ზუბალაშვილების სახალხო სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზუბალაშვილების სახლი XX ს. დასაწყისში

ზუბალაშვილების სახალხო სახლითბილისში დღევანდელი მარჯანიშვილის თეატრის ადგილზე მდებარე სახალხო თეატრი, აშენებული ძმები ზუბალაშვილების ხარჯით 1909 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახალხო სახლები პირველად XIX საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა დასავლეთ ევროპასა და რუსეთში. წარმოდგენებთან ერთად აქ ატარებდნენ მუსიკალურ, ლიტერატურულ საღამოებს, კონცერტებს, გამოფენებს, ლექციებს და საზოგადოებრივ გასართობებს.

თბილისში 1901 წელს სახალხო სახლის დასაპროექტებლად გამოცხადებულ კონკურსში, აშენების უფლებით, გაიმარჯვა პეტერბურგელი არქიტექტორის ს. კრიჩინსკის პროექტმა. თეატრის საქმეს მეთაურობდნენ ძმები ზუბალაშვილები, რომელთაც 1901 წელს, მამის, კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილის სახსოვრად, თავიანთი ხარჯით, თბილისის მოსახლეობისათვის თეატრის აშენება გამოაცხადეს.

მშენებლობა დაიწყო 1902 წლის 7 ნოემბერს, ახლანდელი მარჯანიშვილისა და უზნაძის ქუჩების მარცხენა მხარის კუთხეში (ამ დროისათვის კირკისა და დიდი მთავრის ქუჩები). 1907 წელს მშენებლობა დასრულდა, თუმცა ოფიციალურად 1909 წლის 4 აპრილს გაიხსნა. ზუბალაშვილებმა თეატრი საჩუქრად ქალაქს გადასცეს.

სახალხო სახლის საძირკველში ჩატანებულია ლითონის ფირფიტა რუსული წარწერით:

"კ.ი. ზუბალოვის სახალხო სახლს საფუძველი ჩაეყარა 1902 წლის 24 სექტემბერს, ზუბალოვის შთამომავლების ლევანის, სტეფანეს, პეტრე და იაკობის მიერ. ეს სახლი შენდება ამ შთამომავალთა სახსრებით. სახლის მშენებლობას ხელმძღვანელობს არქიტექტორი როგოისკი, საქალაქო ინჟინერის, არქიტექტორ ს. კრიჩინსკის პროექტის მიხედვით".

სახალხო სახლის მშენებლობა 1907 წელს დასრულდა, ხოლო 1909 წლის 7 აპრილს იგი საზეიმოდ აკურთხეს. მალე ეს სახლი თბილისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად იქცა. 630 კაციანი დარბაზი მუდამ სავსე იყო მაყურებლით. სპექტაკლები 12 ენაზე იდგმებოდა. იდგმებოდა როგორც დრამატული, ისე საოპერო წარმოდგენები.

სახალხო სახლის სამსართულიანი შენობის ძირითადი ნაწილია მისი თეატრალური დარბაზი, რომელიც შედგებოდა პარტერის და ბალკონისაგან. სცენის კიდეებში, საორკესტრო ორმოს მარცხნივ და მარჯვნივ განლაგებული იყო ბენუარის თითო ლოჟა, მეორე სართულზე, სცენის პირდაპირ და დარბაზის ორივე კედლის გაყოლებით ბალკონია განთავსებული. დარბაზის განათებას ამავე სართულის გვერდით კედლებში გაჭრილი დიდი სწორკუთხა სარკმელები უზრუნველყოფდა. ვინაიდან დარბაზში მაშინ ხელოვნური განათება არ იყო, წარმოდგენები და საერთოდ ყველა ღონისძიება, დღისით ტარდებოდა. (ამჯერად ეს ფანჯრები ამოვსებულია და დეკორის ხასიათს ატარებს).

მარჯანიშვილის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მარჯანიშვილის თეატრი.
ყოფილი ზუბალაშვილების სახლი დღეს.

1930 წელს სახალხო სახლში ბინა დაიდო კოტე მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებულმა II სახელმწიფო ქართულმა თეატრმა, რომელსაც კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ (1933 წელს ) კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ეწოდა.

წლების განმავლობაში მრავალჯერ შეკეთებულ-გადაკეთებული თეატრის შენობაში 2003 წელს დაიწყო აღდგენითი სარემონტო სამუშაოები და ამის შედეგად დარბაზიც, სცენაც, ფასადიც და მთლიანად ინტერიერი განსხვავებული სახით წარმოსდგა, უფრო გადიდდა და დაუახლოვდა შენობის პირვანდელ სახეს და კოლორიტს. აღდგენილია საორკესტრო ორმო, რომელიც საჭიროებისდა მიხედვით, შეიძლება ზემოდან დგამით დაიფაროს. ბენუარის ლოჟები არ აღადგინეს და იქ ახლა კვლავ გასანათებელი აპარატურაა მოთავსებული. დარბაზს აქვს კედლებში ოთხმხრივ სიმეტრიულად განლაგებული შესასვლელები. სამი მხრიდან გარს აკრავს მაყურებელთა ფოიე. დარბაზის მარცხენა ფოიეში მონუმენტური ფერწერული პანოა, შესრულებული 1979 წლის მორიგი რემონტის დროს. პანო შეასრულა "სამეულმა"– ოლეგ ქოჩაკიძემ, ალექსანდრე სლოვინსკიმ და იური ჩიკვაიძემ.

მიუხედავად მრავალჯერ გადაკეთებისა, დარბაზმა თავისი ოპტიკური და აკუსტიკური თვისებები კვლავაც შეინარჩუნა და დღემდე განსაზღვრავს მარჯანიშვილის თეატრის შედარებით კამერულ ხასიათს.

2003 წლის ზაფხულში ქართველი ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილის ხარჯებით დაიწყო მარჯანიშვილის თეატრის კაპიტალური რემონტი, რომლის მიზანს წარმოადგენდა შეძლებისდაგვარად მიეახლოებინა ძველი სახალხო სახლის დღევანდელი სახე მისი პირვანდელი იერსახისათვის. განახლებული თეატრი 2006 წელს გაიხსნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]