ჩეგრავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩეგრავა
Sterna-caspia-010.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Hydroprogne caspia (Pallas, 1770)
სინონიმები
  • Sterna caspia
  • Hydroprogne tschegrava[1]
  • Helopus caspius
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22694524
გავრცელების არეალი
Hydroprogne caspia map.svg
  გამრავლება
  მიგრაცია
  მთელი წლის განმავლობაში
  გამოზამთრება

ჩეგრავა[1] (ლათ. Hydroprogne caspia) — ფრინველი თოლიასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 56 სანტიმეტრამდეა, მასა 780 გრამამდე, ფრთების შლილი 145 სანტიმეტრამდე. ზურგისა და ფრთების ზედა მხარე ღია ვეჟანია, თავზე შავი „ქუდი“ აქვს მოკლე ქოჩრით, დანარჩენი შებუმბვლა თეთრია. ნისკარტი ძლიერი, ფერად ღია წითელია, ბოლოვდება ღია წვერით. ფეხები მუქია. კუდი მცირედაა ამოკვეთილი. ძახილი ხმამაღალი და მკვეთრი აქვს, ჭარბობს დაბალი ჩხავილისა და ღრჭენის ხმები. მოიპოვებს 30 სანტიმეტრამდე სიგრძის თევზებს წყალში პიკირებით. ზოგჯერ ნადავლის მოსაპოვებლად საბუდრიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით შორს მიფრინავს. გავრცელებულია ყველა კონტინენტის (სამხრეთ ამერიკისა და ანტარქტიდის გარდა) ზომიერ და ტროპიკულ ზონებში, ევრაზიაში — ძირითადად ბალტიისპირეთში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და არიდული ზონების წყალსატევებზე (აღმოსავლეთით იმიერბაიკალეთამდე), აგრეთვე ჩინეთის ზღვების სანაპიროებზე. იზამთრებს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ბუდობს მჭიდრო კოლონიებად (ჩვეულებრივ ასეულობით წყვილი) თავთხელი წყალსატევების (ზღვის ლიმანები, სტეპის ტბები, მდინარეთა დელტები) სანაპიროებსა და კუნძულებზე. დებს 2 კვერცხს. მსოფლიოში მოითვლება დაახლოებით 50 ათასი წყვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 92, 169, 232, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.