, ოჯახური ტიპის სოფელია, რომელიც ფაცხებს, ცხოველთა თავშესაფრებსა და სახელოსნოებს აერთიანებს. ყველა ეს ნაგებობა ერთ დიდ წრეწირზე მდებარეობს, რომლის ცენტრშიც განთავსებულია "ოკურუვო" — წინაპართა წმინდა ცეცხლი და შემოღობილი ადგილი ე.წ. "კრაალი", რომელშიც წმინდა, საკერპო ცხოველია განთავსებული. ცეცხლიც და ეს პირუტყვიც გარდაცვლილთა განდიდებას ემსახურება. "ოკურუვო" წინაპართა მფარველობას გამოხატავს, წმინდა ცხოველი კი ადამიანთა და მათ წინაპართა სათანადო კავშირს უზრუნველყოფს.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიმბას წარმომადგენლები პოლიგამუსები არიან. კაცების უმრავლესობას ორი მეუღლე ჰყავს ერთდროულად. ახალგაზრდა გოგონებს მომავალ საქმროებს მამები ურჩევენ. ეს ხდება სქესობრივი მომწიფებისთანავე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქორწინება მცირეწლოვან ასაკში ხდება. ასეთი პრაქტიკა არალეგალურია ნამიბიაში და მას ჰიმბას წესდების გარკვეული ნაწილიც ეწინააღმდეგება — მიუხედავად ამისა, საკმაოდ გავრცელებულია. ჰიმბას ხალხში მიღებულია ბიჭების სქესობრივი მომწიფების ასაკამდე წინადაცვეთა. დაქორწინებული ბიჭი კი უკვე კაცად ითვლება. ჰიმბას ქალი არ ითვლება სრულფასოვან ქალად ბავშვის გაჩენამდე[6] .

კავშირი გარესამყაროსთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიმბას ხალხის უმრავლესობა განსხვავებული კულტურული ცხოვრებით ცხოვრობს სხვებისგან მოშორებული გა განსხვავებული კულტურის მქონე სოფლების გარემოცვაში. თუმცა ისისნი არიან სოციალურად დინამიურები, არ არიან იზოლირებული ადგილობრივი ურბანული კულტურებისაგან.[2] ჰიმბას ხალხი თანაარსებობს და ურთიერთქმედებს სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან და ქალაქური ცხოვრების წესებთან. ისინი, ვინც ახლოს ცხოვრობენ კუნენესთან, ოპუვოს დედაქალაქთან, ხშირად ჩადიან ადგილობრივ სუპერმარკეტებში სავაჭროდ[7].

ჰიმბას ხალხი ტომური ცხოვრებით ცხოვრებს, რომელიც ორმხრივ მემკვიდრეობითობაზეა დაფუძნებული. ეს მათ საშუალებას აძლევს უკიდურესად ექსტრემალურ სამყაროში იცხოვრონ. ორმხრივი მემკვიდრეობითობის პირობებში, ტომის თითოეული წევრი ორ კლანს მიეკუთვნება: ერთი - მამის მხრიდან (ე.წ. პატრიკლანი, რომელსაც "ორუზოს" უწოდებენ) და მეორე - დედის მხრიდან (ე.წ. მატრიკლანი, რომელსაც "ეანდას" უწოდებენ). ჰიმბას დაჯგუფებებს კლანის უხუცესი მამრი მართავს. ვაჟები მამისეულ ტომებთან ერთად ცხოვრობენ და როდესაც გოგონები თხოვდებიან, ისინი ქმრის კლანთან ერთად იწყებენ თანაარსებობას.

ორმხრივი მემკვიდრეობა მხოლოდ დასავლეთ აფრიკის, ინდოეთის, ავსტრალიის, მელანეზიისა და პოლინეზიის გარკვეულ ჯგუფებშია აღმოჩენილი. ანთროპოლოგები თვლიან, რომ ეს სისტემა უპირატესია ისეთი ტომების შემთხვევაში, რომელთაც ექსტრემალურ პირობებში უწევთ ცხოვრება, რადგან საშუალებას აძლევს პიროვნებას დაეყრდნოს მისი ოჯახის ორივე წარმომადგენელს (ანუ დედისგანაც და მამისგანაც მიიღოს გარკვეული სარგებელი) და მოიცვას უფრო დიდი არეალი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიმბას ისტორია ტრაგიკულია. ის მოიცავს უმძიმეს გვალვების პერიოდს და პარტიზანულ ომს — ნამიბიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დროს, რომელიც საბოლოო ჯამში მეზობელ ანგოლასთან სამოქალაქო ომით დასრულდა. ჰიმბებმა განიცადეს გენოციდი, რომელიც სამხრეთ - დასავლეთ აფრიკაში გერმანიის იმპერიალისტური მთავრობის შედეგი იყო. ყოველი მეათე ჰერეროს და ნამას ტომის ადამიანი სიკვდილით ისჯებოდა. ეს მოვლენა ჰერეროსა და ნამაქუას გენოციდად შეფასდა[8].

