ჩრდილოეთი პოლუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე და ჩრდილოეთი პოლუსი.
ნიშანი ჩრდილოეთ პოლუსზე
დროებითი კვლევითი სადგური ჩრდილოეთ პოლუსზე, 1990 წლის აპრილი

ჩრდილოეთი პოლუსი/ჩრდილოეთი გეოგრაფიული პოლუსი — წერტილი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, რომელშიც დედამიწის ბრუნვის წარმოსახვითი ღერძი კვეთს დედამიწის ზედაპირს. დედამიწის ზედაპირის სხვა ნებისმიერი წერტილი ჩრდილოეთ პოლუსის მიმართ ყოველთვის სამხრეთის მიმართულებისაა. ჩრდილოეთ პოლუსი მდებარეობს ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში, სადაც წყლის სიღრმე 4 ათ. მეტრს აღემატება. ჩრდილოეთ პოლუსის რაიონში წყლის ზედაპირი მთელი წლის განმავლობაში დაფარულია სქელი მრავალწლიანი მოდრეიფე პაკის ყინულით. უახლოესი ხმელეთის მონაკვეთი, რომელიც ეკვრის ჩრდილოეთ პოლუსს არის ან კაფეკლუბენი ან კუნძული ATOW1996. ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტია ალერტი კუნძულ ელსმირზე (ნუნავუტი, კანადა), რომელიც პოლუსიდან დაშორებულია 817 კილომეტრით.

1958 წელს ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა ნაუტილუსმა დააფიქსირა სიღრმე 4087 მ. 2007 წელს რუსული ბათისკაფით განისაზღვრა ჩრდილოეთი პოლუსის წყლის ახალი სიღრმე — 4261 მ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფლამანდიელი კარტოგრაფის გერხარდ მერკატორის რუკა, სადაც გამოსახულია ჩრდილოეთი პოლუსი. შედგენილია 1595 წელს.
ბარკა „ჟანეტა“
ნანსენის გემი „ფრამი“

მრავალი ანტიკური კულტურის მიხედვით დედამიწას ბრტყელი იერსახით წარმოიდგენდნენ, თუმცა ძველი ბერძენი ფილოსოფოსები (ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნე) თვლიდნენ, რომ დედამიწა არის სფეროსებური. ტერმინი ჩრდილოეთი პოლუსი პირველად გვხვდება XV საუკუნის შუა წლებში.[1] მანამდე, წერილობით წყაროებში მოიხსენიებენ როგოროც არქტიკულ პოლუსს.[1] XV საუკუნეში მარტინ ბეჰაიმი და სხვა გეოგრაფები სწორად თვლიდნენ, რომ ჩრდილოეთი პოლუსი ზღვაში მდებარეობს.

XVII საუკუნეში პირველად შეიქმნა პრობლემა, რომელიც უკავშირდებოდა ჩრდილოეთ პოლუსთან მიღწევის საკითხს. იმ პერიოდისთვის აუცილებელი იყო უმოკლესი გზის ძიება ევროპიდან ჩინეთში. სწორედ იმ დროს შეიქმნა ლეგენდა იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთი პოლუსის რაიონში პოლარული დღის პერიოდში არსებობს წყლის ისეთი მონაკვეთები, რომელიც ყინულისგან თავისუფალია. 1607 წელს ჰენრი ჰუდსონმა პირველმა სცადა მიეღწია ამ ზღვისთვის. მივიდა რა გრენლანდიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, შეჩერდა ყინულების გამო. პაკების გავლით, აღმოსავლეთისაკენ ექსპედიცია მივიდა კუნძულ შპიცბერგენზე, თუმცა ვერ შეძლო გზის გაგრძელება ჩ.გ. 80°23'-ის ჩრდილოეთით.[2]

