ჭონთიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჭონთიო — ნასოფლარი საქართველოში, მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კახეთის მხარეში, ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ პირიქითა თემში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 50 კილომეტრში, მდინარე ქვახიდისწყლის მარცხენა ნაპირზე, მაღლა მთაზე. ჭონთიოდან ორი მნიშვნელოვანი გზა მიდის: ერთი დასავლეთის მიმართულებით აწუნთის უღელტეხილით ხევსურეთში გადადის, მეორე – ჩრდილოეთის ქერიღოს უღელტეხილით ჩეჩნეთში.

სოფლის მოსახლეობა დაცარიელებამდე 25 კომლს მოიცავდა. სოფელში ძირითადად შემდეგი გვარები სახლობდნენ: იუკურები (იუკურიძე), ითიურები (ითიურიძე). ჯერ სოფლის მოსახლეობა გირევში გადავიდა, შემდგომ უმეტესობა კახეთში ჩასახლდა. სოფელს ორი დღეობა ჰქონდა: „მადოლობა“, რომელსაც მკათათვის დასრულებისას ზეიმობდნენ და იოანე ნათლისმცემლის სახელობის იყო. ხოლო მეორე – „თურსიეხობა“, აღდგომიდან 2 თვის თავზე იმართებოდა.

ნასოფლარ ჭონთიოს 2018 წელს, თუშეთის კიდევ ცხრა პუნქტთან ერთად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის სტატუსი[1].

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნასოფლარის ტერიტორიაზე მდებარეობს ციხე-სახლი და კოშკი. კოშკი მდებარეობს ნასოფლარ ჭონთიოს განაპირას, ჩრდილოეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. იგი ხუთსართულიანია, ზემოთკენ შევიწროებული (ზომები პირველი სართულის დონეზე 5,6 X 5,3 მ.), ნაგებია ფიქლით, წყობა მშრალია. ძეგლი დაზიანებულია, ჩამოშლილია სართულშუა გადახურვა.

ციხე-სახლი მდებარეობს ნასოფლარ ჭონთიოს ტერიტორიაზე, ნასოფლარის განაპირას. განეკუთვნება XVIII საუკუნეს. შენობა ხუთსართულიანია. აღმოსავლეთიდან ეკვრის გვიანდელი მინაშენი. ორივე ნაგებობა ფიქლითაა ნაშენი. ციხე-სახლის მეორე და მესამე სართულების კედლები შიგნიდან მიწანარევი ნაკელითაა შელესილი. ძეგლი დაზიანებულია: ჩამონგრეულია ციხე-სახლის მეხუთე სართულის კედლების ზედა ნაწილები და სართულშუა გადახურვა, დანგრეულია მინაშენის უმეტესი ნაწილი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]