1980-იან წლებში მძიმე გვალვამ ჰიმბებს საქონლის 90 პროცენტი გაუწყვიტა. იმ დროს ბევრი ადამიანი ოპუვუში ლტოლვილად ჩაბარდა, სადაც საერთაშორისო დახმარების იმედად განაგრძო ცხოვრება. ისინი, როგორც ანგოლის საზღვარზე მოსახლენი, სამხრეთ აფრიკის საზღვრებისათვის ომში ხშირად ხდებოდნენ გატაცების მსხვერპლნი, აჰყავდათ მძევლებად, აიძულებდნენ შეერთებოდნენ ნამიბიის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ანგოლის დანაყოფს.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც თავად ამბობენ, ჰიმბები მონოთეისტი ხალხია. თაყვანს სცემენ ერთადერთ ღმერთს, მუკურუს. თუმცა ისინი, ასევე, ეთაყვანებიან საკუთარი დაჯგუფების წინაპრებსაც. მათი რწმენით, მუკურუ მხოლოდ ილოცება. წინაპრებს კი შეუძლიათ როგორც ლოცვა, ასევე წყევლაც მიუვლინონ ადამიანებს. თითოეულ ოჯახს აქვს საკუთარი "წმინდა ცეცხლი", რომელსაც მცველი დარაჯობს. მცველი ყოველ 7 - 8 დღეში ერთხელ უახლოვდება "წმინდა ცეცხლს", რათა ოჯახის სახელით დაუკავშირდეს მუკურუსა და წინაპრებს[8][9].

ჰიმბებს, ასევე, სჯერათ "ომიტის", რომელიც ჯადოსნობას, კუდიანობას ნიშნავს. ისინი თვლიან, რომ სიკვდილის მიზეზი "ომიტია" ან პიროვნება, რომელიც "ომიტის" ავი განზრახვებით იყენებს. ჰიმბას ზოგი წარმომადგენელი ტრადიციულ აფრიკელ წინასწარმეტყველ - მკურნალს მიმართავს, რათა უბედურების მიზეზი ან "ომიტის" გამომყენებლის ვინაობა გაიგოს.

ნამიბიის დამოუკიდებლობის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიმბას მობილური სკოლა

ოვაჰიმბამ წარმატებით შეინარჩუნა კულტურა და ცხოვრების წესი[10].

თვალსაჩინოებისათვის, ჰიმბას ხალხმა უცხოელ აქტივისტებთან ერთად დაბლოკა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მდინარე კუნენეზე, რომელიც მათ წინაპრებისეულ ტერიტორიებს ტბორავდა. 2011 წელს ნამიბიის მთავრობამ წარმოადგინა ახალი გეგმა, რომლის თანახმადაც კაშხალი უნდა გაშენებულიყო ოროკავეში, ბეინსის მთებში. 2012 წელს ჰიმბას ხალხმა კაშხლის მშენებლობის საწინააღმდეგო დეკლარაცია წარუდგინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, აფრიკის გაერთიანებასა და ნამიბიის მთავრობას.

ნორვეგიისა და ისლანდიის მთავრობებმა დააარსეს მობილური სკოლები ჰიმბას ტომის ბავშვებისათვის. 2010 წელს ამ პროექტით ნამიბიის მთავრობა დაინტერესდა. ახლა ეს სკოლები არა მობილური, არამედ მუდმივი სასწავლო დაწესებულებებია. ამჟამად, ჰიმბას ლიდერები ცდილობენ აღმოფხვრან სკოლების კულტურული შეუსაბამობანი, რათა თავსმოხვეულმა უცხოური განათლების სისტემამ საფრთხე არ შეუქმნას მათ კულტურას, თვითმყოფადობასა და ცხოვრების წესს.

ბრძოლა საკუთარი უფლებების დასაცავად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონადირეთა და შემგროვებელთა ჯგუფები, რომელთაც "ოვატვას" სახელით მოიხსენიებენ ნამიბიაში, კუნენეს რეგიონის დაცულ ბანაკებში არიან იზოლირებულნი, მათი თანხმობისა და სურვილის წინააღმდეგ[10].

2012 წლის თებერვალში ჰიმბას ლიდერებმა ორი განსხვავებული დეკლარაცია წარუდგინეს აფრიკის გაერთიანებასა და გაეროს.