რუსი მეცნიერი მიხეილ ლომონოსოვი თეორიულად ადასტურებდა, რომ არის შესაძლებლობა ზღვის გავლით ჩრდილოეთ პოლუსისკენ მიღწევა. პომორელი ლეგენდების მიხედვით, ლომონოსოვმა გამოიტანა დასკვნა, რომ ძლიერი ქარები უკუაგდებენ მყინვარულ სივრცეებს შპიცბერგენის ჩრდილოეთი სანაპიროდან და ქმნიან ყინულისგან თავისუფალ ზღვას. ეკატერინე II-ის ბრძანებით 1765-1766 წლებში ადმირალი ვასილი ჩიჩაგოვი ორჯერ ცდილობდა შპიცბერგენისკენ გადასვლას, თუმცა მივიდა მხოლოდ ჩ.გ. 80°30'-მდე.[2] 1773 წელს კონსტანტინ ჯონ ფიპსის ბრიტანულმა ექსპედიციამ მიაღწია პოლარულ არქიპელაგს ჩ.გ. 80°48'-მდე. 1818 წელს ბრიტანული გემების განყოფილებამ მიაღწია ნიშნულს ჩ.გ. 80°34'-ს. ერთ-ერთი პირველი ექსპედიცია, რომელიც ცდილობდა ჩრდილოეთ პოლუსის მიღწევას სხვა მეთოდების გამოყენებით იყო ბრიტანული ექსპედიცია უილიამ პარის ხელმძღვანელობით, რომელიც 1827 წელს ინგლისიდან დაიძრა გემით „ჰეკლა“. ექსპედიციამ მიაღწია შპიცბერგენის არქიპელაგს. აქედან პარის განყოფილება ორი ნავით დაიძრა ჩრდილოეთისაკენ და 23 ივლისს მიღწია ჩ.გ. 82°45'-ს. პარის ექსპედიციის განყოფილების ერთ-ერთი წევრი იყო მოგზაური ჯეიმზ როსი, რომელმაც მოგვიანებით აღმოაჩინა ჩრდილოეთი მაგნიტური პოლუსი.[3][4]

ფრიტიოფ ნანსენი
რობერტ პირი

ჩრდილოეთ პოლუსისკენ მიღწევას ცდილობდა აგრეთვე ბრიტანული არქტიკული ექსპედიცია (1875-1876 წწ.) ჯორჯ ნერსის ხელმძღვანელობით, რომელიც მოძრაობდა სმითის სრუტის მხრიდან „ალერტისა“ და „დისკოვერის“ გემებზე. ალბერტ მარკემის ხელმძღვანელობით ექსპედიციის ნაწილმა 1876 წლის 12 მაისს მარხილებით მიაღწია სარეკორდო ნიშნულს: ჩ.გ. 83°20’26"-ს.[5]

ჯორჯ დე ლონგის ამერიკული ექსპედიცია 1879 წლის 8 ივლისს ბარკით (რომელსაც ეწოდებოდა „ჟანეტი“) სამოგზაუროთ გავიდა სან-ფრანცისკოდან. ჩრდილოეთ პოლუსთან მისვლას გეგმავდნენ ბერინგის სრუტის გავლით. ვრანგელის კუნძულის სიახლოვეს ექსპედიციას გაუვალი ყინულები შეხვდა. მომდევნო 21 თვის განმავლობაში გემი, რომელიც ჩაყინული იყო მძლავრი ყინულის მასებით მოძრაობას აგრძელებდა ჩრდილო-დასავლეთისაკენ, რითაც თანდათან უახლოვდებოდა ჩრდილოეთ პოლუსს. 1881 წლის 12 ივნისს გემმა ვერ გაუძლო ყინულის წნევას და ჩაიძირა 77°15′ ჩ. გ. 154°59′ ა. გ. / 77.250° ჩ. გ. 154.983° ა. გ. / 77.250; 154.983. თუმცა ექსპედიცია გადარჩა, ყინულზე მარხილებით გადაზიდეს მაშველი ნავები და საკვები. მიაღწიეს ნოვოსიბირსკის კუნძულებს. აქედან 1881 წლის 12 სექტემბერს ექსპედიციამ სამი სამაშველო ნავით შეეცადა მისულიყო მატერიკამდე. შტორმის შედეგად ერთ-ერთი სამაშველო ნავი ეკიპაჟთან ერთად ჩაიძირა. დანარჩენი ორი ნავი მივიდა სანაპირომდე, თუმცა შტორმის გამო ნავები ერთმანეთს დაცილდნენ. ერთ-ერთი სამაშველო ნავის ეკიპაჟი აიყვანეს იაკუტებმა მდინარე ლენის დელტაში.

