შინაარსზე გადასვლა

ზუბალაშვილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ძმები ზუბალაშვილები)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზუბალაშვილი.
ძმები ზუბალაშვილები, 1859 წ.
იაკობ ზუბალაშვილი. მხატვარი ნიკოლაი სკლიფასოვსკი

ზუბალაშვილები — ქართველ სოვდაგართა, მეწარმეთა და ქველმოქმედთა გვარი. იხსენიებიან XVII საუკუნის 80-იანი წლებიდან. წარმოშობით მესხები იყვნენ, შემდეგ კი ქართლში გადმოვიდნენ, თავდაპირველად მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ, მოგვიანებით კი ამ საგვარეულოს ერთმა ნაწილმა კათოლიკობა მიიღო. კათოლიკური შტო თბილისში, სოლოლაკში (ახლანდ. ამაღლების ქუჩა) დასახლდა, 1780 წელს დაარსებული კათოლიკური სასაფლაო კი თავიანთ საძვალედ აქცია. ზუბალაშვილები ასევე ცნობილები იყვნენ როგორც ზუბაშვილები, ზუბიათი, ზუბალოვები, ხელობის მიხედვით — მესტამბისძენი, მესტამბისშვილები.

ზუბალაშვილების საგვარეულოს ერთ-ერთი წარმომადგენელი, ვახტანგ VI-ის დროის მოღვაწე მართლმადიდებელი მღვდელი გიორგი ქართული სტამბის გახსნის მონაწილე იყო. შემდეგში ვახტანგს გაჰყვა რუსეთში. ერეკლე II-ის დროს მოღვაწეობდა მესტამბე რომანოზი, რომელიც ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ (1798) იმერეთში გადასახლდა და იქ განაგრძო წიგნების ბეჭდვა 1811 წლამდე. მისი საქმიანობა გააგრძელეს მისმა შვილებმა დავითმა და გიორგიმ. ზუბალაშვილები ადრიდანვე ჩაბმულები იყვნენ ქველმოქმედებაში. ივანემ 1775 წელს თბილისში ააშენა ე. წ. „სამათხოვრო სახლი“, სადაც ღატაკებს შეეძლოთ ღამის გათევა. ამ საქმეს მან დიდი თანხა შესწირა. ფრანცისკემ ქართლის მრავალი გლეხი ბატონყმობიდან გამოისყიდა. 1802 წელს იაკობმა გორის მაზრის სოფლების ღარიბ-ღატაკებს, რომელთაც გასაწევი ძალა არ გააჩნდათ, უყიდა ხარ-კამეჩები და ურმები.

XIX საუკუნეში კაპიტალიზმის განვითარებასთან დაკავშირებით ზუბალაშვილებიც დაწინაურდნენ. 1805 წელს ივანე, ანდრია და მერაბ ზუბალაშვილებმა ავლაბარში პურის ორი მაღაზია გახსნეს. თბილისის გუბერნიის გლეხობას აქ მოჰქონდა ფქვილი, პური. ამით გლეხობამ მიიღო გასაღების მყარი ბაზარი, მეორე მხრივ კი ჩაება სასაქონლო-ფულად ურთიერთობაში, რაც იმდროინდელი ქართველი გლეხკაცობისათვის რთული საქმე იყო. სტეფანე ზუბალაშვილი ფართომასშტაბიან ვაჭრობას ეწეოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, თურქეთში, ირანსა და განსაკუთრებით ინდოეთში. XIX საუკუნის 20-იან წლებში რუსეთთან ვაჭრობით დაწინაურდნენ დავითი, გრიგოლი, მიხეილი.

განსაკუთრებით გამოიჩინა თავი დიდმა ვაჭარმა და ქველმოქმედმა იაკობ ივანეს ძე ზუბალაშვილმა (1792–1864). მას არყის სახდელები ჰქონდა ქუთაისსა და მის შემოგარენში. 1837 წელს თბილისში დაარსდა ამიერკავკასიაში პირველი შაქრის ქარხანა, რომლის მწარმოებლობამ 186 ათას მანეთს მიაღწია და სადაც დასაქმებული იყო 300-მდე მუშა და ოსტატი. ქარხანამ 7–8 წელი იარსება და დაიხურა უმთავრესად რუსეთიდან შემოტანილი შაქრის კონკურენციისა და ადგილობრივი ნედლეულის უქონლობის გამო. იმავე წელს მან ააგო სასტუმრო (ახლანდ. შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი) და მალევე საჩუქრად გადასცა ქალაქს.

60-70-იან წლებში ცნობილი იყო კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილი (1828–1901), რომელმაც დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი, შევიდა სამხედრო სამსახურში და მონაწილეობდა დაღესტნის ბრძოლებში. 1856 წელს ავადმყოფობის გამო თავი დაანება სამხედრო სამსახურს შტაბს-კაპიტნის ჩინით და ხელი მიჰყო კომერციას. ფინანსურ დახმარებას უწევდა კათოლიკურ და ქართულ სკოლებს, გაზეთებს. კონსტანტინემ სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ ბაქოში შეიძინა ადგილები, სადაც ნავთობის არსებობას ვარაუდობდა. მალე მისი შემოსავალი ბაქოს ყველაზე მსხვილ ნავთობმრეწველთა შემოსავალს გაუთანასწორდა. ზუბალაშვილმა დიდი თანხა გაიღო თბილისის სათავადაზნაურო სკოლის (თბილისის მომავალი უნივერსიტეტის შენობა) მშენებლობისათვის.

კონსტანტინეს შვილების, სტეფანე (1860–1904), პეტრე (დ. 1862) და იაკობ (1876–1941) ზუბალაშვილების მიერ გაღებული თანხით აშენდა თბილისში „სახალხო სახლი“ — ქართული თეატრის შენობა, თავადაზნაურთა გიმნაზიის შენობა, კათოლიკური ეკლესია ბათუმში, ბევრმა ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო უმაღლესი განათლება რუსეთსა და უცხოეთში. კონსტანტინეს უფროსი ვაჟი, ლევანი (1851–1914) ცხოვრობდა მოსკოვში; კალჩუგაში ააგო ცნობილი რეზიდენცია, რომელსაც შემდეგ ქალაქგარე საცხოვრისად იყენებდა ბოლშევიკური ელიტა. ნიკოლოზ ზუბალაშვილმა XX საუკუნის დასაწყისში მოხუცთათვის ააშენა „უპოვართა თავშესაფარი“ (ახლანდ. ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე მდებარე ბავშვთა პირველი მუნიციპალური საავადმყოფო). 1913 წლის 1 მაისს თბილისის ერობამ პეტრე და სტეფანე (გარდაცვალების შემდეგ), ლევანი და იაკობი თბილისის საპატიო მოქალაქეებად აირჩია.

  • მიქელაძე ლ., ხოშტარია ე., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.  გვ. 390.