  • "ოვაჰიმბას, ოვატვას, ოვატიჯიმბასა და ოვაზემბას დეკლარაცია ოროვაკვეს კაშხლის წინააღმდეგ ბეინსის მთებში". დეკლარაცია ხაზს უსვამს ჰიმბას ლიდერების პროტესტსა მდინარე კუნენეს შესაძლო ადიდების გამო.
  • "ნამიბიის კაოკოლენდის ჰიმბას ტრადიციული ლიდერების დეკლარაცია". დეკლარაციაში ჩამოთვლილია მოქალაქეობრივი, კულტურული, ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ძალადობების სია, რომელსაც ნამიბიის მთავრობა ამზადებს.[11] 2012 წლის 23 ნოემბერს ასობით ოვაჰიმბა და ზემბას ხალხი, ომუჰუნგადან და ეპუპას რეგიონიდან, შეიკრიბა ოკანგუატში. ისინი ნამიბიის მთავრობის სამომავლო გეგმას აპროტესტებდნენ, რომელიც ბეინსის მთებში, მდინარე კუნენეზე კაშხლის აშენებას ითვალისწინებდა. ტომობრივი დაჯგუფებების აზრით, მსგავსი ქმედება მათი უფლებების უხეში დარღვევა იყო, რადგან გარდა დატბორვისა, გახშირებული აფეთქებების გამო, მათი მიწების გარკვეულ ნაწილს ჩამოშლა ემუქრებოდა.

2013 წლის 25 მარტს, ათასობით ოვაჰიმბამ გამართა საპროტესტო აქცია, ამჯერად ოპუვოში. მათი აზრით, ნაბიმიაში მათი მრავალი უფლება ირღვეოდა. ისინი კვლავაც კაშხლის მშენებლობის გეგმას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ ნამიბიის მთავრობა უყურადღებობას იჩენდა მათი ტომის მიმართ, რადგან კაშხლის პროექტი მათთან შეუთანხმებლად დაამტკიცეს, უფრო მეტიც, ისინი საერთოდ არ იცნობდნენ ამ გეგმას. მათი პრეტენზიების დიდი ნაწილი ერთი და იმავე ხასიათის იყო. მათი აზრით, მთავრობა ანადგურებდა კულტურული მეცნიერებებისათვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან მიწას და, ამასთანავე, ხდებოდა მათი კუთვნილი მიწის უკანონო მითვისება, სადაც ისინი საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ.

[12] 2013 წლის 14 ოქტომბერს, ჰიმბას ლიდერმა, კაიპკამ, ეპუპას რეგიონის სახელით, გააპროტესტა გერმანული ტელევიზიის, "RTL" - ის რეალითი შოუ "ველური გოგონები". მისი თქმით, ტელეარხი ბოროტად იყენებდა ჰიმბას სოფლებსა და ხალხს. აქედან გამომდინარე, მოითხოვეს, რომ ეთერში აღარ გასულიყო არცერთი შემდგომი ეპიზოდი, ვინაიდან ისინი ყალბ, იმიტირებულ წარმოდგენას უქმნიდა დანარჩენ მოსახლეობას, ეს კი ჰიმბას ხალხის კულტურის და მათი ცხოვრების წესის შეურაცხყოფა იყო.

2014 წლის 29 მარტს, ორივე ქვეყნაში, ანგოლასა და ნამიბიაში, მცხოვრები ჰიმბას ტომელები გაერთიანდნენ, რათა მასობრივი პროტესტი გამოეთქვათ ნამიბიის მთავრობის ბინძური ქმედებების გამო. რამდენიმე დღით ადრე მთავრობის წარმომადგენლებმა ჰიმბას საყოველთაო ლიდერის მოსყიდვა სცადეს, რათა კაშხლის აშენების უფლება მიეღოთ. შედეგად, ოვაჰიმბამ ძველი ლიდერი უარყო და წარმოადგინა ხელმოწერილი პეტიცია, რომლის მიხედვითაც წინა ბელადის არცერთ სიტყვას ფასი არ ჰქონდა, რადგანაც მისი პოზიცია ქრთამის აღების შემდეგ შეიცვალა და რომ ჰიმბას ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა კვლავაც ეწინააღმდეგებოდა კაშხლის აშენებას.

კუნენეს კაშხალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნამიბიაში მდინარე კუნენეს საკმაოდ წყალუხვია. მთავრობამ სარგებლის მიღების მიზნით გადაწყვიტა მასზე ელექტროსადგურის აშენება. ამ მიზნით მათ მოლაპარაკება გამართეს ჰიმბას ლიდერებთან და კაშხლის სამი სავარაუდო მდებარეობა გააცნეს მათ. სამივე ადგილმდებარეობა კუნენეს ნაპირებზე მდებარეობდა. მთავრობამ სამი ადგილიდან საუკეთესოს არჩევა მთლიანად ჰიმბას ტომელებს მიანდო და დამატებითი ანაზღაურებაც შესთავაზა მაგრამ, მოლაპარაკებამ კრახი განიცადა. კაშხლის მშენებლობის საკიტხი ჩიხში მოექცა. °”ეს იგივეა მკითხოთ ჩემი სამი შვილიდან რომლის მოკვლას ვამჯობინებ" - განაცხადა მოლაპარაკებაზე ერთ-ერთმა ლიდერმა. რამდენიმე წუთში ჰიმბებმა პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვეს[10][11][13] .

მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ოვაჰიმბას წარმომადგენლები, ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთმა დამატებითმა ფაქტომა გააღიზიანა. კერძოდ, რამდენიმე წლის წინ, პრეზიდენტმა, ჰიფიკეპუნიე პოჰამბამ განაცხადა, რომ კაშხალი პირველივე შესაძლებლობისთანავე აშენდებოდა, ეს განცხადება მან ჰიმბებთან შეუთანხმებლად გააკეთა. ჰიმბას პროტესტი იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთ-ერთი ლიდერი და გამოჩენილი გმირი,  ჰიკუმინუე კაიპკა კაშხლის დონორ ქვეყნებში — გერმანიაში, შვედეთში, ნორვეგიასა და ინგლისში გაემგზავრა, რათა იქაური მთავრობებისათვის ჰიმბას ტომის მოსაზრებები აეხსნა. ქმედებამ საკმაოდ კარგი შედეგი მოიტანა. განვითარებული ქვეყნების წარმომადგენლებმა გამოგზავნეს მკვლევრები ნამიბიაში და პოზიციები მეტნაკლებად შეცვალეს. მათი თქმით, ჰიდროელექტროსადგურს ქვეყნის ეკონომიკისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა ქვეყნის მეთაურებს დელიკატურობა მართებდათ,. ისინი იმ მიწებს განაგებენ, სადაც დედამიწის ერთ - ერთი უკანასკნელი ველური კულტურაა წარმოდგენილი, რომელსაც განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება.

მორიგი კვლევის შემდეგ, ნამიბიის მთავრობამ გადაწყვიტა — შეეცვალა კაშხლის ადგილსამყოფელი. ახალი გეგმის მიხედვით, ელექტროსადგური, ოდნავ მოშორებით, ბეინსის მთებში, ეპუპას ჩანჩქერებზე იქნებოდა განთავსებული. თვლიდნენ, რომ ეს ჰიმბას კულტურაზე უარყოფით გავლენას ძალზედ შეამცირებდა. თუმცა, არც ამან გაჭრა. ჰიმბელები ამბობენ, რომ ეს მდინარე მათთვის და მათი ცხოველებისათვის სიცოცხლისა და თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა საშინელი სიცხეების პერიოდში. კაშხლის აშენება გამოიწვევს ცუდ შედეგებს, რადგან მათ მდინარესთან თავშეფარების საშუალება მოესპობათ.

არსებობს მოარული ხმებიც, რომ ჰიმბელები განაწყენებული არიან მთავრობაზე. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ მხოლოდ საარჩევნო ხმებისათვის იყენებს და სინამდვილეში მათი უფლებები არავის ადარდებს. ეს ყველაფერი შესაძლოა ხელისუფალთა ხშირი ცვლითაცაა განპირობებული. ერთი რამ ფაქტია, 90-იან წლებში მაშინდელმა პრეზიდენტმა ოვაჰიმბას ფუჭი დამოუკიდებლობა აღუთქვა ხმების მოპოვების მიზნით. შემდგომში პოლიტიკოსებმა ამის გაკეთება არ მოისურვეს ან ვერ მოასწრეს. სხვა მთავრობები კი ამ დაპირებაზე პასუხს არ აგებენ. ჰიმბას ტომელები ცდილობენ ამ უფლებით ისარგებლონ და არავის იურისდიქციაში არ მოექცნენ.

საფლავები და სასაფლაოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასაფლაოები, რომლებიც კუნენეს მდინარეზეა ნაპოვნი მინიმუმ 150 წლის ისტორიას ითვლის. თვალის ერთი გადავლებისთანავე შეამჩნევთ, რომ აქ წარმოდგენილ საფლავებში დაკრძალვის სტილია გამოყენებული. გარკვეული კვლევების თანახმად, გვხდება როგორც სინქრონული, ასევე ქაოტური ცვლილებები. იმას გარდა, რომ ჰიმბას საფლავებში ნათლად ჩანს დაკრძალული ადამიანების სიმდიდრე, სქესი და ეთნიკური წარმომავლობა, ქრონოლოგიური ცვლილებებიც შეიმჩნევა[9][10][13].

ეს ცვლილებები ჰიმბას საფლავებში კიდევ უფრო განსაცვიფრებელია, თუ დავაკვირდებით ცვლილებებს სხვა საზოგადოებრივ კულტურებში, რომლებიც საკმაოდ დაბალი ტემპით მიმდინარეობდნენ. ქალები ჯერ კიდევ ტყავის სამოსს ატარებენ და სხეულს "ოტჯიზეთი" და სხვა ტრადიციული მიქსტურებით იფარავენ. მამაკაცების თმის სტილი უცვლელია საუკუნეების მანძილზე. თუკი დეტალებს ძალიან არ ჩავუღრმავდებით, კულტურის სხვა არცერთ ასპექტში, არც ტომობრივ სტრუქტურასა და რელიგიაში მკვეთრი ცვლილებები არ შეინიშნება.