დე ლონგის ჯგუფი, რომელიც გაჩერდა ლენის შესართავის მეორე მხარეს ცდილობდა დასახლებული პუნქტის პოვნას, რის გამოც სამოგზაუროდ მატერიკში საკმაოდ ღრმად შეიჭრა. 14 კაციდან მხოლოდ 2 მოახერხა დასახლების პოვნა. დანარჩენები, დე ლონგის ჩათვლით, დაიღუპნენ უჭმელობით და ძალის გამოლევით.[6]

1884 წელს „ჟანეტი“ იპოვეს გრენლანდიის სამხრეთით, რომელიც ყინულში იყო დამარხული. გემი 1000 კილომეტრით იყო დაცილებული კატასტროფის ადგილს. მეტეოროლოგი ჰენრიკ მონი ამ პოვნის შემდეგ გამოთქვამს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში არსებობს დინება, რომელსაც ყინულები გადააქვს აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით.

ნორვეგიელი მოგზაური ფრიტიოფ ნანსენი დაინტერესდა ამ მოსაზრებით და მოაწყო ნორვეგიის პოლარული ექსპედიცია „ფრამზე“, რომელიც აგებული იყო ნანსენის დაკვეთით სპეციალურად ყინულში დრეიფისთვის. 1893 წლის 24 ივნისს „ფრამმა“ დატოვა ქრისტიანია. ჩრდილოეთის საზღვაო გზის გავლით 28 სექტემბერს გემმა მიაღწია ყინულოვან სივრცეებს ნოვოსიბირკის კუნძულებთან. 1895 წლის 14 მარტს როდესაც „ფრამმა“ მიაღწია ჩ.გ. 84°4'-ს ნანსენმა და იალმარ იოჰანსენმა გზის გაგრძელება გადაწყვიტეს თხილამურებით. ნანსენი ფიქრობდა, რომ 50 დღის განმავლობაში მოახერხებდა 660 კილომეტრის გავლას და მივიდოდა პოლუსთან. ხოლო იქიდან გაემგზავრებოდა ფრანც-იოსების მიწაზე.

თავდაპირველად ყინული საკმაოდ მოსწორებული იყო და მკვლევარებს არ უძნელდებოდათ გადაადგილება. დრო და დრო ლანდშაფტი შეიცვალა უსწორმასწორო ყინულის მასებით. 7 აპრილს წყვილმა მიაღწია ჩ.გ. 86°14'-ს. მათ თვალწინ გაიხსნა მძლავრი ყინულის მთები. ნანსენმა და იოჰანსენმა გადაწყვიტეს უკან დაბრუნება და საბოლოო ჯამში მიაღწიეს ფრანც-იოსების მიწას.

ლუიჯი ამედეოს იტალიური არქტიკული ექსპედიცია 1899 წელს გეზს იღებს ნორვეგიიდან. ჩაფიქრებული ჰქონდათ მიეღწიათ ფრანც-იოსების მიწამდე, საიდანაც გაემგზავრებოდნენ ჩრდილოეთი პოლუსისაკენ. ფრანც-იოსების მიწაზე გამოზამთრების პერიოდში, ბანაკში გაყინვის შედეგად ლუიჯი ამედეომ ორი თითი დაკარგა, რის გამოც აღარ შეეძლო პირადად მიეღო მონაწილეობა ჩრდილოეთი პოლუსისკენ მგზავრობაში. 1900 წლის 11 მარტს უმბერტო კანის ხელმძღვანელობით ჯგუფი დაიძრა ჩრდილოეთი პოლუსისაკენ. ექსპედიციის რამდენიმე წევრი აცნობიერებდა იმას, რომ დიდი სირთულეების გამო ისინი ვერ მიაღწევენ პოლუსს. ამას ემატებოდა საკვების დეფიციტი. ამიტომ ჯგუფი უკან დაბრუნდა.

ჩრდილოეთი პოლუსის დაპყრობა დიდი ხნის განმავლობაში მიეწერობოდა ამერიკელ ინჟინერსა და მოგზაურს რობერტ პირსს, რომელმაც განაცხადა, რომ ჩრდილოეთ პოლუსს მიაღწია 1909 წლის 6 აპრილს. თუმცა მოგვიანებით პირის განცხადება საეჭვო გახდა.[7] მაგალითად, ქრონომეტრაჟის მსვლელობა. პირის ექსპედიციის საშუალო სიჩქარე კონტინენტიდან ბარტლეტის ბანაკმდე შეადგენდა 17 კილომეტრს დღეში.[8] ხოლო პირის მტკიცებით, ბარტლეტის ბანაკიდან გამოსვლის შემდეგ, მისმა ჯგუფმა 5 დღის განმავლობაში დაძლია 246 კილომეტრი, რაც სამჯერ აჭარბებდა საშუალო სიჩქარეს. უკან დაბრუნებისას ექსპედიციამ გზა დაძლია მხოლოდ სამი დღეში, რაც დღეში შეადგენდა 80 კმ გავლას.[8]

ბევრმა მკვლევარმა ასეთი მსვლელობა შეუძლებლად მიიჩნია.[8]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყინულების დნობა. 2005-2007 წწ.

