ჯუნგარის ალათაუ
ჯუნგარის ალათაუ | |
---|---|
ხედი მყინვარ კოლოსკოვიდან ჩუბარის პიკზე (4407 მ) | |
კოორდინატები: 45° ჩ. გ. 80° ა. გ. / 45° ჩ. გ. 80° ა. გ. | |
ქვეყანა | ყაზახეთი ჩინეთი |
ტერიტორიული ერთეული | ალმათის ოლქი (ყაზახეთი) სინძიანი (ჩინეთი) |
უმაღლესი წერტილი | სემიონოვ-ტიან-შანსკის პიკი |
სიმაღლე | 4562 მ |
სიგრძე | 450 კმ |
სიგანე | 50-190 კმ |
ჯუნგარის ალათაუ ან ჯუნღარის ალათაუ (ყაზახ. Жетісу Алатауы, ჩინ.: 准格尔阿拉特, მონღ. Алаг Уул) — მთათა სისტემა ყაზახეთსა და ჩინეთში. გაწოლილია ალაქოლის ტბასა და მდინარე ილის შორის. აღმოსავლეთით შემოზღუდულია ჯუნგარის ჭიშკრით. გადაჭიმულია თითქმის 450 კილომეტრზე, სიგანე 50-იდან 190 კმ-მდე.[1] შედგება რამდენიმე პარალელური ქედისაგან. მაღალმთიანი ღერძული მთავარი ქედის სამხრეთით განლაგებულია რიგი საშუალომთიანი პარალელური ქედი: თოქსანბაი, ბეჯინთაუ და თიშქანთაუ. ჭარბობს 1500 მეტრიდან 3000 მეტრამდე სიმაღლის მასივები. მაქსიმალური სიმაღლეა 4562 მ (მთა სემიონოვ-ტიან-შანსკის პიკი).[2] ქედს სახელი ეწოდა ჯუნგარის ვაკის სახელის მიხედვით.
ჯუნგარის ალათაუს ჩრდილოეთი ნაწილი აგებულია დევონური და კარბონული ქვიშაქვებითა და ფიქლებით, სამხრეთი — კარბონული და პერმული ვულკანური ქანებით, ცენტრალური ნაწილი — უფრო ძველი კრისტალური ქანებით. ჯუნგარის ალათაუში არის პოლიმეტალების, სპილენძის, იშვიათი ლითონების საბადოები, თერმული მინერალური წყაროები. ჯუნგარის ალათაუს რელიეფი ჩამოყალიბდა კაინოზოური ტექტონიკური მოძრაობებით. დაბალ- და საშუალომთიან მასივებზე შემორჩენილია ძველი დენუდაციური ზედაპირები. ცენტრალურ ნაწილში არის მყინვარები. აღსანიშნავია აბაის მყინვარი, ჯამბულის მყინვარი და ბერგის მყინვარი. სულ ცნობილია 1350 მყინვარი, რომელთა საერთო ფართობია 1100 კმ².
აბაის მყინვარი წარმოადგენს ჯუნგარის ალათაუს უგრძეს მყინვარს, რომლის სიგრძეა 8,5 კმ, ფართობი 10,2 კმ², ხოლო სისქე 100 მ. ჯამბულის მყინვარი ვრცელდება ჯუნგარის ალათაუს ჩრდილო კალთაზე, მდინარე პატარა ბაქსანის ზემოთში. მყინვარის სიგრძეა 6 კილომეტრი, ფართობი 2 კმ², ხოლო აბლაციის ფართობი 5,7 კმ².[3] ბერგის მყინვარი გაწოლილია ჯუნგარის ალათაუს ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე. მისი სიგრძეა 8 კილომეტრი, ფართობი 16,7 კმ², ხოლო სისქე 80 მ.
მოსწორების ზედაპირის ძველი ნარჩენები და უფრო ახალგაზრდა მაღალი პლატოები, რომლებიც 3000-4000 მეტრზე ვრცელდებიან გარე კალთებს აძლევენ საფეხურებრივ იერს. ჩრდილო და დასავლეთი მთისძირი გამოზიდვის კონუსების გაქვავებული ზოლითა წარმოდგენილი, სამხრეთით — ადირებით. მთისწინეთის კლიმატი მკვეთრად კონტინეტურ-გვალვიანია. დამახასიათებელია ცხელი ზაფხული და ცივი ზამთარი. იანვრის საშუალო ტემპერატურა უდრის -12°С, ივლისის 20°С-ზე მეტს. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა 200-350 მმ წელიწადში. საშუალომთიანეთში ივლისის საშუალო ტემპერატურა უდრის 10-13°С, ჩრდილო-დასავლეთ კალთებზე წელიწადში მოდის 600-800 მმ ატმოსფერული ნალექი.[4]
ყველაზე უფრო მკაცრი პირობებია მაღალმთიანეთში, სადაც ივლისის საშუალო ტემპერატურა არ აღემატება 5-6°С-ს. 2600-2800 მეტრიდან დაწყებული ვრცელდება მრავალწლოვანი მზრალობა. დიდი მდინარეები ქოქსუ და ლეფსი ჩაედინებიან ბალხაშის ტბაში, შედარებით პატარა მდინარეები იკარგებიან მთისწინა ვაკეების ქვიშებში.[4]
თოვლის მიჯნა გადის 3200-3800 მეტრის სიმაღლეზე. სოფელ ლეფსის სამხრეთ-დასავლეთით 23 კილომეტრში ზღვის დონიდან 1630 მ სიმაღლეზე მდებარეობს თვალწარმტაცი ტბა ჟასილქოლი, რომლის ფართობია სულ რაღაც 912 ათ. მ², ხოლო სიღრმე 89 მეტრი.[5]
ჯუნგარის ალათაუში კარგად არის გამოხატული ვერტიკალური სარტყლურობა. ნახევარუდაბნო და სტეპი 1200 მ სიმაღლეზე ტყემდელოს სარტყელში გადადის; 2600 მეტრის ზემოთ სუბალპური და ალპური მდელოს ლანდშაფტია, რომელიც შემდეგ ნივალურით იცვლება.[6] ზღვის დონიდან 3200 მეტრის ზემოთ გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტია.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჯუნგარის ალათაუ — გეოგრაფიული ენციკლოპედია (რუსული)
- ↑ Осваиваем Джунгарский Алатау
- ↑ ჯამბულის მყინვარი — Джамбула ледник
- ↑ 4.0 4.1 4.2 ჯუნგარის ალათაუ — დიდი რუსული ენციკლოპედია (რუსული)
- ↑ ჟონგარ-ალათაუს ეროვნული პარკი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-03. ციტირების თარიღი: 2018-07-26.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 579.