საფლავთა თემით დაინტერესებულია საზოგადოების სხვადასხვა ფენა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. კერძოდ, ტურისტები, ფოტოგრაფები, მეცნიერები, პოლიტიკოსები, მედიასაშუალებები. მედიაში ჰიმბას სასაფლაოებს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც "წმინდა საფლავთა ველს". რატომ?!

  • საინტერესოა, რატომაა ეს ადგილები "წმინდა" ?
  • ვინ არის დაკრძალული აქ?
  • როგორ "ხდება კომუნიკაცია" გარდაცვლილებთან?
  • მოკლედ, რატომ იბრძვის ოვაჰიმბა ამ "ველისთვის" ასე გაშმაგებით?

ეს საფლავები ინფორმაციის უდიდეს წყაროს წარმოადგენენ არქეოლოგებისა და ანთროპოლოგებისთვის. მათი ნარჩენების მიხედვით, მეცნიერები ცდილობენ გააანალიზონ სოციალური ფაქტორები, სქესების ერთმანეთისადმი დამოკიდებულება და შიდაეთნიკური საკითხები ძველ ცივილიზაციებს შორის. არსებობს მრავალი საკითხი, რომელიც მკვლევართა უთანხმოებას და აზრების არაერთგვაროვნებას იწვევს. თუმცა მკვლევარები თანხმდებიან, რომ საფლავთა შორის განსხვავება შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ე.წ. "ვერტიკალური" (სიმდიდრე, სოციალური სტატუსი, პოლიტიკური თანამდებობა), ასევე "ჰორიზონტალური" (სქესი, ასაკი, ეთნიკური წარმომავლობა და ა.შ.) ასპექტებით.

მას შემდეგ, რაც ამ მიდამოებში კაშხლის აშენების მცდელობის გამო დიდი დებატები დაიწყო, მრავალ თეორიასა თუ ფაქტს აეხადა ფარდა. დღეისათვის ყველა დარწმუნებულია, რომ ეს საფლავები გაცილებით მეტია, ვიდრე გარდაცვლილთა ცხედრების სამყოფელი. ამ ადგილების დატბორვა არამარტო ოვაჰიმბას კულტურასთან მოდის წინააღმდეგობაში, არამედ მეცნიერთა მთელი არმიის ინტერესებთანაც. ჰიმბასეულ საფლავებში შეინიშნება როგორც ძველი ბერძნული, ასევე ვიქტორიანული ბრიტანული, ინდიელებისეული სტილი. ჯერ კიდევ არაა ბოლომდე გარკვეული, რა იწვევდა ასეთ მკვეთრ ცვლილებებს. მიუხედავად, ტომობრივი სტრუქტურისა, ჰიმბას ტომის მსოფლმხედველობა იცვლებოდა დროთა განმავლობაში. ისინი მეტწილად ფეხს უბამდნენ სამყაროში მიმდინარე მოვლენებს. შესაბამისად, მათი საფლავების სტილსაც მეტნაკლებად განაპირობებდა დანარჩენ სამყაროში მიმდინარე მოვლენები, ანუ ისინი, ასე ვთქვათ, "პოპულარულ გზებს" ირჩევდნენ ცხოვრების წესის არჩევისას და ეს მიწად მიბარების ტრადიციაშიც გამოიხატა.

ჰიმბელთათვის სასაფლაოები მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობა როდია. ეს მათი პირადი, კერძო საკუთრებაა. მათ მიწა ტომის შიდა კანონებით აქვთ განაწილებული. შესაბამისად, ოჯახის წევრის საფლავი მათთვის ისეთივე საკუთრებაა, როგორიც კარმიდამო. უფრო მეტიც, საფლავებს "პირადი მიწის მცველებიც" კი ჰყავთ. ისინი ხშირად ოჯახის ყველაზე ასაკოვანი მამაკაცები არიან და საფლავების ნებისმიერი საფრთხისგან სიცოცხლის ფასად დაცვა მათი პირდაპირი მოვალეობაა. საფლავთა მნიშვნელობა ოვაჰიმბასთვის იმაზე დიდია, ვიდრე ნებისმიერ პოლიტიკოსს წარმოუდგენია. სავარაუდოდ, ვერავინ მოახერხებს ჰიმბას დაყოლიებას კაშხლის აშენებაზე, რადგან ეს, გარდა ტომის კულტურის შეურაცხყოფისა, ოჯახის უხუცესთა პირადი ღირსების შელახვად ჩაითვლება

აღნიშვნები ჰიმბას საფლავებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიმბას წარმომადგენლებზე მათი საფლავები დეტალური ანალიზის გარეშეც გვაწვდის გარკვეულ ინფორმაციას. ზოგიერთი მათგანი ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია. განსაკუთრებით ბელადთა და მეომართა საფლავები[9].

