შინაარსზე გადასვლა

სოსო ჯიბლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჯიბლაძე, სოსო)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯიბლაძე.
სოსო ჯიბლაძე
დაბ. თარიღი 8 თებერვალი, 1947(1947-02-08)
დაბ. ადგილი ოჩამჩირე
გარდ. თარიღი 20 ივლისი, 1998(1998-07-20) (51 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი

სოსო (თეიმურაზ) ჯიბლაძე (დ. 8 თებერვალი, 1947 — გ. 20 ივლისი, 1998) — ქართველი გეოგრაფი, ინჟინერი და პედაგოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1985), დოცენტი (1992).

სოსო ჯიბლაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი მეტეოროლოგიის სპეციალობით 1968 წელს. მუშაობა დაიწყო თბილისის ამინდის ბიუროს ოპერატიულ ჯგუფში ინჟინერ-სინოპტიკოსად; 1970 წლიდან მუშაობდა თბილისის ავიამეტეოსადგურში ინჟინერ-სინოპტიკოსად; 1972 წლიდან — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიულ სტაციონარში ინჟინრის თანამდებობაზე.[1]

სოსო ჯიბლაძე 1985 წელს გადაიყვანეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აეროკოსმოსური მეთოდებით გარემოს მდგომარეობათა შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში უმცროსი, 1988 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; 1995–96 წლებში შეთავსებით მუშაობდა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრაზე; 1996 წლიდან — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის გეოგრაფიის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე.[1]

საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1985 წელს თემაზე: „ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსებში მზის ენერგიის ტრანსფორმაციის საკითხები“. მონაწილეობდა ევრაზიის მთიანი რეგიონების შემსწავლელ სამეცნიერო-საველე ექსპედიციებში; 1988–89 წლებში ექსპედიციის ხელმძღვანელია რაჭის, ქვემო ქართლის, ჯავახეთის, ზემო იმერეთის, ჩრდილო კავკასიის და სხვა ექსპედიციებისა. იყო შორეულ ექსპედიციებში: კამჩატკაზე, კურილის კუნძულებზე, შორეულ აღმოსავლეთში, ხიბინის მთებში, კარპატებში, ყირიმში. სოსო ჯიბლაძეს გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.