ხალედ ალ-აზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Khalid al-Azm.jpg

ხალედ ალ-აზმი (არაბ. خالد العظم, დ. 1903, დამასკი, ოსმალეთის იმპერია — გ. 18 ნოემბერი, 1965, ბეირუთი, ლიბანი) — სირიელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, ექვსჯერ ეკავა პრემიერ-მინისტრის (1941, 1946, 1948–1949, 1949–1950, 1951, 1962–1963 წლებში) თანამდებობა; პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი (1941).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სირიაში ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ოჯახის წევრი. იგი არის ოსმალეთის იმპერიის რელიგიების მინისტრის შვილი. 1923 წელს დაამთავრა დამასკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1925 წლიდან ქალაქის მთავრობის წევრია. ამავე დროს იგი აქტიურად მართავს საკუთარი ოჯახის წევრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

1930-იანი წლებიდან დაუახლოვდა ანტიკოლონიალური ეროვნული ფრონტის წამყვან ლიდერებს, ისეთებს როგორიცააა მაგალითად ჰაშიმ ალ-ათასი და შუქრი კუათლი.

1941 წელს საფრანგეთის კოლონიალურმა ხელისუფლებამ იგი პრემიერ-მინისტრად და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. მაგრამ ხუთი თვის შემდეგ იგი შეცვალეს და პრეზიდენტად დანიშნეს ფრანგების მიმართ უფრო ლოიალურად განწყობილი ტაჯ ედ-დინ ალ-ჰასანი.

1943-1947 წლებში მუშაობდა პარლამენტსა და მთავრობაში. 1945 წელს იგი წარუმატებლად იბრძოდა პრეზიდენტ შუქრი კუათლის წინააღმდეგ, რომელსაც უნდოდა შეეცვალა კონსტიტუცია და შემდეგი ვადით დარჩენილიყო პრეზიდენტის თანამდებობაზე. 1947-1948 წლებში სირიის ელჩია საფრანგეთში.

1948-1949 წლებში პრემიერ-მინისტრია. ამ პერიოდში იგი ცდილობს მიიღოს ფინანსური დახმარება აშშ-სა და საფრანგეთისაგან, ამისათვის აწრმოებს აქტიურ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს. თუმცა მისი მუშაობით უკმაყოფილო არიან სამხედროები. პირველ რიგში სირიის არმიის შტაბის უფროსი ჰუსნი ალ-ზაიმი. გენერალ ალ-ზაიმის მიერ ორგანიზებული 1949 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ხალედ ალ-აზმი და პრეზიდენტი შუქრი კუათლი დააპატიმრეს. მაგრამ ხუთი თვის შემდეგ ალ-აზმი კვლავ პარლამენტის დეპუტატი, ხოლო მოგვიანებით ფინანსთა მინისტრი გახდა.

1949-1950 და 1951 წლებში კვლავ პრემიერ-მინისტრია. ამ თანამდებობაზე დაუწესა ემბარგო ლიბანურ საქონელს რათა გადაერჩინა სირიის მრეწველობა. მისმა მოქმედებამ უკმაყოფილება გამოიწვია ქვეყნის გავლენიან პოლიტიკურ ძალებს შორის. კონფლიქტი ჰქონდა სამხედროებთა, რადგან მათი წარმომადგენლები არ დანიშნა თავის კაბინეტში. პროჰაშიმიტური წრეები უკმაყოფილონი იყვნენ მისი ფრთხილი დამოკიდებულებით ერაყთან. სოციალისტები არ ენდობოდნენ მას თავისი წარმომავლობისა და სიმდიდრის გამო.

1951-1954 წლებში ჩამოშორდა დიდ პოლიტიკას ადიბ შიშექლის მიერ დემოკრატიული ხელისუფლების დამხობის პროტესტის ნიშნად. 1956-1958 წლებში თავდაცვის მინისტრია. ამ პერიოდში მან გააუმჯობესა ურთიერთობა სსრკ-სთან. ამერიკის შეერთებულ შტატებში მისმა მოქმედებებმა გამოიწვია შეშფოტება და მას „წითელი მილიონერი“ უწოდეს.

1958 წელს გამოდიოდა ეგვიპტესთან კავშირის წინააღმდეგ. თვლიდა, რომ გამალ აბდელ ნასერი დაანგრევდა სირიის დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემას და საბაზრო ეკონომიკას. 1958-1961 წლებში იგი კვლავ მიდის პოლიტიკიდან და საცხოვრებლად გადადის ლიბანში.

არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკის დაშლის შემდეგ ბრუნდება სირიაში, ცდილობს დაიკავოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, მაგრამ სამხედროები უშლიან ხელს. ხდება პარლამენტის დეპუტატი. 1962 წლის წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ მეექვსედ ნიშნავენ პრემიერის თანამდებობაზე. ამ პერიოდში იგი არმიას წმენდს ნასერისადმი ლოიალურად განწყობილი ელემენტებისაგან.

1963 წელს ქვეყანაში ხდება ახალი სამხედრო გადატრიალება. ქვეყნის სათავეში მოდის პარტია ბაასი და ალ-აზმი პრეზიდენტ ნაზიმ ალ-კუდსისთან ერთად გარბის ქვეყნიდან.

ცხოვრების უკანასკნელი წლები ალ-აზმიმ გაატარა ბეირუთში. განიცდის ფინანსურ სირთულეებს, რაგან ბაასისტებმა მთლიანად ჩამოართვეს ქონება სირიაში. აქვე გარდაიცვალა 1965 წლის 18 ნოემბერს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Sami Moubayed «Steel & Silk: Men and Women Who Shaped Syria 1900—2000» (Cune Press, Seattle, 2005).