საფლავთა უმეტესობაზე შაშხანები, დანები და საბრძოლო იარაღის სხვა სახეობებია გამოსახული. იარაღი ჰიმბას ძლიერი და მამაცი წარმომადგენლებისადმი პატივისცემის გამოხატულებას ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ იარარები საფლავის "მესაკუთრის" პირად ისტორიას აღწერენ, ეს სიმბოლოები, ზოგადად, ჰიმბას კულტურის, როგორც მეომარი ხალხის დახასიათებას იძლევიან.

თითოეულ საფლავს თან ახლავს გარკვეული ტექსტი-გარდაცვლილის სახელის, გვარის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღების მითითებით. შეხვდებით გარკვეულ დამატებით ფრაზებსაც. მაგ: "აქ განისვენებს...", შემდეგ სახელი, პროფესია, ან მეტსახელი... მომდევნო სიტყვები კი მეტნაკლებად პოეტურადაა ამოტვიფრული, მაგ: "როგორც სპილო", "როგორც ლომი" და ა.შ.

ყველა წარწერა ჰერეროს ენის დამწერლობითაა შესრულებული.

საფლავები მორთულია სკულპტურებით. სკულპტურა უმეტესწილად შავად, წითლად ან ოქროსფრადაა შეღებილი, ეს ფერები ჰიმბას ე.წ. "საფირმო ფერებია".

ადამიანის სტატუსისა და მატერიალური მდგომარეობის ამოცნობა საფლავის ქვის მიხედვითაც ძალიან მარტივია, თუ ქვის მასალას ან იმ მასალებს დავაკვირდებით, რომლებითაც იგია მოპირკეთებული.

ანთროპოლოგიური კვლევები და დასკვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერის აღქმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიმბების მიერ ფერის აღქმაზე ანთროპოლოგემბა არაერთი კვლევა–ძიება ჩაატარეს. ისინი ფერების დასახასიათებლად ოთხ სახელს იყენებენ. ესენია:

  • "ზუზუ" - გამოიყენება მუქი ლურჯი, მუქი წითელი, მუქი იასამნისფერი და მუქი მწვანე;
  • "ვაპა" - თეთრი და მოყვითალო - მოთეთრო, შედარებით ღია ფერები;
  • "ბურუ" - ძირითადად, ლურჯი და მწვანე;
  • "დამბუ" - მომწვანო, მოწითალო და მოყავისფრო ფერები[14] .

აღსანიშნავია, რომ ეს ერთ - ერთი განმასხვავებელი ნიშანია მათსა და ჰერეროს ტომს შორის. ჰიმბასაგან განსხვავებით, ჰერეროს ტომი ფერების მხოლოდ ორ ძირითად კატეორრიას ცნობს. ასევე ეს ფაქტი ხაზს უსვამს, რომ ოვაჰიმბა შედარებით მეტ დროს ანდომებს ფერების გარჩევას. როგორც ჩანს, ამ მხრივ, ჰიმბებს უფრო ფართო თვალსაწიერი აქვთ, ვიდრე მათ მეზობლებს.

Do You See What I See?[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს გამოვიდა BBC-ის დოკუმენტური ფილების სერია, სათაურით „Do You See What I See?“ (ქართ. ხედავ თუ არა იმავეს, რასაც მე?).

ფილმში საუბარია იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ და აღწერენ ფერებს ჰიმბები. დაინტერესების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ამ ტომის ენაში არ არსებობს სიტყვა, რომელიც ლურჯ ფერს გამოხატავს. უფრო მეტიც, ისინი ვერანაირი ეპითეტით ვერ განასხვავებენ ლურჯსა და მწვანეს. და არამარტო ვერ ახასიათებენ, არამედ საერთოდ ვერ ამჩნევენ მას.

ეს ამბავი მრავალი წლის განმავლობაში "დაძრწოდა" ინტერნეტში და გავლენიანი მედია - საშუალებებიც კი მოიცვა, როგორებიც „BBC,“ „the New York Times“, „BoingBoing“ და „Radio Lab“ არიან.

