ჭილურტის მაცხოვრის ეკლესია
ჭილურტის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭილურტში, განეკუთვნება XIX საუკუნეს. ეკლესია დარბაზულია. დასავლეთიდან სამრეკლო აქვს მიშენებული. ეკლესიას ორი ფართო თაღოვანი შესასვლელი აქვს. სამხრეთიდან და დასავლეთიდან, სამრეკლოს პირველი სართულიდან. აღმოსავლეთით, ხუთწახნაგა შვერილი აფსიდის ცენტრალურ წახნაგში, ფართო ნახევაწრიულთაღიანი სარკმელია. ასეთივე ორი სარკმელია დასავლეთით, სამი - სამხრეთით და ერთი - ჩრდილოეთით. საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთის წახნაგებში თითო ფართო და მაღალი თაღოვანი ნიშია. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია ორი მძლავრი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი ნახევარწრიული საბჯენი თაღით. თაღის ქუსლებთან გამოყოფილია ორსაფეხურიანი სადა იმპოსტები. თაღის წინა სიბრტყე დამუშავებულია ნალესობით გამოყვანილი, ერთმანეთზე ბოლოებით გადაბმული ნახევარწრიული თაღებით. საკურთხეველი გადახურულია შეკრული კამარით.
დარბაზის გრძივი კედლები და კამარა კედლის სიბრტყიდან ოდნავ შვერილი ორი წყვილი პილატრითა და მათზე დაყრდნობილი თაღებით სამ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი.ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესია 1 მეტრი სიმაღლის ერთსაფეხურიან ცოკოლზე დგას. გრძივ ფასადებზე სამ-სამი სწორკუთხა შეღრმავებაა. თითოეული მათგანის თავზე ოდნავ განიერი და ბევრად დაბალი შეღრმავებაა, რომელიც ქვედა შეღრმავებისგან გამოყოფილია აგურის ორი რიგითი შედგენილი თაროთი. ზედა შეღრმავებებს აგურის წყობით გამოყვანილი, ბოლოებგადაბმული ნახევარწრეებისგან შედგენილი ფრიზი აგვირგვინებს. კარ-სარკმლების ღიობებს ირგვლივ სადა ლილვი შემოუყვება. სამხრეთის ფასადზე შესსვლელის ორივე მხარეს და ზემოთ თითო შეღრმავებული ჯვარია გამოსახული. საკურთხევლის შვერილის თითოეულ წიბოს, სიმაღლის სამ მეოთხედზე თითო სადა ლილვი აუყვება, რომლებიც მარტივი თაროსებრი კაპიტელებითაა დასრულებული.
სამრეკლო გეგმით სწორკუთხაა. სამსართულიანი. იგი ეკლესიის თანდართულია. ნაგებია აგურით. პირველი სართულის დასავლეთ კედელში ამჟამად ამოშენებული კარია. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში - თითო თაღოვანი ნიში. სართულს შემაღლებული პროპორციები აქვს და ცილიდრული კამარა ხურავს. მეორე სართულს შესასვლელი აღმოსავლეთიდან, ეკლესიიდან აქვს. სართულის დასავლეთ კედელში ფართო თაღოვანი ღიობია. სართული გადახურულია გუმბათოვანი კამარით. მასში მესამე სართულზე ასაძრომი სწორკუთხა ხვრელია მოწყობილი. მესამე სართული ვიწრო და მაღალი თაღებით გახსნილი ექვსწახნაგა ფანჩატურია. გადახურულია ნახევარსფერული გუმბათით. გუმბათის ფუძის დონეზე ზარის საკიდი ხის ძელებია გარდიგარდმო გადებული. დასავლეთის ფასადზე პირველი და მეორე სართული ფრონტონითაა დასრულებლი. მსგავსი თითო ფრონტონია გამოყვანილი ფანჩატურის კვადრატულ ბაქნის სამხრეთ და ჩრდილოეთ წახნაგებზე. სამრეკლო გადახურულია პირამიდული ფორმის თუნუქის სახურავით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 353-354.