მალმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან წყნარი ოკეანის გოჭალა)
მალმა

მდინარეში შესვლის შემდეგ
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ორაგულისნაირნი
ოჯახი:  ორაგულისებრნი
გვარი:  გოჭალა
სახეობა:  მალმა
ლათინური სახელი
Salvelinus malma (Walbaum, 1792)

მალმა,[1] ქვის გოჭალა,[1] წყნარი ოკეანის გოჭალა[1] (ლათ. Salvelinus malma) — გამსვლელი თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. ტანი თითისტარისებრი და გვერდებიდან ოდნავ შებრტყელებულია, სიგრძე ჩვეულებრივ 40–55 სმ (120-მდე), მასა 12 კგ-მდე. ზღვაში შეფერილობა ვერცხლისებრია, ზურგი მუქი ცისფერი, გვერდებზე თეთრი ან წითელი წინწკლები აყრია; მდინარეში ქვირითის დასაყრელად შესვლისას მუქდება, წინწკლები კაშკაშა წითელი ხდება, მუცელი და ლოყები — წითელ-ნარინჯისფერი, ყბები კი ფორმას იცვლის.[2] მუცლისა და ანალური ფარფლების წინა სხივები ღიაა. ზრდასრული თევზის კუდის ფარფლი ოდნავაა ამოკვეთილი.[3]

ტოფობამდელი გარეგნობა

გავრცელებულია წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. აზიის ნაპირებზე გვხვდება ბერინგის ზღვიდან კორეამდე (მდინარე იალუ) და სამხრეთ იაპონიამდე, ამერიკის ნაპირების გასწვრივ ბინადრობს ალეუტის კუნძულებთან და ალასკასთან, აღწევს კალიფორნიამდე. ცხოვრობს ზღვაში, სანაპირო მონაკვეთებში, საიდანაც შემოდგომით ქვირითის დასაყრელად შედის მდინარეებსა და ტბებში. არსებობს მდინარეული, ტბიური და ტბიურ-მდინარეული ფორმებიც; მდინარის მალმა მუდმივად მთის პატარა ცივ მდინარეებში ცხოვრობს.[3]

2–4 წლამდე მდინარეში ცხოვრობს. სქესობრივად მწიფდება სიცოცხლის მე-5–6 წელს.[2] ტოფობს აგვისტოდან დეკემბრამდე (გავრცელების ადგილის მიხედვით), როგორც სწრაფ, ისე მდორე მდინარეებში.[3] ქვირითს (დიამეტრი 4 მმ-მდე) ყრის წვრილი ხრეშით დაფარულ ფსკერზე, ბუდეში. დაყრის შემდეგ ზღვაში ბრუნდება.[2] ნაყოფიერება — 1–8 ათასი ცალი. ქვირითის განვითარება რამდენიმე კვირას გრძელდება.[3]

მოზარდი

იკვებება წყლის მწერების (კოღოები, რუისელები, ერთდღიურები და სხვ.) მატლებითა და ჭუპრებით, კიბოსნაირებით (მდინარეში — ღორტავასებრნი, ზღვაში — ღორტავასებრნი, მიზიდები, კრევეტები), მოლუსკებით, წყალში მოხვედრილი მწერებით. ორაგულების ტოფობის ადგილებში დიდი რაოდენობით ქვირითსა და ლიფსიტას ჭამს. ბუნებრივი მტერია სელაპი (ლარგა). ზამთარში შანტარის კუნძულებზე დიდი რაოდენობით ნადგურდება წავების მიერ.[3]

ადგილობრივი და სპორტული თევზჭერის ობიექტია. ძირითადად ამარილებენ, თუმცა ნედლადაც მოიხმარენ. კამჩატკაზე იყენებენ შესაბმელი ძაღლების საკვებად. ხორცი წყლიანი და მჭლეა (2% ცხიმი).[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 გოგმაჩაძე თ., თევზების ნომენკლატურა : ლექსიკონი, ბათუმი: გამომც. „აჭარა“, 2018. — გვ. 94, 96, ISBN 978-9941-460-45-6.
  2. 2.0 2.1 2.2 Решетников Ю. С. Мальма // Большая российская энциклопедия. т. 18. — М., 2011. — стр. 686.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Промысловые рыбы России : В двух томах / под ред. О. Ф. Гриценко, А. Н. Котляра и Б. Н. Котенёва. т. 1. — М.: изд-во ВНИРО, 2006. — стр. 291–292. ISBN 5-85382-229-2.