მკვლევარი და მეცნიერი ჯულს დავიდოვი სწორედ ამის გასარკვევად გაემართა ნამიბიაში, სადაც ექსპერიმენტის ჩასატარებლად, რა თქმა უნდა, ჰიმბას ტომი აირჩია: ჯულსმა ტომელებს ეკრანზე 12 კუბიკი აჩვენა, საიდანაც 11 მწვანე იყო 1 კი - ლურჯი. ადგილობრივთა უმრავლესობამ განსხვავება ვერ შეამჩნია, ხოლო მათ ვინც სხვაობა დაინახეს, ამას გაცილებით დიდი დრო მოანდომეს, ვიდრე დასავლური ცივილიზაციის ადამიანი მოანდომებდა, მაგრამ მიუხედავად დიდი ხანი ფიქრისა, ზოგმა მაინც არასწორი პასუხი გასცა კითხვას და მხოლოდ რამდენიმე მცდელობის შემდეგ ამოიცნო ლურჯი ფერი. აღმოჩნდა, რომ ჰიმბას ენაში გაცილებით მეტი სიტყვა გამოხატავს მწვანე ფერს და მის თავისებურებებს, ვიდრე ინგლისურში, ქართულში ან თითქმის ნებისმიერ სხვა, თანამედროვე ენაში. როდესაც მათ აჩვენეს 12 მწვანე კუბიკი, რომელთაგანაც მხოლოდ ერთი იყო ნახევარი ტონით მუქი, მათ დაუყონებლივ შენიშნეს სხვაობა, "დასავლელებისათვის" კი ეს გაცილებით რთულია.

დავიდოვის თქმით, ფერის გამომხატველი სიტყვის გარეშე, მისი განმასხვავებელი ეპითეტის არარსებობის პირობებში, მისი უნიკალურობის ამოცნობა გაცილებით რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თვალები ფიზიკურ განსხვავებას ამჩნევენ, მათი გონება ამ აზრს ბლოკავს, ვინაიდან სიტყვით გადმოცემა არ შეუძლია.

ამ ექსპერიმენტს საოცარი გამოხმაურება მოჰყვა და ამ საკითხზე მომუშავე მეცნიერთა რიცხვი გაიზარდა. ასევე ,გაიზარდა დაინტერესება ჟურნალისტების მხრიდანაც, ზემოთ ნახსენებ მედია - საშუალებებში აქტიურად ვრცელდება ამ საკითხთან დაკავშირებული მეცნიერული კვლევებით დასაბუთებული სტატიები და გადაცემები. განსაკუთრებით აღსანიშნავია BBC Science - ის მიერ შემოთავაზებული რამდენიმე სერია, მაგრამ ამ საკითხს გამოხმაურება ხალხში ნაკლებად მოჰყვა. ის ფართო მასებზე არაა გათვლილი. ამიტომაც, პროექტები "ჰიმბასეულ ფერთა აღქმაზე" მალევე შეწყდა. თუმცა, ერთი რამის თქმა თამამად შეიძლება, მნიშვნელობა არ აქვს ხედავენ თუ არა ჰიმბები გარკვეულ ფერებს, მათ ეს მაინც არ სჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჰიმბების ასწლეულოვანი ენა აუცილებლად მოძებნიდა ეპითეტთა მთელს რიცხვს მათ გამოსახატავად, როგორც ეს მწვანე ფერის შემთხვევაში მოხდა.

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიმბები კაოკოლედში ცხოვრობენ. აქ მდებარეობს არაჩვეულებრივი რეგიონი ეპუპა. ეს ადგილები არაჩვეულებრივია ტურიზმისა და ექსტრემის მოყვარულთათვის. იქამდე მისვლა შესაძლებელია, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზით[15].

თვითმფრინავით წასვლის შემთხევაში, საწყისი წერტილი ვინდჰუკი იქნება. გზად გადაუფრენთ ეტოშას ეროვნულ პარკსა და ე.წ. ზებრას მთებს, დაეშვებით მდინარე კუნენეზე.

სამანქანო გზაზე ყოველ მეტრზე შეამჩნევთ, როგორ ველურდება და უდაბურდება გარემო თანდათანობით. თქვენ მოგიწევთ ჰიმბას უამრავი სოფლის გავლა, გზა და გზა შეხვდებით ძალიან ბევრ ფარასა თუ ნახირს, რომელსაც ოვაჰიმბას წარმომადგენლები შორ გზაზე მიუძღვებიან. ეს ყველაფერი არაჩვეულებრივი სანახავია.

მისტიკა კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნამდვილი მისტიკაა ჰიმბების ცეკვა. ისინი ცეკვავენ და მღერიან ყველგან და ყოველთვის. მიუხედავად იმისა, რომ ცეკვების უმრავლესობა რიტუალურია, ყველგან შეხვდებით — გზებზე, მდინარესთან, მთებში. ცეკვები ჰიმბებისთვის არა მხოლოდ პიროვნების გამოხატულებაა, არამედ გართობის გარკვეული საშუალებაც[16].