ჩრდილოეთი პოლუსი გაცილებით უფრო თბილია ვიდრე სამხრეთი პოლუსი. ზამთრის ტემპერატურა ჩრდილოეთ პოლუსზე მერყეობს – 43 °C-26 °C შორის. ზაფხულში ტემპერატურა უტოლდება 0 °C-ს. ცალკეულ დღეებში მატულობს + 2 °C-მდე. ჩრდილოეთ პოლუსზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ტემპერატურაა + 5 °C. ყინულის ფენების სისქე ჩვეულებრივ 2-3 მეტრია.[9] ყინულით დაფარული ოკეანის ტერიტორია ზაფხულში თითქმის ორჯერ უფრო ნაკლებია ვიდრე ზამთარში.[9] ზოგჯერ, ყინულის გადაადგილების შედეგად შიშვლდება ოკეანის ზედაპირი.

კვლევებმა უჩვენა, რომ არქტიკაში ყინულის სისქე უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში შემცირდა, რაც მკვლევარების აზრით, გლობალური დათბობით არის განპირობებული. 2007 წლის სექტემბერში ჩრდილოეთ პოლუსზე დაფიქსირდა რეკორდულად დაბალი ყინულის დონე.[10] პოლარული დღე დაახლოებით 193 დღე-ღამე გრძელდება, პოლარული ღამე – დაახლოებით 172 დღე-ღამე.

მეცნიერების ვარაუდით, ჩრდილოეთი პოლუსი 2050 წლისათვის ზაფხულის პერიოდში შესაძლოა გახდეს ყინულისგან თავისუფალი სივრცე.[11]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Лактионов А. Ф. Северный полюс. — 3-е изд., перераб. и доп.. — М.: Морской транспорт, 1960. — 525 с. — 9000 ეგზპ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Online Etymology Dictionary. ციტირების თარიღი: 2012-03-20.
  2. 2.0 2.1 Корякин В. С. Фредерик Альберт Кук. — М.: Наука, 2002. — 248 с. — (Научно-биографическая литература). — ISBN 5-02-022730-7
  3. Шпаро Д. И., Шумилов А. В. Длинные мили Уильяма Парри // К полюсу. — М.: Молодая гвардия, 1987. — 367 с. — 100 000 экз.
  4. Parry, William Edward Narrative of an attempt to reach the North pole. — Лондон: John Murray, 1828. — 229 с.
  5. Nares, George Narrative of a voyage to the Polar Sea. — Лондон: Sampson Low, Marston, Searle & Rivington, 1878. — Т. 1.
  6. Melville, George Wallace In The Lena Delta. — Бостон: Houghton, Mifflin And Company, 1885.
  7. Henderson, Bruce Who Discovered the North Pole? (ინგლ.) // Smithsonian : журнал. — Вашингтон: Смитсоновский институт, 2009. — В. Апрель. — ISSN 0037-7333.
  8. 8.0 8.1 8.2 Pala, Christopher, Anatomy of Three Frauds // The Oddest Place on Earth: Rediscovering the North Pole, ნიუ-იორკი: Writer's Showcase Press. — P. 133—153, 324 p, ISBN 978-0595214549.
  9. 9.0 9.1 Handwerk, Brian. (2004-11-08) Beyond «Polar Express»: Fast Facts on the Real North Pole. National Geographic News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-03. ციტირების თარიღი: 2012-01-15.
  10. Satellites witness lowest Arctic ice coverage in history. ევროპის კოსმოსური სააგენტო (2007-09-14). ციტირების თარიღი: 2012-02-26.
  11. Arctique : avec ou sans glace ? La fonte de la banquise s’accélère დაარქივებული 2011-07-20 საიტზე Wayback Machine. - Centre national de la recherche scientifique