შუმერული ლიტერატურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შარუფაქის სწავლებები, დაახლ. ძვ. წ. 2400.

შუმერული ლიტერატურალიტერატურა შუმერულ ენაზე. იგი ზეპირსიტყვიერებიდან იღებს დასაბამს. სოლისებრი დამწერლობით ჩაწერილი პირველ მხატვრული ტექსტები მკვეთრად გამოხატული ფოლკლორული ნიშნებით ხასიათდება. ისინი გაცილებით ადრეა შექმნილი, ვიდრე თიხის ფირფიტებზე აღიბეჭდებოდა. არქაულობის ბეჭედი აზის გილგამეშის ციკლის სიმღერა-ლეგენდებს, რომლებშიც წაშლილია ზღვარი ღმერთებსა და ადამიანებს შორის (უმწეო ქალღმერთი ინანა შველას სთხოვს გმირ გილგამეშს, ქალწული ინანა ვიღაც მებაღის ძალადობის მსხვერპლი ხდება და სხვ.). შუმერული ლიტერატურის ძეგლები უმეტესად ლექსად არის შექმნილი.

ჟანრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუმერულ ლიტერატურაში გამოიყოფა შემდეგი ძირითადი ჟანრები: ეპოსი (მითოლოგია და საგმირო-სათავგადასავლო), რელიგიური ჰიმნები, გოდებანი, სატრფიალო ლირიკა, გაბაასებანი, შეგონებანი. მითოსი მოგვითხრობს ღმერთების საქმიანობაზე პრეისტორიულ ხანაში, როდესაც პირველად გაჩნდა ბუნების მოვლენები, საგნები, ადამიანები, საზოგადოება. შემონახულია ერთ-ერთი უძველესი ლიტერატურული დამუშავება წარღვნის მითოსისა, რომელმაც დასაბამი დაუდო მის ვარიანტებს აღმოსავლეთის მითოლოგიებში. განსაკუთრებით პოპულარული იყო ინანასა და დუმუზის მითოლოგიური ციკლი, კერძოდ, ინანას ჩასვლა ქვესკნელში და დაბრუნება, დუმუზის დევნა ქვესკნელის მაცილებისაგან და მისი დაღუპვა. ამ მითოსის სახით ჩვენ ვეცნობით უძელეს ლიტერატურულ ნიმუშს, სადაც გადმოცემულია ქალ-ვაჟის ურთიერთობის დრამა.

საგმირო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საგმირო ეპოსი, რომლის პერსონაჟები ძირითადად ადამიანები არიან, დაკავშირებულია ქალაქ ურუქთან. სამი ციკლი საგმირო პოემებისა თუ სიმღერებისა გაერთიანებულია ურუქის ლეგენდარული მეფეების — ენმერქარის, ლუგანბანდასა და გილგამეშის ირგვლივ. ეპოსი მოგვითხრობს მათ ბრძოლებსა და მეცადინეობაზე ურუქის კეთილდღეობისა და განდიდებისთვის. ეპოსში ვხვდებით ბევრ მოტივს, რომელიც შემდგომ ჯადოსნური ზღაპრის შემადგენელი ნაწილი გახდა (ფრთოსნისა და გველეშაპის მტრობა, ტყეში დაბნევა, ღრმა ძილი, დამხმარე ჯადოსნური პერსონაჟები და საგნები და სხვ.).

ჰიმნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგიური ხასიათის ჰიმნები მიძღვნილია არა მხოლოდ ღმერთებისადმი, არამედ მეფეებისადმიც. განსაკუთრებით გაძლიერდა ეს ჟანრი ურის III დინასტიისა (ძვ. წ. XXI-XX საუკუნები) და მის მომდევნო წლებში. ბევრი მათგანი, მიუხედავად ჟანრული შეზღუდულობისა, ჭეშმარიტი პოეტური შთაგონების შედეგია. ჰიმნები, ისევე როგორც შუმერული კულტურის ყოველი ნაწარმოები, როგორც წესი, ანონიმურია, მაგრამ არის გამონაკლისები, როცა ჩვენთვის ცნობილია ავტორი. სარგონ აქადელის (ძვ. წ. XXIV საუკუნე) ასულს, მთვარის ღმერთის ქურუმ ქალს, ენხედუანას მიეწერება ინანასადმი მიძღვნილი რამდენიმე ჰიმნი, სადაც იგი თავს ავტორად აცხადებს და პოეტურ შემოქმედებას მშობიარობას ადარებს.

გოდებანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუმერის ისტორიის გარკვეულ პერიოდში (დაახლ. ძვ. წ. XX საუკუნე) წარმოიშვა გოდების ჟანრი, რომლის უამრავი ნიმუშია ჩვენამდე მოღწეული. ქალაქის მფარველი ღვთაება (როგორც წესი, ქალღმერთი) გლოვობს მტრისაგან დაქცეულ ქალაქს, მის განადგურებულ თუ მიმოფანტულ მოსახლეობას. განსაკუთრებით გამოსარჩევია მონუმენტური პოლიფონიური გოდება ურის დაქცევის გამო, რომელიც მთავრდება ქალაქის აღორძინების იმედიანი ფიქრით.

სატრფიალო ლირიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუმერულ სატრფიალო ლირიკას საფუძვლად უდევს ეგრედ წოდებული საკრარული ქორწინების რიტუალი. მასში მონაწილეობდნენ მეფე-ქურუმი და ქალღმერთი ინანა, რომლის როლს ასრულებდა ინანას ტაძრის რომელიმე ღვთისმხევალი. ამ სიმღერების მოქმედი პირები არიან ინანა და მწყემსი დუმუზი — საღვთო ქორწინების მითოსური წყვილი. აქვე სახსენებელია ინანას გლოვის ლექსები დაღუპულ მწყემსზე, თავის სატრფოზე. მათში ძლიერია სატრფიალო მოტივი. სატრფიალო ლირიკის სიმბოლიკა ნასაზრდოებია ნაყოფიერების გამომხატველი ლექსიკით. გაბაასების პერსონაჟები არიან დაბალი რანგის ღვთაებები (მაგ. ნახირისა და მარცვლეულის ღვთაებები), აგრეთვე ცხოველები (ხარი და ცხენი), მცენარეები (იალღუნი და ფინიკის პალმა), ლითონები (ოქრო და ბრინჯაო), წელიწადის დრონი (ზამთარი და ზაფხული) და სხვ.

შეგონებანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეგონებანი ადასტურებს და ამყარებს საზოგადოებაში ტრადიციულობას და იმ ნაკადის უწყვეტელობას, რომელიც ზნეობითი ნორმების სახით გადადის თაობიდან თაობაში. აქ მონაწილეობენ შემგონებელი მამა და მისი მდუმარედ მსმენელი და მორჩილი შვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]