გზა ოპუვოდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპუპას ბანაკები მდინარე კუნენეზე, კუნენეს რეგიონშია განთავსებული, რომლის ჩრდილოეთ ნაწილიც კაოკოლენდის სახელითაა ცნობილი. ეპუპა ოპუვოდან 180 კმ-ით არის დაშორებული. ეპუპაში შესვლას ერთადერთი ნიშანი გამცნობთ, რომელიც, სავარაუდოდ, რომელიმე ტურისტის მიერაა დატოვებული. აქ ერთადერთი გონივრული ტრანსპორტი სრულაძრავიანი ყველგანმავალია. არ გარისკოთ მანქანით წასლვა, რადგან გზა ძალიან ცუდია[15].

საჰაერო მარშრუტით ეპუპას დასაფრენი ბილიკი ბანაკებიდან დაახლოებით 8 კმ. მანძილზეა. აქედან მხოლოდ პატარა მონაკვეთის გავლა მოგიწევთ მთიან რელიეფზე.

მისტიური ჩანჩქერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპუპას ბანაკებთან ახლოს ზღაპრული სილამაზის ჩანჩქერებია. ისინი დაახლოებით 1,5 კმ. გადაჭიმული. ჩანჩქერების საშუალო სიმაღლე 60 მეტრია, ხოლო ყველაზე დიდი სიგანე ნახევარ კილომეტრს აღწევს. რეგიონი ამ ჩანჩქერების სახელს ატარებს. ჰერეროს ენაზე — ოჯიჰერეროზე — „ეპუპა“ ჩანჩქერს ნიშნავს. მსოფლიოს ვერც ერთ ნაწილში, ვერ ნახავთ ველურ ბუნებასა და მშრალ, გვალვიან ლანდშაფტთან ჩანჩქერის ასეთ კონტრასტულ შეხამებას. ეპუპას ჩანჩქერებს ჰიმბები იყენებენ, როგორც სარეცხ, საბანაო ან სულაც გასართობ და სათამაშო ადგილად[17].

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოტოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kamaku Consultancy Services cc., Commissioned by: Country Pilot Partnership (CPP) Programme Namibia (2011). Strategies That Integrate Environmental Sustainability Into National Development Planning Process to Address Livelihood Concerns of the OvaHimba Tribe in Namibia - A Summary. Windhoek, Namibia: The Ministry of Environment and Tourism, Republic of Namibia.. 
  2. 2.0 2.1 2.2 Милюхин, С. (n.d.). Люди химба. Откровения Намибии. Retrieved from http://www.aif.by/timefree/uvlechenie/travel/item/38644-himba.html
  3. Himba Hair Styling. (n.d.). Retrieved from http://newlynatural.com/blog/2011/01/himba-hair-styling/
  4. Tribes of Africa / The Himba. (n.d.).
  5. Himba people. (n.d.). Retrieved from traditionscustoms.com/people/himba-people
  6. Namibia. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://www.everyculture.com/Ma-Ni/Namibia.html
  7. Strategies That Integrate Environmental Sustainability Into National Development Planning Process to Address Livelihood Concerns of the OvaHimba Tribe in Namibia - A Summary(PDF). Windhoek, Namibia: The Ministry of Environment and Tourism, Republic of Namibia.
  8. 8.0 8.1 Himba Tribe: Tribal People of Namibia. (n.d.). Retrieved from http://www.gateway-africa.com/tribe/himba.html
  9. 9.0 9.1 9.2 Bollig, M. (n.d.). Anthropos.Contested Places. Graves and Graveyards in Himba Culture, pp. 35-50
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 Human Rights Dam will mean our destruction, warn Himba. (n.d.). Retrieved from http://www.irinnews.org/report/76311/namibia-dam-will-mean-our-destruction-warn-himba
  11. 11.0 11.1 DECLARATION OF THE MOST DIRECTLY AFFECTED OVAHIMBA, OVATWA, OVATJIMBA AND OVAZEMBA AGAINST THE OROKAWE DAM IN THE BAYNES MOUNTAINS. (n.d.). Retrieved from http://earthpeoples.org/blog/?p=1061
  12. "Indigenous peoples Himba community condemn RTL TV series Wild Girls, asking Earth Peoples co-founder Rebecca Sommer for help to intervene on their behalf and stop it"Earth Peoples. Retrieved 2013-10-16.
  13. 13.0 13.1 Indigenous groups in Namibia demand a halt to a new dam on their land (OSISA). (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://www.osisa.org/indigenous-peoples/namibia/indigenous-coalition-opposed-new-dam
  14. Reiger, Terry; Kay, Paul (28 August 2009). "Language, thought, and color: Whorf was half right" (pdf). Trends in Cognitive Science.
  15. 15.0 15.1 Epupa Camp - Directions. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://www.epupa.com.na/directions.html
  16. The Himba Tribe - Namibia. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://vanishingworldphotography.com/himba-tribe.html
  17. Epupa Camp - Epupa Falls. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://www.epupa.com.na/falls.html
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჰიმბა&oldid=3373144“-დან